Loader

თურქეთი ევროკავშირის პირისპირ

არც თუ დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც ურთიერთობები რუსეთსა და თურქეთს შორის “დათბა”. ზუსტად ამ დროს ითვლის რუსეთის მიერ თავსმოხვეული გზავნილი – თურქეთიც მტერია.

უნდა ვაღიაროთ, რომ  რუსეთში შემუშავებული ეს გზავნილი აიტაცეს არა მხოლოდ იმ პირებმა, რომლებსაც ხილული თუ უხილავი კავშირები აქვთ რუსეთის სპეც.სამსახურებთან ან სპეც.სამსახურებთან მიბმულ გარკვეულ ოლიგარქიულ, დიასპორულ, ბიზნეს, კულტურის ელიტებთან, არამედ, გულახდილმა და გულუბრყვილო პატრიოტებმაც, ვისთვისაც 90-იანი წლების მესამეხარისხოვანი ლოზუნგი – “ბალახსაც შევჭამთ”, ანუ, იზოლაციონიზმი გლობალიზაციის საპირწონედ, დღესაც აქტუალურია.

ცხადია, თურქეთის “მოძულებას” აქვს ისტორიული საწყისი – ჩვენი დასავლელი მეზობელი დაქუცმაცებული საქართველოს მიმართ სასტიკიც იყო და არაკეთილმოსურნეც, მაგრამ, იმ და ამ, ანუ, მე-20 საუკუნეში ათა თურქის მიერ ჩამოყალიბებულ თურქეთებს შორის დაახლოებით ისეთივე სხვაობაა, როგორიც, ვთქვათ – გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელ სამეფოსა და პირველ რესპუბლიკას შორის.

მიუხედავად მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციისა, არც დღევანდელი თურქეთის კრიტიკაა დაუშვებელი, ოღონდ, კრიტიკის ჭრილს, მიმართულებას და ღერძს, ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როდესაც მას – ერდოღანის თურქეთს, აკრიტიკებენ ევროპიდან, მიზეზ-საფუძვლად აღებული აქვთ არა მე-17-მე-19 საუკუნეების, ან, უფრო ადრინდელი თურქეთის (ოსმალეთის) ქმედებები და არსი, არამედ, სწორედ დღევანდელისა, რომელიც, გარდა იმისა, რომ რუსეთთან “შეკრულია” (ცხადია, ასე არაა და ამდენად ვსვამთ ამ ზმნას ბრჭყალებში), ადამიანის უფლებათა დაცვის და, ზოგადად, დემოკრატიის დანერგვის მხრივაც მოიკოჭლებს.

თუ რიგითი ქართველი კრიტიკოსი იტყვის – ერდოღანი ღალატობს დემოკრატიას და არც ჩვენ უნდა დავხუჭოთ თვალი ამაზე, – ეს არგუმენტირებული კრიტიკის თვალსაჩინოება იქნება, მაგრამ, თუ რიგითი ქართველი იტყვის – “მტერმა თურქეთმა” წაგვღლიტა ტაო და ის აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ, შეღიმებამდე უნდა ითქვას – “აფხაზეთი ვერ დაგიბრუნებიათ, რა დროს ტაოა…”

***

ევროპისა და თურქეთის სამართლებრივი ურთიერთობის ისტორია მე-20 საუკუნეში მხოლოდ გაგრძელდა. თუმცა, ვინაიდან საერთაშორისო სამართალი სწორედ გასულ საუკუნეში ჩამოყალიბდა და დაიხვეწა, ამ პერიოდს დასაწყისიც შეიძლება ვუწოდოთ. ყოველ შემთხვევაში, მე-20 საუკუნე არის დასაწყისი ურთიერთობისა ცივილიზებულ ევროპასა და ცივილიზებულ თურქეთს შორის და, ამდენად, ისტორიის ხლართების მიმოხილვას სწორედ ჩვენი დროების მიმოხილვა სჯობს.

თურქეთის სიმართლე ევროპასთან

“მსურს, ვიყო ევროკავშირის წევრი” – ზუსტად 30 წლის წინ, 1987 წელს, ანკარამ ასე მიმართა კონტინენტს და 30 წელია, მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე არ დასრულებულა. 2004 წელს თურქეთი  ევროკავშირში მიიწვიეს კიდეც; სთხოვეს, დაეხვეწა კანონმდებლობა, ევროპასთან დაახლოებისათვის საჭირო ზოგიერთი რეფორმა გაეტარებინა და, შემდეგ უკვე ფართოდაც გაიღებოდა კარი (რასაკვირველია დღის წესრიგში იდგა გენოციდის საკითხიც).

“მთავარი პრობლემა ისაა, რომ თურქეთს თან სურს ევროკავშირში შესვლა და თან ბევრს არაფერს აკეთებს ამისათვის” , – ამბობს კნუტ აბრაჰამი, გერმანელი ექსპერტი. თუმცა, ანკარას ამგვარი რიტორიკის წინააღმდეგაც აქვს პასუხი: “თუ რეალურად გაინტერესებთ, რა ხდება თურქეთში, მოდი, ვისაუბროთ, თუნდაც ეს საუბრები იყოს მძიმე”.

ბოლო პერიოდის მთავარი სირთულეც სწორედ დიალოგის  შეჩერებაა, სწორედ გერმანია და პირადად კანცლერი მერკელია ერდოღანის მთავრობასთან ურთიერთობის დალაგების მთავარი მოწინააღმდეგე. ეს განაკუთრებით საგრძნობია  რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის “მოწესრიგების” და, განსაკუთრებით 2016 წლის მოვლენების შემდეგ, ანუ, იმ პერიოდიდან, როდესაც ერდოღანმა ძალით ჩაახშო სამართლიანი ან უსამართლო, მაგრამ, სამხედროთა რეალური პროტესტი.

