Loader

ვიმსახურებთ თუ არა – მეტს?!

შორსაა თუ არა დასავლეთი საქართველოდან? – ამ კითხვას, ბუნებრივია, განსხვავებულად უპასუხებს ერთის მხრივ “ჰომო სოვიეტიკუსი” და, მეორე მხრივ, პირი, რომელსაც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია არა მხოლოდ სურს, არამედ, ქმედებს კიდეც ამ ინტეგრაციისათვის.

კურტ ვოლკერი – აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელი უკრაინაში, აშშ-ს ყოფილი ელჩი NATO- ში, ამბობს, რომ შეცდომაა დასავლეთის გეოგრაფიულ სივრცედ წარმოდგენა.

“დასავლეთი, უპირველესად, ღირებულებათა სივრცეა”, – ამბობს ვოლკერი.

***

ვიდრე საქართველოზე ვისაუბრებდეთ, ვახსენოთ, ვთქვათ… ყაზახეთი – შეიძლება თუ არა, რომ “ნაზარბაევის სამფლობელო” მოვიაზროთ დასავლეთად თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ ყაზახეთი, ერთ, მართლაც მშვენიერ დღეს, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნება და ისევე დაიცავს ვთქვათ ადამიანის უფლებებს, როგორც, მაგალითად, შვედეთი?!

გეოგრაფიული სიშორე გეოგრაფიულ დასავლეთთან, ანუ, ევროპასთან, მაინც იქნება ის ფაქტორი, რომლის გამოც, ყაზახეთს, ვერ გავუტოლებთ ხსენებულ შვედეთს. ამავე დროს, კითხვა – არის თუ არა გეოგრაფიულად უკიდურესი აღმოსავლეთი – იაპონია, დასავლეთის, ანუ (მაშასადამე) დემოკრატიის ნაწილი, ცხადია, პასუხგაცემულია. იაპონიის მაგალითი ცხადყოფს, რომ, შეიძლება ქვეყანა იყოს აღმოსავლეთში, მაგრამ, იყოს იმდენად დემოკრატიული, რომ მას “დასავლეთი” ეწოდოს.

***

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის თაოსნობით დედაქალაქში მიმდინარეობს, ხსენებული კურტ ვოლკერის შესავალი სიტყვით გაიხსნა – ვოკლერმა, ვიდრე ჯერ პრეზიდენტ მარგველაშვილს და შემდეგ პრემიერ კვირიკაშვილს გადასცემდა “მისასალმებელ სიტყვებს”, თქვა, რომ მთავარი, მაინც დემოკრატიაა.

პრეზიდენტი მარგველაშვილი და პრემიერი კვირიკაშვილიც, პრინციპში, ამ მოსაზრებას იზიარებენ, მხოლოდ, უკვე შემდგომ ინტერპრეტაციებში, განსხვავებული პოზიციები აქვთ. პრემიერი ყურადღებას სახელმწიფოს მიღწევებზე ამახვილებს, პრეზიდენტი – საერთაშორისო კონტექსტზე.

პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოსთვის მთავარი ამოცანაა, გაუძლოს რუსულ ჰიბრიდულ ომს და, შესაბამისად, შეუერთდეს ევროპას  საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით. ხოლო იდენტობის თვალსაჩინოებად ასახელებს მათ შორის ინდივიდუალიზმს და ტოლერანტობას.

“ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ მივიღოთ განსხვავებულები”, – ოღონდ, მარგველაშვილი ასახელებს არა მხოლოდ ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით განსხვავებულებს, არამედ, პოლიტიკურად სხვა პლატფორმაზე მყოფებსაც, რომელთა მიმართაც, მისი აზრით, მმართველ პარტია – “ქართულ ოცნებას” მიუღებლობა აქვს.

“ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენი მონოლითირი ორგანიზმის რღვევას”,  – დაახლოებით ამგვარია პრემიერის ირიბი პასუხი პრეზიდენტისათვის. კვირიკაშვილი დასძენს, რომ ერთიანობა მმართველ პარტიაში მას და სხვა ლიდერებს მომავალი რეფორმებისათვის სჭირდებათ.

