Loader

საქართველოს მარადიული არჩევანი

ირაკლი ტაბლიაშვილი

2008 წელს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო პლებისციტი თემაზე – „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)“.

საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1 982 318 ამომრჩეველმა, რომელთა 77%-მაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას დაუჭირა მხარი.

ოთხ თვეში ერთხელ

პლებისციტი  ჩატარდა 2008 წლის იანვარში, ანუ, წლის პირველივე თვეს და 4 თვით ადრე ვიდრე გაიმართებოდა NATO- ს ბუქარესტის ისტორიული სამიტი.

საქართველოს სჭირდებოდა ძალზედ მყარი არგუმენტი, რომელსაც გამოიყენებდა ალიანსის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ საქართველოს ხსენებულ სამიტზე, „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“ –  MAP მიეღო. პლებისციტის შედეგების გათვალისწინებით, საქართველომ ეს არგუმენტი მოიპოვა.

ამავე დროს, მიუხედავად ქვეყნის მოსახლეობის ურყევი ნებისა და, ბუქარესტის სამიტამდე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუ ორმხრივ და თუ მრავალმხრივ ფორმატებში,  ამ არგუმენტის მოშველიებისა, ალიანში კვლავაც რჩებოდნენ (და დღესაც რჩებიან) სკეპტიკოსი ქვეყნები, რომლებიც არათუ  NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას, არამედ, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებასაც არ უჭერდნენ მხარს. ამ ქვეყანათა ავანგარდში იყო (და დღემდე რჩება) გერმანია – რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი.

პლებისციტიდან 4 თვეში, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა ალიანსის სამიტი, რომელზეც, გარდა უშუალოდ  NATO-ს წინაშე არსებული საკითხებისა, გადაწყდა, რომ საქართველო და უკრაინა, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ (გათვალისწინებით) გახდებოდნენ NATO-ს წევრი სახელმწიფოები. დეკლარაციაში ამ მუხლის ნათლად დაფიქსირებით, ალიანსმა დაადასტურა საკუთარი ერთგულება „ღია კარის“ პოლიტიკის მიმართ და არ დახურა ხსენებული კარი არათუ საქართველოსთვის და უკრაინისათვის, არამედ, გაწევრიანების მსურველი სხვა ნებისმიერი სახელმწიფოსათვისაც.

არის თუ არა ისტორიული პლებისციტის შედეგები და ჩანაწერი?

დღეს საკმაოდ ბევრს საუბრობენ თემაზე – ღირდა თუ არა ამ ჩანაწერის გაკეთება საერთოდ და გახდა თუ არა სწორედ ეს ჩანაწერი იმავე 2008 წელს, ზუსტად 4 თვეში – აგვისტოში განვითარებული სხვა მოვლენების საფუძველი?

ფაქტია – ეს ჩანაწერი თანაბრად ეხება უკრაინასაც, რომელსაც, არც მანამდე და არც შემდგომ პერიოდში არ ჩაუტარებია მოსახლეობის საყოველთაო გამოკითხვა ამ თემაზე და ამის მიუხედავად, მან, ხარისხობრივად ზუსტად იმგვარი დაპირება მიიღო, როგორიც საქართველომ – ქვეყანამ, რომლის მოსახლეობამაც ღიად სააფიქსირა ალიანსში გაწევრიანების სურვილი.

მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ უკრაინამ უგულებელჰყო ბუქარესტის სამიტის ეს ჩანაწერი (დაპირება) და უკვე შემდგომ პერიოდში, როდესაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა რუსეთისგან მხარდაჭერილი იანუკოვიჩი, საერთოდ შეაჩერა პარტნიორობა ალიანსთან. გარდა ამისა, უკრაინამ გამოაცხადა ქვეყნის სამხედრო ბლოკს მიღმა სტატუსი, ფაქტობრივი ნეიტრალიტეტი.

საქართველოში კი მოხდა პირიქით – მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ საზოგადოებას 2008 წელს დაფიქსირებული ჰქონდა საკუთარი სიმპათიები ალიანსის მიმართ, ყოფილი ხელისუფლების შემცვლელმა ხელისუფლებამ ასევე ღიად განაცხადა, რომ ის მიისწრაფვის ალიანსისკენ და საქართველო ერთგული რჩება იმ პრინციპებისა, რომლებიც გაცხადებულია ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულიდან, როცა ღიად ითქვა, რომ ქვეყანა მიუკაკუნებს ალიანსის კარს.

