Loader

საბჭოთა ბირთვული მემკვიდრეობის სამხედრო ასპექტები ამიერკავკასიაში

შალვა ძებისაშვილი

საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში სავარაუდოდ განთავსებული ბირთვული იარაღის (ბი) საკითხი მრავალასპექტიანი და პასუხგაუცემელია. წინამდებარე სტატია წარმოადგენს ფართო კვლევის შემოკლებულ ვერსიას და მასში გაანალიზებულია არასტრატეგიული (ტაქტიკური) ბირთვული იარაღი და მისი მიწოდების სისტემები, რომლებიც, შესაძლოა, განთავსებული იყო ამიერკავკასიაში. ხსენებული კვლევა ეყრდნობა მხოლოდ საჯარო წყაროებს და მასში ყურადღება გამახვილებულია სავარაუდო ბირთვული დანიშნულების ნაგებობებსა და სამხედრო აღჭურვილობაზე. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მომხდარი დინამიკური ცვლილებებისა და საბჭოთა კავშირში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განვითარების ისტორიის გათვალისწინებით, კვლევა, ძირითადად, მოიცავს 1970-90- წლების დასაწყისის პერიოდს, ანუ, იმ დროს, როდესაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სტრუქტურა შედარებით სტაბილური იყო.

სამხრეთ კკავკასიის ადგილი საბჭოთა და ნატოს სამხედრო დაგეგმვაში

”ცივი ომის” დროს, საბჭოთა და ნატოს სამხედრო დოქტრინებში სამხრეთ კავკასიის რეგიონი შესაძლო კონფრონტაციის ტერიტორიად მიიჩნეოდა. ნატოს წევრი ქვეყნები, თურქეთის ჩათვლით, თავის ტერიტორიებზე აშშ-ის ბირთვული იარაღის განთავსებას აშშ-ის მნიშვნელოვანი გავლენის მტკიცებულებად მიიჩნევდნენ. 1960-იანი წლების დასაწყისში, თურქეთში განთავსებულ ”იუპიტერის” ტიპის რაკეტებს შეეძლოთ სსრკ-ის სირღმეში არსებულ სამიზნეებამდე მიღწევა” (1,500 საზღვაო მილის” მანძილზე) და, შესაბამისად, საბჭოთა ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტების (სტრატეგიული ძალები) განადგურება.

არადა, მანამდე, ვთქვათ, 50-იანი წლებში, ნატოს სტრატეგიული და წინასწარი შეფასებების მიხედვით, მისი 96 დივიზია ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუმკლავდებოდა 175 სრულად აღჭურვილ საბჭოთა დივიზიას. ამიტომაც, არასტრატეგიული დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოყენება საშუალებას მისცემდა ნატოს, 30-მდე დაეყვანა საჭირო დამატებითი დივიზიების რაოდენობა. აუცილებელი იყო, ჩვეულებრივი შეიარაღების სფეროში საბჭოთა უპირატესობის დაბალანსება თურქეთის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ ანატოლიაში საბჭოთა კავშირის შესაძლო შეღწევის დაყოვნება.

B61 ტიპის ბომბების განთავსება თურქეთში, ძირითადად, სწორედ ამ მიზანს ისახავდა.

საბჭოთა ხელისუფლების თვალსაზრისით, ანატოლიაში გამარჯვება საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით გადამწყვეტად მნიშვნელოვანი როდი იყო. თუმცა, მეთაურთა შემადგენლობის წვრთნების შესახებ არსებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ, აქტიურად განიხილებოდა საბჭოთა ჯარების შეჭრა ხსენებულ ტერიტორიაზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემდა, მძლავრი დარტყმა მიეყენებინათ თრაკიასა ან ევროპის სხვა ნაწილში განთავსებული 1-ლი სახმელეთო არმიისთვის. არსებული ძალების თავდაცვითი პოტენციალის გასაზრდელად ნატო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდა, რომლის დახმარებითაც იგი შეძლებდა არსებული, საკუთარი ძალების არასაკმარისი ბრძოლისუნარიანობის კომპენსირებას.

