Loader

როცა რუსული პროპაგანდა ქინძმარაულსა და ხაჭაპურზე “გიჟდება”

გიორგი მოლოდინი
სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველო
www.strat.com.ge

“საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების შემდეგ ქართულ საზოგადოებაში და მათ შორის, ვიწრო, საექსპერტო-ანალიტიკურ წრეებში, კიდევ უფრო გამძაფრდა დისკურსი იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება (საბოლოო მიზნით – წევრობა), რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის გაცილებით ნაკლები საფრთხის შემცველია, ვიდრე საქართველოს ნატო გაწევრიანების სურვილი.

როგორც წესი, ამ დისკურსის ძირითად, წამყვან არგუმენტად ადრეც და ახლა კიდევ უფრო მძაფრად, რუსეთის ხისტი და დეკლარირებული პოლიტიკა წარმოადგენს. ამ გზაზე, აღნიშნული პოზიციის დამცველთა მთავარი გზავნილი კი დაახლოებით ასე იკითხება – „მეტი ნატო საქართველოში ნიშნავს კიდევ ერთ ომს რუსეთთან“.

მაღალი ალბათობით, ე.წ. საექსპერტო და ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა პატივისცემის მიუხედავად, აღნიშნული მოსაზრება საკმაოდ მიამიტური და მცდარია. საქართველოს ევროკავშირთან ნებისმიერ ფორმატში დაახლოება, მოსკოვისთვის სერიოზულ თავისტიკივილს წარმოადგენს.

ევროკავშირთან ურთიერთობების ინტენსიფიკაცია სულ უფრო აშორებს თბილისსა და მოსკოვს, ქმნის რეალურ შესაძლებლობას და კრემლისთვის, ისეთი ყალბი და პროპაგანდისტული კონსტრუქციების გაქრობის საფრთხეს ქმნის, როგორებიცაა: „კავშირში“ ქართველთა წარსული დიდების, უფროსი და უმცროსი ძმის, ეკონომიკური აღმავლობის გზაზე მოსკოვის უალტერნატივობის, ერთმორწმუნეობის და სხვა თემების შესახებ. ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში უვიზოზო მიმოსვლა კიდევ უფრო ზრდის, მეორე, ალტერნატიული რეალობის ეფექტიანად შეთავაზების შესაძლებლობებს – რეალობის, რომელიც შედარებისა და შეფასების, ასევე, ახალი ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს.


რა უპირატესობები რჩება რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას საქართველოში?

ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებები – მიმდინარე წლის 11-12 მარტის ბათუმის ქრონიკები გვაფიქრებინებს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების შემთხვევაში, საზოგადოება შეიძლება მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში, სახელდობრ რუსულენოვანი მოსახლეობა არ გვყავს, ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტების პროვოცირების კომპონენტს მოსკოვი თავის სამოქმედო გეგმიდან, მაღალი ალბათობით, ჯერ კიდევ დიდხანს არ ამოიღებს.

 

ეკონომიკა – საქართველოს არასახარბიელო სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობა მოსკოვისათვის ყველაზე ხელსაყრელი დასაყრდენია. ჩვენი მხრიდან დასავლური კურსის ჯიუტი და ხმამაღალი დეკლარირების ფონზე მისთვის ყველაზე ადვილია ქვეყნის დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ამ გზაზე კრემლი აუცილებლად იპოვის მჭიდრო კავშირს დასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციასა და ქართველების „ცარიელ ჯიბეებს“ შორის.

 


დღეს აღარავინ დავობს, რომ რფ-ში საქართველოზე ფიქრობენ, როგორც მათი ლეგიტიმური ინტერესების სფეროზე, რომელიც რუსულ პოლიტიკურ ფარვატერს უნდა დაუბრუნდეს. ამ რუსულ პოზიციას კიდევ უფრო აწრთობს და პერიოდულად კვებას ასევე რუსული, მახინჯი და საფუძველს მოკლებული გრძნობა-განცდები ქართველების მიმართ, რომლებმაც თითქოს მოსკოვს „უღალატეს“. ეროვნული ინტერესების პრაგამატულ-ფსიქოლოგიური მოსაზრებების ნაზავიდან გამომდინარე, რუსეთში ფიქრობენ, რომ საქართველოს მაგალითი არ უნდა იქცეს რუსეთის ე. წ. „გავლენის სფეროდან“ საქართველოს წასვლის წარმატებულ და სხვისთვის მიმზიდველ მაგალითად, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიისთვის და სომხეთისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი დაბრკოლება და ინსტრუმენტი, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის ხიდებს სულ უფრო მეტი სიმძაფრით დაწვავს, კრემლში დამატებით საფრთხედ იქნება აღქმული. შესაბამისად, ვიზალიბერალიზაცია სწორედ ამ ტიპის ფაქტორებს უნდა მივაკუთვნოთ.

