Loader

ვინ ვერ ებრძვის სტიქიას?

ხანძრები მძვინვარებს!.. და, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში, სტატისტიკის თანახმად, წლევანდელზე ცოტა ხანძარი არ მომხდარა, დღეს ბევრი სწორედ ასე შეაფასებს სტიქიას და ბევრიდან ბევრი კი იტყვის, რომ ხანძრები მოწყობილია!

სხვათა შორის, ბორჯომ-წაღვერის მასშტაბური ხანძარი ჯერ ლიკვიდირებულიც არ იყო, შს მინისტრმაც რომ არ გამორიცხა დივერსიის ალბათობა. სივრცეში კი გამოჩდნენ პირები, რომლებმაც ხან ბენზინით სავსე “ბიდონები” ნახეს და ხანაც – ცარიელები.

დივერსიის შესახებ არსებული შეთქმულების თეორია უსაფუძვლო არაა -2008 წელს, მძვინვარე ომისა და ოკუპაციის დღეებში, რუსეთმა სწორედ ბორჯომის ხეობის ნაწილი გადაწვა და, მიუხედავად იმისა, რომ “ქართველი რუსები” ამას კატეგორიულად უარყოფენ, ეს ფაქტი უტყუარია.

თუმცა, ერთია ეჭვი და მეორე – რეალობა – მტკიცება იმისა, რომ საქართველოში მომხდარი თუნდაც ერთი ხანძრის მომწყობი აუცილებლად რუსეთის რომელიმე აგენტია, ზუსტად ისეთივე უაზრობაა, როგორც იმის მტკიცება, რომ წაღვერის ტყეში, სამ ადგილზე ერთდროულად, საგნები სწორედ შემთხვევით აალდა. “მოსახდენი მოხდა”, – ალბათ ეს არის ყველაზე რელევანტური პასუხის დასაწყისი და წინადადება უნდა გაგრძელდეს ასე: “ჩვენ  როგორ შევხვდით სტიქიას?”

მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა – დამოუკიდებლად იმისა, დადიან თუ არა ანთებული ასანთებით მიუვალ ტყეებში “ივანოვ-პეტროვ-სიდოროვები” თუ ცეცხლის წამკიდებელი ქართველები, უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო ორგანიზმი (და არა მაშველი, მეხანძრე, მოხალისე თუ უბნის ექიმი) საკმარისად მომზადებული არ არის ამგვარი შემთხვევებისათვის.

პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი ამბობს: –  “ბორჯომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს სამსახური (კრიზისების საბჭო) უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ძალიან სერიოზულად მომზადებული – პრემიერი რომ აქრობდა ხანძარს, ეს არ იყო სწორი. შრომის გადანაწილება არ გაკეთდა სწორად. მთავრობას ეჭირა ხელში ბარი და თვითონ იყო მეხანძრე. სინამდვილეში ასე არ უნდა იყოს, უნდა არსებობდეს სამსახური, რომლებიც უნდა აქრობდეს ხანძარს და ასევე უნდა აკეთებდეს პრევენციას – წინასწარ უნდა იცოდეს, სად რა შეიძლება მოხდეს. საქართველოს, რომელიც ხანძარსაშიში ქვეყანაა, როგორ შეიძლება შვეულმფრენები და თვითმფრინავები არ ჰყავდეს?!”


თუმცა, ერთია ეჭვი და მეორე – რეალობა – მტკიცება იმისა, რომ საქართველოში მომხდარი თუნდაც ერთი ხანძრის მომწყობი აუცილებლად რუსეთის რომელიმე აგენტია, ზუსტად ისეთივე უაზრობაა, როგორც იმის მტკიცება, რომ წაღვერის ტყეში, სამ ადგილზე ერთდროულად, საგნები სწორედ შემთხვევით აალდა. “მოსახდენი მოხდა”, – ალბათ ეს არის ყველაზე რელევანტური პასუხის დასაწყისი და წინადადება უნდა გაგრძელდეს ასე: “ჩვენ  როგორ შევხვდით სტიქიას?”


ამ აზრს, პრინციპში, ეთანხმება ექსპერტი რამაზ საყვარელიძეც: “მოუმზადებლობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს იმით, რომ მარტო ერთი ვერტმფრენი გვყავს. მოუმზადებლობა, სამწუხაროდ, არ მაკვირვებს. „ბედნიერი ერი“ ვართ, მომავალზე ფიქრი არ გვჩვევია, დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს”, – თუმცა, საყვარელიძე უფრო შორსაც მიდის და ამბობს: “მოუმზადებელი აღმოვჩნდით დამოუკიდებლობისთვის, რუსეთის აგრესიისთვის, დემოკრატიული არჩევნებისთვის. ახალი ისტორიის არც ერთ ეტაპს არ შევხვდით მომზადებული და სტიქიისთვის რომ არ ვყოფილიყავით მზად, რა გასაკვირია. გასაკვირი არაა, მაგრამ დასანანი კი არის, ძალიან დასანანი. იმედი ვიქონიოთ, რომ მოუმზადებლობის ამ სინდრომს დროთა განმავლობაში დავძლევთ ყველანი…” – ეს უკანასკნელი აზრი, ცხადია, საკამათოა.