მრავალი წყარო ადასტურებს, რომ ამ ჭიდილში ამიერკავკასია სულაც არ განიხილებოდა მნიშვნელოვანი სამხედრო შეტაკებების ადგილად. მას უფრო მცირე, მეორეხარისხოვანი როლი ენიჭებოდა.

საბჭოთა სამხედრო დანიშნულების ბირთვული ინფრასტრუქტურა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში

მრავალი ოფიციალური წყაროს თანახმად, სხვადასხვა ტიპის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, სავარაუდოდ, განთავსებული იყო ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში (დასაწყობებულ ან საბრძოლო მდგომარეობაში). (მართალია, ზოგიერთი წყარო პირდაპირ გვამცნობს, რომ საქართველოში 320 ერთეული იყო განლაგებული, მაგრამ, ჩვენი ვარაუდი ამის თაობაზე ემყარება არა ამ წყაროებს, არამედ, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განლაგებული სამხედრო ძალების სტრუქტურას, საბრძოლო აღჭურვილობას და სამხედრო დანიშნულების ნაგებობებს).

სარაკეტო დანადგარები საქართველოში /სამხრეთ კავკასიაში

რუსი ავტორების უმრავლეობის თვალსაზრისით, არასტრასტეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინები ფაქტობრივად ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში იყო განთავსებული. გენერალ ლებედის თქმით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღი საბჭოთა კავშირის ნატოს წევრი ქვეყნების მოსაზღვრე ან მიმდებარე რეგიონებში (სამხედრო ოლქებში) გვხვდებოდა. 1958 წელს საქართველოში პირველი სარაკეტო ბრიგადები ჩამოიყვანეს, ხოლო 1965 წლიდან R17 ტიპის რაკეტები სამხედრო ინვენტარის ნაწილად იქცა. MAZ-543-ის (სატვირთო მანქანა) მსგავსად, მათი კოდური სახელი იყო 9K72 (ნატოს კოდი – SCUD A-B). თითქმის ყველა სარაკეტო ნაწილი ამ რაკეტებით აღიჭურვა და ისინი საბჭოთა კავშირის დაშლამდე საბრძოლო მდგომარეობაში იყო.

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარაკეტო ბრიგადები სომხეთსა და აზერბაიჯანშიც განლაგდა. მე-9 არმიის ფარგლებში საქართველოში ფორმირებული 31-ე საჯარისო კორპუსი მოიცავდა 119-ე და 90-ე სარაკეტო ბრიგადებს (გომბორსა და შაუმიანში), სომხეთში განლაგებული მე-7 არმია – 176-ე სარაკეტო ბატარეას (სტეფანავანი), ხოლო აზერბაიჯანში განლაგებული მე-4 არმია – 136-ე სარაკეტო ბატარეას.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს სამხედრო ნაწილები SCUD-ის სისტემებით 1991 წლამდე იყო აღჭურვილი. სამხრეთ კავკასიაში განთავსებული საოპერაციო – ტაქტიკური სისტემების გეოგრაფია და ტიპოლოგია 1980-1984წწ.-ში შემდეგნაირად გამოყურებოდა:

  • 119-ე სარაკეტო ბრიგადა – ტემპი -S, 12 რაკეტმზიდი (რმ)
  • 90-ე სარაკეტო ბრიგადა – ELBRUS, 12 რმ
  • 136-ე სარაკეტო ბრიგადა – ELBRUS, 12 რმ
  • 176-ე სარაკეტო ბრიგადა – ELBRUS, 12 რმ

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, TEMP-S სისტემის (9K76, რომელიც ნატოს კლასიფიკაციით იგივე SS12-ია) არსებობა საქართველოში და 119-ე საბრძოლო ბრიგადის გომბორში განლაგება პრაქტიკულად დადასტურებულია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცნობები 90-იანი წლების ბოლოდან შედარებით ახალი OKA (9K714) სისტემებით მასშტაბური გადაიარაღების თაობაზე, საჯარო წყაროებით არ დასტურდება სამხრეთ კავკასიაში ამ ტიპის სისტემების განთავსება.