ამდენად, შეიძლება ითქვას, თავად პლებისციტის შედეგები, ისევე, როგორც ამ საკითხზე ჩატარებული ყველა შემდგომი რაოდენობრივი კვლევა, ისტორიულია და ერთი ჯაჭვის რგოლებია.

ისტორიულია ხსენებული ჩანაწერიც, რომლის გამოც, ალიანსი და მისი წევრი, თუნდაც სკეპტიკური სახელმწიფოები, ერთგვარი „მძევლები“ არიან საკუთარივე დეკლარაციისა – თუ საქართველო თავად არ იტყვის უარს NATO-ში გაწევრიანებაზე (და ამ უარს საქართველო ვერ იტყვის სწორედ პლებისციტის შედეგების გათვალისწინებით), ის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის წევრი.

ამავე დროს, ბუქარესტის სამიტი ისტორიულია სხვა მხრივაც – ეს არის დემოკრატიული სამყაროს ლიდერთა პირველი შეკრება მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ, როდესაც ღიად დაფიქსირდა განსხვავებული პოზიციები ალიანსის სტრატეგიასთან დაკავშირებით.

ხსენებული გერმანია, აგრეთვე, რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, როგორც აღვნიშნეთ, წინააღმდეგნი იყვნენ ალიანსის გაფართოებისა და, საერთოდაც, ცდილობდნენ, რომ ალიანსს კარის დახურვის გადაწყვეტილება მიეღო (თუნდაც დროებით), შედარებით მაქსიმალისტური იყო აშშ – მისი რესპუბლიკელი ლიდერი – ჯორჯ ბუში სამართლიანად ამტკიცებდა, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ირიბი ვეტოს გამოყენების უფლება. ამ პოზიციას, ბუნებრივია, ვერსად გაექცეოდნენ ვერც ანგელა მერკელი – გერმანიის კანცლერი და ვერც სხვა ევროპელი ლიდერები – მათ სჭირდებოდათ მყარი არგუმენტი იმისათვის, რომ ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების პერსპექტივა ან საერთოდ ჩაეშალათ, ან გადაევადებინათ მაინც.

დღეს მსჯელობენ თემაზე – მოიძია თუ არა მერკელმა ეს არგუმენტი? პასუხი ცალსახა არაა – იმის გათვალისწინებით, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს არ მიენიჭა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, თითქოს იკითხება, რომ „რაუნდი ამერიკელებთან“ სწორედ მერკელმა მოიგო, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 28 წევრი სახელმწიფოს ლიდერები შეთანხმდნენ იმავე წლის დეკემბერში, (ანუ, საქართველო-რუსეთის ომიდან 4 თვეში) ამ საკითხის ხელ-ახლა განხილვის თაობაზე (საგარეო მინისტერიალის ფორმატში) და დაუშვეს, რომ სწორედ დეკემბრის ფორუმი მიანიჭებდა საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, მერკელის გამარჯვებულად მოხსენიება, ალბათ, მაინც შეცდომაა.

რაც მთავარია, თვით მერკელმაც კი მოაწერა ხელი იმ დეკლარაციას, რომელიც ადასტურებდა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულებას. ანუ, მერკელი, ბუქარესტში, ერთგვარად დამარცხდა, რადგან ის იქცა საკუთარივე ხელმოწერის ირიბ მძევლად.

დამარცხდა თუ არა აშშ? – პრეზიდენტი ბუში იმ დღეებში იტყვის, რომ ეს იყო მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო იმ პერიოდისათვის. ერთის მხრივ, აშშ-მ მოახერხა სკეპტიკოსი ქვეყნების დაყოლიება ჩანაწერზე: „საქართველო გახდება NATO-ს წევრი“ და მეორე მხრივ, საკითხი გადაიდო იმავე წლის დეკემბრისათვის, როცა, მაღალი ალბათობით, საქართველოს მართლაც მიენიჭებოდა სამოქმედო გეგმა. ამავე დროს, აშშ-ს საგარეო დიპლომატიის ერთგვარ მარცხად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ მათ ვერ გათვალეს რუსეთის რეაქცია და მისი მასშტაბები – რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა ერთხელ აღიარა, რომ, თუ კრემლი მსხვილმასშტაბიან ინტერვენციას არ დაგეგმავდა და არ განახორციელებდა საქართველოში, ეს უკანასკნელი უკვე იქნებოდა ალიანსის წევრი.