“თურქეთი მართალია იმიტომ, რომ ის დიდი ხანია ემუდარება ევროპას, რომელსაც რატომღაც დაავიწყდა, რომ სწორედ ერდოღანის მთავრობა იყო ქვეყნის შიგნით მათ შორის ქურთ მოსახლეობასთან დიალოგის მომხრე და ინიციატორი, მაგრამ, სირიის მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა”,ზეკი ლევანტ გუმრუკჩუ – საქართველოში თურქეთის ელჩი, ბუნებრივია, იცავს ანკარას პოზიციებს.

ევროპოს სიმართლე თურქეთთან

რასაკვირველია, თავისი სიმართლე აქვთ ევროპელებსაც – სურს კი თურქეთს ევროპის კანონმდებლობასთან საკუთარის დაახლოება? სურს კი მას, იმ ღირებულებების გატარება, რომლებსაც ევროპა ატარებს? იცავს კი თურქეთი ადამიანის უფლებებს? – კითხვები ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან ისმის.

მართლაც, განსაკუთრებით არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ერდოღანმა უმკაცრეს ქმედებებს მიმართა და, სხვათა შორის, არა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. თურქეთის საპატიმროებში წინასწარ სასჯელს სხვა ქვეყნების, მათ შორის, ამერიკის და ევროპის მოქალაქეებიც იხდიან.

“ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებაში”, – ამბობს ელჩი და ფორმალურად მართალიცაა, თუმცა, გაცილებით მართალი ჩანს ევროპა, რომელიც მიანიშნებს, რომ ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური კონიუნქტურა ეხება სამართალს, ევროპას არ იმსახურებს.

 

უსაფრთხოება თუ დემოკრატია?

მიუხედავად იმისა, რომ NATO-სდან არ გაურიცხავთ, ბოლო პერიოდის თურქეთმა ზურგი აშკარად შეაქცია ევროპულ ღირებულებებს. ამის ახსნაც შეიძლება – “დემოკრატია მოითმენს” , ან “დემოკრატია ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინებით, ნაადრევია”, – ანკარაში მძლავრობს ეს გზავნილი.

ევროპელი ექსპერტები, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის თემების შეპირისპირებისას, ამბობენ, რომ პინის (ჯოხის)  გადახრა რომელიმე ერთის მხარეს,  ქვეყნებს რეალურ პრობლემებს უქმნის.

შეუთავსებელია თუ არა დემოკრატია და უსაფრთხოება ერთმანეთთან?.. ცხადია, არა, მაგრამ, ცალკეულ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სერიოზული გამოწვევები აქვთ საზღვრებთან, სრული ბალანსის დაცვა სულ უფრო ურთულდებათ.

“ვერც ერთი მთავრობა ვერც ღიად და ვერც ფარულად ვერ იტყვის უარს ევროკავშირზე”, – აიმედებს ევროპელებს ელჩი გუმრუკჩუ. მისივე თქმით, ერთიანობა სიძლიერის საფუძველია.

სხვათა შორის, ამ თემასთანაა კავშირში რუსეთ-თურქეთის “მსუბუქი ფლირტიც”, ევროპაში ჯერ არ მძლავრობს, მაგრამ, აქა იქ ისმის მოსაზრება, რომ თუ ბერლინი (ბრიუსელი) ანკარას მართლაც დაელაპარაკება, ერდოღანი ზურგს აქცვს პუტინს და კვლავ პროევროპელი პოლიტიკოსი გახდება.

“მერკელსაც და, პრინციპში, ტრამპსაც ეს გაუჭირდება… დღის წესრიგში კვლავაც დგას თურქეთის დემოკრატიის ხარისხის საკითხი”, – ეს ამონარიდია “ალგემაინე ცაიტუნგის” ივნისის ნომრის სარედაქციო წერილიდან.

“სასწორის პინა თურქეთმა უსაფრთხოებისკენ გადახარა და თან მნიშვნელოვნად”კნუტ აბრაჰამი “დაუნდობლად” აკრიტიკებს ერდოღანს.

რუსეთი და საქართველო

საქართველოს ჩრდილოეთით უზარმაზარი რუსეთი და მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული, ურთიერთობა გაუფუჭდეთ საქართველოს და თურქეთს. მისი მიზანია, ერთის მხრივ წარმოჩინდეს ან “თურქეთზე არანაკლებ ბოროტებად”, ან, მისთვის უკეთეს შემთხვევაში – “მართლმადებელ მხსნელად მაჰმადიანურ სამყაროსთან “წმინდა ომში”. გარდა ამისა, რუსეთს სურს, შეაჩეროს აღმოსავლეთ-დასავლეთის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის სწორედ საქართველოს საშუალებით განხორციელება (იგულისხმება თურქმენუილი გაზის აზერბაიჯანში და შემდგომ საქართველოში, ბოლოს კი, თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირება).

“თურქეთიც მტერია” – ეს, სპეცსამსახურებში შემუშავებული გზავნილი, ძალიან კარგად მუშაობს ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილსაც ჰგონია, რომ იშუშებს ტოტალიტარიზმის იარებს.

ამ გზავნილის ჩაშლა-მოთარგმნა ასეც შეიძლება – დიახ, რუსეთი ჩვენ გვმტრობს, მაგრამ, განა თურქეთი ნაკლებად გვმტრობს?

და ისტორიის მოსახვევებში შესული საზოგადოებისათვის რთული დასასაბუთებელია, რომ ბრიტანეთიც “მტრობს” საფრანგეთს, აშშ – გერმანიას… გერმანია – რუსეთს და საერთოდაც, ყველა ყველას “მტრობს”, უფრო ზუსტად, ყველას თავისი ინტერესი აქვს.