***

განსხვავებული აზრის მოსმენის და, უფრო შესმენის აუცილებლობას მმართველი პარტია რომ ვერ ხედავს, ამის დასტური საკონსტიტუციო პროცესიცაა – ფორმალურად ყველაფერი წესრიგშია – შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, 73 წევრიდან უმრავლესობამ შექმნა მთავარი დოკუმენტი, ხელი მოაწერა და საყოველტაო განხილვებზეც გაიტანა.

კვირიკაშვილი, რბილად რომ ვთქვათ, აჭარბებს,  როდესაც ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ პროექტს მხარს უჭერს – ვენეციის კომისიამ, რეალურად, დაიწუნა “კობახიძის სადოქტოროდ” შეფასებული კონსტიტუცია და ქართულ მხარეს არაერთხელ მიუთითა, რომ ახალი დოკუმენტს აკლია მთავარი – კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის.

მმართველი ჯგუფისათვის ეს, ჩანს, მეორეხარისხოვანია – ხსენებულ კონფერენციაზე სხვადასხვა ინდექსებით თავმომწონე პრემიერს აქვს “არგუმენტი”ჩვენ ქვეყანა წინ მიგვყავს, ამდენად, ყველაფერი მეორეხარისხოვანია”. თუმცა, ამ ლოგიკით, პრეზიდენტ სააკაშვილსაც შეეძლო იმის თქმა, რომ ქვეყანა წინ მიდიოდა – შევარდნაძის ეპოქასთან მუდმივი პარალელები, საბოლოოდ არ აღმოჩნდა ის მთავარი არგუმენტი, რომელიც მას ხელისუფლებას შეანარჩუნებინებდა.

***

კონსტიტუციის თემა თუ მარგველაშვილ-კვირიკაშვილის განსხვავებული ხედვები საკითხებზე არაა მთავარი განსახილველი. მარგველაშვილის აზრი: “ის, რომ ჩვენ ვართ დაწინაურებული სახლმწიფო პოსტ-საბჭოთა სივრცეში, სულაც არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას”, – მოცემულ ეტაპზე ყველაზე რელევანტურია. მართლაც, ვისი მმართველობაც არ უნდა იყოს საქართველოში – “დიქტატორი” სააკაშვილისა თუ არაფორმალი ივანიშვილისა, საქართველო პირველი ქვეყანა ალბათ კიდევ დიდი ხანი იქნება და ამის დემონსტრირება ისიცაა, რაც უკვე ვახსენეთ – ადამიანის უფლებათა დაცვის, ბიზნესის კეთების სიიოლის და სხვა პარამეტრებში პროგრესის შესახებ “ჩარტები” პრემიერმა დიდხანს “აფრიალა” ხსენებულ კონფერენციაზე.

თუმცა კითხვა – საკმარისია კი ეს?.. პასუხგაუცემელია – ის, რომ, არათუ ხსენებულ ყაზახეთს, მასთან შედარებით დემოკრატიულ მოლდოვასაც ვუსწრებთ, ჯერაცარ არის ჩვენი დემოკრატიულობის, უკაცრავად, დასავლურობის დამადასტურებელი.

კითხვას – რას ელის საქართველო დასავლეთისგან? – პრეზიდენტი პასუხობს ღიად და თან – დიპლომატიურად – “მეტს!.. “მე მჯერა, რომ საქართველო იმსახურებს მეტს”.

კრიტიკულები რომ ვიყოთ – პრეზიდენტს უნდა შევუტრიალოთ კითხვა – ვინაა საქართველო?

სამწუხაროდ, ერთიანი სულისკვეთების და დემოკრატიის დაცვის (ცხოვრებაში დანერგვის) არქონის გამო, ამ კითხვაზე პასუხი პრეზიდენტსაც არ ექნება.