Loader

გულს უნდა!!!

ირაკლი ტაბლიაშვილი

უხსოვარი დროიდან“ არაერთი  “მეუღლე” მყოლია, თუმცა, ახლა რომ ვაცნობიერებ, კანონიერი არც ერთი.

ჯერ იყო და, ისეთი მეუღლე მყავდა, რომელსაც „არ მინდა“ ერქვა – შემოიჭრა, შემოვარდა… სამზარეულო კი არა, მთელი სახლი დაიპყრო და ჩემთან იყო, მაგრამ, ალიმენტებს მაინც მახდევინებდა…

მერე, ის, პირველი მეუღლე რომ წავიდა, მეორე მოიჭრა, მოქანდა… მას უფრო „კუჭს უნდა“ ერქვა, თუმცა, პირველის მსგავსი იყო და სიყვარული არც მასთან მქონია – მათრახი ეჭირა და აქეთ-იქით იქნევდა, ისიც ასწლეულები გაჩერდა და მასაც ყველა ოთახი ჰქონდა დაპყრობილი… ორივესთან ვცადე ჯერ ჩხუბი და მერე ნამცხვრების დაცხობა, არც ერთთან გამომივიდა…

მეორე რომ წავიდა, ცოტა ხანს ამოვისუნთქე… ჰო, ჰო, ცოტა ხანს, რადგან ჯამში 40-50 წელი „ცოტა ხანია“ ასწლეულებში… იმ პერიოდს „ჩემთვის მინდა“ ჰქვია, თუმცა, „გულს უნდასკენ“ სწორედ მაშინ ვცადე პირველად გაწევა… ვხვდებოდი, ეს ქალი ლამაზი იყო და მიმზიდველი… „გულს უნდამ“ მაშინ არ მიმიღო, არ მიცნობდა ალბათ და… ამიტომაც იყო, რომ, „ჩემთვის მინდა“ მალევე დასრულდა…

ერთმანეთს ენაცვლებოდნენ „ღვიძლს უნდა“, „ფილტვს უნდა“ „თირკმელს უნდა“… ეეჰ, ერთხელ მაინც ყოფილიყო ისეთი, რომელიც სხვა ორგანოს უნდა…

ასე მოვედით ვიდრე ლამის მე-19 საუკუნემდე… და აქ ნატაშა გამოჩნდა… იფ, იფ, რა ნატაშა!

თავიდან ვიფიქრე, ეს ნატაშა „თირკმელს უნდასთან“ კამათში დამეხმარებოდა, კამათში და ომში… ასეც დამპირდა… მოვალ, შეგეხიდები და ერთად მოვაშთოთო… გულში ჩავარდნის პირას იყო ეს ნატაშა ბოლო წამამდე… მაგრამ, უცებ მოვიხედე და.. სადაა ნატაშა? პირი ქათმის ცალფეხა „იზბუშკასკენ“ იბრუნა, შიგნით შევიდა, სარკეში ჩაიხედა, „ბაბა იაგად“ გარდაიქცა და მიგანა.

ვახ, არადა, რა ლამაზი იყო ეს ოხერი… სხვა რამეებზეც იფიქრებდა კაცი…

მოკლედ, ეს ბაბა-იაგად გარდაქმნილი მოვარდა და საკენკის დაყრა დაიწყო, უფრო ზუსტად … ვაშლის!

არ მიჭამია და ამიტომ იყო, მთელი ასი წელი, ანუ საუკუნე რომ ვჩხუბობდით… ხან ხმლით და უფრო გონით… ვერ მოვერიე – მაშინ, როდესაც ჩემი დაკერვა მოუნდებოდა, კვლავ ნატაშად გარდაიქმნებოდა, მიმეფერებოდა, მომეფერებოდა, მაგრამ, აი, ბოლომდე კი საქმე არასოდეს მიჰყავდა…

ერთი ხანობა „ზაქსში“ ძალით წამათრია და სულ სწყინდა, რომ მე პროკურატურისკენ ვექაჩებოდი… ვექაჩებოდი რა – სად იყო მაშინ პროკურორი ან მოსამართლე… – ვტრაბახობდი უფრო.

„ზაქსში“ მკითხეს, თანახმა ხართ თუ არაო და მეც გავჩუმდი… ბოლოს კი აღმომხდა – არა-მეთქი. გაგიჟდა, გაცოფდა ნატაშა, კვლავ ბაბა-იაგად გარდაიქმნა, ცოცხი აიღო და მოუსვა…

ასე დამიპყრო მან კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ.

70 თუ მეტი წელი ვიცხოვრეთ ერთად… ხანდახან წამეფიქრებოდა ხოლმე ყველაფრის მიტოვება და გაქცევა, მაგრამ, ნატაშა, რომელიც ბაბა-იაგა იყო, არ მიშვებდა.

სამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერ ავუბუნტდი… იმდენი მცემა, იმდენი, რომ დასისხლიანებული ვიყავი რამდენიმე წელი.

1990 წელი იყო თუ 91, როდესაც ნატაშა უცებ… გაქრა! გაქრა კი არა, მეც, სისხლმდინარემ, ვინაცარქექიე, იქიდან, სიუზანას დედებმა და ვუდსტოკის მამებმაც იაქტიურეს და…

ნატაშა გაჰქრა, წარილტვა… სიზმრებრივ ჩქარად.

ვაი, რომ მალევე მობრუნდა და ისევ ბაბა-იაგას იერით, გავეშებული… მობრუდა, მიმბეგვა და ამ ჩემი ისედაც პატარა სახლის ორი კარგი ოთახი კვლავ წაიღო… ცხადია, დროებით.

ახლა ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ კანონიერი მეუღლე არ მყოლია…მეგობარი, რომელიც რჩევასაც მომცემდა, ჭკუასაც დამარიგებდა… ჩემთან ერთადაც იბრძოლებდა და ჭაპანს თუ გუთანს ჩემთან ერთად გასწევდა.

ახლა ვფიქრობ, რომ, მართალია ჰორიზონტზე, მაგრამ, ცოტა ხნის წინ კარგად ჩანდა ამ კანონიერი მეუღლის კონტურები… ნატაშა კი არა, გულს-უნდა ჰქვია მას და… ჩემი მეგობრები, აი, ისინი, რომლებთანაც ნატაშა ასევე დიდხანს იყო, ამ გულსუნდას ნატოს ეძახიან…

ეს კონტურები ახლაც ჩანს, მაგრამ ოდნავ ფერმკრთალია, ნუ, უწინდელზე ფერმკრთალი.

ჰო და, კიდევ ის მეფიქრება, რომ რადგან ნატო გაფერმკრთალდა, ბაბა-იაგა ნატაშაც ახლოსაა… და კიდევ ის, რომ თუ ჩვენ ვივარგეთ, ნატაშას მაინც გავეყრებით, ნატოს – შევეყრებით…

ჰო, კიდევ ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგალითად – რა არის საჭირო ამ გულს-უნდა – ნატოსთან შეყრისთვის… თუმცა, ამ თემებზე კომენტარებში იყოს..