Loader

მრავალტანჯული კაბინეტი! ამბავი საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკისა

                                                                                                                                                        ირაკლი ტაბლიაშვილი

იმის გათვალისწინებით, რომ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, მაუწყებელს დავშორდი, ბევრმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ ჩემი კრიტიკა არაობიექტურია. მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე, გაგიზიაროთ ჩემი აზრი ამ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე.

თვალშისაცემია, რომ საზ.მაუწყებლის ხელმძღვანელობა თანამშრომელთა კონსოლიდაციას ცდილობს – მენეჯერები, “სუპერ დესკის” წარმომადგენლები და სხვა ახალი თანამშრომლები, თითქმის ყოველდღე აზიარებენ სიუჟეტებს, რომლებიც მოხვდა “მოამბეში”; აქებენ ძველ და ახალ თანაგუნდელებს; პირდაპირ და ირიბად ამბობენ, რომ მაუწყებელი არც ახლაა იმგვარი, როგორიც წარსულში იყო და მომავალში კი საერთოდაც აღარ იქნება.

ამ მხრივ გამორჩეული კი არა, ძალიან აქტიურია ია ანთაძე – “სუპერ დესკის” “ლიდერი” 25 აგვისტოს facebook-ზე წერს: “მეგობრებო, გადავწყვიტე, რომ დღეიდან ყოველ საღამოს შემოგთავაზოთ “მოამბის” ერთი სიუჟეტი – რომელსაც უპირატესობას მივანიჭებ რაიმე სუბიექტური ან ობიექტური ნიშნით. დღეს სამ მასალაზე ვფიქრობდი და სამი შესაძლო ვარიანტიდან ბოლოს სანდრო ჯუფალაკიანის ნამუშევარზე შევაჩერე არჩევანი. აბა, შეგვაფასეთ”.

ია ანთაძეს ალბათ არ ჰქონია ჟურნალისტ სანდრო ჯუფალაკიანის გულის მოგების სურვილი, უნებურად კი გამოუვიდა.
მაგრამ, მთავარი, რასაც მან ამ ნამდვილად კარგი სტატუსით მიაღწია, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო – “რა გინდათ, საკუთარ აზრს უზიარებს მაყურებელს!..” “რას ერჩით, შენიშვნებსაც მიიღებს!..” “რა, გახსოვთ მსგავსი დამოკიდებულება წინა ხელმძღვანელების მხრიდან?!” გარდა ამ შესაძლო შეძახილებისა, ეს და მსგავსი სტატუსები გამიზნულია, რომ ხელმძღვანელობამ მიიღოს ქება თუ შენიშვნა რიგითი მაყურებლისაგან; კრიტიკა – ოპონენტებისაგან; ქილიკი – არაკეთილმოსურნეებისაგან. ტრანსპარანტულობა და ამ ყველაფრის შეტანა სოციალურ ქსელში, გაზრდის მაუწყებლის ცნობადობას და თუ კონკრეტულად ია ანთაძის, ზოგადად კი, მისი სახით, მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან მეტ-ნაკლებად საინტერესო, უფრო კი, ნაკლებად გასაკრიტიებელი თემა იქნება შეთავაზებული, “თემის ამწევებს” ნამდვილად ექნებათ მეტი წონიანი არგუმენტები კრიტიკოსებთან თუ არაკეთილმოსურნეებთან კამათისას.

ცნობადობის გაზრდას მოჰყვება აღქმადობის გაუმჯობესებაც და, ვინ იცის, იქნებ მართლაც მიაღწიოს მაუწყებელმა იმ “საოცნებო” 12-15 %-იან რეიტინგს, ასე ხმაურიანად რომ დაანონსა მისმა ხელმძღვანელობამ ბევრჯერ.

“მთელი ჩემი ცოდნით და რწმენით გირჩევთ, უყუროთ “მოამბეს”. გპირდებით, რომ ყოველდღე დაგხვდებათ დაახლოებით ამ დონის არაერთი პროდუქტი”, – ამ სიტყვების ავტორიც ია ანთაძეა.