ამდენად, ჩვენი ინტერესისა და განსაკუთრებული დაკვირვების საგანს, ბუნებრივად უნდა წარმოადგენდეს რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და სავარაუდო იმპლიკაციები საქართველოსთვის. მით უფრო მაშინ, როდესაც 1950 წლებში დაწყებული ეს ევროპული პროექტი დღეს ყველაზე დიდი კრიზისი წინაშე დგას, მაგალითად, ბრექსითის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილი არჩევნების სახით.

რუსეთის კორუფციული და ავტორიტარული რეჟიმი, რუსული საინფორმაციო და კიბერომების მასშტაბები ევროკავშირსა და არამარტო ევროკავშირში, საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებისთვის აუცილებელი ნათელი და ადეკვატური „საგზაო რუკის“ არარსებობა, აშშ-ს ახალი ხელმძღვანელობის საერთაშორისო პოლიტიკური პრიორიტეტები, და არცთუ სახარბიელო პოლიტიკური ვითარება ევროპულ გაერთიანებაში, ჯამში, საქართველოსთვის, ნამდვილად არ ქმნის ნათელი პოლიტიკური მომავლის იმედებს. გლობალურ, საერთაშორისო ურთიერთობებში გამეფებული გაურკვევლობის პირობებში, რფ-ის მმართველი პოლიტიკურ ელიტა აქტიურად ცდილობს დაამტკიცოს, რომ მის საზღვრების სიახლოვეს არცერთი, არანაირი ტიპის თუ შინაარსის გაერთიანების გაფართოება-მიახლოვებას არ მიესალმება. საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელშესახებ შედეგებს მოუტანს, სამაგალითო სისასტიკით იქნება შეჩერებული. ამ ჭრილში, საინტერესოა ვლადიმირ პუტინის ერთ ერთი ბოლო განცხადება – რუსეთი მიმართავს სამხედრო ქმედებებს, თუ შვედეთი ნატოში შევა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილი სამხედრო ინფრასტრუქტურა, ექსპერტთა თქმით, საკმარისია და გამართულია იმ ფორმით, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ავტონომიურად შეასრულონ ესა თუ ის საბრძოლო ამოცანა. თუმცა, მოწინააღმდეგის გამართული თავდაცვის სისტემის შემთხვევაში, რუსეთში იციან, რომ საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტი ვერ იქნება „გასეირნება“ – სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების ერთობლიობის გათვალისწინებით. ამდენად, ფიქრი იმაზე, რომ მოსკოვი აღნიშნულ მოცემულობას დასჯერდება, არ არის მართებული.

გარდა ამისა, რუსეთის მხრიდან, საქართველოს, როგორც ბარიერის აღქმა რუსეთ-სომხეთის ბუნებრივი და დაუბრკოლებელი კომუნიკაციისათვის, საერთოდაც არ მიეკუთვნება აზრთა ვირტუალურ კატეგორიას. ახალ, ალტერნატიულ და სტრატეგიულ საკომუნიკაციო კავშირზე – რუსეთი-სომხეთი და უფრო ქვემოთ, ახლო-აღმოსავლეთი, სადაც საქართველო „პრობლემატური რგოლი“ აღარ იქნება, კრემლში ნამდვილად არ იტყოდნენ უარს.

გარდა ამისა, „წარმატებული საქართველო“, რომლის მოქალაქეებიც დღეს უკვე „37 ევროდ“ და უვიზოდ მოგზაურობენ ევროპის ქვეყნებში, სომხეთისთვის არ უნდა გახდეს მისაბაძი მაგალითი. ამდენად, ფიქრი რუსეთთან პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაზე, გულუბრყვილობას უფრო ჰგავს.

ჯერჯერობით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის რუსეთთან ურთიერთობების რეგულირების პოლიტიკა კრემლს საფუძველს არ აძლევს საერთაშორისო არენაზე კვლავ „არაკომპეტენტურ სუვერენიტეტად“ მოგვნათლოს და ღია სამხედრო აგრესიაზე იფიქროს. თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო პოლიტიკის კულისებში რუსეთის დიპლომატიურმა მანქანამ საქართველოს, როგორც მკვეთრად დასავლური პოლიტიკური ორიენტაციის მქონე სახელმწიფოს პოზიცინირებასთან ბრძოლა შეწყვიტა. ძნელად წარმოსადგენია, ვიფიქროთ, რომ მოსკოვში ხელი აიღეს „საქართველოს პრობლემის“ საბოლოოდ მოგვარებაზე.

რუსეთ-საქართველოს ისტორიის ზერელე ანალიზი კრემლს „კარგ გაკვეთილს“ სთავაზობს. საქართველოსთან 200 წლიანი ურთიერთობების საფუძველზე, მათ იციან, რომ ტერიტორიების დაკავება (ოკუპაცია) აპრიორი საბოლოო გამარჯვებას არ ნიშნავს. ამიტომ, კრემლში აცნობიერებენ, რომ ვიდრე უხეში ძალის გამოყენებამდე, დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნებისთვის სასიცოხცლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობის „გულისა და გონების“ ოკუპაციაც (To Win Hearts and Minds). საქართველოში პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სხვა რა მიზნებს უნდა დავუკავშიროთ?! ამ გზაზე, საინტერესოა, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნატო-ში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა იზრდება.

