Loader

პუტინის პატი!

                                                                                                                                                                                                                                           ირაკლი ტაბლიაშვილი

1952 წელს დაბადებული ვლადიმირ პუტინი 2018 წელს, შესაბამისად, 66, ხოლო 2024 წელს, ანუ, მისი საპრეზიდენტო ვადის საბოლოო ამოწურვისას, 72 წლის იქნება. რუსეთს უნახავს უფრო მხცოვანი ლიდერებიც, მაგრამ, პუტინის პოლიტიკური აქტიურობა, მაღალი ალბათობით, სწორედ 7-8 წელიწადში დასრულდება.

თუ მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობით ვიმსჯელებთ, კარიერის დასასრულს, რუსეთის პრეზიდენტის აქტივში იქნება ფედერაციის ფართობის გაფართოება (ყირიმის ხარჯზე). თუმცა, დარჩენილ წლებში, პუტინი ეცდება, სხვა რეგიონების ყირიმიზაციასაც და პირველი რიგში, რასაკვირველია, ამისათვის  პატარა საქართველოს ავტონომიური ოლქის – სამხრეთ ოსეთის მიმართულებით იმოქმედებს.

ცხინვალის რეგიონის ვლადიკავკაზის რეგიონთან მიერთება, ანუ ოსეთის და, შესაბამისად, რუსეთის საზღვრების გაფართოება სამხრეთის მიმართულებით,  ერთიან ოსეთ-ალანიას რესპუბლიკას  დაუდებს სათავეს. ამდენად, დამოუკიდებელი რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქს კიდევ უფრო მოუახლოვდება – სამოციოდე კილომეტრი იქნება მისი “სახელმწიფო საზღვრიდან” სუვერენული ქვეყნის დედაქალაქამდე და მეტიც, მეტრები ხსენებული საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალამდე, რომლის გადაკვეთის შესაძლებლობა რუსეთს დღესაც აქვს.

***

თუმცა, ერთია პატარა საქართველოს ეგზისტენციური გამოწვევები და მეორეა თავად პუტინის ფიქრები არა იმდენად საქართველოსთან, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

2018-2024 წლებში პუტინი უთუოდ დაფიქრდება შემდეგ თემებზე:

რა იყო და რა არის  მისი მიზანი – მხოლოდ რუსეთის საზღვრების გაფართოება? რუსეთს ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბება? მხოლოდ ნატოს გაფართოების შეჩერება? – იმხანად, 2023-24 წლებში, მისი პასუხები უარყოფითი იქნება რამდენადაც, მაღალი ალბათობით, 2024 წელსაც იარსებებს დღევანდელი სტატუს-ქვო – რუსეთი იქნება უფრო ფართო და ნატოც, ყოველ შემთხვევაში ყოფილი სსრკ-ს მიმართულებით (ანუ, აღმოსავლეთით), სამწუხაროდ, არ გაფართოვდება. მეტიც – 2018-24 წლების რუსეთი, ყველაფრის მიუხედავად, არ იქნება ძალიან დაუძლურებული თუ, მით უფრო, დაშლის პირას მისული სახელმწიფო, როგორიც იყო ვთქვათ 1985-90 წლების სსრკ.

შესაბამისად, რამდენადაც ეს “მიღწევები” იქნება თვალსაჩინო, ასაკში შესული პრეზიდენტისათვის, განსაკუთრებით ბოლო წლებში, აქტუალური იქნება ისტორიის სამსჯავრო და გადარჩენა სწორედ ისტორიულ ჭრილში. ამის შანსი კი, პუტინს, თავადაც ხვდება, ნაკლები აქვს – ფილიგრანული ტექნიკა და გარემოებების დამთხვევაა აუცილებელი იმისათვის, რომ კაცობრიობამ (მათ შორის, რუსეთმა) ის ან მის სიცოცხლეშივე (ამის შანსი კიდევ არის) ან თუნდაც სიცოცხლის შემდეგ (ამის შანსი ნულის ტოლია) არ განსაჯოს და, შესაბამისად, არ დასაჯოს.

