Loader

300 წელი!.. ომი!

ირაკლი ტაბლიაშვილი

 

საქართველოს რუკას არც თუ დიდი სიმაღლიდან რომ დავხედოთ, აღმოვაჩენთ არა მხოლოდ მიტაცებულ ორ ტერიტორიას, არამედ რამდენიმე საცეცხლე წერტილსაც, რომლებიც ერთიან სახელმწიფოებრივ ორგანიზმს აზიანებენ.

 

მნიშვნელობა არ ჰქონია, ვინ არის საქართველოს მმართველი –  დისიდენტი გამსახურდია, საჭადრაკო დაფასთან მჯდომი შევარდნაძე, რევოლუციონერი სააკაშვილი თუ ფრთხილი ივანიშვილი, რუსეთის სტრატეგიული მიზანი – დაასუსტოს საბჭოეთის ყოფილ სივრცეში დემოკრატიით და სიახლეებით დაწინაურებული ქვეყანა საქართველო – უცვლელია.

გულუბრყვილონი იტყვიან, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს მაშინ შეწყვეტს, როცა მისი მმართველები უარს იტყვიან ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე, თუმცა,  არც ესაა მართებული მოსაზრება – ნატო-ში ინტეგრაციაის აუცილებლობაზე შევარდნაძის ხელისუფლება 2002 წელს პრაღაში ალაპარაკდა, მანამდე კი, 1991-93 წლებში რუსეთს უკვე მიტაცებული ჰქონდა ქვეყნის ორი ტერიტორია.

დიდი შეცდომაა ნეიტრალიტეტზე საუბარიც – პირველ რიგში იმიტომ, რომ ნეიტრალიტეტი საერთაშორისო შეთანხმებით მიიღწევა, ხოლო საერრთაშორისო სამართლის მიხედვით, ქვეყანა, რომელიც დე-ფაქტო ვერ აკონტროლებს ტერიტორიების ნაწილს, დე-იურე ნეიტრალური ვერ გახდება ვიდრე ტერიტორიებზე სრული კონტროლის აღდგენამდე.

ნეიტრალიტეტისაგან დიდად არ განსხვავდება უბლოკო სტატუსიც (რასაც აქტიურად ითხოვს მაგალითად ბურჯანაძე და მისი პარტია) – გამოცდილება იმასაც გვკარნახობს, რომ საერთაშორისო ომიანობის დროს ნეიტრალურ ქვეყანად აღიარებული საქართველო სულაც არ ყოფილა დაცული აგრესიისაგან გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში.

გარდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთისა, რუსეთს სხვა საცეცხლე წერტილებიც აქვს გახსნილი. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების, აგრეთვე, ირანში ვითარების აფეთქებისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ძალთა ბალანსის მიღწევის გათვალისწინებით, რუსეთისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გიუმრის სამხედრო ბაზის სწრაფი და შედარებით იაფი მომარაგება. ამ მხრივ მისთვის სამი ალტერნატიული გზა არსებობს – საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა-გახსნა, როკის გვირაბიდან სახმელეთო გზით ტვირთების გატარება და ავარო-კახეთის გზის მშენებლობა და შემდეგ ყვარელიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე ჩამოღწევა. ეს უკანასკნელი შედარებით გრძელი სახმელეთო გზის მონაკვეთია და, ამასთან, ოდნავ რთულად განსახორციელებელიც – საქართველოს ხელისუფლება დიდად არ არის დაინტერესებული საქართველოდან გზის მშენებლობით.

არც თუ სახარბიელოდ გამოიყურება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის პერსპექტივაც – ჯერ ერთი, ოფიციალური თბილისი ამას არ ჩქარობს და მეორე – რომც ჩქარობდეს, უშუალოდ “დამოუკიდებელ” აფხაზეთში ამ პროექტს ყველაზე პრორუსული დე-ფაქტო ხელისუფლებაც არ უჭერს მხარს დიდი ენთუზიაზმით. რუსებს კი ნამდვილად არ სურთ ისედაც გაღიზიანებული აფხაზების დამატებითი გაღიზიანება – ჯერ ერთი, დიდია თურქეთში მყოფი აფხაზური დიასპორის გავლენები და მეორეც – აფხაზების გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი მრიდან ახალი მეგობრის ძიების სურვილის გაჩენა და, თუ თბილისში ამასობაში გონიერი ხელისუფლება იქნება, ამ პარტნიორობაზე უარს, წესით, ის არ იტყვის.

სხვა საქმეა როკის გვირაბის გამოყენება – ჯერჯერობით საუბარია სომხეთისთვის განკუთვნილი არასამხედრო დანიშნულების ტვირთებზე და, სათანადო, მათ შორის, საერთაშორისო კონტროლის დაწესება, პრინციპში, გამორიცხავს სამხედრო ტვირთების გადაადგილებას, მაგრამ, ეს მხოლოდ ჯერჯერობით. მიუხედავად თბილისის წინააღმდეგობისა, მოსკოვში აქტიურად განიხილავენ თბილისის დაშანტაჟების გეგმას – კერძოდ, თუ თბილისი დიდ წინააღმდეგობას გაუწევს სამხედრო ტვირთების რეექსპორტოს გეგმას, გაგრძელდება ოკუპაციის ახალი ტალღა – მავთულხლართები და ბორდერიზაცია უშუალოდ ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიებზე. მოსკოვი თბილისს მიანიშნებს, რომ მას არ მოერიდება მაგისტრალის გადაკვეთაც და ახალციხე-ახალქალაქამდე ტვირთების გატარებისათვის აუცილებელი გზის გაჭრაც.

