Loader

გამყინვარება რუსეთთან! შოკოლადის იმპერატორი, ყოფილი პრეზიდენტი და ოცნება

ლევან არობელიძე

ორიოდე დღის წინ, თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება-საღამო. მასპინძელმა უკრაინის ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი საელჩომ უმასპინძლა როგორც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, ისე საქართველოს ხელისუფლების წევრებს. მთავარი სტუმარი იყო პრემიერი კვირიკაშვილი, რომელმაც სიტყვითაც გამოვიდა.

შარშანაც, შარშანწინაც და გასულ წლებშიც, უკრაინა და კონკრეტულად საელჩო, ქვეყნის დამოუკიდებლობას ხმაურიანად აღნიშნავდა და არც მაშინ აკლდა სტუმარი, მაგრამ წლეულს პირველად მოხდა, როცა, გარდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისა, სტუმართა შორის ქვეყნის მთავარი პირიც (და არა პირველი) იყო.

ეჭვგარეშეა, თბილისსა და კიევს შორის პოზიციების დაახლოების მიზეზი მათი საერთო “მტერი” – მიხეილ სააკაშვილია. გუშინ ასე არ იყო, მაგრამ, დღეს უკვე ასეა – უკრაინის მმართველი ელიტა მის მოცილებას, მის განდევნას ცდილობს. “არაფერი არ გაუკეთებია უკრაინისათვის”; “ის მხოლოდ თვითრეკლამით იყო დაკავებული”; “მან ავნო უკრაინას”, – თუ უკრაინის სახელისუფლო წრეებს გამოკითხავთ, ამგვარ პასუხებს მიიღებთ.

თბილისში უფრო შორსაც მიდიან – თუ “ოცნების” ხელისუფლებისათვის სააკაშვილის ციხეში გამოკეტვა წლების წინ ნამდვილი “ოცნება” იყო, ახლა ხელისუფლებას ეს ყველაზე ნაკლებად უნდა – “მაწანწალაა და ეგდოს იქ, სადაც აგდია”, – თბილისის სახელისუფლო კულუარებში ეს მიდგომა იმიტომ მძლავრობს, რომ ქართულმა პოლიტ.ელიტამ მშვენივრად იცის – სააკაშვილი ქართულ საპატიმროში გაცილებით საშიშია სამომავლოდ, ვიდრე სააკაშვილი დანიაში, აშშ-ში ან, თუნდაც – უკრაინაში.

გარდა ამისა, სააკაშვილის თბილისში დაბრუნება და, შესაბამისად, მისი დაკავება, არავითარ შემთხევვაში არ იქნება მხარდაჭერილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. თბილისში კი ჯერაც ისმენენ დასავლეთის ხმას, ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ, არ გადადგან იმგვარი ნაბიჯი, რომელიც ვაშინგტონის, ბრიუსელის და ბერლინის გულისწრონას გამოიწვევს (სხვა საქმეა, რომ ეს ხშირად არ გამოსდით).

ამდენად, ორივე სივრციდან განდევნილი პირის – სააკაშვილის დაბრუნება რომელიმე ერთ სივრცეში სარისკოა ორივე სივრცის პოლიტიკური ელიტებისათვის. ამ ვითარებას სათავისოდ იყენებს სააკაშვილიც – სწორედ ამგვარი დევნილი პოლიტიკოსის სტატუსი მისთვის ყველაზე ხელსაყრელია. ის ამით ამტკიცებს, რომ სულაც არაა ჩამოწერილი პოლიტიკოსი… მან, აგრეთვე, იცის, რომ რევანშამდე საქართველოში და რევანშამდე უკრაინაში, მას დიდი გზა აქვს გასავლელი (თუ ეს რევანშები შედგა), მაგრამ, მან იცის ისიც, რომ – თბილისშიც და კიევშიც მას საკმაოდ უფრთხიან.

– მიფრთხიან? გამოდის, რომ ცოცხალი ვარ… მიფრთხიან? გამოდის, რომ სულაც არ ვარ წარსულის პოლიტიკოსი… – ასე აფასებს ვითარებას თავად სააკაშვილი.

ის დღეს გახდა ორივე ქვეყნის პოლიტიკური ელიტებისათვის საფრთხობელა – 2012-2017 წლებში, ასე სულაც არ იყო – “პოროშენკოს ფავორიტი” იყო და თბილისიც აქტიურად ითხოვდა მის ექსტრადიციას. ამან კი მნშვნელოვნად დააზარალა ფრონტისპირა ქვეყნების მმართველების ურთიერთობები.

***

ხუთი უკანასკნელი წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებს მხოლოდ ფორმალურად თუ ვუწოდებდით პარტნიორულს – იკლო ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ; საგარეო სამინისტროები ერთმანეთს არათუ სტრატეგიას არ უთანხმებდნენ, საპროტესტო ნოტებითაც კი მიმართავდნენ. უკრაინა სამართლიანად საყვედურობდა საქართველოს არასრულ მხარდაჭერაში საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო საქართველო პირიქით, ეჭვმიტანილი სააკაშვილის მფარველობაში.