მედვედევის ეს განცხადება, რასაკვირველია, ჰიპიერბოლიზირებულია. მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეეძლო საქართველოს იმავე წელს, იყო გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება. ეს გეგმა, სხვათა შორის, მე-16 წელია აქვს მაკედონიას და ის ჯერაც არაა ალიანსის წევრი. დასავლეთს აქვს პრობლემა ერთადერთი საკითხის – ამ ქვეყნის სახელწოდების მიმართ და ეს ბალკანური სახელმწიფო მას ჯიუტად არ ცვლის. ამ არგუმენტზე სერიოზული „არგუმენტი“ საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთს  იმ შემთხვევაშიც ექნებოდა,  თუ საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებდა სწორედ აპრილში (ან, თუნდაც, დეკემბერში) –  ტერიტორიული პრობლემები, რომლებიც აქვს ალიანსისკენ მიმავალ ქვეყანას, საკმარისი საფუძველი იქნებოდა დასავლეთისთვის, რომ შემოფარგლულიყო სწორედ MAP – ის მინიჭებით და უშუალოდ ალიანსში საქართველოს მიღება წლობით გაეწელა.

ალიანსს, წესით, უნდა ემოქმედა დასწრებაზე –  აშშ-ს საგარეო დაზვერვა და დიპლომატია  თუ მაინც გრძნობდა საქართველოში რუსეთის ინტერვენციის საფრთხეს, მას მეტი ძალისხმევა უნდა მიემართა სკეპტიკური ქვეყნების გადასარწმუნებლად და ეთქვა, რომ MAP – ის საქართველოსთვის მინიჭების გათვალისწინებით, რუსეთი ვერ გაბედავდა საქართველოში ინტერვენციას.

ამავე დროს, თუ ეს ინფორმაცია აშშ-ს არ ჰქონდა (და სათანადო ანალიზიც ვერ კეთდებოდა), მაშინ რამდენიმე თვით პროცესის გაწელვა და ამ პერიოდში გერმანია-საფრანგეთის გადარწმუნება, იქნებ, სწორი სტრატეგიაც იყო.

აღმოჩნდა, რომ საკუთარი გათვლები ჰქონდა მოსკოვსაც – დღეს რთულია თქმა, მოახდენდა თუ არა ის საქართველოში ინტერვენციას აპრილიდან 4 თვეში – აგვისტოში (ან, საერთოდ) იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებდა, თუმცა, ფაქტია, რომ მოსკოვის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია არა იმდენად ჩანაწერმა – „საქართველო გახდება  NATO-ს  წევრი“ (თავისთავად ცხადია, ეს ჩანაწერიც იყო საქართველოში ინტერვენციის საფუძველი), რამდენადაც ავანსმა, რომ დეკემბრის მინისტერიალზე საქართველოს მიანიჭებდნენ სამოქმედო გეგმას.

მოსკოვს ეს არ უნდა დაეშვა და სწორედ ამიტომ დაგეგმა მან ინტერვენცია დეკემბრის მინისტერიალამდე.

აქვე სათქმელია, რომ, მოსკოვში, ისევე როგორც ყველგან, წესით, ხვდებიან, რომ თავად სამოქმედო გეგმა ნაკლები პრობლემაა იმის გამო, რომ ის არ გულისხმობს ალიანსის მთავარ, ფუძემდებლურ პრინციპს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ. ამავე დროს, მოსკოვშიც ხვდებიან, რომ ინტეგრაციის პროცესის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა  ყველა ეტაპზე, მათი სტრატეგიული ამოცანაა.