ამისიც: “როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელში დავიწყე მუშაობა, ყოველ ნაბიჯზე ვხვდებოდი ადამიანებს, რომლებიც არ მალავდნენ, რომ ცვლილებების არ სჯეროდათ: ყველა ახალი უფროსი დაპირებებით მოდიოდა და თავის შემდეგ კიდევ უფრო გაპარტახებულ ტელევიზიას ტოვებდაო.
მე კიდევ არ მქონია შემთხვევა, ვასიკო მაღლაფერიძეს რამის შეცვლა მოენდომებინა და არ/ვერ შეეცვალა. ამიტომ “ძველებს” და “ახლებს” ერთმანეთის ქართული კარგად არ გვესმოდა.
როდესაც გენერალური დირექტორის მრავალტანჯული კაბინეტი დაინგრა, ბევრი მიხვდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხოვრებაში მართლა დაიწყო ახალი ხანა. ახლა ყველას ერთად გვჭირდება წარმატება – ჩვენც და ჩვენს მაყურებელსაც!”

ახალი ერა

მეც მგონია, რომ მაუწყებელში სწორედ “ახალი ერა” დგება, თუმცა, რამდენადაა ეს “ერა” წინაზე უკეთესი, ამას დრო წარმოაჩენს.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კი არის, ვთქვათ “გენერალური დირექტორის მრავალტანჯული”  კაბინეტის (ისე, კარგად არ მესმის, რატომ ან როგორაა კაბინეტი მრავალტანჯული ი.ტ.) დანგრევა, მაგრამ, გაცილებით მნიშვნელოვანია კონცეფცია, რომელიც მაუწყებელს უნდა ჰქონდეს და, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მას არ აქვს.

ვიდრე ამ თემას მიმოვიხილავდეთ, ჯერ ვისაუბროთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც მაუწყებელში მიმდინარეობს. მაგალითად, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაინგრა არა მხოლოდ “მრავალტანჯული კაბინეტი”, არამედ, მიმდინარეობს ტექნიკური გადაიარაღებაც. შემიძლია, დავწერო წინადადება – “ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს”, მაგრამ, ჩათვალეთ, რომ მაინც წაცდენილი სიტყვები არ წაგიკითხავთ – დიახ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელს ჰქონდეს თანამედროვე ტექნიკა – კამერათა პარკი, კომპიუტერები, სამონტაჟოები… ამას თუ შევავსებთ ახალი სტუდიებით და, ვთქვათ, ახალი და კარგი ავტომობილებით, წარმატებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული.


ცნობადობის გაზრდას მოჰყვება აღქმადობის გაუმჯობესებაც და, ვინ იცის, იქნებ მართლაც მიაღწიოს მაუწყებელმა იმ “საოცნებო” 12-15 %-იან რეიტინგს, ასე ხმაურიანად რომ დაანონსა მისმა ხელმძღვანელობამ ბევრჯერ


მაგრამ, არის კი ეს აუცილებელი ქმედებები (მათ შორის, კარგი სამუშაო პირობების შექმნა) საკმარისი იმისათვის, რომ კარგი მაუწყებელი მივიღოთ?.. განა საუკეთესო შენობა, საუკეთესო ტექნიკა, საუკეთესო სტუდიები და საუკეთესო ავტომობილებია 12-15 პროცენტიანი რეიტინგის და, უფრო მაუწყებლის კარგ ტელევიზიად გარდაქმნის საფუძველი თუ გარანტია?

გლობალური პრობლემა

მას შემდეგ, რაც მაუწყებლთან ურთიერთობა გავწყვიტე, გაცილებით სიღრმისეულად შევისწავლე (უფრო კი, გავაანალიზე) ქვეყანაში არსებული მედიაგარემო და, დაახლოებით 12 ინტერვიუს, კვალიფიციურ ადამიანებთან კონსულტაციის შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ დაანონსებული 12-15 %-იანი რეიტინგი (share-ის ნაწილში) ჰაერიდან მოტანილი ციფრი სულაც არაა – მაუწყებლის ხელმძღვანელობას ან აქვს ინფორმაცია ზოგადად მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ანაც – თავადაც აანალიზებს ვითარებას დამ შესაბამისად, შედარებით იოლად აკეტებს პროგნოზს გარკვეული პერიოდის შემდეგ ხსენებულ მაჩვენებლამდე საზ.მაუს მისვლის თაობაზე.

