Loader

იდუმალი იმამი და ქართულ-ოსმალური სახიფათო ტანგო

ზურაბ გურული

ემირელის სახელობის კოლეჯის დახურვას მაინცდამაინც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია ქართველი პოლიტექსპერტებისაგან. არადა, ამ ფაქტს განათლების სამინისტროსთან დაახლოებით ისეთივე კავშირი ჰქონდა, როგორიც ალექსანდრე ჯეჯელავას შარლ პეროსთან.

დემირელის კოლეჯისათვის, ისევე როგორც ბათუმში შაჰინის ლიცეუმისათვის ლიცენზიის ჩამორთმევა სუფთა პოლიტიკური აქტი გახლდათ და ეს არ გამოპარვიათ ჩვენს საზღვარგარეთელ პარტნიორებს, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს თურქეთში მიმდინარე არასასიამოვნო პროცესებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა უკვე აიძულა საქართველოს მთავრობა და მიაღწია დემირელის კოლეჯის დირექტორის – მუსტაფა იმრე ჩაბუკის დაპატიმრებას. იმედია, ქართულ მხარეს ეყოფა გონიერება და არ განახორციელებს მის ექსტრადირებას თურქეთში.

ამ პროცესს ფხიზლად აკონტროლებენ ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები.  მუსტაფა ჩაბუკი იმამ გიულინის მიმდევრად და მისი საგანმანათლებლო ქსელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. მისი დაპატიმრება საეჭვოდ დაემთხვა საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის ვიზიტს.

მოკლედ შეგახსენებთ იმამ მუჰამედ ფეტულა გიულინთან დაკავშირებულ პერიპეტიებს.

თურქულმა პუტჩმა თავის დროზე ბევრ ქართველ ექსპერტს აურია დავთრები. ეს ბუნებრივი იყო. თვით ყოვლისმცოდნე CNN-იც გაკვირვებული იჩეჩდა მხრებს და ფრიად ბუნდოვან და გაურკვეველ კომენტარებს უკეთებდა მიმდინარე მოვლენებს.

ნებისმიერი სახელმწიფოს ოფიციალურ პირს დაახლოებით ერთი და იგივე მესიჯი ჰქონდა საზოგადოებისათვის და ეს კანონიერი, დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების მხარდაჭერა გახლდათ.  ცხადია, მათ სხვა გზა არც ჰქონდათ და ამას დიდი პოლიტექსპერტიზა არც სჭირდებოდა.

დაბნეულ ექსპერტებს მაინცდამაინც აღარ უწვალიათ და აქტიურად განავრცეს ოფიციალური პირების პოლიტ-მესიჯები; გაიხსენეს ერდოღანის დამსახურებები, მისი გენეტიკური წარსული, ქართულ-თურქული კეთილმეზობლობა და ერთხმად დაასკვნეს, რომ ერდოღანის გამარჯვება დადებითი მოვლენა გახლდათ          საქართველოს საზღვრებთან გაწოლილ უზარმაზარ ქვეყანაში.

დაკვირვებული თვალი პირველივე დღიდანვე შეამჩნევდა რამდენიმე საინტერესო ასპექტს – მასშტაბური სამხედრო გადატრიალების მცდელობისათვის მზადება ნატო-ს წევრ უზარმაზარ ქვეყანაში შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა ნატო-ს ლიდერი ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის. ამერიკის საინფორმაციო სამსახურები კი დაახლოებით 24 საათი საეჭვოდ სდუმდნენ. სდუმდნენ მანამ,  სანამ პირველად არ გაიელვა ფეტულა გიულენის სახელმა.

ამ სახელის გაგონების შემდეგ უკვე ყველაფერი თავის ადგილას დადგა და უპრობლემოდ შეიძლებოდა იმ დასკვნის გაკეთება, თუ რა ძალამ გაიმარჯვა თურქეთში, აქედან გამომდინარე, ყველა შედეგითა და პროგნოზით.

თუმცა, ეს მათთვის, ვინც შეეცადა გაერკვია გიულენის ვინაობა.

