Loader

ახალი და ძველი “ცივი ომი”

ირაკლი ტაბლიაშვილი

დასრულდა თუ არა “ცივი ომი?” – გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოეთის დასასრულის თაობაზე ამცნო საბჭოთა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ამ კითხვაზე ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არსებობდა. “ცივი ომი” დასრულდა!”, – ამას იტყოდა საქმეში ჩაუხედავიც და ჩახედულიც, მცოდნეც და დილეტენტიც, გონიერიც და გონდაკარგულიც.

თუმცა, მას შემდეგ დაახლოებით სამი ათეული  წელი გავიდა და ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გამცემთაგან ბევრი ასე აღარ ფიქრობს. პირიქით – სულ უფრო ბევრს მიაჩნია, რომ ჩვენ ვიმყოფებით  ახალი “ცივი ომის” ეპოქაში და ის გაგრძელდება მინიმუმ “პუტინის ეპოქის” დასასრულამდე.

***

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოეთს და აშშ-ს შეიარაღებაში ჰქონდათ ათობით ათასი ბირთვული იარაღი და ორივეს, ვაშინგტონსაც და მოსკოვსაც შეეძლო, სამყაროს წამებში განადგურება. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი მაქს ფიშერი ამბობს, არათუ დასავლეთში, რუსეთშიც კი აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას სამყაროს წინაშე. გამალებული შეიარაღება მხოლოდ ერთმანეთის ბალანსისთვის იყო საჭირო და არა მაინცდამაინც იმისათვის, რომ ერთმანეთი, შესაბამისად – საკუთარი თავი და, შესაბამისად, დედამიწა, გაენადგურებინათ.

დღეს თამასა დაწეულია, – წერს მაქს ფიშერი – პუტინი სამყაროსაც გადაიყოლებს, თუ მას ეს დასჭირდა.

***

ცხადია, ფიშერის მოსაზრება ლეგიტიმურია, თუმცა, პუტინის ასე “გაგიჟებაც”, ბევრი სხვა ავტორის აზრით, მოსალოდნელი არ არის. “ის დაოკდება, რადგან უკვე შევიდა რუსეთის ისტორიაში, როგორც პირი, რომელმაც იმპერიის ტერიტორიები შემოიმტკიცა…”; “ის დაოკდება, რადგან, ახალი ახალი აგრესია მაგალითად უკრაინის წინააღმდეგ, მის ძველ მონაპოვარსაც შეუქმნის საფრთხეს…”; “ის არ დაოკდება, მაგრამ, დააოკებენ…”,  – დასავლეთში ასეც მსჯელობენ.

ამავე დროს, პუტინის ქმედებები, გარკვეულწილად, დამოკიდებულია არა იმდენად მის, რამდენადაც სხვათა პოლიტიკაზე. მაგალითად, თუ დაპირისპირება აშშ-სა და ჩრდ.კორეას შორის მართლაც გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, რუსეთის ლიდერი,  თუნდაც ირიბად, მასში მექანიკურად ჩაერთვება. “მეტიც, რაც უფრო აგრესიული იქნება აშშ კატასტროფული ჩრდ.კორეის რეჟიმის მიმართ, მით აგრესიული იენაბა რუსეთი იმ ტერიტორიებზე, რომლებზე კონტროლის დაკარგვაც მას არ სურს”, – “ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო წერილის ეს ნაწილიც არაა აზრსმოკლებული.

***

ადრე თუ გვიან, ჩრდ.კორეის რეჟიმის დამხობის საკითხი, დღის წესრიგში მაინც დადგებოდა. პრეზიდენტმა ტრამპმა, უბრალოდ, გააღვიძა ეს “მიჩქმალული თემა”, თორემ, რეალურად, ფხენიანის მიუღებლობა ვაშინგტონს ყოველთვის ჰქონდა.

პრინციპში, ჩრდ.კორეის საკითხის მიჩუმათებაში აშშ-ც დამნაშავეა – 1950-53 წლებში, როდესაც კორეის ომი მიმდინარეობდა, არავის უფიქრია ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც გაყოფილი ნახევარკუნძულის ორ სახელმწიფოს მოქმედებების არეალს განუსაზღვრავდა. ათწლეულების განმავლობაში იზოლირებული ჩრდ.კორეა სწორედ ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა პოტენციურად ყველაზე ცხელ წერტილად დედამიწაზე და ათწლეულების განმავლობაში, დასავლეთს კორეის ჩრდილო ნაწილისათვის, უბრალოდ, არ ეცალა.

შედეგი თვალსაჩინოა –  ჩრდ.კორეა საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა და ვაშინგტონს სეულიდანაც კი მოუწოდებენ, რომ მან (ვაშინგტონმა) არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებშიც ასზე მეტი პროცენტით არ იქნება დარწმუნებული.

“კონფლიქტის დაწყება და, მით უფრო, გაჭიმვა, ჩვენთვის მომაკვდინებელია”, –  რთულია, არ დაეთანხმო განვითარებული სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც იცის, რომ ფხენიანიდან სეულამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია.

***

ჩრდ.კორეის თემა მნიშვნელოვანი კია, მაგრამ, მისი განხილვა გლობალური პრობლემებისგან მოწყვეტილად, ალბათ, არ შეიძლება. გლობალურ მთავარ პრობლემებს კი, არა მხოლოდ ფხენიანის, არამედ, მოსკოვის რეჟიმიც ქმნის. მეტიც, “პუტინის რუსეთი” თანამედროვე სამყაროს მთავარი გამოწვევაა.

“პუტინის რუსეთი” იდეოლოგიური მემკვიდრეა საბჭოთა – სტალინისეილი რუსეთისა. თუმცა, მაშინდელი რუსეთი (სსრკ), ერთი ხანობა პარტნიორობდა კიდეც დასავლეთთან.

როგორ ხსნიან ამ პარტნიორობას დასავლელი ანალიტიკოსები? თავის წიგნში – “ცივი ომი”, ოდ არნე ვესტადი აღნიშნავს, რომ, რეალურად “ცივი ომი” დაიწყო არა ბერლინის გაყოფით, არამედ, გაცილებით ადრე, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი შეიქმნა და “ბოროტების იმპერიამ” საზღვრები გაიფართოვა. “ჰიტლერის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანების აუცილებლომამ დააკავშირა ერთის მხრივ აშშ-ევროპა და რუსეთი, მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და დამთავრდა ილუზიაც, რომ რუსეთი პარტნიორი იქნებოდა”, – წერს ვესტადი.

გლობალური პროცესებიდან რუსეთის გარიყვის მიზეზია სტალინისეული დოქტრინაც, რომლის თანახმადაც: “ყველა მიიწევს წინ იმდენად, რამდენადაც ეს მის არმიას შეუძლია”, მართლაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სტალინის რუსეთის არმიამ შუაგულ ევროპამდეც წაიწია და დასავლეთის სამყაროს საზღვრები მნიშვნელოვნად შემცირდა. დასავლეთმა რუსეთს “მარშალის გეგით” უპასუხა. ბერლინის ბლოკადა კი იყო “ცივი ომის” პირველი გამოვლინება.

სტალინი ამ ომის დასაწყისში უკვე აკონტროლებდა აღმოსავლეთ ევროპას,  რომელშიც მან მოიყვანა არა მხოლოდ სსრკ-სადმი ლოიალურად განწყობილი ლიდერები, არამედ, შექმნა სისტემა, რომელიც, მისი აზრით, წესით, არასოდეს უნდა დანგრეულიყო. მაგრამ, სტალინი, უფრო კი მისი კონცეფცია, დამარცხდა – მისი გარდაცვალებიდან 32 წელიწადში სსრკ-ს რღვევის შეუქცევადი პროცესი დაიწყო, ხოლო 1991 წელს, იმპერია ბოლომდე დაიშალა.  კითხვაზე – რამ დაანგრია სსრკ?.. პასუხის გაცემა იოლია – რეიგანმა, ამერიკის პოლიტიკამ, გამალებულმა შეიარაღებამ და მერე გამალებულმა განიარაღებამ. მაგრამ, ამ კითხვაზე არსებობს სხვა პასუხიც – სსრკ დაანგრია თავად სტალინმაც, უფრო ზუსტად,  სისტემამ, რომელიც მან შექმნა და რომელიც ვერ გადარჩებოდა, თუ სტალინი მარადიული ლიდერი არ იქნებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, სსრკ-მ ლპობა ბუნებრივად დაიწყო (ოპტიმისტები ვარაუდობენ, რომ ასე მოხდება პუტინის შემდეგაც).


“ცივი ომი” დაიწყო არა ბერლინის გაყოფით, არამედ, გაცილებით ადრე, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი შეიქმნა და “ბოროტების იმპერიამ” საზღვრები გაიფართოვა. “ჰიტლერის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანების აუცილებლომამ დააკავშირა ერთის მხრივ აშშ-ევროპა და რუსეთი, მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და დამთავრდა ილუზიაც, რომ რუსეთი პარტნიორი იქნებოდა”


 

სსრკ დაინგრა, გაუმარჯოს რუსეთს

იმის გამო, რომ რეიგანის მემკვიდრეებს ჰქონდათ სსრკ-ს ნანგრევის მთავარი ნაწილის – რუსეთის დემოკრატიზაციის იმედი, დასავლეთმა “ნებაზე” მიუშვა პროცესები რუსეთში. მიუშვა ისე, რომ მკვეთრად არ უთქვამს მისი არც ერთი ლიდერისთვის – “თქვენი უფლებამოსილება სრულდება თქვენს საზღვრებთან და არა საბჭოთა კავშირის საზღვრებში”.

