Loader

ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისკენ!!!

 

დავით სიხარულიძე

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დასავლეთის მიდგომა ევროპისადმი გაცილებით უფრო ბრძნული, გაბედული და მდგრადი შედეგების მომცემი აღმოჩნდა, ვიდრე მსოფლიო პოლიტიკისათვის დამახასითებელი ადრინდელი, ძალაზე დამყარებული,   ზედმეტად გაუბრალოებული უსაფრთხოების სტრატეგია. ევროპის ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის გამიზნული მარშალის გეგმა და კოლექტიური თავდაცვის მიზნით ნატოს შექმნა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ურყევი დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ორ ბურჯად იქცა. მტრები, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიან ომში ებრძოდნენ ერთმანეთს, მოკავშირეები და პარტნიორები გახდნენ. იგივე აკავებდა საბჭოთა კავშირის ექსპანსიონისტურ მისწრაფებასაც, რამაც დღევანდელ აყვავებულ და თავისუფალ ევროპას ჩაუყარა საფუძველი. ამგვარი პოლიტიკა ატლანტიკის ოკეანის გაღმა ევროპის მოკავშირეების –  აშშისა და კანადისთვისაც ძალზე სასარგებლო გამოდგა, ვინაიდან მისი სახით მათ ძლიერი, მდიდარი და სანდო მოკავშირე გაუჩნდათ. ევროპაში უსაფრთხოებამ და სტაბილურობამ  აგრეთვე  ცივი ომის დიდი სამხედრო დაპირისპირების გარეშე დასრულება გახადა შესაძლებელი.

შეიძლება ითქვას, რომ ნატო ყველაზე წარმატებული საერთაშორისო ორგანიზაციაა. სამოც წელზე მეტი ხნის განმალობაში იგი ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს. ნატო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ექსპანსიისადმი დასაპირისპირებლად და ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანის უფლების დასაცავად შეიქმნა. ერთიანი თავდაცვის პრინციპმა დასავლეთ ევროპელებს კეთილდღეობისა და დემოკრატიული წყობის განმტკიცების შესაძლებლობა მისცა. ვარაუდი, რომ ცივი ომის დამთავრებამ ნატოს როლი შეამცირა, მცდარია. ალიანსის წარმატებას დიდწილად მისი წევრების საზიარო ფასეულობა – თავისუფლება და, აქედან გამომდინარე, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და წესრიგზე დამყარებული მშვიდობიანი მსოფლიოს ცნება   განაპირობებს.


მოსკოვი მუდამ კრიჭაში ედგა ნატოს და მის გაფართოებას ეწინააღმდეგებოდა იმ საბაბით, რომ ეს მის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს. სინამდვილეში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის უსაფრთხოებას კი არ ემუქრება, არამედ პირიქით, რუსეთი თავად სარგებლობს იმ სტაბილურობით, რომელიც ნატომ მის საზღვრებთან დაამყარა.


ცივი ომისშემდგომ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს ნატოში გაწევრიანების სურვილმა  პოლიტიკურ–ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროს სწრაფი რეფორმირებისკენ უბიძგა. ამ რეფორმების წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ ნატოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროგრამებმა შეიტანა. ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის გაფართოების თითოეული ტალღა წარმატების საწინდარი გახდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში გაწევრიანებამ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და დემოკრატიის განმტკიცებას შეუწყო ხელი, რაც არა მარტო ევროპისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული მსოფლიოსთვისაც სასიკეთოა.

დღესდღეობით საზიარო ფასეულობებზე დაფუძნებული კოლექტიური თავდაცვის პრინციპი დემოკრატიული ქვეყნებისთვის უწინდელზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. უსაფრთხოების თვალსაზრისით სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, მისთვის დამახასიათებელი სხვადასხვაგვარი საფრთხით, გამოწვევებითა და ტექნოლოგიური პროგრესით,  თავდაცვის ეფექტური სისტემა კოლექტიური თავდაცვის გარეშე წარმოუდგენელია. ნატო რომ არ არსებობდეს, იგი უნდა გამოგვეგონებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ევროპამ თავისუფლებისა და მშვიდობისაკენ  დიდი ნაბიჯები გადადგა, საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის. მეტიც, უკანასკნელ წლებში ევროპის სწრაფვა გაერთიანების, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ დაბრკოლდა. მრავალ მიზეზთა შორის, დასავლეთის სამხედრო და ფინანსური რესურსების ამოწურვამ, ეკონომიკურმა კრიზისმა და ევროზონაში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა და ბოლოს ერაყის ომმა ტრანსატლანტიკური გაერთიანება შეარყია.  აშშ და ევროპა უფრო მეტად საკუთარი შიდა პრობლემებით დაკავდნენ, რამაც ხელი შეუწყო ახალბედა დემოკრატიულ ქვეყნებში ავტოკრატიული მიდრეკილებების გამოვლენასა და რეფორმების შენელებას.