მუჰამედ ფეტულა გიულენი – სახელგანთქმული თურქი მოძღვარი, ყოფილი იმამი, მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე, მთელ მსოფლიოში გავრცელებული საგანმანათლებლო ქსელების ავტორი, 1999 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ პატარა ქალაქში განმარტოებით ცხოვრობს და მინიმალური კავშირი აქვს გარე სამყაროსთან.

გიულენის მამაც იმამი გახლდათ, დედაც, ასევე, ძალიან რელიგიური ქალი იყო, რომელსაც ქემალისტურ ოსმალეთის მკაცრი აკრძალვების ხანაშიც კი არ შეუწყვეტია ყურანის სწავლება.

ფეტულამ კი კლასიკური ისლამის ინტერპრეტაციის საკუთარი, ორიგინალური გზა არჩია. ის ძალიან კარგად მიხვდა, თუ როგორ მოახერხა დასავლურმა ქრისტიანობამ გავლენის შენარჩუნება თანამედროვე პროგრესის პირობებში და თავადაც ანალოგიური მეთოდის გამოყენება გადაწყვიტა ისლამისათვის. ეს გახლდათ ერთდროულად ძალიან მარტივი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან საშიში გზა ტრადიციული რელიგიისათვის ჩვეული დინამიურობის დასაბრუნებლად.

იულენს არც კი უცდია ახალი ისლამური თეოლოგიის შექმნა. მან მხოლოდ ყურანის კლასიკური ვერსიების საკუთარი ინტერპრეტაცია სცადა. მისი სწავლების მიხედვით, მუსლიმთა საზოგადოებას აქვს მოვალეობა (“ჰიზმეთი”) მსოფლიო საზოგადოების მიმართ, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ მსოფლიოს კეთილდღეობაში. ამისათვის კი მუსლიმთა სოციუმს ევალება, კეთილმეზობლური კონტაქტები და მუდმივი დიალოგი ჰქონდეს როგორც სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან, ასევე, ათეისტებთან და აგნოსტიკოსებთან.

ცხადია, ასეთი ადამიანი შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა საიდუმლო სამსახურებისათვის. გიულენი ერთი მხრივ უზარმაზარ რისკს წარმოადგენდა კლასიკური ისლამის კლერიკალური სპექტრისათვის და, ამავე დროს, იყო ფრიად სასურველი პიროვნება მსოფლიოს პროგრესული ქვეყნებისათვის.

ამ ფაქტების გთავალისწინებით ძალიან ადვილია ლოგიკური სპეკულირება იმის შესახებ, თუ რატომ მოუწია ამერიკაში ემიგრაცია იმამყოფილს და რატომ იყო (და არის ) მაქსიმალურად იზოლირებული ფართო საზოგადოებისაგან და მედიისაგან.

მთელ მსოფლიოში აგრესიული ისლამის გაძლიერებამ ობიექტურად შექმნა იმის რისკი, რომ სეკულარულ თურქეთსაც შეეხებოდა ფანატიზმის ტალღა ადრე თუ გვიან.

ასევე, ობიექტურად შეიქმნა მოდერნიზებული ისლამის შექმნის საჭიროებაც, რომელსაც არ ექნებოდა სეკულარულ ქვეყანასთან თანაარსებობის პრობლემა.

გიულენი ზომიერად აკრიტიკებდა თურქულ სეკულარიზმს, მაგრამ, ამავე დროს, აღნიშნავდა, რომ დემოკრატიულ-სეკულარულ ქვეყნებში შესაძლებელია ისლამური პრინციპების 95 % -ის შენარჩუნება;  – დანარჩენი 5 %-ისთვის კი ბრძოლაც არ ღირსო – აღნიშნავდა ფეტულა.

გიულენი აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად, პოლიტიკურ საქმიანობაშიც იყო ჩაბმული. იგი დიალოგს აწარმოებდა და პირადად შეხვდა როგორც რომის პაპს, ასევე ებრაელ რელიგიურ ლიდერებს. იმამყოფილი ევროკავშირში თურქეთის გაერთიანების დიდი მხარდამჭერიც გახლდათ და მაქსიმალურად ლობირებდა ამ პროცესს მთელ მსოფლიოში.