საქმე ისაა, რომ სარეიტინგო და სარეკლამო ბაზრის 100 %-იანი წილის დიდ სეგმენტს, დღეის მდგომარეობით, იყოფს ორი “მონსტრი” კომპანია – “იმედი” და “რუსთავი 2”. ყველა დანარჩენი მოთამაშე – კარგები თუ ცუდები, დაბალანსებულები თუ დაუბალანსებლები, პროფესიონალები თუ არაპროფესიონალები, ბაზრის მცირე ნაწილს იკავებენ ერთად. “რუსთავი 2-ის” წინაღმდეგ მიმდინარე და ჯერაც არდასრულებული კამპანია, მისი ხელისუფლებისათვის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, ან მოსპობს ან მნიშვნელოვნად დაასუსტებს არსებული სარედაქციო პოლიტიკის ამ ტელეკომპანიას, შესაბამისად (თუ ეს ასე მოხდა), ბაზარზე გაჩნდება მნიშვნელოვანი ხვრელი, უფრო ზუსტად, ამოსავსები ნიშა და უკლებლივ ყველა არხზე გადანაწილდება სწორედ “რუსთავი 2-ის” მიერ დაკარგული როგორც share- ის , ისე სარეკლამო წილის პროცენტები.

ამ მხრივ, ცხადია, უკვე არის და მომავალშიც ლიდერი იქნება “იმედი”, თუ ეს არხი, დღეის მსგომარეობით, ბაზრის 40-45 %-ს აკონტროლებს, “რუსთავი 2-ის” შესუსტების და, მით უფრო, “მინაყვის” შემთხვევაში, ის – “იმედი” დამატებით წაიღებს დღეს “რუსთავი 2-ის” კუთვნილი 40-45 %-იდან დიდ “კუშს” სწორედ share – ში, მაგრამ, არა ყველაფერს … მაუწყებლის ხელმძღვანელობის გათვლაც ამაზეა დაფუძნებული – შეუძლებელია, წარმოუდგენელია, share-ის 100% გაიზარდოს 120 თუ 150 %-მდე, მისი – მაუწყებლის წილიც შეიძლება იყოს მზარდი მხოლოდ სხვათა წილის კლების ხარჯზე. მან – მაუწყებელმა, მაყურებელი შეიძება წაართვას სხვას, რადგან ახალი მაყურებელი (ყოველ შემთხვევაში, დიდი რაოდენობა ახალი მაყურებლისა) ფიზიკურად არ არსებობს.
რა გამოდის? თუ ეს მსჯელობა არგუმენტირებულია – მაუწყებლის წარმატების საფუძველი არის კონკურენციის ხელოვნურად, ამასთან, სახელისუფლო რესურსის გამოყენებით მოსპობა.

მეგაშოუები

მაუწყებლის ხელმძღვანელობას ნათქვამი აქვს, რომ მისი პრიორიტეტი, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა, იქნება მეგა-შოუებიც. სწორედ სახელისუფლო ირიბი ჩარევის გამო, რუსთავი 2-ზე დიდ მეგაშოუებს, სავარაუდოდ ვეღარ ვიხილავთ. “იმედმა”, უკეთესი პირობების შეთავაზებით, პირდაპირი მნიშვნელობით გადაიბირა ის პირები, რომლებიც სუკეთესო მეგაშოუებს აკეთებენ საქართველოში. ჯერჯერობით, მაუწყებელი ამ მხრივ მოიკოჭლებს – რამდენადაც ვიცი, მეტწილად ობიექტურ მიზეზთა გამო (კარგი ხელფასი და ა.შ), მაუწყებელი ვერავის სთავაზობს მეგაშოუების გაკეთებას. თუმცა, რამდენად ხანგრძლივად გაგრძელდება ეს “ჯერჯერობით”, არავინ იცის – კვლავ გავიხსენოთ ია ანთაძის მოსაზრება: “მე კიდევ არ მქონია შემთხვევა, ვასიკო მაღლაფერიძეს რამის შეცვლა მოენდომებინა და არ/ვერ შეეცვალა”. ასეა – ვასიკო მაღლაფერიძე თუ მოინდომებს, კარგ პროდიუსერებსაც აიყვანს და მაუწყებელს მეგაშოეუებიც ექნება… ოღონდ, გავბედავ და ვიტყვი, არა ბუნებრივი, არამედ, ხელოვნური სელექციის ხარჯზე.