სწორედ ამგვარი ვითარების, ანუ, კონიუნქტურის შექმნაა პუტინის უპირველესი  ამოცანა და ამ პირობებში მეორეხარისხოვანი როდია –  ვის და როგორ ლიდერს შეარჩევს ის მემკვიდრედ? როგორ ლიდერს შესთავაზებს 2024 წლისათვის ერთის მხრივ მსოფლიოს და მეორე მხრივ მის თაყვანისმცემელ და, პროტესტის უნარმოკლებულ რუსულ საზოგადოებას?

მსოფლიო ისტორია

რომელიმე რუსი დერჟავისტი ავტორი რომ წერდეს წიგნს – “პუტინის მემკვიდრეობა”, უთუოდ პოზიტიურად ჩათვლიდა ფაქტს, რომ პუტინი იყო პოლიტიკოსი, რომელმაც რუსეთი გააძლიერა და რუსეთის ფედერაციის საზღვრები გააფართოვა. “ახდა პეტრე პირველის ოცნება… ახდა ტრუბეცკოის სურვილი… ის – პუტინი – ლენინისა და სტალინის ღირსეული მემკვიდრეა”, – შეიძლება ეს წინადადებაც კი წაგვეკითხა ამ რუსი ავტორის ნაშრომში.

მაგრამ პუტინისათვის მეორეხარისხოვანი უნდა იყოს მხოლოდ რუსი მემატიენის აზრი თუ მას – აზრს, დასავლელი ისტორიკოსებიც არ დაეთანხმებიან. თუ ეს ასეა, მისი ფიქრი სწორედ მსოფლიო და არა რუსეთის ისტორიის სახელმძღვენელოში მის შეფასებას დასტრიალებს.

აი, მსოფლიო ისტორია კი, რაც არ უნდა მოხდეს, მის მიმართ დაუნდობელი იქნება – მიმდინარე საუკუნეში ჩადენილი ათობით ბოროტი ქმედებით პუტინი უარყოფით პერსონათა სიაში ჩაეწერა და, რაც არ უნდა გააკეთოს, ამ სიიდან ამოწერა, პრაქტიკულად შეუძლებელია.

შესაბამისად, რამდენადაც ეს “მიღწევები” იქნება თვალსაჩინო, ასაკში შესული პრეზიდენტისათვის, განსაკუთრებით ბოლო წლებში, აქტუალური იქნება ისტორიის სამსჯავრო და გადარჩენა სწორედ ისტორიულ ჭრილში. ამის შანსი კი, პუტინს, თავადაც ხვდება, ნაკლები აქვს – ფილიგრანული ტექნიკა და გარემოებების დამთხვევაა აუცილებელი იმისათვის, რომ კაცობრიობამ (მათ შორის, რუსეთმა) ის ან მის სიცოცხლეშივე (ამის შანსი კიდევ არის) ან თუნდაც სიცოცხლის შემდეგ (ამის შანსი ნულის ტოლია) არ განსაჯოს და, შესაბამისად, არ დასაჯოს.

 

პუტინის მემკვიდრეობა და ინტერესი

ერთის მხრივ, პუტინს სურს, რომ მისმა შემცვლელმა გააგრძელოს მისი პოლიტიკა, ანუ, ისიც, მომავალი ლიდერიც, დაკავდეს ქვეყნის გავლენის სფეროების გაფართოებით და, როცა შესაძლებლობა ექნება, ახალ-ახალი ოკუპაციებითაც, თუმცა, მეორე მხრივ, ამგვარი ლიდერის შერჩევა რამდენიმე ფაქტორის გამოა სახიფათო.

  • თუ ახალი ლიდერი პუტინზე “მაგარი” იქნება, “დედა რუსეთი” იოლად დავიწყებს “პირველწოდებულს”;
  • თუ ახალი ლიდერი პუტინზე “მაგარი” იქნება, ის – ახალი ლიდერი, შეიძლება იყოს კრიტიკული “პირველწოდებულის” მიმართ;
  • თუ ახალი ლიდერი პუტინზე “მაგარი” იქნება, დასავლეთი საწყის ეტაპზე კი გადაერთვება მისი – ახალი ლიდერის განეიტრალებაზე და თუ გაანეიტრალებს, მაშინ დასავლეთი აუცილებლად მიუბრუნდება “პირველწოდებულს” და მასაც არ დაინდობს.

