Loader

ქართველი ჟურნალისტებისათვის – რა საჭიროა ეთერში ვალერი?

 

არავინ კამათობს, კოლექტიურ ვალერისთან, ანუ, პრორუს ქართველებთან ინტერვიუს ნამდვილად მოაქვს რეიტინგი… რეიტინგი კი გადაცემასაც სჭირდება და  არხსაც – სხვა თუ არაფერი, რეიტინგს მოაქვს რეკლამა, რეკლამას  – ფული… ფულს – ხელფასები… ხელფასებს – შესაძლებლობა, გადაიხადოთ გადასახადი ან ბანკის კრედიტი…

მაგრამ, რეალურად, არც ერთ თქვენგანს არც უცდია, კოლექტიური ხაბურძანიების, კვარაცხელიების, რცხილაძეების, თარხან მოურავების, ჭყოიძეების და თუნდაც ბურჯანაძეების გარეშე რეიტინგის დადება… რეალურად, არც ერთ თქვენგანს არ უთქვამს – მოდი, გურანდა გაბუნიას კი არ ვალაპარაკებ ნატოზე… არამედ, ვინმე მცოდნეს – მაგალითად საქართველოს ელჩს ალიანსში – ალექსანდრე მაისურაძეს, ან, კორნელი კაკაჩიას… ან… არ ვიცი – ლევან დოლიძეს, შოთა ღვინერიას, დავით სიხარულიძეს… სხვებს.

რეალურად გამოდის, რომ თქვენ იწვევთ კვარაცხელიას და ხაბურძანიას არა იმისათვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რამდენად აუცილებელია ნატო საქართველოში, არამედ იმისათვის, რომ მივიღოთ შოუ, რომელიც უფრო მძაფრია მაშინ, თუ გრიშა მიშას შეგინებს, მიშა გრიშას გაუწყრება.

ამასთან, რაც  მნიშვნელოვანია – საინფორმაციო მიზეზიც არც აქვს ამგვარ პირთა მოწვევას – ანუ, თუ ვთქვათ ნინო ბურჯანაძე გამართავს აქციას ნატოს სამეკავშირეო ოფისთან, მაშინ კიდევ ჰო – მესმის – ცხელი ამბავია, საინტერესო და, შესაძლოა, სწორედ ბურჯანაძესთან განსახილველი… მაგრამ, ამგვარ მიზეზებს, საბაბებს არ იძლევიან ეს რუსეთთან საქართველოს მიერთიანების მსურველი პირები, არც პოლიტიკოსები და არც ე.წ ექსპერტები და თქვენ კი მათ მაინც ალაპარაკებთ, ალაპარაკებთ… დაუსრულებლად ალაპარაკებთ.

პრორუსულ აზრთა ტირაჟირებაც არ იქნებოდა პრობლემა, ამ ყველაფერს საქმიანი საუბრები რომ აბალანსებდეს – დღეს კი გამოდის, აი, რა – ეთერი დაიპყრეს არაკომპეტენტურმა პირებმა… კოლაბორაციონისტებმა, მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა…

ცხადია, მერე ვიტყვით, რომ აზრის  და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება და ეს ასეცაა… ოღონდ, სამწუხაროდ, მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენელი სოფიო ქაცარავა კი არ საუბრობს ევროკავშირზე, არამედ, ვთქვათ, ვინმე ყიფიანი მოსკოვიდან…

რუსეთზე  მინისტრ ჯანელიძეს კი არ ეკითხებით – არამედ, სოსო პავლიაშვილს.

ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს ელჩი ბაქრაძე კი არ მიმოიხილავს, არამედ, თიკა კანდელაკი…

მეც არ და ვერ გზღუდავთ… თქვენი ნებაა… სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასაც, ბუნებრივია, ვერ ვახერხებ.

ესეც თქვენი ნებაა…

უბრალოდ, ხვალ… ხვალ არა და ზეგ… ანუ, პირობითად ხვალ-ზეგ, თუნდაც წლების შემდეგ, შეიძლება ყველაფერი იყოს გვიან.