ყველა დანარჩენი მოთამაშე – კარგები თუ ცუდები, დაბალანსებულები თუ დაუბალანსებლები, პროფესიონალები თუ არაპროფესიონალები, ბაზრის მცირე ნაწილს იკავებენ ერთად. “რუსთავი 2-ის” წინაღმდეგ მიმდინარე და ჯერაც არდასრულებული კამპანია, მისი ხელისუფლებისათვის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, ან მოსპობს ან მნიშვნელოვნად დაასუსტებს არსებული სარედაქციო პოლიტიკის ამ ტელეკომპანიას, შესაბამისად (თუ ეს ასე მოხდა), ბაზარზე გაჩნდება მნიშვნელოვანი ხვრელი, უფრო ზუსტად, ამოსავსები ნიშა და უკლებლივ ყველა არხზე გადანაწილდება სწორედ “რუსთავი 2-ის” მიერ დაკარგული როგორც share- ის , ისე სარეკლამო წილის პროცენტები


“ნამდვილი დრო” და “არტეკი”

ამ კრიტიკის შემდეგ, მოდი, შევაქოთ მაუწყებელი. მაგალითად, ვისაუბროთ გადაცემაზე – “ნადვილი დრო”.

არაკეთილმოსმოსურნეები პერიოდულად ააქტიურებენ კამპანიას მაუწყებლის წინააღმდეგ და აკრიტიკებენ ეთერში განთავსებულ პროექტს – “ნამდვილი დრო”, რომელიც მართლაც წარმოადგენს “რადიო თავისუფალი ევროპა”/”რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” ერთობლივ პროექტს და ხორციელდება საქართველოში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდავეთსა და უკრაინაში მოქმედ საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებთან თანამშრომლობით” (ვასიკო მაღლაფერიძე) და მართლაც: “აღნიშნული პროგრამის ტრანსლაციის შესახებ კონტრაქტი საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპანია BBG (Broadcasting Board of Governors) 2015 წლიდან აქვს გაფორმებული” (ვასიკო მაღლაფერიძე).

თუმცა, რამდენად ისახავს მიზნად (უფრო ზუსტად, რამდენად ახერხებს) ეს პროექტი “პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული მიუკერძოებელი ჟურნალისტური პროდუქტის შექმნას” (ვასიკო მაღლაფერიძე) და აწვდის თუ არა აუდიტორიას ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას. ეც ცალკე  და სიღრმისეული კვლევის საგანია.

მაღლაფერიძე თავის სტატუსში ამბობს: “ამ ამბავში (იგულისხმება არაკეთილმოსურნეთა კრიტიკა) ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ არც აჟიოტაჟის ამტეხთ და არც შემდეგ ამით აღშფოთებულებს გადაცემა ნანახი არ ჰქონდათ, ყურმოკრულით გამოიტანეს დასკვნები, თორემ ნანახი რომ ჰქონოდათ, მათთვისაც კი ნათელი იქნებოდა საქმის ვითარება”. მართალიცაა – ამგვარ ოპონენტებს, ხშირად მართლაც არ აქვთ ნანახი ეს “ნამდვილი დრო” და ნანახი რომ ჰქონდეთ, აღმოაჩენდნენ, რომ ხშირად მართლაც კარგ სიუჟეტებს გვთავაზობენ რუსულ ენაზე. მაგრამ, ეს ხშირად! აი, ის კი, რასაც გენერალური დირექტორი იცავდა თუ იცავს, ნამდვილად საკრიტიკოა.

მე საგანგებოდ ვნახე კონკრეტულად ის გადაცემა, რომელზეც ატყდა აჟიოტაჟი და  რომელსაც მაღლაფერიძე გულისხმობს და აღმოვაჩინე, რომ “ნამდვილი დროს” ეს გამოშვება სულაც არ იყო “მიუკერძოებელი” (მიუხედავად იმისა, რომ “ნამდვილი დრო” მართლაცაა რადიო თავისუფალი ევროპა”/”რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” ერთობლივი პროექტი) და აი, რატომ:

ხსენებულ კონკრეტულ გადაცემაში, ერთმანეთის მიყოლებითაა სიუჟეტები “არტეკზე” – წორედ იმ “არტეკზე”, რომელიც ოკუპირებულ ყირიმშია და რომელშიც ჩვენი ექვსი მოსწავლე (გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ და მიმაჩნია, რომ “რუსთავი 2-ის” მიერ მოზარდთა გვარების დასახელება იყო მოზარდთა “ბულინგი” და მედიასტანდარტის დარღვევა) გააგზავნეს ცოტა შეგრძნებებმოჩლუნგებულმა პედაგოგებმა. ამასთან, “ნამდვილი დროს” თითქოს დაბალანსებულ სიუჟეტებში პრაქტიკულად არ იყო თქმული, რომ ყირიმი ოკუპირებულია. მეტიც, ერთმანეთის მიყოლებით გასულ სიუჟეტებში, თითქოს იყო კრიტიკაც, მაგრამ, იყო ქებაც იმ ბანაკისა, რომელიც ოკუპირებულ ყირიმშია.