ამ ჩამონათვალში ყველაფერზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, თუმცა, მეორე პუნქტი – ახალი და “მაგარი” ლიდერის მხრიდან პუტინის შესაძლო კრიტიკა განსაკუთრებით საყურადღებოა.

***

პუტინმა ყველაფერი იცის საკუთარი თავის შესახებ, მათ შორის, ისიც, რომ სწორედ მან – ძლიერმა ლიდერმა, პირდაპირი მნიშვნელობით, გადააგდო შედარებით სუსტი, თუმცა, იმავდროულად, მაინც “დერჟავისტი” ელცინი.

ახალი და ძლიერი ლიდერის შერჩევა პუტინს ამიტომაც არ უნდა სურდეს – მისი სურვილი,  რუსებისათვის დარჩეს მარად მართალ (გაუსამართლებელ) “სტალინზე უკეთეს პუტინად”, ანუ, საუკეთესო ლიდერად, მიუღწეველი იქნება სწორედ ძლიერი (მასზე უკეთესი) ლიდერ-მემკვიდრის შერჩევის შემთხვევაში.

ინდულგენცია

როგორი ლიდერიც არ უნდა შეარჩიოს პუტინმა, ნებისმიერ შემთხვევაში, მას სჭირდება ინდულგენციის გარანტიები (სხვა საქმეა, რომ “სიტყვის კაციც” რომ იყოს – ძლიერიც და სუსტიც მას აუცილებლად გააცურებენ).

ინდულგენცია! აი, მთავარი, რაც სავარაუდოდ იქნება პუტინის მთავარი საფიქრალი 2018-24 წლებში.

ცხადია, მხოლოდ მემკვიდრის ნდობა ამ მხრივ წარმოუდგენელია, პუტინს, საკუთარი მაგალითის გარდა, ზაფრავს სხვა ისტორიული მაგალითიც – სუსტმა ხრუშჩოვმა “დიდი სამამულო ომის” მომგებ ძლიერ და იმხანად უკვე  მკვდარ სტალინს ომი  გამოუცხადა მისი (სტალინის) გარდაცვალებიდან სამ წელიწადში (რამდენადაც სტალინი დღემდე არ არის ბოლომდე რეაბილიტირებული, შეიძლება ასე შეფასებაც – ხრუშჩოვმა სტალინი დაამარცხა).

ამდენად, პუტინისათვის მთავარია არა იმდენად შესაძლოდ გადამგდები ახალი ლიდერის (ახალი პუტინის თუ ახალი ხრუშჩოვის), არამედ, დასავლეთის მხრიდან მინიჭებული უსაფრთხოების გარანტიები.

რა შემთხვევაში მიიღებს ამგვარ გარანტიებს პუტინი?.. მას აქვს მცდარი წარმოდგენა, რომ ამგვარი გარანტიების მიღება, ყველაფრის მიუხედავად, შესაძლებელია… თუმცა, მის წარმოდგენებს ნამდვილად არ იზიარებს დასავლეთი.

დასავლეთის ინტერესი

შანსი იმისა, რომ დასავლეთმა ყველაფერი აპატიოს რუსეთს, პრაქტიკულად არ არსებობს. დასავლთშიც ან უკვე ფიქრობენ, ან სწორედ 2018-24 წლებში დაიწყებენ ფიქრს ამ თემაზე და 2024 წლამდე დარჩენილ 6-7 წელიწადში, ვაშინგტონში და ბერლინში უთუოდ ჩამოყალიბდება სტრატეგია, როგორ უნდა იმოქმედონ ზოგადად რუსეთთან და კონკრეტულად პუტინთან სწორედ ამ პერიოდისათვის, ანუ, “პუტინის ეპოქის” დასრულებისათვის… სტრატეგია გულისხმობს ორ შესაძლო ვარიანტს:

  1. პუტინი გასამართლდეს მალევე, ვთქვათ 2024-26 წლებში
  2. პუტინი არ გასამართლდეს მის სიცოცხლეში, მაგრამ აღმოიფხვრას მისი მემკვიდრეობა.