ამ შეგრძნების მიზეზი, თავის მხრივ, ისტორიული მეხსირებაა, იმპერიის აღდგენის მსურველებს ახსოვთ ძლევამოსილი, რეიგანისეული აშშ და ზოგადად დასავლეთი, რომელმაც რამდენიმე წელიწადში მოახდინა დღევანდელ რუსეთზე ძლიერი საბჭოთა კავშირის დაშლა. სხვა მრავალ მიზეზთა გარდა,  ალიანსის საზღვრების მიახლოებას რუსეთის საზღვრებთან მოსკოვში სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებიან და დღესაც ძალიან აღიზიანებთ ელცინისეული „რბილი“ პოლიტიკა, რომლის შედეგიც იყო უკვე პუტინის დროს ალიანსის გაფართოება საბჭოთა კავშირის „ნაწილის“ – ბალტიის სახელმწიფოების ხარჯზე.

ომი

2008 წლის ომისთვის რუსეთი დიდი ხანი ემზადებოდა.

58-ე არმიის შემოსვლა საქართველოში თვეებით ადრე დაიგეგმა და ამ ძლიერმა სამედრო შენაერთმა სათანადო წვრთნებიც არაერთხელ გაიარა.

რუსეთში ჰქონდათ შეგრძნება (და ინფორმაციაც), რომ საქართველოს არმია ძლიერი, დასავლურ სტანდარტებზე არსებული და სერიოზული წინააღმდეგობის გამწევი იყო. თავად ეს ფიქრი დაფუძნებული იყო ქართული არმიის საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობასა და იმ გამოცდილებაზე, რომელიც არმიას ერაყსა და განსაკუთრებით ავღანეთში ჰქონდა შეძენილი.

რუსეთი სულ ცდილობდა საქართველოს პროვოცირებას და იმგვარი ვითარების შექმნას, რომლის შედეგადაც ქვეყანას არ ექნებოდა სხვა გამოსავალი – გარდა ომისა.

თავდაპირველად, მოვლენათა ესკალაცია მოსალოდნელი იყო აფხაზეთის ფრონტის მიმართულებით, თუმცა, არსებობს ცნობა, რომ კოდორის ხეობაზე საკუთარი იურისდიქციის გაზრდას ერთგვარად შეეწინააღმდეგა აფხაზეთის დე-ფაქტო ყოფილი ლიდერი სერგეი ბაღაფში, რომლის არგუმენტიც იყო, რომ თბილისს შეეძლო  ძლიერი სამხედრო იერიშის მიტანა სწორედ სოხუმზე, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს შეუქმნიდა ისედაც ღარიბი აფხაზეთის შემოსავლებს ტურიზმიდან.

მოსკოვი, რასაკვირველია, ცდილობდა ბაღაფშის გადარწმუნებას, მაგრამ, ამ სეპარატისტ ლიდერს თავისი არგუმენტებიც ჰქონდა.

ამავე დროს, ღია ინტერვენციის დაწყებისათვის, მოსკოვს სჭირდებოდა ფორმალური არგუმენტი – პირველი დღეების (ან საათების) განმავლობაში ეს კონფლიქტი უნდა გაჩაღებულიყო სწორედ ამ ტერიტორიის ეთნოსებს შორის, რათა მას (მოსკოვს) ინტერვენციის ფორმალური საფუძველი მისცემოდა.

ბაღაფშის ხელისუფლება ამაზე თანახმა არ იყო – ჯერ ერთი, ის ერიდებოდა მორიგ სისხლისღვრას და მეორეც – მას ბოლომდე არ სჯეროდა მოსკოვის, რომელმაც აფხაზეთი (აფხაზთა აზრით) მიატოვა გასული საუკუნის 90-იან წლებში და პროცესი 13 თვემდე გაწელა მაშინ, როცა მისი მომთავრება გაცილებით ნაკლებ ვადაში (და ნაკლები დანაკარგით) შეეძლო იმხანად არაძლიერი საქართველოს არმიის წინააღმდეგ.

მოსკოვი ამუშავებდა სათადარიგო ვარიანტსაც და თუ რამ განსხვავებაა კოკოითსა და ბაღაფშს შორის, სწორედ ესაა – პირველ მათგანს არაფრად უღირდა ცხინვალის რეგიონი და მისი მოსახლეობა, ის თანახმა იყო, ეკისრა მთავარი „მეხამრიდის“ ფუნქცია და საომარი მოქმედებების ეპიცენტრად ექცია ცხინვალი და მიმდებარე ტერიტორია.

