Loader

დაუსრულებელი მიშა!

ახლა 10 სექტემბრის საღამოს 22:30-ია. მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის უკანონოდ გამომკვეთი, ავტობუსით ლვოვის მიმართულებით მიემგზავრება. 

მანამდე იყო საზღვრის დალაშქვრა… ჯერ თქვა, ავტობუსით მივდივარო, მერე თქვა – მატარებლითო და მაშინ, როცა პოროშენკომ სავარაუდოდ პირადად ბრძანა, რომ ევროკავშირში!!! გაჩერებული მატერებელი არც დაძრილუყო, სააკაშვილმა კიდევ  ერთხელ შეცვალა გადაწყვეტილება და უკრაინაში ისევ ავტობუსით გაემგზავრა.

მის გვერდით, გარდა სარიუშ ვოლსკისა (რომელიც მისი მხარდამჭერია) იდგა –  იულია ტიმოშჩენკოიანუკოვიჩის პირადი პატიმარი, უკრაინის ყოფილი პრემიერი… თუმცა, მოდი, ვთქვათ სიმართლე, პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და, შესაძლოა, ამის გახსენება ახლა არაპოპულარულია, მაგრამ, არ თქმაც არ შეიძლება – არის თუ არა იულია უკრაინის პატრიოტი?.. თუ იულია რუსეთის ოდინდელი აგენტია – უკრაინის ინტერესების შემლახავი გაზის ცნობილი კონტრაქტის გამო?!

მაგრამ, ჩვენ ახლა იულია და მისი პერსონა არ გვაინტერეებს – მისი ეკრანზე მიშას გვერდით გამოჩენა ცოტა საჩოთირო კია, მაგრამ,  ყურადღებაგასამახვილებელი – ნაკლებად.

ახლა ჩვენ მიშაზე ვწერთ – სააკაშვილზე – უდავოდ არაორდინალურ პოლიტიკოსზე, რომელმაც მოახერხა და უკრაინის საზღვარი გადაკვეთა… შესბამისად, დააჩქარა უკრაინაში მესამე რევოლუციის დაწყების თარიღი, უფრო ზუსტად, კვანძის გახსნა უკრაინასთან ან უშუალოდ მასთან მიმართებაში.

***

უკრაინას ჰყავს კანონიერი ლიდერი – პეტრო პოროშენკო. რომელმაც “ღირსების რევოლუციის” შემდეგ, არჩევნების შედეგად მოიპოვა პრეზიდენტობა. უკრაინა მხოლოდ გარკვეულწილად შეიცვალა მისი მმართველობის პერიოდში. მაგალითად, მან მნიშვნელოვნად შეცვალა არმია, რომელიც წინააღმდეგობას მაინც უწევს  აგრესორ რუსეთს, თუმცა, ვერაფერი მოუხერხა ეკონომიკას, ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ ჭაობშია და კორუფცია მას ხრავს.

მთავარი, რაც პოროშენკომ ვერ მოახერხა, ვეებერთელა ქვეყნის რეფორმირებაა. არამონოლითური, მინიმუმ აღმოსავლეთ და დასავლეთად დაყოფილი ქვეყანის კორუფციისაგან გათავისუფლება, რეალურად, რთულიც იყო, თუმცა, ერთია სირთულე და მეორეა, ნების არქონა – პოროშენკომ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლაში და ყველაფერი არათუ დაუთმო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა “ახალ უკრაინელებს”, არამედ, უარესი – კიდევ უფრო შეეზარდა ოლიგარქიას.

უკრაინა, ომში მყოფი ქვეყანა,  დრომოჭმული СНГ – დან რომ არ გამოსულა, ეს ერთი პრობლემაა და მეორე ის, რომ “შოკოლადის იმპერატორს” ბიზნესებიც კი არ გამოუტანია მტერი პუტინის სამშობლოდან.

სწორედ ეს და ამგვარი არგუმენტები ჰქონდა და აქვს მის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილს – უკრაინის არაუკრაინელ პოლიტიკოსს, რომლის რეიტინგიც, თუ გულრწფელები ვიქნებით, მართლაც დაბალი იყო მოქალაქეობის ჩამორთმევამდე, მაგრამ, ახლა, შეუდარებლად მომატებულია – ყველგან ასეა – მამაცებს თუ მამაცად აღქმულებს, დაჩაგრულებს თუ დაჩაგრულად აღქმულებს, საზოგადოება თანაუგრძნობს, ისინი მოსწონს კიდეც.

