Loader

ივანიშვილის “ბებერი” და ჩუმი “ოცნება”

არმაზ სეფერთელიძე

თითქმის 5 წელი გავიდა “ქართული ოცნების” – თავდაპირველად შეკოწიწებული ბლოკის და, უკვე შემდგომ მხოლოდ პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლიდან და აუცილებელიცაა ხუთწლედის გააზრება.

***

2012 წელს ნამდვილად გაამართლა ივანიშვილის სტრატეგიამ – “თავისუფალი დემოკრატების” და რესპუბლიკელების ბლოკში შემოყვანით, ივანიშვილმა “ქართულ ოცნებას” შეუქმნა არარუსული (და არა ანტირუსული) გაერთიანების იმიჯი და მაშინ ამ ნაბიჯით “დაამტკიცა”, რომ თავად არ ან აღარაა “გაზპრომის” აქციონერი… პირიქით – მართებულად და რაციონალურად მოაზროვნე პოლიტიკოსია.

რასაკვირველია, ივანიშვილის პატრიოტობისა  არც მაშინ სწამდათ მაგალითად “ნაციონალებს”, რომლებიც მასთან ალიანსში შესულ უსუფაშვილ-ალასანიას “ლეღვის ფოთლებად” მოიხსენიებდნენ. თუმცა მაშინაც უწევდათ საპირისპირო არგუმენტის მოსმენა – რომ არა ეს, თუნდაც “ლეღვის ფოთლობად” შეფასებული ქმედება, ქვეყნისათვის სასარგებლო რამდენიმე ამბავი, ალბათ ვერც მოხდებოდა – ალასანიას მინისტრობისას გაიმართა ნატოს ისტორიული უელსის სამიტი და გადაწყდა, რომ საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი შეიქმნებოდა; ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობისას კი საქართველოს პროგრესი ნატოს მიმართულებით კიდევ უფრო განმტკიცდა.

რამდენად მივაღწევდით ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან და მისი ნაწილს – თავისუფალი ვაჭრობის უფლებას, რომ არა მაშინდელი საგარეო და, აგრეთვე, ევროინტეგრაციის სახელმწიფო სამინისტროების მართებული ნაბიჯები?.. ივანიშვილის ოპონენტთა ერთი ნაწილის თქმით, მაინც მივარწევდით, რადგან ამ ყველაფერს საფუძველი “ნაციონალებმა” ჩაუყარეს, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, რომ ეს მიღწევები უმნიშვნელო იყო, რადგან  ივანიშვილის ცრუ, არამართებულ იმიჯს ქმნიდა.

ამ შედეგების მიუხედავად, ივანიშვილი იოლად დაემშვიდობა პარტნიორებს – ალასანიას შედარებით ადრე, უსუფაშვილს – შედარებით გვიან. მეტიც, არათუ დაემშვიდობა, იმდენიც კი მოახერხა, რომ პარტიები გახლეჩილიყო და ზოგ ლიდერს საერთოდაც ეთქვა – “მე პოლიტიკიდან მივდივარ”.

ივანიშვილმა სივრიციდან კი განდევნა ალასანია, მაგრამ, ამ პერიოდში  ოსტატურად მიიმხრო “თავისუფალი დემოკრატების” სხვა ლიდერები. შეგახსენებთ – მათგან სამი (დოლიძე, წულუკიანი და იზორია) დღესაც მინისტრია, ვიცე-მინისტრების, გუბერნატორების, ვიცე-გუბერნატორების, ელჩების და დეპარტამენტების უფროსების რაოდენობა კი სამ ათეულამდეა.

“ირაკლისაც რომ ეხმარა ჭკუა, ისიც სადმე იქნებოდა”, – ალასანიას გულშემატკივართა ნაწილი დღესაც ამას ამბობს; თუმცა, მხარდამჭერთა მეორე ნაწილის აზრით, სწორედ ალასანია მოიქცა მართებულად და არა ვთქვათ ელჩი ზურა აბაშიძე – ალასანიას მეგობარი და პარტიის დამფუძნებელი.