(სიმართლე ითქვას, კოკოითს ეს ერთგულება დაუფასდა, ხოლო ბაღაფშს – წინააღმდეგობა – არა. თუ ეს უკანასკნელი მოკლულია, შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მან ჯეროვნად კარგად ვერ გაითავისა მოსკოვის დავალება. რაც შეეხება კოკოითს, ის „დამსახურებულ“ პენსიაზეა და, რამდენადაც ცნობილია, მსხვილი (ამასთან, უკანონო) ბიზნესით არის დაკავებული).

ამ ორი სცენარიდან მოსკოვს აფხაზეთის მიმართულებით ომის გაჩაღება უფრო აძლევდა ხელს – თბილისდან დასავლეთის ფრონტის მართვა უფრო გაჭირდებოდა და, შესაბამისად, კრემლში ჰქონდათ შეგრძნება, რომ ომს საქართველოსთან მოკლე დროში დაასრულებდნენ.

„ცხინვალის ვარიანტი“ შემდგომ პერიოდში გახდა აქტუალური, როდესაც ერთის მხრივ სოხუმიდან მიიღეს ცივი უარი საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებაზე და, მეორე მხრივ, თავად კრემლში მომწიფდა იდეა ცხინვალის შემდეგ იერიშის სწორედ ცენტრზე – თბილისზე მიტანის შესახებ.

ომის პერიპეტიები და ამბები ქართული არმიის გასაოცარი გმირობების შესახებ ახლა განსახილველი არაა, თუმცა, იმას კი ვიტყვით, რომ ხსენებული 58-ე არმია სრული შემადგენლობით რუსეთმა სწორედ იმიტომ შემოიყვანა, რომ რაოდენობრივი უპირატესობის ხარჯზე დაემარცხებინა მართლაც ძლიერი  ქართული საჯარისო შენაერთები.

ამ დღეების ქრონიკის მიმოხილვისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები:

  • ის, რომ აშშ-მ გადაწყვიტა „ჰუმანიტარული მისიის“ განხორციელება საქართველოში. ამასთან, აშშ-ს სამხედრო მე-6 ფლოტს (რომელიც განთავსებულია ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში)  პრეზიდენტ ბუშის დავალებით  სათავეში ჩაუდგა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი!!!
  • 13 აგვისტოს ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტში, ხსენებულია ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, დაეშვებოდა  ამერიკის სამხედრო თვითმფრინავები. ბუშმა რუსეთს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციის არხების გათავისუფლება მოსთხოვა.
  • თეთრი სახლი განიხილავდა საჰაერო შეტევას როკის გვირაბის მიმართულებით.
  • ევროპის ექვსი სახელმწიფოს ლიდრებმა მყისიერად მიიღეს გადაწყვეტილება თბილისში გამომგზავრების შესახებ.
  • აშშ-მ დაავალდებულა თურქეთი, რომ მას გაეხსნა ბოსფორის სრუტე, რათა მის მე-6 ფლოტს უსწრაფესად გადმოეკვეთა შავი ზღვა  – ვიდრე საქართველომდე.
  • თბილისზე ვერ განხორციელდა რუსეთის შეტევა სწორედ აღნიშნული 5 ფაქტორის გათვალისწინებით.

ამ ჭრილში გამოვყოფდი მე-3 პუნქტს – თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ში განიხილავდნენ კონფლიქტში ღია ჩართვის პერსპექტივას, მრავლისმთქმელია.

უკრაინა და სომხეთი

მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩის დროს უკრანიამ ფაქტობრივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა,  რუსეთისათვის ეს არ გამხდარა ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ სამხედრო ინტერვენცია მოეხდინა ამ დიდი სახელმწიფოს ორ ტერიტორიაზე – სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც ცენტრალური კიევის წინააღმდეგ რუსეთი „ფარულად“ იბრძვის და ყირიმის მიმართულებით, რომლის ანექციაც !!! (რეგისტრის მიხედვით – აგრესიის ყველაზე უკიდურესი ფორმა), რუსეთმა „უპრობლემოდ“ მოახდინა.

ამ შემთხვევაში, უკრაინის ნეიტრალიტეტიც კი ვერ აღმოჩნდა დამცავი ფარი ამ სახელმწიფოსათვის, ფორმალურად, კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იანოკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან !!!  – მეტწილად სავაჭრო – ეკონომიკურ სივრცესთან უკრაინის თანამშრომლობაზე, ხოლო ამას მოჰყვა კიევის!!! მოსახლეობის ნაწილის უკიდურესი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ.