ცივი ომისშემდგომ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს ნატოში გაწევრიანების სურვილმა  პოლიტიკურ–ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროს სწრაფი რეფორმირებისკენ უბიძგა. ამ რეფორმების წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ ნატოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროგრამებმა შეიტანა. ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის გაფართოების თითოეული ტალღა წარმატების საწინდარი გახდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში გაწევრიანებამ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და დემოკრატიის განმტკიცებას შეუწყო ხელი, რაც არა მარტო ევროპისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული მსოფლიოსთვისაც სასიკეთოა.


ევროატლანტიკური მომავლის არასრულყოფილმა სტრატეგიულმა ხედვამ და ალიანსში გაჩენილმა ინდივიდუალისტურმა ტენდეციებმა ნაწილობრივ ხელი შეუწყო რუსეთში რევიზიონიზმის  განმტკიცებას. საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის ჩანასახის განადგურებისა და ავტორიტარული რეჟიმის დამყარების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ძალაუფლების საზღვრებს მიღმა გავრცელება დაიწყო და გავლენის სფეროს გაფართოების მიზნით მეზობელი ქვეყნების დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების დაბრკოლებას  მიჰყო ხელი. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა ფინანსური, სავაჭრო, ენერგეტიკული, სამხედრო საშუალებები და სპეცდანიშნულების ძალების მიერ განხორციელებული ფარული (და არცთუ ისე ფარული ) ოპერაციები გამოიყენა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა, რომელიც ორი ქართული რეგიონის ოკუპაციით დამთავრდა, და რუსეთ-უკრაინის ამჟამინდელმა კონფლიქტმა ევროპის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო  ურთიერთობების  საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს საფრთხე შეუქმნა. ორივე შემთხვევაში მოსკოვმა ომის წარმოების ე.წ. ჰიბრიდულ მეთოდებს მიმართა, რაც სამხედრო კომპონენტთან ერთად, სპეცდანიშნულების ძალების მიერ ინტენსიური ოპერაციების  განხორციელებას, გასამხედროებული ნაწილების, საინფორმაციო და კიბერშეტევების,   ენერგეტიკული და ფინანსური საშუალებების საბრძოლო იარაღად ქცევას გულისხმობს. 2008 წლის ჰიბრიდული საბრძოლო ქმედებებისგან განსახვავებით, სადაც სამხედრო ელემენტი ჭარბობდა (თუმცა არც დანარჩენების ნაკლებობა იგრძნობოდა),  2014 წლიდან უკრაინაში ყველა ეს კომპონენტი თვალსაჩინოა.

რუსეთის დამოკიდებულება სირიის კონფლიქტისა და ირანის ბირთვული პროგრამისადმი, ისევე როგორც მისი ურთიერთობები მეზობლებთან, საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მოსკოვის ანაქრონისტული მიდგომის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ის, რასაც თავისუფალი მსოფლიო საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მუქარად მიიჩნევს, რუსეთისთვის დათმობების გამოძალვის საშუალებაა. საქართველოს ტერიტორიების დაპყრობა, ყირიმის ოკუპაცია და ანექსია, ისევე როგორც აღმ. უკრაინაში სამხედრო აგრესია, რუსეთის რეჟიმის რევიზიონისტულ ბუნებაზე მეტყველებს, რეჟიმისა, რომელიც   ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეასთან დაპირისპირებას ცდილობს. ძალის გამოყენებით რუსეთი ევროპის საზღვრების ხელახლა გავლებას ლამობს. ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოსათხრელად მოსკოვი სამხედრო, გასამხედროებული და სპეცდანიშნულების ძალების მოქმედებას, საინფორმაციო ომსა და ეკონომიკურ-ფინანსურ საშუალებებს მიმართავს. საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობის დასავლეთის ინიციატივები და მცდელობა, მათ შორის პრეზიდენტ ობამას ”გადატვირთვის პოლიტიკა”, უპასუხოდ დარჩა.  თუ  მსოფლიო რუსეთის შეჩერებას ვერ შეძლებს, მან შესაძლოა ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგივე გაიმეოროს.