ასე რომ, ვასიკო მაღლაფერიძის მიერ გამართლებული კონკრეტული გადაცემა, საკრიტიკო ნამდვილად იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ და სამართლიანობისათვის ვიტყვი, რომ “ნამდვილი დრო” ძალიან კარგადაც აშუქებს მოვლენებს (ის, რომ კონკრეტული ხსენებული გადაცემა არ იყო კარგი, არ ნიშნავს, რომ ყველა გადაცემა ცუდია), მაგალითად, მარტო “ჰედლაინებზე” თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ ვთქვათ: “კარგია, რომ “ნამდვილი დრო” საზ.მაუწყებლის ეთერშია…”.

თუმცა, აქვე, იმის უთქმელობაც არ გამოვა, რომ ამგვარი კარგი და უკეთესი!!! გადაცემების გაკეთების შესაძლებლობა არ უნდა წართმეოდათ სხვებს – რადიო “თავისუფლების” სხვა თანამშრომლებს… ხოლო თუ მათი დახურვის საფუძველი იყო არაერთხელ ხსენებული რეიტინგი (ვადასტურებ, რომ უკლებლივ ყველა დახურულ გადაცემას (მათ შორის, “ვექტორს”) ჰქონდა დაბალი რეიტინგი), მაშინ, არათანმიმდევრულობასთან გვაქვს საქმე – “ნამდვილი დროც”, მაგალითად “ინტერ – view – ს” მსგავსად (და უფრო მეტადაც), არარეიტინგულია. მაშ, რატომ დარჩა ის ეთერში?.. ან, რატომ არ შესთავაზეს ზოგიერთ ავტორს გრძელვადიანი თანამშრომლობა ვთქვათ ინტერნეტპლატფორმაზე? მიკერძოებული ხომ არ არის მაუწყებლის ხელმძღვანელობა ზოგიერთი აწ უკვე ყოფილი თანამშრომლის და პარტნიორის მიმართ?

მთავარი თემა

სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, რომ კარგი ტექნიკა, კარგი სტუდიები და “მრავალტანჯული კაბინეტის” დანგრევა კი კარგია, მაგრამ, არაა საკმარისი იმისათვის, რომ მაუწყებლის მომავალს ოპტიმისტურად შევხედოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა გადაიარაღებული, გარემონტებული, ახალშენობიანი მაუწყებელი შესაძლო კრიზისისას, უფრო ზუსტად, იმგვარი კრიზისისას, რომელიც საყოველთაო-ეროვნული კი არაა (მაგალითად, ომი ან სტიქიური უბედურება), არამედ, მაშინ, როდესაც კრიზისი იქნება ხელისუფლებაში?
ცხადია, მე მაქვს ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება კი არა, პროგნოზი ამგვარი შესაძლო შემთხვევისათვის, მაგრამ, დასკვნის გაკეთებისაგან ახლა თავს შევიკავებ და ერთ ამბავს გიამბობთ:

24 აგვისტოს, კონსტიტუციის დღეს, საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაწერა მიმართვა სწორედ კონსტიტუციის შესახებ.
დაახლოებით 19:30 -ზე ეს ვიდეოფაილი უკვე ჰქონდა ყველა არხს, მათ შორის, საზ.მაუწყებელს. დაიწყო “მოამბე” და სიუჟეტს სიუჟეტი მოჰყვა, მაგრამ, აი, პრეზიდენტის მიმართვა კი “მოამბეში” ვერ მოხვდა.

შემდგომ გავრცელებულ განცხადებაში, მაუწყებელმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანი ვერაფერი აღმოაჩინა პრეზიდენტის მიმართვაში. ანუ, თქვა, რომ კონსტიტუციის გარანტის – კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტის მიმართვა კონსტიტუციის დღეს, მისთვის – მაუწყებლისათვის, უმნიშვნელოა.

რატომ? რატომ მოხდა ასე?.. ფორმალურად, ამ კითხვაზე პასუხი მე არ მაქვს. არაფორმალურად კი ვიტყვი, რომ ხელისუფლებისაგან პრეზიდენტის “მოძულების” მოდას, ამ შემთხვევაში აჰყვა მთავარი მაუწყებელიც და თუ ასე არაა, მაშინ, მაუწყებლის ხელმძთვანელობას არგუმენტირებულად აქვს საპასუხო შემდეგ კითხვებზე:

რატომ ვერ მოასწრეს პრეზიდენტის მიმართვის თუნდაც გამოშვების ბოლოს განთავსება?.. 

