Loader

ჯეიმს შერი: რუსეთი უკვე უფრთხის აშშ-ს

ექსპერტი ჯეიმს შერი აქტიურად მუშაობს რუსეთის საგარეო და სამხედრო პოლიტიკის, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების და NATO-ს თემებზე. მისი ექსპერტიზა ეხება უსაფრთხოების რეფორმას პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში, აგრეთვე, უკრაინას , რუსეთს  და ევროკავშირს შორის ურთიერთობას ენერგეტიკის სფეროში. 

ექსპერტი შერი მონაწილეობდა EPRC  – ის და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – მსოფლიო ქაოსში, რომელიც თბილისში 12-13 სექტემბერს გაიმართა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა აშშ-ს ადმინისტრაციის პოლიტიკა ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ? რამდენად შეიცვალა ის რუსეთთან მიმართებაში?

მე გახლავართ მათ შორის, ვისაც მიაჩნია, რომ აშშ-ში ძალიან კარგად, საუკეთესოდ მუშაობს სისტემა და სწორედ სისტემა და არა პრეზიდენტი მართავს აშშ-ს. ხოლო დღევანდელ სისტემაში უკვე ჩართულნი არიან ისეთი ძლიერი პირები, როგორიცაა, მაგალითად, თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი.  რექს ტილერსონმაც – თავდაცვის მდივანმა, შესანიშნავად იცის, როგორ უნდა წარმართოს მოლაპარაკებები რუსეთთან და ეს უკანასკნელი ხედავს, რომ აშშ-ს ხელისუფლებაში მოვიდნენ კომპეტენტური და, რაც მნიშვნელოვანია, მტკიცე ადამიანები. აშშ-ს დღევანდელ მმართველობაში არიან გაცილებით ძლიერი ადამიანები, ვიდრე იყვნენ ვთქვათ ობამას დროს.

მიაქციეთ ყურადღება, წლეულს, როდესაც აშშ-მა ასადის მიერ ქიმიური იერიშის მიტანის შემდეგ მოახდინა რეაგირება, ეს იყო მტკიცე, ძლიერი პასუხი, რომელიც ადმინისტრაციამ ასადს გასცა მოკავშირეებთან კონსულტაციის გარეშე. ობამას დროს ამგვარი მიდგომა შეუძლებელი იყო.

რუსეთში უკვე ხედავენ, უკვე გრძნობენ, რომ, თუ ვაშინგტონში იტყვიან – ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ამას უნდა შეხედონ სერიოზულად. მაგალითად, თუ ვაშინგტონში იტყვიან, რომ არ დაუშვებენ უკრაინაში მორიგ შეჭრას, ეს სერიოზული განცხადება იქნება.

რას ნიშნავს არ დაუშვებენ? უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, არ იცავს NATO-ს მეხუთე მუხლი, ანუ, კოლექტიური თავდაცვა ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვეხება… როგორ დაიცავს აშშ თქვენს მიერ ხსენებულ უკრაინას?

როგორ? მე კონკრეტულ გეგმებზე ვერ ვისაუბრებ. მე ასე ვაფასებ – რუსეთი უკრაინაში უკვე არის ჩიხში.

რუსეთის სტრატეგიით, ხდება მკვლელობები, დაშინებები… და ეს, სხვათა შორის, ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, ბალტიის სახელმწიფოებსაც. ვაშინგტონში ხედავენ, რომ რუსეთის ეს სტრატეგია უშედეგოა – შეუძლებელია საზოგადოების თუ ზოგადად ამ ქვეყნების დაშინება. სწორედ ამიტომ, თუ მოსკოვში ჯერაც არ იციან, რამდენად მკაცრი იქნება ვაშინგტონის პასუხი, თუ თავად მეტ გამწვავებაზე წავლენ და ეს გაურკვევლობა, ჩემი აზრით, აკავებს, ამუხრუჭებს რუსეთს.

ბოლო კითხვა – რას ფიქრობთ პუტინის ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინაში გაეროს სამშვიდობოები უნდა განთავსდნენ…

ეს, რასაკვირველია ტყუილი და ფანდია. წვრილმანებსა და დეტალებშია საქმის არსი. ამ წინადადების თანახმად, საზღვრის იმ ნაწილზე უნდა განთავსდეს გაეროს სამშვიდობო და, ამასთან, თავად დაუცველი მისია, რომელზეც მისი განთავსება საერთოდ არ არის საჭირო. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბერლინში ზრდილობიანად კი მიესალმნენ ამ ახალ წინადადებას, მაგრამ, უკვე მიმდინარეობს მუშაობა დეტალებზე და ესოდენ ზრდილობიანი ბერლინიც კი, არ მიიღებს ამ ახალ, ე.წ. სამშვიდობო ინიციატივას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში ასე ღიად არ ამბობენ “არა-ს”, ისინი უპირატესობას ანიჭებენ არა ხისტ, არამედ, ღიმილიან პოლიტიკას… თუმცა, აუცილებლად ამბობენ – “დასაზუსტებელია; ამის ნაცვლად ის ხომ არ სჯობს?! ეს განსახილველია… ეს სხვაგვარად ჩამოვაყალიბოთ და ა.შ.”