გიულენი მხარს უჭერს ქალების თავისუფლებასა და თანასწორობას. იგი მხოლოდ აგრესიული ფემინიზმის წინააღმდეგ აკეთებდა შენიშვნებს და აღნიშნავდა, რომ ეს მხოლოდ უაზრო დაპირისპირებას გამოიწვევდა მამაკაცთა საზოგადოებასთან.

და ბოლოს, რაც მთავარია, მუჰამედ გიულენს მკვეთრად გამოხატული ნეგატიური პოზიცია აქვს ტერორიზმის მიმართ. მისი განცხადებით, ტერორისტებმა მოიტაცეს და მიითვისეს ისლამი.

სწორედ ამ ადამიანს, მუჰამედ ფეტულა გიულენს დაუპირისპირდა რეჯეპტაი ერდოღანი და, ჯერჯერობით, გაურკვეველი ეტიმოლოგიის პუტჩი მისი მომხრეების ფიზიკურად გასანადგურებლად გამოიყენა და იყენებს.

გიულენი თავდაპირველად ერდოღანის მხარდამჭერი გახლდათ, მაგრამ 2013 წლის სახელმწიფო კორუფციის სკანდალის შემდეგ, პრეზიდენტმა მოძღვარი საშიშ ტერორისტად გამოაცხადა და ამერიკას მისი ექსტრადიცია მოსთხოვა; თავისთავად ცხადია, უშედეგოდ. სწორედ ამ უშედეგობამ გაამძვინვარა რეჯეპი – ქედმაღალ და ამბიციურ პიროვნებას პირად ოპონენტად მიაჩნია მთელ დასავლურ სამყაროში უაღრესად მიღებული და პატივცემული მოძღვარი, რომელსაც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუსლიმად მიიჩნევენ. ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, გიულენი არა მარტო ერდოღანისთვისაა საშიში ოპონენტი და აგრესიული მუსლიმი, კლერიკები ყველა ღონეს ხმარობენ მის ფიზიკურად მოსასპობად.

ევროპარლამენტი სერიოზულად არის შეშფოთებული მუსტაფა ჩაბუკის დაპატიმრებით და გიულენის ქსელის კოლეჯებთან საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებით. ევროპარლამენტის წევრმა რებეკა ჰარმსმა თბილისში მოინახულა მუსტაბა ჩაბუკის ოჯახი და თავად პატიმარი. მან ხაზგასმით აღნიშნა თავის ინტერვიუში, რომ ევროპარლამენტმა სპეციალური სესია მიუძღვნა გიულენის საგანმანათლებლო ქსელის სკოლებს და გამორიცხა მათი კავშირი საერთაშორისო ტერორიზმთან. ამასთან, ევროპარლამენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს სკოლები თავისუფალი უნდა იყვნენ ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან და თავისუფლად გააგრძელონ საგანმანათლებლო მოღვაწეობა.

ცხადია, საქართველოს მთავრობა ამჟამად ორ ცეცხლს შორის იმყოფება. ერთი მხრივ, მათ ანგარიში უნდა გაუწიონ მძლავრ მეზობელს და მეორე მხრივ კი დასავლელ პარტნიორებს, რომლებსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ თურქეთში მიმდინარე არადემოკრატიულ პროცესებთან. ძალიან ფრთხილი ლავირებაა საჭირო ამ სიტუაციაში.

ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში ამერიკული სამხედრო აქტივობის გაძლიერებისა, შესაძლოა, სწორედ ამ მოვლენებთან იყოს დაკავშირებული და თუ ჩვენს პარტიას სწორად გავითამაშებთ, შეიძლება ვაიძულოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ მხარი დაუჭირონ ამერიკის ინიციატივას ჩვენი ნატო-ში გაერთიანებასთან დაკავშირებით.

თურქეთი სერიოზული პრობლემა ხდება მსოფლიო დემოკრატიისათვის და საქართველოს აქვს ძალიან კარგი შანსი, ეს ნეგატიური მოვლენა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და რეგიონში დემოკრატიული თანამეგობრობის ლიდერის პოზიციას.