საქართველოს სამხედრო ოფიციალურ წრეები ვერ თანხმდებიან იმის თაობაზეც, არსებობდა თუ არა ვაზიანის ცენტრალურ ბაზაში ბირთვული მარაგები (რომლებსაც საბჭოთა გენშტაბის მე-14 განყოფილების მე-6 სექცია აკონტროლებდა), რომელთა ტექნიკურ მომსახურებას, სავარაუდოდ, ახორციელებდა სპეციალური სარემონტო-ტექნიკური მობილური ცენტრები კოდური ნომრით ”555”. თუმცა, მათი საერთო აზრით, სარაკეტო შენაერთები სტრუქტურულად სახმელეთო ძალების ნაწილად მიიჩნეოდა, რომლებიც სამხედრო ოლქს ან მოსკოვის უშუალო კონტროლქვეშ არსებულ არმიის შტაბს ექვემდებარებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 9K72 ტიპის რვა სისტემა და მათი R-17 ტიპის ოცდაოთხი რაკეტა სომხეთს 1994-97წწ.-ში გადაეცა. აქვე უნდა ითქვას, რომ დღემდე არსებული ქობინების ტექნიკური მდგომარეობა და არსებული მასალის მიხედვით მათი კლასიფიკაცია კვლავაც ბუნდოვანია. რაც შეეხება აზერბაჯანს, სარაკეტო საწვავის კომპონენტი (მელანჟი), რომელიც საბჭოთა შენაერთების გაყვანის შემდეგ აფშერონის ნახევარკუნძულზე მიწისქვეშა საცავებში იქნა ნაპოვნი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოკლე და საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემების არსებობის საკმარისი მტკიცებულებაა. თუმცა, სომხეთის მსგავსად, ამ საკითხის ნათელსაყოფად დამატებითი კვლევაა აუცილებელი.

სახმელეთო (საარეტილერიო შენაერთები) და საავიაციო შენაერთები

1990 წლის 19 ნოემბრისთვის ახალქალაქის 147-ე მოტომსროლელთა დივიზიაში (არმიის 31-ე კორპუსი) აკაციის ტიპის (2C3) 33 და გვოზდიკას ტიპის (2C1) 36 მექანიზებული საარტილერიო სისტემა რეგისტრირდებოდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე განლაგებული სამხედრო ნაწილების საარტილერიო სისტემები ძირითადად ბუქსირებას საჭიროებდა, მაგრამ ზოგიერთი დივიზია აღჭურვილი იყო მექანიზბული ”ჰიაცინტებითა” და ”გვოზდიკებით”. არ არსებობს კონსენსუსი ტაქტიკური საარტილერიო ქობინების ადგილორბივ ბაზებზე არსებობის შესახებ: ზოგი ავტორი ამას დაბეჯითებით ამტკიცებს, ზოგი კი უარყოფს. მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ საბჭოური სტრატეგიული და საოპერაციო გეგმები უდავოდ ითვალისწინებდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში განლაგებული ძალების ბირთვული საბრძოლო მასალებით აღჭურვის აუცილებლობას. ბირთვული იარაღი საბჭოთა კავშირის პირველი ეშელონის რეგიონებში (ამიერკავკასია) განლაგებულ საჯარისო ნაწილებს მზარდი კრიზისის ან საბრძოლო ოპერაციების დაწყებისთანავე უნდა მიწოდებოდა.