რასაკვირველია, თავად უკრაინაშიც იყვნენ პოლიტიკოსები და ოლიგარქები, რომლებიც პოროშენკოს სააკაშვილის მოცილებას ურჩევდნენ, მაგრამ, “შოკოლადის იმპერიის იმპერატორი” ასე ადვილად დასაყაბულებელიც არ გამოდგა – მანამ, ვიდრე სააკაშვილმა თავად მის წინააღმდეგ არ გაილაშქრა, პოროშენკო მას დიდად არ ერჩოდა (მაგალითად, ავაკოვთან დაპირისპირების დროს) და ამით, სხვათა შორის, სააკაშვილის ქართველ მომხრეებშიც იგდებდა პოზიტიურ სახელს – ეს დღესაა უკრაინის პრეზიდენტი ოლიგარქადწოდებული, თორემ გუშინ, ანუ, თვეების წინ, უკრაინის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე მდგომი, “გმირი” პრეზიდენტი იყო.

სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგიდან საბოლოოდ მაშინ მოიხსნა, როდესაც პოროშენკომ პრინციპში გაუთვლელი ნაბიჯი გადადგა…(ვერასოდეს დადასტურდება, რომ ეს გაუთვლელი ნაბიჯი მან შეათანხმა საქართველოს ყოფილ პრემიერ ივანიშვილთან, თუმცა, ეს ვარაუდი უსაფუძვლო როდია) მას მოქალაქეობა ჩამოართვა და სააკაშვილის უკრაინელი ოპონენტებიც კი განაცვიფრა ამით – პოლიტიკოსს, რომლის რეიტინგიც უკრაინაში 4-5 %-ს არ სცდებოდა, პოროშენკომ მნიშვნელოვანი ფორა მისცა.

ამ ამბავმა კი მოაწესრიგა ურთიერთობები ოფიციალურ კიევსა და ოფიციალურ თბილისს შორის, მაგრამ, მსოფლიო თანამეგობრობაში მნიშვნელოვნაად შელახა პოროშენკოს რეპუტაცია. “მან უნებურად ითამაშა რუსული თამაში” , – ბრიტანულმა “გარდიანმა” ასე შეაფასა “შოკოლადის იმპერატორის” ეს ქმედება.

***

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი და კიევი შერიგდნენ, მაინც საკითხავია, ექნებათ თუ არა მათ ერთიანი პოზიცია საგარეო პოლიტიკაში. ფაქტია, რომ პოროშენკოს უკრაინა რუსეთთან ხისტ ურთიერთობას ამჯობინებს, ხოლო ივანიშვილის საქართველო მეზობელ მონსტრთან ურთიერთობაში კვლავინდებურად რბილია.

ამავე დროს, კითხვა – რა მოიგო სიხისტით უკრაინამ ან – რა წააგო საქართველომ სტრატეგიული მოთმინებით, აქტუალურია. თუ ობიექტურად შევაფასებთ, დღეის მდგომარეობით, არც უკრაინაა გამარჯვებული და არც – საქართველო. მიმდინარეობს რა პირდაპირი თუ ირიბი ომი ორივე ქვეყნის წინააღმდეგ, თვითკმაყოფილებით ტკბობის დრო ჯერაც არ დამდგარა.

მეორე მხრივ – პოროშენკოს მომხრეების აზრით, გააფთრებული წინააღმდეგობა (და ანტირუსული პოლიტიკა) რომ არ ყოფილიყო, რუსეთს კიევი უკვე აღებული ექნებოდა. დაახლოებით იგივეს ამბობენ საქართველოშიც – “რომ არა ჩვენი ვითარების განმუხტვაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რუსეთი უკვე თბილისში იქნებოდა”.

ასეა? არავინ იცის… თუმცა, ფაქტია, რომ რომ ევროპულ (და არა ამერიკულ) სანქციათა უმეტესობა რუსეთს სწორედ უკრაინის და არა საქართველოს გამო დაუწესდა. შესაბამისად, წონიანია ის არგუმენტიც, რომლის თანახმადაც, წლების შემდეგ, როცა მოსკოვი უარს უტყვის აგრესიულ პოლიტიკაზე, ის იოლად დატოვებს სწორედ (მხოლოდ) ლუგანსკ-დონეცკს და მაშინაც კი არ დათმობს სოხუმს… “ჩემთვის არავის უთქვამს, რომ აფხაზეთის ოკუპაციის გამო მიწესებდნენ სანქციებს”, – რუსი დიპლომატების სამომავლო პასუხი, შეიძლება, ასეთიც კი იყოს.

***

ერთის მხრივ კიევისა და მოსკოვის, მეორე მხრივ კიევისა და თბილისის, მესამე მხრივ თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობები მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორი ურთიერთობა ექნება პრეზიდენტ ტრამპს პრეზიდენტ პუტინთან კონკრეტულად და ზოგადად რუსეთთთან.

დღეს აღარავის ახსოვს, რომ მილიარდერის “ტრამპ თაუერის” არა მხოლოდ თბილისში, არამედ, მოსკოვში აშენების იდეაც კი განიხილებოდა წლების წინ… თუმცა, ისტორიის ჩარხი ისე დატრიალდა, რომ არათუ ცათამბჯენის აშენება აღარ განიხილება, არამედ, მოსკოვდა და ვაშინგტონს შორის ფლირტის პერიოდი ისტორიას, ჩანს, დიდი ხნით ჩაბარდა.