ფაქტია, რუსეთმა ოსტატურად „გამოიყენა“ მეიდანის შედეგები, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „მეიდანი“ და იანუკოვიჩის განდევნა ხელისუფლებიდან და ქვეყნიდან იყო შეცდომა (მიუხედავად უმძიმესი შედეგებისა).

საქმე ისაა, რომ პოსტ-საბჭოთა ადამიანები აზროვნებენ სტერეოტიპით – კეთილდღეობა დღეს და აქ… თუ ვიმსჯელებთ გძელვადიან ჭრილში, „დღეს და აქ“ შექმნილი პრობლემები უკრაინაში (ყირიმის ანექსიის გათვალისწინებით ან ლუგანსკ-დონბასში მიმდინარე სისხლისღვრის გამო), რა თქმა უნდა, იმგვარებია, რომელთა მოშუშებაც შეუძლებელია (ამავეს თქმა შეიძლება საქართველოსთან მიმართებაშიც – პრობლემა „აფხაზეთი“ ან პრობლემა „ცხინვალის რეგიონი“, რასაკვირველია არსებობს და კვლავა რჩება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აქილევსის ქისლად).  მეორე მხრივ, არსებობენ სახელმწიფოები (განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან, ანუ, ბოლშევიზმის დამკვიდრებიდან), რომელთა „ისტორიული მისია“ სულაც არაა კეთილდღეობის მიღწევა „დღეს და აქ“ და, პირიქით, მათი მისიაა ბრძოლა ხვალინდელი დღისათვის. ამ სახელმწიფოთა ავანგარდში ხშირად იყო საქართველო და ბოლო პერიოდია მათ რიცხვშია უკრაინაც. სხვათა შორის, ამ სახელმწიფოთა რიგებში იყვნებ ბალტიის სახელმწიფოებიც, რომლებმაც მოახერხეს გარღვევა და ცივილიზებულ სამყაროში ადგლის დამკვიდრება (მათი დაახლოებით 40 წლიანი ბრძოლა შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე, ვთქვათ, საქართველოსი, თუმცა, მათი ბრძოლა, იმავე საქართველოსთან შედარებით, მუდმივი და უკომპრომისო ნამდვილად იყო).

ამდენად, პრინციპულად მნიშვნელოვანია (მათ შორის, მომავალი გენერაციებისათვის), რა გზას აირჩევს ამ შემთხევაში უკრაინის (ისევე, როგორც საქართველოს) კონკრეტული  და დღევანდელი (იმ პერიოდის) ხელისუფლება.

აი, ამ მხრივ, კარგი მაგალითია სომხეთი – ამ ქვეყანამ არჩია ქმედება პრინციპით: „დღეს და აქ“, ანუ – კეთილდღეობის მიღების გზა, ოღონდ, სამწუხაროდ, ეს კეთილდღეობა ამ ქვეყანაში არ დამდგარა – სომხეთმა  თქვა უარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, თუმცა, ამ კომპრომისულ ნაბიჯს ოდნავადაც არ გადაუწყვიტავს მისი ეგზისტენციური, ამ შემთხვევაში, ფინანსური პრობლემები.

NATO-ს  უელსის სამიტი

მის მნიშვნელობაზე ქართულ (და არა მხოლოდ) პერიოდიკაში არაერთხელ დაიწერა და, ამდენად, მას დეტალურად არ მიმოვიხილავთ.

ამავე დროს, აუცილებლად გასამეორებელია ის, რომ სამიტის მთავარი შედეგი – „მეტი  NATO საქართველოში“ ერთგვარად მიღწეულია – ის, რომ საქართველოში გაიხსნა ალიანსის საწვრთნელი-შეფასებითი ცენტრი (ამასთან, განსხვავებული სხვა ანალოგიური ცენტრებისაგან), არის რუსეთის, როგორც ისტორიული მოწინააღმდეგის შეშფოთების საფუძველი (აქვე ვიტყვით, რომ რუსეთის შეშფოთებები, რასაკვირველია, არ უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიაში კორექტივების შეტანის საფუძველი).