რატომ მიიჩნიეს, რომ პრეზიდენტის მიმართვა არაა მნიშვნელოვანი?

და ბოლოს – დანიშნულ პრემიერს რომ გაევრცელებინა მიმართვა, ვერ გადადებდნენ რომელიმე სიუჟეტს? არ ჩასვამდნენ გამოშვების დასაწყისში?

ეპილოგი

ეს ერთი მაგალითი პირადად მე მიმანიშნებს, რომ გარემონტებულ, გადაიარაღებულ მაუწყებელში ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა იყოს. აუცილებელი კია გადაიარაღება და რემონტი, მაგრამ, საკმარისი არაა იმისათვის, რომ მივიჩნიოთ – მაუწყებელი საუკეთესო იქნება (უმნიშვნელოა ახლა რეიტინგი) ზოგადადაც და მაშინაც, როცა (თუ) კრიზისი იქნება.

ჩემთვის მნიშვნელოვანია კრიტიკული გააზრება იმ პროცესებისა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.
ახალი ფორმაციის მაუწყებელი, აი, ის, რომელშიც ინგრევა გენერალური დირექტორის “მრავალტანჯული” კაბინეტი, ამ მხრივ ნამდვილად მოიკოჭლებს.
მაგალითად, ვენეციის კომისიის, პრეზიდენტის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის მიერ დაწუნებული კონსტიტუციის პროექტის მიმოხილვისას, ის – მაუწყებელი, გაცილებით მეტ დროს უთმობს სწორედ სახელისუფლო აზრის, ანუ ახალი კონსტიტუციის დამცველთა აზრის ტირაჟირებას (ირაკლი კობახიძესთან ვრცელი ინტერვიუც კი მახსენდება), ვიდრე ოპონენტთა აზრს.

ამგვარი არაერთი სხვა მაგალითის დასახელებაც შეიძლება და ყველა მათგანი მიანიშნებს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა მეტად ემთხვევა ხელისუფლებისას და ნაკლებად ითვალისწინებს ოპონენტთა ინტერესებს.

აქვს თუ არა მედიას სუბიექტურობის უფლება? ცხადია, აქვს და გამონაკლისი არც საზ.მაუწყებელია, ოღონდ, კერძო არხებისაგან განსხვავებით, მისი სუბიეტურობა გაცილებით უკეთ უნდა იყოს “შეფუთული”, ვთქვათ ასე – დაბალანსებული… და სწორედ ამაზე უნდა იყოს დაფუძნებული მისი კონცეფცია.

და კიდევ – არც მე და არც ბევრმა არ იცის, ექნება თუ არა მაუწყებელს პოლიტიკური თოქშოუ?.. ვინ გაუძღვება მას? ერთის მხრივ, რამდენად თავისუფალი იქნება ახალი ავტორი შიდა (ამ შემთხვევაში, “სუპერ დესკის” გავლენებისაგან) და მეორე მხრივ – რამდენად კრიტიკული იქნება სწორედ სახელისუფლო პოლიტიკის მიმართ?.. კონიუნქტურასთან შეუგუებლობა იყო სალომე ასათიანის გადაცემის ხიბლი, თორემ, ისე, ზოგადად დაბალრეიტინგულ არხზე მას ვერც ექნებოდა მაღალი რეიტინგი (აქვს გავიხსენებ, რომ მისი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან იყო მაღალრეიტინგულიც და აქვე ვიკითხავ – ბიძინა ივანიშვილთან რომ დაგეგმოს ინტერვიუ მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ (და ახალი თოქშოუს ავტორებმა), იქნებიან კი ისეთივე შეუვალები, როგორიც იყო ასათიანი)?

სულ ბოლოს – როგორ, რა სახის პროდუქციით შეივსება მაუწყებლის ეთერი თუნდაც 2018 წლიდან კონკრეტულად პოლიტიკური მიმართულების გადაცემების კუთხით?.. ჩვენ ეს არ ვიცით.
ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ მოქალაქეთა ჩართულობას პროცესში ცდილობს მაუწყებლის ზოგიერთი მენეჯერი. ვიცით ისიც, რომ ტენდერები ცხადდება და გამარჯვებულებიც გვყავს.
ავტოპარკიც იქნება ახალი…