რაც შეეხება საჰაერო ძალებს, საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი პუნქტია აღსანიშნავი: დედოფლისწყაროს 2,200მ სიგრძის ასაფრენი ბილიკიანი საავიაციო ბაზა (დიდი შირაქი), რომელიც 34-ე ავისადესანტო არმიის ბომბდამშენ დივიზიას (Tu-160, Tu-95) ეკუთვნოდა და მეორე, კოპიტნარის ბომბდამშენი პოლკი (Su-24). ცნობილია, რომ Tu-22 და Su-24M ტიპის ბომბდამშენებს ბირთვული ბომბების გადაზიდვა შეეძლო. ქრისტენსენის და ნორისის აზრით, 1974 წელს საავიაციო ნაწილებში SU-24 ტიპის 260 ბომბდამშენი შეიტანეს. ზოგიერთი ესკადრონი საქართველოში განლადგა. ამრიგად, სავსებით შესაძლებელია, რომ ორივე აეროდრომზე ბირთვული ქობინების სპეციალური საწყობები არსებობდა.

დასკვნები

ზოგიერთი წყაროს თანახმად, საქართველოში 320, სომხეთში 200, ხოლო აზერბაიჯანში 75 ერთეული ტაქტიკური ბირთვული იარაღი იყო განთავსებული. მათი ტექნიკური უზრუნველყოფის სირთულის გამო, შესაძლოა ისინი საწყობებში ნაწილობრივ დაშლილ მდგომარეობაში ინახებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა სამხედრო ექსპერტებმა და ოფიციალურმა სამხედრო პირებმა არაფერი იციან ბირთვული იარაღის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ, რუსული წყაროები ცალსახად ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური ვითარების გართულებისა და ეთნიკური დაძაბულობის წარმოშობისთანავე, ამ რესპუბლიკებიდან, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქობინები გაიტანეს. ეს მოსაზრება მით უფრო დამაჯერებელია იმის გათვალისწინებით, რომ თემა “ცხელ” უშუალოდ კავკასიის რესპუბლიკებს ეხება. მაგალითად, გაიდარის არქივში არსებული მასალების მიხედვით, ამიერკავკასიის რეგიონიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან იმდენად დიდი ოდენობის ბირთვული იარაღი იქნა გატანილი, რომ რუსეთის ცენტრალურ საწყობებში ვერ დაეტია. ეს არქივი კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მასში დაცული დოკუმენტების მიხედვით, ამიერკავკასიიდან ბირთვული იარაღის გატანა 1992 წლის დადგომამდე მცირე ხნით ადრე დასრულდა. ამ განცხადებას ამყარებს ამონარიდი აზერბაიჯანში განლაგებული მე-4 არმიის შტაბის ანგარიშიდან, რომლის მიხედვითაც, რაკეტები აზერბაიჯანიდან რკინიგზით გაიტანეს, ხოლო 1991 წლის დასაწყისისთვის 9K72 სისტემებისთვის (SCUD/ELBRUS) გათვალისწინებული ქობინები (საბრძოლო კომპონენტები) საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადაზიდეს. გარდა ამისა, 1992 წლის 13 მარტს გაზეთ ”იზვესტიაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში მოცემულია დსთ-ს გაერთიანებული სამხედრო ძალების შტაბის ნოტა, რომლის თანახმადაც, სომხეთი და აზერბაიჯანი ბირთვული იარაღისგან 2 წლით ადრე ”გათავისუფლდა”.

არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, მაღალი ალბათობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, განსხვავებით სხვა შენაერთებისგან, ზოგიერთი შენაერთი (განსაკუთრებით სარაკეტო შენაერთები) ბირთვული ქობინებით იყო აღჭურვილი. ამასთან, ჩვენს მოსაზრებას ამყარებს მეტწილად რუსული წარმომავლობის დოკუმენტური მასალა, რომელიც რეგიონში არა მარტო ბირთვული ქობინების არსებობას ადასტურებს, არამედ, იმის დადგენის საშუალებასაც გვაძლევს, რომ ისინი 1990 წლის ბოლოს ან 1991 წლის დასაწყისში გაიტანეს.