Loader

სად ვართ ჩვენ? ამბავი სსრკ-ს დანგრევისა და რუსეთის უკან დახევისა

                                                                                                                                                                                                                                                                                  ირაკლი ტაბლიაშვილი

კამათი თემაზე – როგორი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგია დეოკუპაციასთან მიმართებაში, ემსგავსება კამათს – მსოფლიო სახელმწიფოა საქართველო თუ მსოფლიოს სოფელი?!

რასაკვირველია, საქართველო სახელმწიფოა! – ისინიც კი, ვისაც მიაჩნია, რომ სამყაროს ძლიერებს უჩვენოდაც შეუძლიათ ჩვენი ბედის გადაწყვეტა, ამ წინადადებას ომახიანად წარმოთქვამენ. ოღონდ, თუ ჩაეკითხებით, მაგალითად, 1989 წლის 9 აპრილის მნიშვნელობაზე, გეტყვიან – “უაზროდ გავწირეთ თავი, სსრკ ხომ უჩვენოდაც ინგრეოდა”. სადაა ამ წინადადებაში მძიმეებით გამოსაყოფი “თურმე” – არავინ იცის… მათი ლოგიკით – ინგრეოდა და დავასრულოთ ამ თემაზე კამათი – რა, არ დაინგრა თუ?

სსრკ მართლაც დაინგრა!.. და ჩვენში არსებული წინააღმდეგობის მოძრაობის როლი, შესაძლოა, მართლაც უმნიშვნელოა – მაშინდელმა ძლიერებმა – რეიგანმა, უფროსმა ბუშმა და გორბაჩოვმა, როგორც შეთქმულების ერთ თეორიაშია – “მალტაში მოილაპარაკეს და სსრკ დაშალეს”. ოღონდ, ეგაა, ცოტამ თუ იცის – არათუ გორბაჩოვს, უფროს ბუშსაც დიდად არ უნდოდა სსრკ-ს დაშლა – “ბალტიის სახელმწიფოები, რომლებსაც ისედაც არ ვცნობდით სსრკ-ს შემადგენლობაში, უნდა გაათავისუფლოთ; უნდა დაშალოთ სოც.ბანაკის “ვარშავის პაქტით” ხელოვნურად შედუღაბებული ერთობა; უნდა დაინგრეს “ბერლინის კედელი” და, დანარჩენ ტერიტორიებზე კი უნდა იყოს “გლასტნოსტი”, “დემოკრატია”, “პერესტროიკა”, “პლურალიზმი” და გადაცემა “პროჟექტორ პერესტროიკი” , – დაახლოებით ამგვარი იყო დასავლეთის და დასავლეთის ლიდერი სახელმწიფოს – აშშ-ს სტრატეგია.

მაგრამ, აი, იმ “უმნიშვნელო” წინააღმდეგობების მოძრაობებმა, რომლებიც იყო თავისუფლებისმოყვარე რესპუბლიკებში – საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და უკრაინაში, იმპერიის სრულ კოლაფსს შეუწყო ხელი – დაინგრა და დაინგრა არა მხოლოდ “ბერლინის კედელი”, არამედ, სტალინის მიერ ხელოვნურად შეკოწიწებული იმპერიაც.


სსრკ-ს ნგრევის გახსენებული ამბავი, წარსულია და, რა თქმა უნდა, ანალოგად ვერ გამოდგება – ჩვენ ზუსტად ისევე არ ვიცით, დაინგრევა თუ არა რუსეთი, როგორც მაგალითად 1985 წელს არ ვიცოდით – დაინგრეოდა თუ არა სსრკ. თუმცა, წესით იმას კი უნდა ვაღიარებდეთ, რომ დღევანდელი რუსეთიც კი ჭიაღუაა იმდროინდელ იმპერიასთან შედარებით – ჭიაღუა სამხედრო სიძლიერით, ეკონომიკით, ტექნოლოგიური შესაძლებლობებით

 


 

***

სსრკ-ს ნგრევის გახსენებული ამბავი, წარსულია და, რა თქმა უნდა, ანალოგად ვერ გამოდგება – ჩვენ ზუსტად ისევე არ ვიცით, დაინგრევა თუ არა რუსეთი, როგორც მაგალითად 1985 წელს არ ვიცოდით – დაინგრეოდა თუ არა სსრკ. თუმცა, წესით იმას კი უნდა ვაღიარებდეთ, რომ დღევანდელი რუსეთიც კი ჭიაღუაა იმდროინდელ იმპერიასთან შედარებით – ჭიაღუა სამხედრო სიძლიერით, ეკონომიკით, ტექნოლოგიური შესაძლებლობებით.