ჰოდა, სააკაშვილი  აშშ-ში იყო, როცა პრეზიდენტმა პოროშენკომ მას მოქალაქეობა ჩამოართვა. ცხადია, ეს უკანონო ქმედება იყო, მაგრამ, უკანონობის გარდა, გაუთვლელიც. ევროპა-ამერიკაში უამრავმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა პოროშენკო ამის გამო… გააკრიტიკა კი არა, რუსეთის ინტერესების გატარებაში დასდო ბრალი.

წარმოიდგინეთ – რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის დადანაშაულება რუსეთის ინტერესების გატარებაში –  სააკაშვილმა მოახერხა და პოროშენკოს აჰკიდა რუსეთის ინტერესების გამტარებლის სახელი… და ეს მხოლოდ მიშას საოცარი ოსტატობის დამადასტურებელი კი არაა, პეტროს უუნარობისაც…

***

დავუბრუნდეთ 10 სექტემბრის მოვლენებს – რამდენიმე დღის განმავლობაში აანონსებდა სააკაშვილი ამ… ლაშქრობას. შესაბამისად, რამდენიმე დღე ჰქონდათ უკრაინის პოლიტიკურ და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს, რომ გაეთვალათ ყველა სცენარი.

იფიქრეს, იფიქრეს და, მოიფიქრეს, რომ საზღვარი გაემაგრებინათ და არასასურველი პოლიტიკოსი არ შეეშვათ… დამატებით, დაახვედრეს “ტიტუშკები”, ანუ, ტიპები, რომლებიც პოროშენკოს ხელისუფლებას, უფრო კი უკრაინელ ხალხს, უპირისპირდებოდნენ მეიდანის მოვლენების დროს.

სააკაშვილმა, როგორც თავად ამბობს, ექსცესების თავიდან აცილების მიზეზით გადაიფიქრა ავტობუსით მგზავრობა და მატარებლის ბილეთი აიღო.

კიევში კვლავ შეიკრიბა პოლიტიკური ხელმძღვანელობა. იფიქრა, იფიქრა და, ევროკავშირის ტერიტორიაზე გასცა ბრძანება, რომ მატარებელი… არ დაძრულიყო.

ყველაფერი სწორედ სააკაშვილის სცენარით მიმდინარეობდა, მაგრამ, ახლა, მატარებლის გაჩერების შემდეგ, სააკაშვილმა ნამდვილად იგრძნო გამარჯვების სუნი.

იგრძნო და გადაჯდა ისევ ავტობუსში და მიაღწია საზღვრამდე.

კიევში კვლავ შეიკრიბნენ… (პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სპეც.სამსახურების ხელმძღვანელები)… იფიქრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს, რომ მგზავრი მესაზღვრეებს არ შეეშვათ.

ასეც მოხდა… და სააკაშვილმა კიდევ ერთხელ იგრძნო გამარჯვების სუნი (თუმცა, არსებობს ვერსია, რომ მესაზღვრეების უკანონო ქმედება იყო სპეციალური უკანონობა, რათა სააკაშვილს სწორედ ძალით გაერღვია კორდონი და ამით კიევის ხელისუფლებას მისცემოდა ფორმალური საფუძველი, რომ მომავალში მიედავოს მას საზღვრის უკანონო კვეთასა და საზღვარზე ძალადობაში).

***

ამ წუთებში სააკაშვილი ლვოვის გზაზეა (როცა თქვენ ამ სტრიქონებს კითხულობთ, შესაძლოა, უკვე დაკავებულიც (მაგალითად, 11 ან 12 სექტემბერს)… ან, უკვე კიევში… ან – კიევი-თბილისის რეისზე).

პოროშენკოს დარჩა სამი გზა – დააკავოს სააკაშვილი და ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა წარუდგინოს.

მაგრამ ეს გზა პოროშენკოს დაანგრევს – სარიუშ ვოლსკი კი არა, ევროპარლამენტართა უმრავლესობა დაუდგება სააკაშვილს მხარში.

მეორე გზაა სააკაშვილის ასე დატოვება – მისთვის მოქალაქეობის დაბრუნება… რაც გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა. ოღონდ, ვის რად უნდა ამგვარი პრეზიდენტი… რომელიც შეცდომას შეცდომაზე უშვებს?

მესამე გზაა დაკავება და საქართველოსთვის გადმოცემა…

ყველა შემთხვევაში, სააკაშვილის თამაში წაუგებელს წააგავს… მით უფრო თუ ის რომელიმე ქვეყნის საპატიმროში მოხვდება.