Loader

ქარავანი ჩერდება!

ირაკლი ტაბლიაშვილი

ეს სიტყვები – “კონსტიტუცია ყველასია”, “კონსენსუსია აუცილებელი”, “ეს არის თანხმობის დოკუმენტი” და მისთ, ფუჭია მანამ, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი და, პირველ რიგში, ხელისუფლება, არ გააცნობიერებს თავად ამ სიტყვების შინაარსს.

საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც რამდენიმე თვე მუშაობდა, მუშაობა, რახანია, დაასრულა. დოკუმენტი, რომელიც ამ კომისიამ მაგიდაზე დადო, იდეალური არ არის, მაგრამ, ეს არაა მთავარი პრობლემა – კომისიის ქაღალდზე ასახული მთავარი კანონი, მხოლოდ ერთი პარტიის მიერაა მოწონებული და მას იწუნებს როგორც დანარჩენი პოლიტიკური სპექტი, ისე საერთაშორისო მთავარი “არბიტრიც” – ვენეციის კომისია.

იმის გამო, რომ საქართველოში უკლებლივ ყველას აქვს თავისი და “კომპეტენტური აზრი”,  სრული კონსენსუსი წარმოუდგენელია, მაგრამ, თანხმობა ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის კი გარდაუვლად აუცილებელია იმისათვის, რომ კანონს ფართო გაგებით ლეგიტიმური ვუწოდოთ. ხელისუფლებამ, რომლის წარმომადგენლებიც ამბობდნენ, რომ ამგვარი კონსენსუსისათვის ყველაფერს გააკეთებდა, პირიქით – გააკეთა ყველაფერი, რომ ეს არათუ კონსენსუსი არ შემდგარიყო, არამედ, შანსიც არ დარჩენილიყო ამ კონსენსუსისა.

პირველი შეცდომა დაუშვეს მაშინ, როდესაც კომისიას დაევალა, ემუშავა მხოლოდ იმ მოდელზე, რომელიც თავად ხელისუფლებისათვის იყო მისაღები. ალტერნატივები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებოდა უშუალოდ კომისიის შიგნით, მყისიერად იბლოკებოდა. მაგალითად, ხელისუფლება და შესაბამისად, კომისია, არც განიხილავდა საპრეზიდენტო მოდელს… ხოლო არგუმენტს საპარლამენტო მოდელის სასარგებლოდ, უბრალოდ, ვერ ასახელებდა.

შეცდომებს შემდეგი შეცდომები მოჰყვა. მერე იყო და, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგებლებმა დატოვეს კომისია. ხელისუფლებამ მყისიერად ამოავსო ხვრელი და ისე წარმოაჩინა, რომ უკლებლივ ყველას მოსწონდა შეთავაზებული პროექტი. დღეს რთულია იმის თქმა, იდგა თუ არა ამ სტრატეგიის უკან ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ, ასეც რომ ყოფილიყო, ფორმალურად ამ სტრატეგიაზე სწორედ ხელისუფლება და არა მისი ირიბი თუ ზურგს უკან მდგომი მმართველია.

ამგვარი, უკვე იმთავითვე ნაკლოვანი პროექტი, როგორც იქნა შეიქმნა და, წესისამებრ, დაიწყო მისი საყოველთაო-სახალხო განხილვები. დაბეჭდილი პროექტის გარდა, რეგიონებში არავის ჩაუტანია და, შესაბამისად, არ ამოუწერია შენიშვნები, რომლებიც ჰქონდათ დარბაზებში “შეპარულ” ოპონენტებს – “ისინი ჰყეფენ, ქარავანი კი მიდის” – ასე უყურებდა პროცესს ჯგუფი კობახიძის მეთაურობით.


პირველი შეცდომა დაუშვეს მაშინ, როდესაც კომისიას დაევალა, ემუშავა მხოლოდ იმ მოდელზე, რომელიც თავად ხელისუფლებისათვის იყო მისაღები. ალტერნატივები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებოდა უშუალოდ კომისიის შიგნით, მყისიერად იბლოკებოდა. მაგალითად, ხელისუფლება და შესაბამისად, კომისია, არც განიხილავდა საპრეზიდენტო მოდელს… ხოლო არგუმენტს საპარლამენტო მოდელის სასარგებლოდ, უბრალოდ, ვერ ასახელებდა.


ისინი, ანუ, ოპონენტები მართლაც “ჰყეფდნენ”… ჰყეფდნენ დარბაზებშიც  და დარბაზებს მიღმაც – მაგალითად, “ევროპულმა საქართველომ” აირჩია პლებისციტის სტრატეგია – “დე, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, გვინდა თუ არა საპრეზიდენტო მმართველობა”  – უმსხვილესი საპარლამენტო ოპოზიცია ამაოდ ამტკიცებდა საკუთარ “სიმართლეს”.

თავდაპირველ, კომისიის მიერ ბეჭედდასმულ ვარიანტში მოხვდა ერთი კარგი მუხლი – პროპორციული წესით არჩევნების 2020 წელს ჩატარების თაობაზე… აი, ისინიც კი, ვინც არჩევნებიდან არჩევნებამდე მხოლოდ ვაჭრობს საკუთარი პოლიტიკოსობით, მხარს უპირობოდ უჭერდნენ ამ რედაქციას. ხელისუფლების პრეზენტატორებიც თავმომწონებდნენ იმ ერთადერთი ჩანაწერით, რომელიც კარგი იყო.

რა მოხდა შემდეგ?