ერთადერთი, რაც დღევანელ რუსეთს განასხვავებს მაშინდელი სსრკ-სგან, სამყაროში იმ განცდის დატოვებაა, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია – ბრეჟნევისდროინდელმა საბჭოთა ელიტამ იცოდა, რომ ბირთვული ომი ყველაფერს გაანადგურებდა, ეს იცის პუტინისდროინდელმა რუსულმა ელიტამაც, ოღონდ, “წინაპრებისაგან” განსხვავებით, ჰგონია (და იქნებ სამართლიანადაც), რომ  დასავლეთი მის თავხედობას თავხედობითვე არ უპასუხებს, ანუ, სამყაროს ბოლომდე არ გასწირავს.

“დასავლეთის კეთილშობილების იმედად ყოფნა” საუკეთესო იარაღია პუტინის ხელში, გაცილებით ბასრი იარაღი ვიდრე ენერგორესურსები, რომლითაც რუსეთი ამარაგებს განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპას.

სად არის ამ დაპირისპირებაში საქართველო?..

ობიექტურობისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლებას აქვს მნიშვნელოვანი წარმატებები დასავლეთში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში – აი, “წითელ მოედანზე” ნამყოფ ადა მარშანიასაც კი წამოსცდა – “მოსკოვში ამბობენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლებზე მწყობრად მიდის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ”. მოსკოვში, რა თქმა უნდა, სუბიექტურად აფასებენ ხელისუფლების როლს ამ მიმართებით. გაცილებით გამართული იქნებოდა წინადადება: “სააკაშვილის ხელისუფლების დროს დასავლეთი მოდიოდა თქვენსკენ, მაგრამ ახლა ეს დასავლეთი მორბის… მოიჩქარის”.

ხელისუფლების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ქართველი დიპლომატები არაჩვეულებრივად მუშაობენ აშშ-ში – საელჩომ “გაჩარხა” პრემიერის შეხვედრა არა მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, არამედ, პრეზიდენტ ტრამპთანაც კი. ხოლო გაეროში საქართველოს მისია არასოდეს ყოფილა ასეთი ეფექტური – გენ. ასამბლეის რეზოლუციებში წლებია ვამარცხებთ რუსეთს და ეს უთუოდ გამოგვადგება ოდესმე.

წინწაწეულია საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესშიც – ხელისუფლება ჯერაც ჯიუტად იმეორებს, რომ ფუჭი მოლოდინების შექმნა არაა საჭირო უშუალოდ ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, მაგრამ, პრინციპში, პროცესის ლოგიკური შედეგის ჰორიზონტი უკვე გამოჩნდა. ამასობაში, საქართველო, რა თქმა უნდა, დაუშვებს შეცდომებს, მაგრამ, მთავარია, ეს შეცდომები არ იყოს სასიკვდილო, ანუ ისეთი, რომლებიც დასავლეთს ჩვენს ინტეგრაციას გადააფიქრებინებს.

დიდი პროგრესი გვაქვს ალიანსთან ურთიერთონაშიც  – უელსის ისტორიული სამიტის შედეგი – კრწანისის საწვრთნელი-სასწავლო ცენტრი, შესაძლოა, არ იქცეს ბაზად, მაგრამ, ყოველთვის დარჩება იმ სივრცედ, რომელიც დასავლეთს დასჭირდება. ეს ყველაფერი შევავსოთ ვაზიანით და მისი შესაძლებლობებით – ამ ველზე უკვე მესამედ გამართული საერთაშორისო წვრთნებით – “ღირსეული პარტნიორი”, და, წესით, აუგი არ უნდა დაგვცდეს ხელისუფლების წინააღმდეგ.

მაგრამ…

როგორი ქვეყანაა საქართველო?

როგორი ქვეყანაა საქართველო? ან, უკეთ რომ ვთქვათ – სად არის ამ დაპირისპირებაში?

ამ კითხვაზე არასრულყოფილ, მაგრამ, ერთგვარ პასუხს კი იძლევა… გაგიკვირდებათ და, ვთქვათ “ვაშინგტონ პოსტის” წლის განმავლობაში გამოცემული 365 ნომერი-გამოცემა. მონიტორინგი თვალსაჩინოს ხდის ერთ რეალობას – წლის განმავლობაში საქართველოზე, უფრო ზუსტად კი, საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიაზე,  არ გამოქვეყნებულა არც ერთი!!! ვიმეორებთ, არც ერთი სტატია!