სამიტის ამ შედეგის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია სიმბოლიზმიც – საქართველოში პირველად ოფიციალურად!!! სწორედ ხსენებულ ცენტრში აღიმართა ალიანსის დროშა. გავბედავთ და ვიტყვით, რომ პრაქტიკა და გამოცდილება ადასტურებს – ტერიტორიებს, სადაც ალიანსი აღმართავს ალამს, ალიანსი არასოდეს ტოვებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ – ალიანსის დროშის ზე-აღმართვა საფუძველია იმისა, რომ ის – დროშა ამ ტერიტორიაზე მუდმივად იფრიალებს.

საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია

ალიანსს მხოლოდ სამხედრო ერთობად ხშირად აღიქვამენ. თუმცა, თანაბარძალოვნად, ის არის პოლიტიკური კოალიციაც, რომელიც 29 სახელმწიფოს აერთიანებს.

ის, რომ 4 ასპირანტი ქვეყნიდან ერთი – მონტენეგრო მოსწყდა ასპირანტი ქვეყნების ჯგუფს, რა თქმა უნდა, კარგია!“ თუმცა, ეს განსაკუთრებით მტკივნეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროგრესი სათანადოდ არ აისახება მაგალითად მომავალ სამიტზე.

საქართველოს ხელისუფლება აღარ აცხადებს, რომ მისი მიზანია გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებაა. შევნიშნავთ, რომ MAP – ის მონიჭების უფლებამოსილება აქვს არა მხოლოდ სახელმწიფო მეთაურების დონეზე გასამართ ფორუმს, არამედ, ვთქვათ, მინისტერიალსაც. შესაბამისად, ხელისუფლების სტრატეგია უნდა იყოს ჯერ სწორება თუნდაც 2018 წლის მინისტერიალზე.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ, ვინაიდან დასავლეთის ქვეყნებში ჯერაც არ აქვთ გადაწყვეტილი საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მონიჭების საკითხი, შიდა კომუნიკაციის ჭრილში საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად უნდა მოახდინოს გზავნილის კორექცია. ეს ახალი გზავნილი, ერთის მხრივ უნდა მოიცავდეს თემას, რომ საქართველოს მართლაც სურს MAP – ის მიღება, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა ხდებოდეს „დაშვებაც“ – თუ სამოქმედო გეგმა ვერ მივიღეთ, ეს ტრაგედია არ იქნება (ვაღიარებ, რომ ამგვარი ფორმულირება საკმაოდ რთული დასასაბუთებელია).

სწორება MAP – ზე მართებული და ნათელი გზავნილია სწორედ დასავლეთის ქვეყნებისათვის, რათა მათ მორიგი ნაბიჯები გადადგან იმ დაპირების ასასრულებლად, რომელიც მათვე მისცეს საქართველოს 2008 წელს. ამავე დროს, უთუოდ უნდა მუშავდებოდეს სათადარიგო  – B ვარიანტი, რომელიც შეიძლება უკეთესიც იყოს, ვიდრე ხსენებული სამოქმედო გეგმა (კვლავ გავიმეორებთ, რომ მაკედონიას სამოქმედო გეგმა აქვს მე-17 წელიწადია, თუმცა, ის ჯერაც არაა ალიანსის წევრი. ასევე კვლავ გავიმეორებთ, რომ იმ შემთხევვაშიც კი, თუ საქართველოს მიანიჭებენ MAP – ს, პროცესი, მაღალი ალბათობით, მაინც გაიწელება ტერიტორიული პრობლემების გამო, ამდენად, ამ კონტექსტში, საქართველოს მოსაფიქრებელი აქვს ახალი ნარატივი-კონცეფცია, რომელიც ამ – ტერიტორიული კონფლიქტების თემას მეორე პლანზე გადასწევს).

სათადარიგო გეგმა

1999 წლიდან დაკანონებულია, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფო შეიძლება გახდეს მხოლოდ MAP – ის გზის გავლით.

ამავე დროს, საქართველო უკვე ფლობს ყველა საჭირო ინსტრუმენტს, რომელსაც თავის თავში გულისხმობს სამოქმედო გეგმა (NATO – საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა), უელსის სამიტის დეკლარაციაში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ძალაშია ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც დაწესებულია ალიანსის მიერ. მაგრამ, კვლავ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუმენტს – MAP საქართველო არ ფლობს, მას აქვს ხსენებული MAP – ის მიხედვით გაწერილი ყველა ქვე-ინსტრუმენტი.

