Loader

არა რუსეთს!

ირაკლი ტაბლიაშვილი

მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი და ვაპირებ, ვრცლად გიამბოთ იმ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც დამრჩა 23 ივლისის აქციიდან… აქციიდან, რომლის სლოგანი თუ ლოზუნგი იყო: „არა რუსულ ფაშიზმს“.

ჩემი დღე ჩვეულად გვიან დაიწყო… სიცხისაგან გათანგული სახლიდან დაახლოებით დღის პირველ საათზე გავედი, ერთ საათში – ორზე, შეხვედრა მქონდა, დაახლოებით ერთსაათიანი.

სამის საათისათვის უკვე მოვისვენე კაფეში, რომელშიც გემრიელ კერძებს ამზადებენ და საუკეთესო ყავაც აქვთ… არ მისადილია, ნალექიანი ყავა დავლიე (აი, თურქულს რომ უწოდებენ, ის) და იმედით, რომ მოვაკვარახჭინებდი, განვაგრძე წინა დღეს დაწყებულ სტატიაზე მუშაობა. რა თქმა უნდა, ვერ დავასრულე – საქმიანმა ორმა შეხვედრამ იმავე კაფეში და, FACEBOOK-ის „კონტროლმა“ თავისი ქნა – დრო წაიღო, თუ წამართვა (თუმცა, აღნიშნული შეხვედრები იმდენად საინტერესო იყო, რომ სულაც არ ვნანობ).

ასე გამეპარა საათები საღამოს შვიდ საათამდე… საათს რომ დავხედე, ცოტა ავნერვიულდი კიდეც- ერთ საათში აქცია იწყებოდა და ჩემი აზრით არ უნდა დამეგვიანა – ორგანიზატორები კი სხვები იყვნენ, მაგრამ, მე ხომ ერთ-ერთი ვიყავი, ვინც საზოგადოებას აქტიურად მოუწოდებდა…

თამარ მეფის გამზირზე ათიოდე წუთში ვიყავი, აი, მანქანის გაჩერება კი გამიჭირდა, სამჯერ თუ ოთხჯერ მივატრიალ-მოვატრიალე ჩემი „უზარმაზარი“ ავტო და ბოლოს ისე გავაჩერე, CITY PARK-ს მისადავებელს რომ უტოვებ, ნახევრად დახაზულს შიგნით რომაა და ნახევრად გარეთ.

გამზირების კუთხეში უკვე შეკრებილიყო სამასი-ოთხასი პროტესტანტი. პოლიტიკოსებიც იყვნენ და ტელევიზორით რომ გამოდიან ის ცნობილი პირებიც, ვინც „ევროპულ საქართველოს“ უჭერს მხარს… იყვნენ ახალგაზრდები… მშობლები მოზარდ შვილებთან ერთად.

წინ იდგა დიდი ე.წ. პიკაპი, საიდანაც ისმოდა აქციის მუსიკალური ეკლექტიკა … მეც მოვექეცი თავში და ჩემი ახალი სმარტფონი მოვიმარჯვე – სულ, რამდენადაც მახსოვს, ხუთი თუ ექვსი LIVE ჩართვა მქონდა მსვლელობიდან.

არ მოვიტყუოთ თავი, ეს იყო „ევროპული საქართველოს“ აქცია, მაგრამ, იმან, რომ დემონსტრაციას „თავისუფალი დემოკრატები“ (გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი და დღეს პოლიტიკოსი შალვა შავგულიძე, ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე და „კაბელების საქმის“ ადვოკატი ლევან სამუშია) და რესპუბლიკელები – (ყოფილი დისიდენტი დავით ბერძენიშვილი და პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე) შეუერთდნენ, წარმოაჩენდა, რომ ეს ყველას თუ არა, ზოგიერთი ოპოზიციური ძალის ერთობლივი აქცია იყო.

მსვლელობისას, ამ პოლიტიკოსებს მთავარი ბანერი –

„არა რუსულ ფაშიზმს“

ხელში არ დაუჭერიათ და, შესაძლოა, გარკვეული უხერხულობაც იგრძნეს მაშინ, როცა აქციის დასასრულისკენ დემონსტრანტები ღიად მიესალმნენ „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შესაძლო უხერხულობა დროებითია – დემონსტრაციაზე მოხდა ერთ კონკრეტულ და მნიშვნელოვან თემაზე სპექტრის ნაწილის ერთიანობის დემონსტრირება.

როგორც მოსალოდნელი იყო, მსვლელობის დაწყება დაგვიანდა. სიმართლე ითქვას, მეც (და არა მხოლოდ მე), მქონდა მოლოდინი, რომ დემონსტრანტთა რაოდენობა მეტი იქნებოდა, სამწუხაროდ, აქციაზე ვერ შევნიშნე რამდენიმე ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი… რისი მიზეზიც, შესაძლოა, სწორედ ისაა, რომ პროტესტის ინიციატორი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი იყო. მეორე მხრივ, ჩემთვის (ისევე როგორც, ვთქვათ შალვა შავგულიძისათვის ან ხათუნა სამნიძისათვის) ცხადია – არსებობს თემები, რომლებიც, ვთქვათ ასე – ზეპარტიულია. ჩვენი კონკრეტული საქმიანობა უკლებლივ ყველას მოგვრჩება უკან (თუ გვერდზე), თუ არ გავაცნობიერებთ, რომ რუსეთი, ჩვენი საზოგადოების ნაწილის გამოყენებით, ცდილობს და ოსტატურად ახერხებს იმგვარი საქართველოს სახის წარმოჩენას, რომელსაც ევროპაში არაფერი ესაქმება. თუ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც მძლავრობს ქსენოფობია და სიძულვილი, თუ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც ებრძვიან განსხვავებულებს და რომელიც ჩაკეტილია, მაშინ, ვთქვათ გულახდილად, ჩვენი ადგილი მართლაც რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზეა.