ხელისუფლების მომხრეები პასუხად იტყვიან, რომ ამ მნიშვნელოვანი გამოცემის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მოთხოვნა აბსურდი და წარმოუდგენელი სითავხედე თუ არაკომპეტენტურობაა, თუმცა, პასუხის პასუხი ამგვარია – ქვეყანა ერთის მხრივ უნდა იწვევდეს საერთაშორისო მედიას იმ პრობლემების გასაშუქებლად რომლებიც მას – ქვეყანას აქვს. მეორე – არსებულ საინფორმაციო მიზეზებზე, ჩვენს შემთხვევაში, გაგრძელებულ ოკუპაციაზე, იმდენად ომახიანად უნდა საუბრობდეს, რომ საერთაშორისო მედია მოწვევის გარეშე გადიოდეს მავთულხლართებთან. სამწუხაროა – ეს არ ხდება და, შესაბამისად, “ვაშინგტონ პოსტის” თუ “ნიუ იორკ თაიმისის” მკითხველმა ამერიკელმა ამომრჩეველმა არ იცის, რატომ უნდა მოსთხოვოს ადმინისტრაციას მეტი და მეტი მხარდაჭერა თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხისათვის.

ახლა, ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა შევსებულია დეოკუპაციის შესახებ ჩვენი ხმამაღალი განცხადებებითაც… წარმოვიდგინოთ, რომ მერკელი პუტინს ესაუბრება არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ცხინვალის რეგიონზეც… წარმოვიდგინოთ, რომ სანქციებს რუსეთს უწესებენ არა მხოლოდ ყირიმის, არამედ, აფხაზეთის ოკუპაციის მიზეზითაც… არ ვიცი, წაიკითხავენ თუ არა ამ სტატიას დეპუტატები “ოცნებიდან”, მაგრამ, თუ დავუშვებთ, რომ გაეცნობიან, ვეტყვი – ამ შემთხვევაში, შიდა ოპონენტებსაც კი გაცილებით ნაკლები წონიანი არგუმენტები ექნებათ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.

მთავარი კი მაინც … რწმენაა!

მიჰყვე დინებას და გეგონოს, რომ “მსოფლიო ბატონები” უშენოდაც გადაწყვეტენ მათ შორის შენს ბედს, ხედვის არქონის დამადასტურებელია – ასეა – “მსოფლიო ბატონები” უშენოდაც გადაწყვეტენ, მაგრამ, ეს გადაწყვეტილება, შეიძლება, სულაც არ იყოს შენთვის სასარგებლო.

მაგალითად, რადგან უკრაინის გამო დაუწესდა სანქციები რუსეთს, შესაბამისად, სწორედ უკრაინის გამო მოეხსნება მას ეს, ხსენებული სანქციები. როდის მოხდება დესანქცირება? მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი ყირიმსაც დატოვებს… მაგრამ, დატოვებს კი ამ დროისათვის ის აფხაზეთს?.. ვიკითხოთ სხვაგვარად – არ გვკითხავენ დასავლეთიდან: “სად იყავით მაშინ, როდესაც ჩვენ რუსეთს ყირიმის გამო “ვაწვებოდით?”

***

რასაკვირველია, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ვექტორი ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უნდა იყოს, თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დეოკუპაციამდე ეს ოცნება რთულად თუ ახდება. ამდენად, დეოკუპაცია (რომელიც, თავის მხრივ, ანტირუსულ პოლიტიკაზეა დაფუძნებული) დასავლეთიზაციის შემადგენელი ნაწილია… რადგან ინტეგრაცია ქვეყნისა, რომლის დედაქალაქიდან 50 კილომეტრშიც დგას აგრესორი რუსეთი, ვაშინგტონს არ ვიცი და, ბერლინს ნაკლებად რეალურად წარმოუდგენია.

და კიდევ – ანტირუსული (იგულისხმება რუსეთის სახელმწიფო) საშინაო და საგარეო პოლიტიკა მაგალითად ტურისტთა შეზღუდვას სულაც არ გულისხმობს, მაგრამ, იმის პრევენცია კი მაინც იქნება, რომ ბიზნესის და კულტურის გამოყენებით რბილად და თბილად წამოსულმა რუსეთმა ერთ მშვენიერ დღეს არ გვითხრას :  “შეხედეთ თქვენს ქვეყანას, ის, რეალურად, რუსულია… რუსული წარწერები, რუსული პოპ-კულტურა, რუსული კომპანიები… რუსული კაპიტალი… რუსული ცხოვრების წესი… სადაა თქვენი დასავლეთი?..”

პასუხი, რა თქმა უნდა, გვექნება… მთავარია, ჩვენც ვიცოდეთ, რომ ეს პასუხი არგუმენტირებულია!