შესაბამისად, ამ ლოგიკის მოშველიებით, სათადარიგო ვარიანტი შეიძლება იყოს ვაშინგტონის (1999 წლის) დეკლარაციის ერთგვარი რევიზია და ალიანსის დეკლარაციაში იმგვარი ჩანაწერის დაფიქსირება, რომლის თანახმადაც MAP, როგორც ასეთი, აღარ არის გაწევრიანებისათვის აუცილებელი ერთადერთი!!! გზა თუ მექანიზმი.

მთავარი გზავნილი (შესავალი)

ზემოთ საქართველოს  ტერიტორიული პრობლემები ვახსენეთ.

არგუმენატად ყოველთვის მოგვყავს, რომ აღმოსავლეთ გერმანია ავტომატურად გახდა ალიანსის წევრი მას შემდეგ, რაც ბერლინის კედლის დანგრევის კვალდაკვალ გერმანია გაერთიანდა. ეს კარგი არგუმენტია, მაგრამ, აშკარად საჭიროა მეტი იმისათვის, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები საქართველოს საკუთარ რიგებში მიღების აუცილებლობაში დარწმუნდნენ.

რა შეიძლება იყოს ეს არგუმენტი?

გერმანიის მაგალითი „უვარგისია“ მხოლოდ იმიტომ, რომ კედლის ორივე მხარეს ცხოვრობდა ერთი ხალხი, რომელიც ხელოვნურად იყო გაყოფილი და არასოდეს, ვიმეორებთ, არასოდეს, აღმოსავლეთ გერმანელებს არ ჰქონდათ დასავლეთ გერმანელთა მიუღებლობა!

გდრ-ის ინტეგრაცია გფრ-სთან და, შესაბამისად, ალიანსთან, ამდენად იყო უპრობლემო და იოლი პროცესი.

საქართველოში, ვაღიაროთ, სხვა პრობლემაა – ენგურს მიღმა (დევნილი მოსახლეობის დაბრუნებამდე), ცხოვრობს სხვა ძირითადი ერთი ეთნოსი (აფხაზები) და სხვა ეთნოების წარმომადგენლები. ამასთან, არც ერთ მათგანს, მიზეზთა გამო, არ აქვს სიპმათიები საქართველოს მიმართ. არსებობს ვარაუდი, რომ ეს სიმპათიები მათ არც გაუჩნდებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო განახორციელებს ნებისმიერ დემოკრატიულ, ეკონომიკურ რეფორმას ენგურ-გამოღმა ტერიტორიებზე.

რა გამოსავალი რჩება?

იმთავითვე იყო ლაპარაკი და ეს თემა დღესაც აქტუალურია, რომ საქართველომ უნდა გააფომს კიდევ ერთი თავდაუსხმელობის პაქტი, რომლის აზრიც იქნება, რომ თბილისი სოხუმს არასოდეს შეუტევს.

მაგრამ, ეს არგუმენტი შეიძლება მისაღები იყოს მხოლოდ აფხაზთათვის და ნაკლებ მისაღები იქნება აგრესორი რუსეთისათვის.

მთავარი (და გერმანიის გაერთიანებისაგან განსხვავებული არგუმენტი) ალიანსთან „კამათისას“ და მსჯელობისას შეიძლება იყოს შემდეგი წინადადება:

საქართველო არასოდეს მოახდენს საკუთარი პრობლემების ექსპორტს დასავლეთში, ანუ, ალიანსში გაწევრიანების კვალდაკვალ, საქართველო არ ითხოვს მე-5 მუხლის ამოქმედებას არსებული კონფლიქტების დასარეგულირებლად, მაგრამ, მოითხოვს მას ახალი კონფლიქტის შემთხვევაში.

ამავე დროს, შესაძლებელია, რელევანტური იყოს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის თემათა გაყოფა-გამოჯვნა, მაგალითად – საქართველო გახედება ალიანსის წევრი პოლიტიკურ ნაწილში, ხოლო სამხედრო ინტეგრაციამ შეიძლება გადაინაცვლოს სხვა პერიოდიასათვის (როცა რუსეთი შედარებით სუსტი იქება და ის ამგვარი აუცილებლად იქნება).