… თუმცა, საქმეც ისაა, რომ არ ვართ!..

და 23 ივლისის პროტესტის სულისკვეთება ამის დასტურია.

სხვათა შორის, აქციის გამართვით კმაყოფილებას ვერ მალავდნენ ის უცხოელებიც, რომლებსაც აღმაშენებელზე პატარა რესტორნები აქვთ. ჩემთვის საყურადღებო იყო ერთი კადრი – არაბი მზარეული (რომელიღაც არაბული რესტორნიდან) და მისი ქართველი კოლეგა რესტორნიდან „ბარბარესთან“, ერთად იდგნენ და ერთობლივად იღებდნენ ე.წ. სელფის.

***

მსვლელობა მშვიდობიანად რომ არ გაგრძელდებოდა, ამის მოლოდინი, პრინციპში, ბევრს ჰქონდა.

მე შედარებით წინ მივდიოდი… ჩემს ზურგს უკან კი მოდიოდა დემონსტრანტთა უმრავლესობა.

ისე მოხდა, რომ ჟურნალისტებთან ერთად, იმ პირველ ოცეულში აღმოვჩნდი, ვინც არამოულოდნელად “შეეჩეხა” მიმდებარე ქუჩების კუთხეებში შეკრებილ თანამოქალაქეებს… დემონსტრანტთა ძირითადი ნაწილი მათ რომ გაუსწორდა, პოლიციას საკმაოდ გაუჭირდა „ქართული მარშის“ მონაწილეების შეკავება… გულახდილად ვიტყვი, რომ არა პოლიციელთა ძალისხმევა, ხელჩართული ჩხუბები ალბათ გარდაუვალი იყო.

ჩვენს მიმართ აგრესიას არა მხოლოდ გინებით, არამედ, სხვადასხვა საგანთა, მათ შორის, კვერცხების სროლით გამოხატავდნენ. ერთი კვერცხი (ვვარაუდობ, არა სოფლისა), მეც მომხვდა და ამასწინათ შეძენილი კარგი მაისური შემილახა („ქრისტეს სახელით“ – ყვიროდა ერთ-ერთი ქალბატონი და თან პირჯვარს იწერდა… მერე იხრებოდა და კვერცხს ისროდა).

კვერცხებს მოჰყვა ბოთლები… ბოთლებს – ცოცხები. მე ნასროლი ქვა არ დამინახავს, მაგრამ, ასე ოც წუთში ვნახე სწორედ ქვით თავგატეხილი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც სასწრაფო დახმარების ექიმები და პოლიციელები მარჯანიშვილის მეტროსთან უვლიდნენ.

დემონსტრანტებმა რომ ჩაიარეს, აგრესიული შეძახილებიც შეწყდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთმა მოჩხუბარმა, სავარაუდოდ უზნაძის ქუჩიდან გააღწია მარჯანიშვილის ქუჩამდე და მერე იქიდან სცადა დემონსტრაციის შუაგულში შემოღწევა.

აქცია ფეიერვერკით დასრულდა… და…

… და ბევრმა იკითხა – ახლა როგორ დავბრუნდეთ უკან (უმრავლესობას ავტოები ხომ სწორედ დემონსტრაციის დასაწყისში, ანუ, თამარ მეფის გამზირთან დაეყენებინა)… ამ კითხვამ მეც დამაფიქრა… პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა მარჯანიშვილის ქუჩაზე ასასვლელი… ამდენად, უმრავლესობა მარჯანიშვილის ქუჩის დასაწყისისკენ გაეშურა. მათ შორის ვიყავი მეც… მაგრამ, როგორც აღვნიშნე, იქ თურმე ჩასაფრებულიყვნენ „ქართული მარშის“ მონაწილეები.

ცოტა ხანში ატყდა ჩოჩქოლი… სავარაუდოდ მოხდა შეხლა-შემოხლაც… პოლიციის ოცეულები ვერც ასწრებდნენ კორდონების აღმართვას.

მე ამოვბრუნდი მარჯანიშვილის მოედანზე და მთელი აღმაშენებელი უკან გავიარე… გზად მხვდებოდნენ პოლიციელები, უცხოელები და „ქართული მარშის“ სხვა მონაწილეები.

ვვარაუდობ – ზოგი მათგანი მცნობდა… ოღონდ, გასაკვირად, აგრესიული აღარ იყო… მოსეირნობდნენ. თამარ მეფის გამზირთანაც, კუთხეში, შევნიშნე რამდენიმე შავმაისურიანი.

„ეს სოროსელი, ესა“… დაახლოებით ეს ეწერა სახეზე ზოგიერთს. ერთმანეთისათვის ხმა არ გაგვიცია.

სახლში დავბრუნდი და ეს ტექსტი დავწერე.

და ბოლოს ასე – სურვილ-მოწოდება-შეძახილით დავამთავრე:

ოდესმე კი არა, ძალიან მალე, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, აგერ მე და აგერ თქვენ!