რა უპირატესობები რჩება რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას საქართველოში?

ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებები – მიმდინარე წლის 11-12 მარტის ბათუმის ქრონიკები გვაფიქრებინებს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების შემთხვევაში, საზოგადოება შეიძლება მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში, სახელდობრ რუსულენოვანი მოსახლეობა არ გვყავს, ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტების პროვოცირების კომპონენტს მოსკოვი თავის სამოქმედო გეგმიდან, მაღალი ალბათობით, ჯერ კიდევ დიდხანს არ ამოიღებს.

ეკონომიკა – საქართველოს არასახარბიელო სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობა მოსკოვისათვის ყველაზე ხელსაყრელი დასაყრდენია. ჩვენი მხრიდან დასავლური კურსის ჯიუტი და ხმამაღალი დეკლარირების ფონზე მისთვის ყველაზე ადვილია ქვეყნის დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ამ გზაზე კრემლი აუცილებლად იპოვის მჭიდრო კავშირს დასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციასა და ქართველების „ცარიელ ჯიბეებს“ შორის.

ამ ჭრილში, ჩვენდა საბედნიეროდ, უნდა ითქვას, რომ ჩვენს საზოგადოებაში საბჭოთა კავშირის შესახებ შემორჩენილ ნოსტალგიურ განწყობებს, ღირებულებებთან (Velue) არაფერი აქვთ საერთო. წუხილი „წარსული დიდების“ შესახებ მეტწილად ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება, რომელსაც რუსული პროპაგანდა დღესაც მოხერხებულად იყენებს. მაღალი ალბათობით, საქმე  დამოკიდებულებებსა (Attitudes) და ქცევის წესთან (Behavior) უფრო გვაქვს, რომელიც, გონივრული პოლიტიკის შედეგად, ღირებულებებისგან განსხვავებით, გაცილებით მარტივად იცვლება.

რა შემთხვევაში შეიძლება გაიმარჯვოს რუსულმა პროპაგანდამ?

ალბათ უფრო მაშინ, თუ კრემლი ამ შემორჩენილი დამოკიდებულებებისა და ქცევების ღირებულებებად ტრანსფორმირებას მოახერხებს. ამით, ის კიდევ უფრო გაართულებდა ქართული საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ „ძალა ევროპაშია“. ამ გზაზე, დროულად უნდა მოხდეს სტრატეგიული კომუნიკაციების, როგორც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის გააზრება.

მანამდე კი, თბილისის მცდელობა – დაალაგოს ურთიერთობები მოსკოვთან, თამამად შეიძლება ფორმულირდეს, როგორც „ცალმხრივი კომუნიკაცია“. რეალურად, რუსეთს საქართველოს მიმართ არც დღეს და არც ისტორიის რომელიმე სხვა ეტაპზე, პოზიტიური დღის წესრიგი არ ჰქონია. თბილისთან ურთიერთობაში „ცენტრი“ ვერც ოდესმე და ვერც დღეს ვერ ღალატობს იმპერიულ ამპარტავნებას.

ორმხირივ ურთიერთობებში, მოსკოვისთვის არ არსებობს პარტნიორის, ანუ „თბილისის ინტერესი“. ალბათ გვახსოვს სერგეი ლავროვის ერთ-ერთი ბოლო განცხადება საქართველოზე, როდესაც მან საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის მიმართ მოწყვლად სახელმწიფოდ მოიხსენია. მისი თქმით, საქართველოდან მომდინარე საფრთხეების გამო, რუსეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხი რთული გადასაწყვეტია. მსგავსი განცხადებები საკმარისზე მეტია, რათა ვიფიქროთ, რომ ურთიერთობების რეგულირების შედეგად მიღწეული ეს მოჩვენებითი „მშვიდობა“ ნებისმიერ დროს შეიძლება საქართველოს საერთაშორისო არენაზე დისკრედიტაციის აქტიური და ღია საინფორმაციო პოლიტიკით შეიცვალოს.

უფრო მეტიც, ეს განცხადება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ მოსკოვს არასდროს ექნება სურვილი, შეცვალოს მეზობლებთან ურთიერთობების პოლიტიკა. „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკა – ეს არის ის, რაც კრემლში ყველაზე კარგად გამოსდით და აქაც, „მათრახი“, რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის ყველაზე ახლობელი ინსტრუმენტია. მათ, უბრალოდ, სხვაგვარად არ შეუძლიათ, ამ ქვეყანას უბრალოდ არ აქვს სახელმწიფოთაშორისი (მით უფრო მეზობლებთან) ურთიერთობების დემოკრატიული გამოცდილებისა ან/და ტრადიციის ისტორია.

დაბოლოს, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პოლიტიკა მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდება წარმატებად, თუ საქართველო შეძლებს მშვიდობიანი თანაცხოვრების პერიოდის გონივრულ გამოყენებას. მშვიდობის გახანგრძლივების ერთადერთ სტრატეგიულ მიზნად კი ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკისა და თავდაცვისუნარიანობის მაქსიმალური გაძლიერება უნდა იქცეს.