Loader

მათ უნდათ დედაქალაქის თავკაცობა!

ირაკლი ტაბლიაშვილი

ვინ უნდა იყოს დედაქალქის მერი?.. შეიძლება თუ არა ის იყოს არათბილისელი, მაგალითად, ისევ ზუგდიდელი?

სნობი თბილისური საზოგადოება ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მეტიც – ვაკელებს – ვაკელი, ხოლო პლეხანოველებს – პლეხანოველი წარმოუდგენიათ მერად, დამოუკიდებლად იმისა, რამდენად მართებული ხედვები ექნება მათ რჩეულს.

რეალურად, სწორედ დედაქალაქის, როგორც მულტიკულტურული მეგაპოლისის თავკაცი შეიძლება იყოს არათუ თბილისელი ან ფოთელი, არამედ, მაგალითად, მადრიდელიც, ანუ, როგორც უყვართ ხოლმე თქმა – გადამთიელი… მეტიც, რამდენადაც რთულია თბილისის, როგორც ქვეყნის თავკომბალა ქალაქის მართვა, უმჯობესია, მისი მმართველი იყოს დასავლეთში განათლებამიღებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ექნება პოლიტიკური ხედვები, მაგრამ თავისუფალი იქნება პოლიტიკური აფილაციებისგან.

***

საქართველოს საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენაა არჩეული (არჩეულ და არა დანიშნული) მერის თანამდებობის მიმართ. ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ არჩეული მერი აუცილებლად მეურნე უნდა იყოს, რომელმაც მაგალითად კანალიზაციის სისტემის მოუწესრიგებლობა არა მხოლოდ უნდა აღელვებდეს, არამედ, ზეპირადაც უნდა იცოდეს მიწისქვეშა თბილისის მთელი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. სხვათა შორის, დაახლოებით მსგავსი წარმოდგენა აქვთ უშუალოდ მერობის კანდიდატთა უმრავლესობასაც, რომლებიც, საარჩევნო პროგრამებსა  თუ შეხვედრებზე ამომრჩეველს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ჰპირდებიან, ხოლო არჩევის შემთხვევაში, ბევრი დაპირებიდან უმრავლესობას ან ივიწყებენ ან, უბრალოდ, ვერ ასრულებენ.

რეალურად, მეგაპოლის თბილისის არჩეული მერი პოლიტიკური თანამდებობაა და ეს მით უფრო თვალსაჩინოა იმის გათვალისწინებით, რომ არჩეული კონკრეტული პირი ჩვენ მაქსიმუმ 2024 წლიდან აღარ გვეყოლება – ხელისუფლება გააუქმებს მაჟორიტარული წესით არჩევნებს, ხოლო პრეზიდენტს ფორმალურად აირჩევს ხმოსანთა სამასკაციანი საბჭო, აირჩევს ანუ – დანიშნავს.

ამ პირობებში თბილისის მერს ექნება პირდაპირი, ხალხისაგან ბოძებული მანდატი და, შესაბამისად, ლეგიტიმაცია. ხოლო თბილისში ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ მესამედი მაინც ცხოვრობს.

***

რამდენად კარგად აცნობიერებენ ამ საკითხს პოლიტიკური პარტიები, რთული სათქმელია.  ფაქტია, რომ კალაძის დასახელებით, მმართველმა პოლიტიკურიმა კლასმა პირველად გამოიყვანა ასპარეზზე ფინანსურად თვითკმარი, ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსურად დამოუკიდებელი პირი. ამით ოცნებამ თქვა, რომ საპრეზიდენტო მომავალ არჩევნებში მისი კანდიდატი იქნება უამბიციო პერსონა, რომლის ფუნქციაც იქნება, როგორმე მიატანოს 2024 წლამდე, რათა მერე ბოლო პრეზიდენტის დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს.

კალაძეს, როგორც ამბიციურ პირს, ბუნებრივია, არ სურდა ფორმალური პრეზიდენტობა, მას ახლაც ურჩევნია, იყოს რთულად სამართავი დედაქალაქის პირდაპირ არჩეული მერი.

სხვა საქმეა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მოტივაცია. ამ უკანასკნელისათვის, რამდენადაც მას პარლამენტში მეტი დეპუტატი ჰყავს ვიდრე ნაც.მოძრაობას, პროგრამა მინიმუმია, აიღოს ხსენებულ ნაციონალურ მოძრაობაზე მეტი ხმა და, იდეალურ შემთხვევაში, მიაღწიოს მეორე ტურამდე. ელენე ხოშტარიას – “ევროპული საქართველოს” ახალ ენერგიულ ლიდერს, ეს გაუჭირდება, თუმცა, ის ერთადერთია მერობის კანდიდატთა შორის (განსაკუთრებით ოპოზიციურ კანდიდატებს შორის), რომელიც სამეურნეო განცხადებების პარალელურად, პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს, ანუ მას აქვს მკვეთრად პოლიტიკოსის იმიჯი. რაც ნიშნავს იმას, რომ მარცხის შემთხვევაშიც კი, ის რჩება სწორედ პოლიტიკაში.

აი, სად მიდიან მარცხის შემთხვევაში ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი, არავინ იცის – ამომრჩეველს არ გაუკვირდება, თუ უდუმაშვილს ისევ მედიაში იხილავს, ხოლო ელისაშვილს ან მედიაში, ანაც – ქალაქის მცველთა ავანგარდში. ვაღიაროთ – არც უდუმაშვილია იდენტობით პოლიტიკოსი და არც ელისაშვილი.

იდენტობით დიდად პოლიტიკოსი არც კალაძეა – მან საკმარისად ნაყოფიერად ივარჯიშა იმისათვის, რომ ივანიშვილის კაბინეტში (ეს კაბინეტი სწორედ ივანიშვილის და არა კვირიკაშვილისაა) მინისტრის იერი ჰქონოდა, მაგრამ, ივანიშვილის გარეშე მისი პოლიტიკოსობა ალბათ მაინც წარმოუდგენელია. უხეშად რომ ვთქვათ – გაქრება ივანიშვილი? გაქრება კალაძეც… პრინციპში ისევე, როგორც გაქრება ხელისუფლების დღევანდელი გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა – ღარიბაშვილივით.

და ბოლოს, იმის იმედი, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებში “ოცნებას” დაამარცხებს რომელიმე ერთი პოლიტიკური გუნდი ან, თუნდაც გუნდთა ერთობა, რასაკვირველია, არ უნდა გვქონდეს. მაგრამ იმაშიც უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ “ოცნების” დაისი ახლოვდება. ყოველ შემთხვევაში, 2030-მდე ხელისუფლება სახელად “ოცნება” ვერ მიატანს. სხვა საქმეა, როგორ მოხდება ეს – ჩანს, მაინც რევოლუციის გზით, ხოლო რევოლუციაში სულაც არ იგულისხმება 2003 წლის მსგავსი მოვლენები – რევოლუცია მოხდა 2012 წელსაც – რევოლუციურმა არჩევნებმა შეცვალა ოდესღაც უძლეველი იერის მქონე სააკაშვილი – აქტიური, ენერგიული, მაგრამ მაინც წარსულის პოლიტიკოსი.