თავად პუტინმა, რასაკვირველია, იცის, რომ დასავლეთს ძალიან აინტერესებს ბირთვული იარაღის პულტზე ხელის დამჭერის ვინაობა, პუტინს ექნება დაახლოებით შემდეგი გზავნილი:

“თუ გსურთ, რომ თქვენთან შეთანხმებით მოხდეს ჩემი მემკვიდრის შერჩევა და, შესაბამისად, დასახელება… მეტიც, თუ გსურთ, რომ ის არა მხოლოდ რუსი ხალხისათვის, არამედ, თქვენთვისაც იყოს მისაღები, მე გთავაზობთ…”

სწორედ ამ წინადადების ბოლო ნაწილია ყველაზე საინტერესო:

“… მე გთავაზობთ, რომ არ გაიხსენოთ, შესაბამისად, არ გამასამართლოთ არც სიცოცხლეში და არც სიცხოცხლის შემდეგ არაფერის გამო. პირიქით, განიმსჭვლეთ პატივისცემით ჩემს მიმართ…”

პუტინი არ წარმოთქვამს სიტყვებს:

  • მე დავღუპე წყალქვეშა ატომური გემი “კურსკი”;
  • მე მოვაწყე ტერორისტული აქტები მოსკოვში, რათა მქონოდა ჩეჩენი ერის გენოციდის ფორმალური საფუძველი;
  • ჩემს კისერზეა ჩეჩენი ერის გენოციდი;
  • ჩემს კიდერზეა სუვერენული ქვეყნის – საქართველოს რეგიონების ოკუპაცია;
  • ჩემს კისერზეა უკრაინის რეგიონის ანექსია;
  • ჩემს კისერზეა სისხლისღვრა საქართველოში და უკრაინაში
  • ჩემს კისერზეა კაჩინსკის და პოლონეთის მთელი პოლიტიკური ელიტის მკვლელობა;

 

რას უპასუხებს ამას დასავლეთი?

კვლავ გავიმეორებთ – შეუძლებელია, დასავლეთში დამუშავდეს მესამე ვარიანტი – პოლიტიკის შემქმნელებმა შეიძლება გადადონ პუტინის გასამართლება უფრო ხელშესახები მოგების მიღების სანაცვლოდ, მაგრამ, ისტორიის სამსჯავროზე პუტინი ისევე წარსდგება როგორც მისი სულიერი წინამორბედი – სტალინი.

თუ ეს ასეა – სწორედ 2024 წლიდან დასავლეთი აქტიურად შეუდგება პუტინის დაშავებული საქმეების გამოსწორებას და ამას გააკეთებს დიდი ენთუზიაზმით თუნდაც იმიტომ, რომ მომავალში არ მიიღოს ახალი და მეორე პუტინი.

დასკვნა

დამოუკიდებლად იმისა, როგორ მემკვიდრეს შეარჩევს პუტინი 2024 წლისათვის, ან რამდენად მკაცრი იქნება დასავლეთი მის მიმართ სწორედ ამ პერიოდისათვის, რუსეთის “განადგურების”, უფრო ზუსტად, ამბიციათა დაოკების პერიოდი დადგება სწორედ 7-8 წელიწადში. ამ პერიოდში გამოჩნდება ფანჯარა ნატოშიც და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაც. ჩვენი – საქართველოს მიზანია, ნაკლები დანაკარგებით და მყარი ინსტიტუტებით მივაღწიოთ სწორედ ამ დრომდე… დრომდე, როდესაც

რუსეთის მიმართ დაწესებული და დასაწესებელი სანქციების შედეგებიც თვალსაჩინო იქნება და ბევრს გაუჩნდება შეგრძნება, რომ ჩვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდა!