Loader

ომი და მშვიდობა კავკასიაში – ყარაბაღის საკითხი

ლევან კორსანტია

ლოკალური საკითხების გარდა, ჩვენთვის საინტერესოა რეგიონული და გლობალური მასშტაბის საკითხებიც. მათ შორის, მეორეხარისხოვანი როდია აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობები.

23 აგვისტოს პრეზიდენტი სერჟ საქსიანი პრეზიდენტ პუტინს სოჭში შეხვდა. პრეზიდენტებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკის, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში, აგრეთვე, ОДКБ-ს ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ოფიციალური სააგენტოები იტყობინებიან, რომ პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაც მიმოიხილეს.

მთიანი ყარაბაღი

ცოტა რომ გავბუქოთ, ეს, ხან გაყინული და ხანაც გალღვობის პირას არსებული, უფრო ზუსტად, ლოკალურ შეიარაღებულ დაპირისპირებებემდე მისული, რუსეთის მიერ ინსპირირირებული კონფლიქტი, სომხეთისათვის, პრინციპში, მოწესრიგებულია. თითქმის სამი ათეული წელიწადია, ერევანი ინარჩუნებს სტატუს-ქვოს და ერთადერთი, რაც მას “ძილს უფრთხობს”, ბაქოს მხრიდან მუქარებია.

“ჩვენ დავიბრუნებთ მთიან ყარაბაღს!” – არათუ მამა-შვილი ალიევები, აიაზ მუთალიბოვიც კი აგრესიული იყო მაშინ, როდესაც საქმე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.

მიუხედავად ამგვარი დაპირებებისა, აგრეთვე, მიუხედავად უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მომხდარი არაერთი საშუალო და მეტი ლოკალური შეიარაღებული დაპირისპირებისა, ბაქომ მთიანი ყარაბაღი ვერ დაიბრუნა…

***

ბაქოს მხრიდან მუქარებს ერევანში იმიტომაც უფრთხიან, რომ თვალყურს ადევნებენ აზერბაიჯანის გამალებულ შეიარაღებას. შედარებით ღარიბი სომხეთისათვის, რომლის მთავრობაც თითქმის არაფერს აკეთებს ქვეყნის გადრაქმნისათვის, რუსეთი იმიტომაც რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, რომ აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში, ერევანმა ღიადაც კი მიმართოს მოსკოვს მხარდაჭერის თხოვნით. ცხადია, რისეთი სომხეთს დაეხმარება, თუმცა, ალბათ უფრო ფარულად, მაგალითად, გიუმრის ბაზიდან იარაღის მიწოდებით.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში მილიტარისტული განწყობებია, პოლიტიკურიმა და სამხედრო ელიტამ შესანიშნავად იცის – მთიანი ყარაბაღის დაბრუნების ნებისმიერი გადაჭარბებული მცდელობა და კონფლიქტში რუსეთის ღია და თუნდაც ფარული ჩარევა, აზერბაიჯანისთვის მრავალმხრივ იქნება მომაკვდინებელი. რუსეთი, რომელიც უკვე ოფიციალურად შემოვიდა  კავკასიაში, კონფლიქტს გაჭიმავს და სერიოზულ დარტყმას მიაყენებს აზერბაიჯანის საინვესტიციო კლიმატს.

აზერბაიჯანს, ცხადია, აქვს თურქეთის იმედი, მაგრამ, ასე ბოლომდე დარწმუნებულიც არ არის, რომ ერდოღანი კიდევ ერთხელ იქნება “ღიად ანტირუსი”.

საქსიანის ულტიმატუმი

ამ ვითარებაში, პრეზიდენტ საქსიანის ხელ-ფეხი აქვს გახსნილი – 2017 წლის  ოქტომბერში ის კოლეგა ალიევს კი უნდა შეხვდეს, მაგრამ, თუ არ შეხვდება, დიდადაც არ ინაღვლებს. სწორედ ამიტომ, საქსიანმა, პუტინის რეკომენდაციით, შეიმუშავა საოქტომბრო შეხვედრის დღის წესრიგი და პუტინმაც, მასთან ბოლო შეხვედრამდე ერთი თვით ადრე, ეს  დოკუმენტი მაგიდაზე დაუდო ალიევს.

დოკუმენტში წერია, რომ შეხვედრისას აზერბაიჯანმა არ გადაუხვიოს სანკტ-პეტერბურგსა და ვენაში მიღწეულ შეთანხმებებს და მხარეებმა უნდა ისაუბრონ მხოლოდ კონფლიქტის ზონაში მშვიდობის განმტკიცების მექანიზმების განმტკიცებაზე და არა ახალ რეალობებზე, რომლებიც, აზერბაიჯანის მტკიცებით, 2016 წლის აპრილის შეტაკებების შემდეგ დადგა.

არავინ იცის, დასთანხმდება თუ არა ალიევი პუტინ-საქსიანის დუეტის პროექტს, რომელიც, სხვათა შორის, ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერაც არის მხარდაჭერილი.

ალიევის პასუხი

ამ სტრატეგიას ბაქო ახალი და თანამედროვე შეიარაღების სტრატეგიას უპირისპირებს. აზერბაიჯანული საზოგადოების მოთხოვნა – ალიევმა უმოკლეს დროში დაიბრინოს მთიანი ყარაბაღი, ალიევს მოქმედების დიაპაზონს ერთგვარად უზღუდავს. მან იცის – შეტევა სომხეთზე ავტომატურად ნიშნავს შეტევას რუსეთზე… ხოლო შეტევა რუსეთზე მეტისმეტად სარისკოა.

რა სურს ალიევს – ომი თუ მშვიდობა? ფაქტია, რომ ალიევმა ისიც იცის – სტატუს-ქვო დიდხანს ვერ გაგრძელდება, ანუ, მოჩვენებითი მშვიდობა უნდა დაირღვეს.