მოსკოვი მუდამ კრიჭაში ედგა ნატოს და მის გაფართოებას ეწინააღმდეგებოდა იმ საბაბით, რომ ეს მის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს. სინამდვილეში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის უსაფრთხოებას კი არ ემუქრება, არამედ პირიქით, რუსეთი თავად სარგებლობს იმ სტაბილურობით, რომელიც ნატომ მის საზღვრებთან დაამყარა: რუსეთის საზღვრები ყველაზე დაცული ნატოს წევრ ქვეყნებთან, მათ შორის აღმოსავლეთევროპელ მოკავშირეებთანაა.  ევროკავშირი მოსკოვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ნატოს ნამდვილად გამოსდის, რომ რუსეთს შეუზღუდოს შესაძლებლობა, წნეხის ქვეშ მოაქციოს თავისი მეზობლები – ალიანსის წევრი ქვეყნები. სწორედ ესაა ნატოს გაფართოებისადმი რუსეთის წინააღმდეგობის უმთავრესი მიზეზი.

საქართველო ნატოს გზაზე.

ნატოს გაფართოებამ დიად არგო საერთაშორისო უსაფრთხოებას, მისმა თითოეულმა ტალღამ ტრანსატლანტიკურ რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა განამტკიცა. ალიანსის ”ღია კარის” პოლიტიკა მისი წევრობის მოსურნე ქვეყნებში რეფორმებსა და მათ მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას უწყობს ხელს. ერთ-ერთი ასეთი ასპირანტი ქვეყანა საქართველოცაა. 2008 წ. ნატოს სამიტზე ბუქარესტში მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. დაპირება ყველა მომდევნო სამიტზე დადასტურდა.

საქართველოს სწრაფვას, შექმნას თანამედროვე, დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფო, ნატოს წევრობის გარეშე ხორცშესხმა არ უწერია. ქართული საზოგადოება ამას სრულად აცნობიერებს, ამიტომაც მოსახლეობის 70%-ზე მეტი ქვეყნის  ნატოში შესვლას ემხრობა.   საქართველო ნატოს სანაქებო პარტნიორია, დემოკრატიული განვითარებისა და სამხედრო ურთიერთქმედების თვალსაზრისით მან ალიანსში ინტეგრაციისკენ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მოკავშირეებთან ერთად ქართველი სამხედროები კოსოვოსა და ერაყის ოპერაციებში მონაწილეობდნენ. საქართველოს საჯარისო ნაწილები ნატოს ჯარების მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთის ჰელმანდის პროვიციაშიც. ავღანეთში ნატოს ოპერაციებში პატარა საქართველოს არაწევრ ქვეყნებს შორის  ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით  მეორე ადგილზეა.

ეჭვგარეშეა, რომ ნატოს სრულ წევრობამდე საქართველოს დიდი გზა აქვს გასავლელი. ამისთვის საჭიროა ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განმტკიცება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პროცედურების დახვეწა, ისევე, როგორც უსაფრთხოების სექტორის შემდგომი რეფორმირება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მეშვეობით საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა. მისმა ამჟამინდელმა მთავრობამ დაადასტურა, რომ ნატოში გაწევრიანება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. თუმცა, მარტო განცხადებები არ კმარა. ხელისუფლების კომპეტენტურობა, კანონის უზენაესობისადმი მისი ერთგულება, აგრეთვე ქვეყნის განვითრებისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მისეული ხედვისა თუ სტრატეგიის თანმიმდევრულობა კითხვებს ბადებს. ნატოს წევრობა მთავრობისგან  დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ურყევ ერთგულებას, რეფორმების განხორციელების სურვილისა და უნარის გამომჟღავნებას მოითხოვს. იგი დიდი გულისყურით უნდა მოეკიდოს პლურალისტული პოლიტიკური სისტემის განმტკიცებას, პოლიტიკური სტაბილურობის, სხვადასხვა სახელისუფლო შტოების მიერ ურთიერთგაწონაწორებისა და კონტროლის, ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის შემდგომი რეფორმირების  ხელშეწყობას, რაც თავდაცვის სფეროში უწყვეტობის შენარჩუნებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირეულ რეფორმირებასაც მოიცავს.

ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ჩართვა საქართველოს მთავრობის ეფექტურობის გაუმჯობესებისა და რეფორმების ხელშეწყობის საუკეთესო საშუალებაა. რეფორმების დაჩქარების მიზნით, ნატოს ინსტიტუციონალური მექანიზმებით უზრუნველყოფა შეუძლია. უელსში საქართველომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პაკეტი მიიღო, რომელიც ტერიტორიის  დაცვითი უნარისა და  ნატოს წევრ ქვეყნებთან ურთიერთქმედების თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამასთან, უნდა აღნიშნოს, რომ მოკავშირეები წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საქართველოსთვის გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ. ნატოში გაწევრიანების ინსტიტუციონალური მექანიზმის მინიჭების დაბლოკვა, რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდათ ნატოს ცალკეულ წევრებს,  ალიანსის შესახებ არასწორ სიგნალებს აწვდის მსოფლიოს. რუსეთი ამას მოკავშირეთა არაერთსულოვნებად და იმის დასტურად მიიჩნევს, რომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგ მიმართული მისი აგრესიული პოლიტიკა ეფექტურია და, ამრიგად, ევროპაში გავლენის სფეროების გადანაწილების დაუფარავი მცდელობაც გამართლებული იქნება.

2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, მოსკოვი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციასა და ევროკავშირის ხელშეწყობით ცეცხლის შეწყტვეტის შესახებ შეთანხების დარღვევას განაგრძობს. საქართველოს სტრატეგია  ამ ტერიტორიების დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის მიმართულებით განუხრელად მშვიდობიანია. ამ ოკუპაციამ ნატოში ქვეყნის გაწევრიანება არ უნდა დააბრკოლოს, ვინაიდან ეს რუსეთს შემდგომი აგრესიულობისკენ უბიძგებს. როდესაც საქართველოს ნატოს სრული წევრობის საკითხის განხილვის დრო დადგება, მოკავშირეთა კონსენსუსისთვის შესაძლებელია ჯეროვანი სამართლებრივი და პოლიტიკური შეთანხმებების  მიღწევა იმის თაობაზე, გამოიყენონ თუ არა ”მეხუთე მუხლი” ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ისე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით არავითარ დათმობაზე არ მოუწიოთ წასვლა. იმავდროულად, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება და სამომავლო რეფორმები უთუოდ შეუწყობს ხელს ოკუპირებული ტერიტორიების ქვეყანაში რეინტეგრაციას.

რუსეთის მიერ უკრაინის დაპრყობამ,  ”ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) მსგავსი რადიკალური, სამხედრო დაჯგუფებების გაჩენამ, ნატოს საზღვრებთან არასტაბილურობამ გავლენა იქონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო სამიტების შედეგებზე, რომელთა დასრულების შემდგომ გამოქვეყნებულ განცხადებაშიც მოკავშირეებმა ხაზგასმით  აღნიშნეს, რომ სრულად აცნობიერებენ, რა საფრთხეები ემუქრება ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.  ნატოს სამიტმა კვლავაც დაადასტურა მოკავშირეთა ერთგულება ფუნდამენტური ღირებულებების, ”ღია კარის” პოლიტიკისა და კოლექტიური თავდაცვისადმი, და გამოხატა ნება, განამტკიცოს ალიანსისა და მისი უახლოესი პარტნიორების ახალ-ახალ საფრთხეებთან გამკლავების უნარი.  ყოველივე ეს იმედს გვისახავს, რომ ნატოს მომდევნო სამიტებისგან უფრო სრული სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებისა და ალიანსის გაფართოების პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯებია მოსალოდნელი, რაც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს და ევროპელთა მრავალი თაობისთვის სანუკვარ  ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპასთან დაგვაახლოვებს.