რა უნდა გააკეთოს ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ?

კლასიკური პასუხია  – უნდა გააქტიუროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო ფორუმებზე ხმამაღლა განაცხადოს, რომ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. მაგრამ, ხელისუფლება ამას ვერ და არ აკეთებს. საქართველოს წარმოჩენა ოკუპირებულ და ახალი ოკუპაციის წინაშე მდგარ ქვეყანად, ხელისუფლების წარმოდგენით, მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნის საინვესტიციო მომხიბვლელობას – ხელისუფლება ხვდება, უცხოური ინვესტიციების გარეშე ეკონომიკის ფეხზე დაყენება შეუძლებელი იქნება. ხელისუფლება აცნობიერებს, რომ დაანონსებული პროექტებიც კი (ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ენგურის ტურისტულ ინფრასტრუქტურად გარდაქმნა, ანაკლიის პორტი და ა.შ.) ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანამ საინვესტიციო მომხივვლელობა დაკარგა.

თან, ხელისუფლება თვალ-ყურს ადევნებს უკრაინას, რომლის ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნებს ნამდვილად იყენებს, მაგრამ, ხელშესახები პროგრესი ამ ქვეყანას არ აქვს – დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთს მადა არ განელებია არც დონბას-ლუგანსკში და, განსაკუთრებით, ყირიმში.

კლასიკური პასუხის მიღმა არსებობს მწარე რეალობაც – დამოუკიდებლად იმისა, როგორი იქნება ხელისუფლების სტრატეგია, რუსეთის ეს აგრესიული პოლიტიკა გაგრძელდება. ამასთან, არსენალში რუსეთს აქვს სხვა, უკვე ამოქმედებული იარაღიც – მაგალითად, კიბერ და საინფორმაციო პროპაგანდა ომი, ფსიქოლოგიური ზეწოლები და ა.შ.

ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას ბევრი სხვლა მართლაც არ  აქვს, ხოლო რაც აქვს, მათ საერთოდ ვერ იყენებს.

გამოსავალი შეიძლება იყოს შემდეგი – საზოგადოებისათვის ახსნა, რომ ქვეყანა ამ ვითარებაშია და, შესაბამისად, მისი (საზოგადოების) აქტიურ ჯგუფებთან ერთად სამოქმედო სტრატეგიის მოხაზვა. ხელისუფლება ამ ნაბიჯზე იმიტომაც არ მიდის, რომ გულახდილობის ეშინია – გულახდილობას მას მინუსად ჩაუთვლიან და მის დამარცხებას ეცდებიან.

გულახდილობა მხოლოდ ერთ-ერთია იმ კომპლექსურ ნაბიჯთა შორის, რომლებიც მმართველომამ უნდა გადადგას, მეორეა მკვეთრი საინფორმაციო პოლიტიკა დემოკრატიის შეზღუდვის გარეშე. უკვე დღესვეა შესაძლებელი გარკვეული რეგულაციების დაწესება რუსულენოვანი პროპაგანდისტული საშუალებებისათვის და თან დასაბუთება, რომ გამოხატვის თავისუფლება კი არ იზღუდება, არამედ, ნაბიჯი გადადგმულია უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარე.

ცხადია, მათ შორის, დემოკრატიული მესამე სექტორი ამ ახსნას არ დაიჯერებს, მაგრამ, უთუოდ გამოჩნდება მეორე, არანაკლებ დემოკრატიული მესამე სექტორიც, რომელსაც დამაჯერებელი არგუმენტები ექნება შეზღუდვების დაწესების სასარგებლოდ.

რუსული მედია ერთი პრობლემაა და მეორეა თავდაცვის კიბერ სტრუქტურების გაძლიერება – საქართველო სულ რაღაც 4-5 მილიონს ხარჯავს კიბერუსაფრთხოებაში, აუცილებელია სტრუქტურების ერთ უწყებაში თავმოყრა და ერთი უწყების ბიუჯეტის გაათმაგება. აგრეთვე, აუცილებელია ახალგაზრდათა ჩართვა ამ პროცესში, კიბერ არმიის გაკეთება და “ჯარისკაცთა” ტრენინგში ინვესტიციები.

ამის შედეგადაც კი ვერ ვიტყვით, რომ კიბერსივრცე დაცული იქნება (ისევე როგორც ვერ ვიტყვით, რომ საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების შეძენა აბსოლუტურად დაცულს გახდის ჩვენს ცას) მაგრამ, აგრესორი ძვირ ფასს უნდა იხდიდეს როგორც კონვენციურ ისე არაკონვენციურ ომში.

მესამე და მთავარია საზოგადოების მობილიზება არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ, სამომავლო პრობლემების გადაჭრის მიმართულებით. განათლების სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს სახელმწიფო მეხსიერების შენარჩუნებაზე და, მართალია, ამგვარი ინვესტიცია მეორე დღეს არ მოიტანს შედეგს, მაგრამ, უთუოდ შედეგიანი იქნება ათეული წლების შემდეგ, დამოუკიდებლად იმისა, როგორ გაგრძელდება ან დასრულდება რუსეთ-საქართველოს სამასწლიანი ომი.