თუ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთა და დამფუძნებელთა კარიერას მიმოვავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ ალასანია, ჩიქოვანი, პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე არიან პოლიტიკიდან გასულ-გარიყულები, ყველა დანარჩენი ან ოპოზიციაშია (შავგულიძე და გოგუაძე), ანაც – მთავრობაში კონკრეტულად თუ ხელისუფლებაში ზოგადად.

ერთია “თავ.დემების” ბედი და ხვედრი და მეორე – რესპუბლიკელებისა – ამ პარტიაშიც მოხდა განხეთქილება – პარტია დატოვა უსუფაშვილ-ხიდაშელის დუეტმა და, რა თქმა უნდა, ამით რესპუბლიკელებმა მხოლოდ იზარალეს. უსუფაშვილი ცდილობს ახალი  – “შენების” პარტიის შექმნას, მაგრამ, საეჭვოა, დაიბრუნოს ოდინდელი, ანუ, სახელისუფლო პოზიციები.

რა გახდა რესპუბლიკელთა შორის განხეთქილების მიზეზი? ცხადია, კონკრეტული არგუმენტებიც უხვად მოეძიებათ ოდინდელ პარტნიორებს, მაგრამ, მთავარი მაინც სტრატეგიაა – დარჩენილები უფრო მკაცრ, ხისტ პოლიტიკას ამჯობინებდნენ ივანიშვილთან ურთიერთობაში, წასულები, განსაკუთრებით უსუფაშვილი – შედარებით რბილს (ამ სტრატეგიამ აშკარად ვერ გაამართლა).

***


“ოცნების” განუყოფელი ნაწილია ივანიშვილზე დამოკიდებულთა ათეულები, ვისთვისაც ყველა ფორმალური მმართველი დროებითია, რადგან მაინც ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც “მთავარი მმართველი” იტყვის. “ოცნებაში” აღარ არიან ისეთი ოდიოზური პირები, როგორიც იყო, ვთქვათ თოფაძე, მაგრამ, თოფაძის თუ მეჭიაურისეული სულისკვეთება კვლავაც მძლავრია.


ამ ორ პარტიასთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, “ოცნების” დღის წესრიგში კვლავაც დადგა დასავლური პარტიის იმიჯის შენარჩუნების საკითხი. მთავარი მოტივაცია, რატომაც ივანიშვილმა განახლებულ პარტიაში მოიწვია მაგალითად მინისტრი ჯანელიძე და ვთქვათ დეპუტატები – ხულორდავა, ჩუგოშვილი თუ ქაცარავა, სწორედ ამ იმიჯზე ზრუნვა იყო. ივანიშვილიც და, შესაბამისად, კვირიკაშვილიც ხვდებოდნენ, რომ პარტიის ძველი სახეები – ვოლსკი და ბესელია ვერ უზრუნველყოფდნენ საჭირო და აუცილებელ რეპუტაციას, ამდენად, ინგლისურის საუკეთესოდ მცოდნეებითაც უნდა დაებალანსებინათ შედარებით ძველი პერსონები.

“ისინიც ლეღვის ფოთლები არიან” – ამბობენ დღეს “ნაციონალურ მოძრაობაში” და “მართლები” არიან – თუ “თავისუფალ დემოკრატებს”, კერძოდ კი ალასანიას მიღწევა მაინც ჰქონდათ, ახალი ლიდერები დიდად ვერ დაიკვეხნიან – ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაა მათი მთავარი და “ერთადერთი” შედეგი.