დღეს ცოტას თუ ახსოვს, რომ “დემოკრატი” ელცინი, სარგებლობდა რა ამ “თავისუფლებით”, პირადად უწყობდა ხელს კონფლიქტების გაჩაღებას ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე, ხოლო ამით ცდილობდა (და ახერხებდა) რუსეთის გავლენის გაძლიერებას.

ეს ამერიკელთათვისაც ცხადი იყო, მაგრამ იმხანად (90-იანი წლების დასაწყისში) უკვე მძლავრობდა არგუმენტი:

ხომ არ დავანგრევდით, ის ხომ ბირთვული სახელმწიფოა – ეს იყო თავისთავად მართებული, მაგრამ, კონცეპტუალურად მცდარი პასუხი.

ამასობაში, თავად აშშ-შიც აღარ უსმენდნენ შერჩენილ “მილიტარისტებს”  თუ ადრე, მაგალითად 60-იან წლებში, ამერიკაში იყო განწყობა – “იქნება ომი? დე, იყოს ომი”, უკვე შემდგომ, სწორედ სსრკ-ს დანგრევისას, ამგვარი სიტყვები თითქმის აღარ ისმოდა… ელიტას, შეიძლება ითქვას, მიუჩლუნგდა თავდაპირველი პრინციპები. თვითკმაყოფილებამ უკან გადასწია სტრატეგიული ინტერესები.

“საქმე მოთავებულია, სსრკ აღარ არსებობს” – ამბობდნენ ამერიკელები და სულაც აღარ ახსოვდათ ხსენებული 60-იანი წლების სამხედრო პირის, აშშ-ის ავიაციის ხელმძღვანელის ტომას პაუერის სიტყვები: “არსი ისაა, რომ ნაძირლები უნდა გავანადგუროთ, თუ ომის დასასრულის დროს სამყაროში დარჩება ორი ამერიკელი და ერთი რუსი, ჩათვალეთ, რომ ომი მოგებულია”. (სხვათა შორის, მას მაშინ მოსწრებულად უპასუხეს, რომ ომი მოგებული იქნებოდა მაშინ, თუ გადარჩენილი ორი ამერიკელიდან ერთი იქნებოდა ქალი, ხოლო მეორე – მამაკაცი).

სსრკ-ს მემკვიდრემ – რუსეთმა, სწორედ იმიტომ, რომ ომი არ მოხდა, უფრო ზუსტად, დასავლეთმა ბოლომდე არ მიიყვანა საქმე, იპოვა ძალა და იმპერიის აღდგენა ნელ-ნელა დაიწყო.



“არსი ისაა, რომ ნაძირლები უნდა გავანადგუროთ, თუ ომის დასასრულის დროს სამყაროში დარჩება
ორი ამერიკელი და ერთი რუსი, ჩათვალეთ, რომ ომი მოგებულია”

ტომას პაუერი


 

რა არის იმპერიის დანგრევა?

“თუ ჩვენ მომავალ თაობებს არა მხოლოდ არ მოვუყვებით სტალინის შესახებ, არამედ არ დავგმობთ მას… არ გავემიჯნებით და არ ვიტყვით, რომ სსრკ იყო ბოროტების სავანე, მაშინ ყოველთვის გამოჩნდებიან ახალი სტალინები, რომლებიც სხვაგვარი სსრკ-ს შექმნას შეეცდებიან. მილიონობით ადამიანი დაიღუპა და ჩვენ ამ ადამიანების შთამომავლები ვართ. იმისათვის, რომ დემოკრატია ააშენო, ჩვენ უნდა გავიგოთ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი… რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ეს შეცდომა”, – ამ სიტყვების ავტორია ლევ პონომარიოვი, დისიდენტი საბჭოთა კავშირის დროს და დღეს პუტინის ღია კრიტიკოსი.

თუმცა დღესაც კი, როცა დასავლეთმა ძლივს დაიწყო რუსეთისათვის მისი ადგილის მიჩენის პოლიტიკა, რთული სათქმელია, რამდენად მოსთხოვს ის  (დასავლეთი) მას  (რუსეთს) სრულ დემოკრატიზაციას თუნდაც მაშინ, როცა რეალობა რუსეთში შეიცვლება.

მანამდე კი, ამ ვითარებაში, ნელ-ნელა ბრუნდება ეპოქა “ცივი ომისა”.

პუტინი ვაჭრობს  “ცხელი ომის” ეპოქის დადგომით და თავის პირდაპირ თუ ირიბ მოკავშირეებთან ერთად დასავლეთს ღიად ეუბნება: “იყოს “ცივი ომი” – ჩვენ გავუძლებთ – თქვენ?!”