ამ ამბავში მეორეხარისხოვანი როდია, რომ, თურმე, საქართველოს ხელისუფლება ცალყბად მაინც სთხოვდა დახმარებას რუსეთს. ანუ, სწორედ იმის გამო, რომ თავადაც არ იცოდა, მოახერხებდა თუ არა ხანძრის ლიკვიდაციას თუნდაც მეგობრების – აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის და ბელარუსის დახმარებით, პრინციპში, განიხილავდა მოსკოვის დახმარებას. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია, თითი გავიშვიროთ ზურაბ აბაშიძისაკენ და ვთქვათ, რომ რუს კოლეგებს ის საკუთარი ინიციატივით ესაუბრა, მაგრამ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აბაშიძე კვირიკაშვილის სპეც.წარმომადგენელია და, შესაბამისად, დიდი არეალიც არ აქვს (ან არ უნდა ჰქონდეს) დამოუკიდებლად მოქმედებებისა.

რუსეთმა, ცხადია, აღვითქვა დახმარება… და პრემიერიც, ცხადია, უკვე შემდგომ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას რომ მესიჯების კარგი დამწერები ჰყავდეს, წესით, უნდა ეთქვა – “რუსეთსაც კი… დიახ, რუსეთსაც კი ვთხოვდით დახმარებას, ხანძარი ვთქვათ გორამდე რომ გავრცელებულიყო” და თან ეს უნდა ეთქვა ისე, რომ ოპონენტებს პროტესტი არ გასჩენოდათ. პრემიერს ეს არ უთქვამს… და არც ის წინადადება, რომელიც, ასევე წესით, მას მანამდე უნდა წარმოეთქვა: “რუსეთისათვის თხოვნამდე, ხანძარს, ცხადია, ჩავაქრობდით, მათ შორის, ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხარდაჭერით”, – ასე გადაიზრდებოდა ხანძრის ამბავი პოლიტიკურ გზავნილად.

ვინ ჩააქრო ხანძარი?

ჩვენ ღირსეულად გამოვედით ამ მდგომარეობიდან – FACEBOOK- ზე ეს სტატუსი დავწერე და ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა შეძახილებმაც არ დაახანა.

განვმარტავ – ხანძარი არ ჩაუქრია კვირიკაშვილს ან ჯანელიძეს, მეტიც, ამ უკანასკნელის თავკაცობით მოქმედი  კრიზისების საბჭოს როლი ხანძრის ჩაქრობაში მინიმალური იყო. ჩვენ ღირსეულად გამოვედით-თქო რომ ვამბობ, პირველ რიგში, კონკრეტულ ადამიანებს ვგულისხმობ – მეხანძრეებს, მაშველებს… ადგილზე გადაწყვეტილების მიმღებ მენეჯერებსაც და, შესაძლოა, მთავრობის წევრებსაც.

მაგრამ, ხანძარი  ჩააქრო არა სისტემამ, არამედ, თავგანწირვამ – ცოდნამ, რომ ხანძარი უნდა ჩაქრეს და არა ცოდნამ, როგორ ჩაქრეს ხანძარი უმოკლეს დროში.

და ისევ ლევან ბერძენიშვილის აზრი:

„კრიზისების მართვის საბჭო, რომელსაც მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს, არის მუწუკი, წურბელა სახელმწიფოს ტანზე იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაფერს აკეთებს. არც ტექნიკა აქვს, არც მომზადებული კადრები ჰყავს, ხელმძღვანელი როგორი მძინარაც არის ყველამ იცის – ყველამ ჩაასწრო სტიქიის ადგილზე. „ფე-ეს-ბეს“ კადრია, რუსეთის აგენტია, მაგრამ რუსეთმა ისიც კი არ დაავალა, რომ კარგი აგენტი იყოს, მომზადებული იყოს და რაღაცაში მაინც ერკვეოდეს. ამიტომ, ყველანაირი სტრუქტურული ცვლილება, თუ ხელმძღვანელი იგივე დარჩება, იქნება უაზრობა”.

დავეთანხმოთ ბერძენიშვილს, თუმცა, ვთქვათ ასეც: მხოლოდ ჯანელიძეზე ყურადღების გამახვილება, ალბათ, პრობლემის დაწვრილმანებაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სისტემა უნდა მუშაობდეს… და მთავრობა ვალდებულია, არა მხოლოდ შეისყიდოს საფრენი საშუალებები, არამედ, ააწყოს სისტემაც, რომელსაც აამოქმედებს მომავალი ხანძრებისას თუ, ზოგადად, სტიქიური უბედურებისას.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ… რომ თუ ეს იყო დივერსია, სისტემა მით უფროა ასაწყობი – ბუნება შეიძლება იყოს დამნდობი, დივერსანტი კი – არა.