“რა პერიოდია ეს?.. გამყინვარების პერიოდია”, – ასე პასუხობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი კითხვას, რომელიც არა მხოლოდ რუსეთ-აშშ-ს, არამედ, რუსეთ-ევროპის ურთიერთობებსაც ეხება და ეს სამართლიანი შეფასებაა.

ბუნებრივია, ამ “გამყინვარების პერიოდში” დასავლეთს და უფრო კონკრეტულად აშშ-ს სჭირდება სტრატეგიული პარტნიორები უშუალოდ რუსეთის სამეზობლოში და მნიშვნელობა არ აქვს, რა სტატუსი ექნებათ მათ – იქნებიან ეს ქვეყნები ალიანსის წევრები თუ – არა… აშშ-ს “ძლიერი ხელი”, ანუ, გავლენა, უკრაინაში და საქართველოში საგრძნობია (დამოუკიდებლად იმისა, რამდენად მოსწონს მისი ლიდერები).

ამ პარტნიორობის დემონსტრირების ადრესატი, ცხადია, რუსეთია: “ეს ქვეყნები თავისუფლებას იმსახურებენ, ხოლო შენი პრეზიდენტის – პუტინის ოცნება – აღადგინოს სსრკ, ვერასოდეს ახდება”, – ვაშინგტონის გზავნილი, მოსკოვში კარგად ესმით.

რადგან ეს ასეა – თანამედროვე აშშ-ს ამ სტრატეგიის სათავისოდ გამოყენება წესით არ უნდა გაუჭირდეს არც ერთ გონიერ მთავრობას… შესაბამისად, პრაქტიკულად ყველა სტრატეგიული ნაბიჯი, რომელსაც დგამს ვთქვათ უკრაინის ან საქართველოს ხელისუფლება, შეთანხმებული უნდა იყოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან.

“ასეცაა – რა გგონიათ, ჩვენი სტრატეგიული დუმილის პოლიტიკა მხარდაჭერილი არაა აშშ-დან?”, – ესაა საქართველოს ხელისუფლების არგუმენტი.

“ასეცაა – რა გგონიათ, ჩვენი აქტიურობა საგარეო ფრონტზე, მხარდაჭერილი არაა აშშ-დან?”, – ესაა უკრაინის ხელისუფლების არგუმენტი.

 

და კვლავ სააკაშვილი

თუ ეს ასეა – გამოდის, რომ სააკაშვილის უკრაინიდან განდევნაც შეთანხმებული იყო აშშ-სთან… თუმცა, მეორე მხრივ, ალბათ უფრო არგუმენტირებულია ის მოსაზრება, რომ პოროშენკომ სწორედ ეს ნაბიჯი არ შეათანხმა კონკრეტულად ვაშინგტონთან და, უფრო ზოგადად, დასავლეთთან (ისევე, როგორც, მას ურჩევენ, გამოიტანოს რუსეთიდან ბიზნესი, მაგრამ, ბიზნესს რუსეთში ვერ ელევა).

ამ არასტანდარტული ვითარების გათვალისწინებითაც, ძალიან რთულია, განჭვრიტო პრეზიდენტ სააკაშვილის მომავალი… ის ჯიუტად ცდილობს, დაუბრუნდეს უკრაინის პოლიტიკურ სივრცეს.

თუმცა, მანამ, ვიდრე პოროშენკო იქნება უკრაინის მმართველი, მაღალი ალბათობით, მათი შერიგება ვერ მოხდება… ისევე, როგორც, ვერასოდეს მოხდება სააკაშვილ-ივანიშვილის ურთიერთობათა მოწესრიგებაც… იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ს რომელიმე მაღალჩინოსანი ღიად იტყვის, რომ მიესალმება ამ ურთიერთობათა მოწესრიგებას.
ამავე დროს, ფაქტია, რომ წესით მალე უნდა გაიხსნას კვანძი… წარმოუდგენელია, წლების განმავლობაში მისი – სააკაშვილის დარჩენა ასე – მოქალაქეობის და ოფიციალური სტატუსის გარეშე.

***

უკლებლივ ყველა ლიდერი, წესით, ხვდება, რომ დიდი ხანი ვერ გასტანს ვერც რუსეთის ამგვარად ხისტი პოლიტიკა – დაწესებული და ამოქმედებული სანქციები, შეტევები რუსეთის საგარეო და უფრო სადაზვერვო წარმომადგენლებზე, ფაქტობრივი “ცივი ომი” და ა.შ. რუსეთს, წესით, მიანგრევს (ანუ, დაასუსტებს) იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს მოსალოდნელია.

თუ ამას მოცემულობად მივიღებთ, მაშინ, გონიერ ლიდერთა ამბიცია უნდა იყოს, არა მხოლოდ დაესწრონ ამ დიდი ცვლილებების პერიოდს, არამედ, მონაწილეობაც მიიღონ მათში.