რა და, სახელისუფლო დეპუტატთა ნაწილმა, ბოდიში და, “გაჭედა” და ისინიც კი, ვინც სწორედ 2020 წელს ითხოვდნენ პროპორციული არჩევნების შემოღებას, ამ “გამჭედებს” დასთანხმდნენ.

მაგრამ მანამდე იყო პარლამენტის თავმჯდომარის წამოცდენა – არც ერთი მუხლი, რომელსაც არ მოიწონებს “ვენეციის კომისია” მიღებული არ იქნება, – თქვა კობახიძემ.

… და არბიტრმა – “ვენეციის კომისიამ” მართლაც მიიღო თარგმნილი დოკუმენტი, იმსჯელა და ზოგიერთი მუხლი კი დაიწუნა, მაგრამ, აი, ის – 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა, მოიწონა.

ოღონდ, აღმოჩნდა, რომ “ვენეციის კომისიის” და მისი მჭმუნვარე თავმჯდომარის – ჯანი ბუკიკიოს აზრი მეორეხარისხოვანია – ხელისუფლებამ წაშალა ბოლო ციფრი – ნული და მის ნაცვლად ოთხიანი ჩაწერა – 2024 წელს! თქვა ხელისუფლებამ… 2024 წელს გადავალთ პროპორციულ სისტემაზე!

შესაბამისად, ის ერთადერთი მუხლიც კი, რომელიც პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის, ვენეციის კომისიის და, უმრავლესობის უმრავლესობის თანხმობის თვალსაჩინოება იყო, უბრალოდ, გაქრა.

თბილისში ჩამოსულ ბუკიკიოს ეს, რა თქმა უნდა, მხედველობიდან არ გამოპარვია – “იმედგაცრუებული ვარ”, – თქვა ბუკიკიომ და, ხელისუფლების ინტერესთა ჯგუფების მიერ მხარდაჭერილმა “აზრის შემქმნელებმაც” დაიწყეს: “ცივი წყალი დალიოს”; “ქურდია – მამაძაღლი?!”; “ჩვენი სუვერენული უფლებაა, როდის ავამოქმედებთ პროპორციულ სისტემას”.

არადა, მართლაც ასეა – ბუკიკიო ქურდი არაა და მართლაც სუვერენული უფლებაა, ავამოქმდებთ თუ არა საერთოდ და თუ ავამოქმედებთ – როდის – ამ უკეთეს პროპორციულ სისტემას.

ამ შეცდომების კასკადს მოჰყვა მთავარი – ამ რედაქციის კონსტიტუციის პროექტის ორი მოსმენით მიღება  – დღევანდელი კამათი – შეიძება თუ არა პროექტის უკან დაბრუნება და გადასწორება, არაფრისმომცემია… ნდობა ამ პროცესმა უკვე დაკარგა.

ხელისუფლება დღეს ცდილობს ვითარების გამოსწორებას – დესტრუქციული კობახიძე ჩაანაცვლა “კონსტრუქციულმა” თალაკვაძემ, თუმცა, სიტყვა – კონსტრუქციული ბრჭყალებში ამაოდ არ ჩაგვისვამს  – მოლაპარაკებათა იმიტაცია, ასე შეიძლება შეფასდეს ხლისუფლების ამ გუნდის ინიციატივა მოლაპარაკების თაობაზე, რადგან არავინ, ვიმეორებ – არავინ განიხილავს სამ-ოთხ სადავო საკითხს, რომელთა შორისაც სტატიის დასაწყისში ხსენებული პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები მეორეხარისხოვანი როდია.

სამაგიეროდ, ხელისუფლება, ამჯერზე თალაკვაძის სახით, “ვაჭრობს” მერვეხარისხოვან პარტიებთან – “დავწევთ ბარიერს”; “გექნებათ ბლოკების უფლება”… პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ხვდებიანმ რომ ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვლენ, ბუნებრივია, ეს “ვაჭრობა” ხელს აძლევთ.

… და რა?

რა გზა რჩება ხელისუფლებას?


ამ შეცდომების კასკადს მოჰყვა მთავარი – ამ რედაქციის კონსტიტუციის პროექტის ორი მოსმენით მიღება  – დღევანდელი კამათი – შეიძება თუ არა პროექტის უკან დაბრუნება და გადასწორება, არაფრისმომცემია… ნდობა ამ პროცესმა უკვე დაკარგა.


რადგან პროცესი “მოლაპარაკებათა იმიტაციად” შეფასდა, ხელისუფლებამ, პირდაპირი მნიშვნელობით პარტიათა მოსყიდვა იმიტომ უნდა დაიწყოს, რომ “კონსენსუსის იმიტაცია” შექმნას. თუმცა, ის, რომ ეს “ოცნების” სტილი არაა, დადასტურებულიცაა და, სიმართლე ითქვას, კარგიც.

მეორე გზაა მესამე მოსმენით მთავარი კანონის მიღება!

ამ შემთხვევაში, მთავარი კანონი კი ამოქმედდება, მაგრამ, გაღრმავდება უფსკრული ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის, ამასთან, სავარაუდოდ, თავად ხელისუფლებაშიც გაჩნდება ბზარები, რაც გაცილებით მალე მიანგრევს “ოცნებას”, ვიდრე ეს მის ოპონენტებს წარმოუდგენიათ.

ყველაზე ლოგიკური იქნებოდა პროცესზე პასუხისმგებელ პირთა, ანუ, ზვარაკთა შეწირვა და პროცესის ხელახლა დაწყება, მაგრამ…

კრიზისი იწყება! – ასე გამოეხმაურებოდა ხელისუფლების დამარცხების მსურველი ვითარებას, რომელიც, ჩანს, გარდაუვალია!..