Loader

“ბოლო ჟამის” პრეზიდენტი და მარგველაშვილის “მისია”

ჯერ, ცხადია, ადრეა პასუხის გაცემა (და არა კითხვის დასმა), მაგრამ, რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალური იქნება კითხვა – იყრის თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დღევანდელი პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი?

სავარაუდოა, რომ ამ კითხვაზე პასუხი თავად მარგველაშვილსაც არ აქვს – არჩევნებამდე დარჩენილი წელიწადზე მეტი დრო საკმარისია გადაწყვეტილების მირებისათვის.

მისთვის – პრეზიდენტისათვის, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანია იმ პერიოდისათვის შექმნილი ვითარებაც – თუ მმართველ “ოცნებას” ოდიოზური კანდიდატი ეყოლება, მაშინ მარგველაშვილისათვის უფრო იოლი იქნება კანდიდატად დარეგისტრირება.

ასევე, მეორეხარისხოვანი როდია პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობის განწყობები – ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მას მხარს არასოდეს დაუჭერს, თუმცა, თვით “ევროპული საქართველოს” მხარდაჭერაც კი არაა გამორიცხული იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი კვლევები დაადასტურებს, რომ მოქმედ პრეზიდენტს უფრო მეტი შანსი აქვს გამარჯვებისა, ვიდრე, ვთქვათ, უგულავას ან ბაქრაძეს.

გარესაპარლამენტო ოპოზიციციური პარტიების უმრავლესობა, წინასწარ შეგვიძლია განვჭვრიტოთ, სწორედ მარგველაშვილის მხარდამჭერი (იქნებ, წარმდგენიც) იქნება. მარგველაშვილს უნდა ჰქონდეს “თავისუფალი დემოკრატების”, “რესპუბლიკელების” და სხვა დასავლური პარტიების თანადგომის იმედი. ცხადია, ეს საკმარისი არაა გადაწყვეტილებისათვის, მაგრამ, თუ “შუაშისტთა”, ანუ, ყველა პერიოდში ყველას კრიტიკოს არასამთავრობო სექტორის სავარაუდო მხარდაჭერასაც გავითვალისწინებთ, მისთვის – მოქმედი პრეზიდენტისათვის ეს უმნიშვნელო როდი იქნება.

ვინ იქნება “ოცნების” კანდიდატი?.. კალაძის თბილისის თავკაცად წარდგენამ დაადასტურა, რომ “ოცნება” “ბოლო ჟამის” პრეზიდენტად არ შეარჩევს ამ “ფალავანს”.

ღარიბაშვილი? – საეჭვოა, ყოფილ პრემიერს ენდოს მისი წინამორბედი პრემიერი – გადაწყვეტილების რეალური მიმღები.

ამ პირობებში ყველაზე რეალური გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა, მაგრამ, კვირიკაშვილი პრეზიდენტი რომ გახდეს, “ოცნებამ” ღირსეული პრემიერიც, ანუ, მისი მონაცვლეც უნდა მოძებნოს – ქუმსიშვილზე უკეთესი კანდიდატი როცა არ გყავს, წესით, თავადაც ხვდები, რომ კადრებში საკმაოდ გიჭირს.

ოპოზიციაშიც საკმაო დაბნეულობაა – სააკაშვილის პარტიის ფავორიტის ვინაობა სააკაშვილისთვისაც უცნობია. “ევროპულ საქართველოს” ორი საპრეზიდენტო ლიდერი ჰყავს – ციხეგამოვლილი უგულავა და “მარადი კანდიდატი” ბაქრაძე – კვლავ ვთქვათ – ეს პარტია ალბათ მარგველაშვილსაც კი შეურიგდება, თუ დაინახავს პოტენციალს, რომ სწორედ დღევანდელი პრეზიდენტი დაამარცხებს “ოცნების” კანდიდატს.

სხვა პარტიების ლიდერების განხილვა ალბათ არც ღირს – ბურჯანაძე პროცენტს ვერ გასცდება… ნათელაშვილი – ორს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარგველაშვილი?

გაგიკვირდებათ და, ეს დამოკიდებულია… ელისაშვილ-კალაძის დაპირისპირების შედეგზეც – თუ “სახალხო” და უპარტიო კანდიდატმა მოახერხა და კალაძეს მეორე ტურამდე “გაუქაჩა”, ეს შეიძლება იქცეს მარგველაშვილის გადაწყვეტილების ინსპირაციად.

თუ ელისაშვილს შეუძლია სახელისუფლო კანდიდატისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ეს, წესით, მით უფრო უნდა შეძლოს პრეზიდენტმა.

ასევე – მარგველაშვილს დასამტკიცებელი აქვს, რომ ივანიშვილის დახმარების გარეშეც შესაძლებელია გამარჯვება, ანუ, შესაძლებელია, იყო თვითკმარი ლიდერი.

თუმცა, რატომ მხოლოდ მარგველაშვილს?

საზოგადოებასაც აქვს დასამტკიცებელი, რომ უპირობოდ არ იღებს ყველა იმ ლიდერს, რომელსაც მას ეს თუ სხვა ხელისუფლება და მით უფრო არაფორმალი მმართველი სთავაზობს.