ამავე დროს, განსხვავებით გარიყული ვთქვათ ხიდაშელისაგან, ახალ სახეებს ივანიშვილი მაინც მეტად ენდობა. რატომ? პოლიტიკური ამბიცია-იდენტობა მათ უმრავლესობას არ აქვს – ერთ დღესაც ყველაფერი რომ დაინგრეს, მათგან უმრავლესობა პოლიტიკას კი არ შერჩება, არამედ ან არასამთავრობო სექტორში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში, ან ბიზნესში გადაინაცვლებს.

იდენტობით არაპოლიტიკოსების მიმართ ივანიშვილს განსაკუთრებით დიდი ვნება აქვს – “პოლიტიკოსებმა დაღუპეს ქვეყანა”; “პოლიტიკოსები არიან  ვაჭრუკანები”; “პოლიტიკოსებმა ვერაფერი დააკლეს სააკაშვილს და ამიტომ უნდა გამოვცვალოთ”, – ეს დისკურსია ივანიშვილში თუ ივანიშვილთან ერთად.

***

ის, რომ დღევანდელი, “მონოლითური” ოცნებაც არაა ერთი გუნდი, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ცალკე ჯგუფი ჰყავს კვირიკაშვილს, ცალკე – ღარიბაშვილს, რომელიც კი აღარაა ფორმალური ხელისუფალი, მაგრამ, საცეცები ხელისუფლებაში (განსაკუთრებით შსს-ში) შერჩა.

“ოცნების” განუყოფელი ნაწილია ივანიშვილზე დამოკიდებულთა ათეულები, ვისთვისაც ყველა ფორმალური მმართველი დროებითია, რადგან მაინც ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც “მთავარი მმართველი” იტყვის. “ოცნებაში” აღარ არიან ისეთი ოდიოზური პირები, როგორიც იყო, ვთქვათ თოფაძე, მაგრამ, თოფაძის თუ მეჭიაურისეული სულისკვეთება კვლავაც მძლავრია.

“ოცნებაში” თავისი ხალხი ჰყავს “ოცნებელ” კალაძეს და ხშირად კია თანხვედრაში მისი და კვირიკაშვილის გუნდის ინტერესები, მაგრამ, პერიოდულად, კალაძის გუნდი დამოუკიდებელ თამაშითაც ერთობა.

სხვათა შორის, კალაძის გუნდელია პარლამენტის ლიდერი ირაკლი კობახიძეც, რომელიც მაღალი ალბათობით თავმჯდომარის პოსტს დატოვებს მაშინვე, როგორც კი მოახერხებს და საკუთარ სადოქტოროზე დაფუძნებულ კონსტიტუციას გაიტანს-დაამტკიცებინებს ხმის უფლების მქონე დეპუტატებს.

ვინ მოდის და ვინ ბრუნდება?

ახალი ლიდერების შექმნა-ჩამოყალიბების ივანიშვილსეულმა სტრატეგიამ  აშკარად ვერ გაამართლა – კვირიკაშვილიც კი, თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით ისევე გაქრება ასპარეზიდან, როგორც გაქრა ღარიბაშვილი… (მას ჩაანაცვლებს ვთქვათ ქუმსიშვილი, ქუმსიშვილს – გახარია და ა.შ.) ამდენად, საზოგადოების დღის  წესრიგში დგას ბუნებრივი და არა ხელოვნური სელექციის საკითხი. საეჭვოა, რომ პარლამენტართა უმრავლესობა შერჩეს პოლიტიკას ვთქვათ 4-5 წლის შემდეგ. “მომაბეზრებელი და უშემოსავლოა”, – იტყვიან ისინი, ვისთვისაც 2012 ან 2016 წლამდე პოლიტიკა მხოლოდ დაკვირვების სფერო იყო.

…ვინაიდან ქართულ პოლიტიკას აშკარად აკლია ლიდერები, არ არის გამორიცხული, რომ ძველმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ სცადონ ბედი. სავარაუდოდ ეს 2020 წლისათვის მოხდება, ანუ მაშინ, როცა “ოცნება” უკვე 7 წლის, შესაბამისად, “ბებერი” იქნება.