Loader

დუგინი თბილისში!

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ჩამოდის… დუგინი!

მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ტყუილია.

თუ ტყუილია, გამოდის, რომ “დაგვტროლეს”.

და თუ არაა, მაშინ:

მაშინ, აი, ეს:


დუგინი თბილისში თუ ჩამოვიდა, მას, სავარაუდოდ, ვერაფერს დააკლებს საქართველოს მესაზღვრე, რადგან, შესაძლოა (თუმცა, შესაძლოა, ვცდები კიდეც), დუგინს ოკუპაციის კანონი დარღვეული არც აქვს;

დუგინი თბილისში თუ ჩამოვიდა, მას, სავარაუდოდ, ვერაფერს დააკლებს საქართველოს ხელისუფლებაც – იტყვის – ტურისტია და მე ტურისტებს არათუ არ ვდევნი, პირიქით, კარს ყველას ვუღებ-ო;

დუგინი თბილისში თუ ჩამოვიდა, ამას ვერაფერს დავაკლებთ ვერც წინასწარი, პრევენციული სტატუსებით – არავინ შეისმენს – შეგნებულადაც და შეუგნებლადაც.

დუგინი თბილისში თუ ჩამოვიდა, ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ გრიბოედოვის თეატრთან, რომელშიც ხშირად იმართება “რუსკი მირ-ის” რაღაც საღამოები და ჩვენ, რამდენნიც ვიქნებით, უნდა ჩავშალოთ დუგინის საღამო თუ ლექცია.

მერე ჯერ ეს დუგინი უნდა მივიყვანოთ აეროპორტში და გავაბრუნოთ უკან.

ხოლო მერე, როცა შედარებით დავწყნარდებით, მის მომწვევებს უნდა ვუთხრათ – ბოდიში და თქვენ ცოტა ხომ არ უბერავთ?

ჩვენ უნდა დავწეროთ ლუსტრაციის აქტი, რომელშიც საბჭოთა კავშირთან კოლაბორაციაში მყოფ მწერლებს თუ მსახიობებს კი არ ჩამოვწერთ, არამედ, ვიტყვით, რომ დღეს და ახლა, რუსეთთან თანამშრომლობას ვგმობთ… ხოლო ვინც თანამშრომლობს, მათ ვუკრძალავთ გარკვეულ ქმედებებს, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას.

მერე უნდა მივიდეთ მთავრობასთან თუ ზოგადად ხელისუფლებასთან და მოვთხოვოთ ამ აქტის დამტკიცება… შესაბამისად, მისი წარმომადგენლების მხილება და საკუთარი რიგებიდან დუგინის, პუტინის, რუსეთის განდევნა.

დუგინი თბილისში თუ ჩამოვიდა და თუ ეს ყველაფერი დავგეგმეთ, აქ უნდა მოვიწვიოთ დასავლური მედია და მათი თანდასწრებით უნდა გავაკეთოთ ეს.