Loader

დავით ჯანდიერი: მმართველი პარტია არაფერს დათმობს და ამან შეიძლება პროცესების ქუჩაში გადატანა გამოიწვიოს

საქართველოს ხელისუფლება აპირებს კონსტიტუცია მიიღოს კონსენსუსის გარეშე. დღეც განსაზღვრულია – 26 სექტემბერი!

პარალელურად, პრეზიდენტმა და ოპზიციურმა შეიმუშავეს სადავო ხუთი მუხლის ალტერნატიული ვერსია. ამ ვერსიის თანახმად, მაგალითად 2020 წლიდან უნდა დამკვიდრდეს პროპორციული არჩევნები. პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი არჩევნებით.

ცხადია, უმრავლესობა პრეზიდენტის და ოპოზიციონერების ინიციატივას არ გაიზიარებს. რეალურად, მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც მოსწონს 113 დეპუტატს და არ მოსწონს სხვა არავის.

ვესაუბრებით იურისტ დავით ჯანდიერს.

როგორი სტრატეგია უნდა აირჩიოს ოპოზიციამ ან სამოქალაქო სექტორმა იმისთვის, რომ უმრავლესობამ არ მიიღოს “ნაკლოვანი” კონსტიტუცია?

  • ჩემი აზრით, შექმნილ ვითარებაში, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ მოხდეს ამ კონსტიტუციის ბლოკირება. შესაბამისად, სავარაუდოდ, კონსტიტუცია იქნება მიღებული. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა არსებობდს პროგრამა მინიმუმი და თუნდაც მინიმალური მიზნის ირგვლივ მოხდეს შეთანხმება. ეს მიზანი შეიძლება იყოს საარჩევნო თემატიკა, ვინაიდან ყველაფერს აზრი დაეკარგება, თუ კი შეუძლებელი გახდა ხელისუფლების ცვლილება კონსტიტუციური გზის გამოყენებით. ყველაზე მთავარი, რატომაც ვენეციის კომისია თავის დროზე ჩაერთო ამ პროცესში, იყო ის, რომ შემდგარიყო კონსესუსი პოლიტიკურ აქტორებს შორის, აგრეთვე, უნდა მომხდარიყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს არის ის არგუმენტი, რომელიც აერთიანებს ან უნდა აერთიანებდეს ოპოზიცის და სამოქალაქო სექტორს და  მმართველი ძალაც უნდა გაერთიანდეს ამ საერთო იდეალის ირგვლივ.
  • ჩვენ გვახსოვს, 2010 წელს, როცა განხორციელდა ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები, იქ მინიმალური შესაძლებლობა მაინც იყო, რომ თუნდაც ერთი ოპოზიციური პარტიის – ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მონაწილეობით, გარკვეული ლეგიტიმაცია შესძენოდა იმ პროცესს. დღეს ყველა ვთანხმდებით -კონსტიტუცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი და ის არის მტავარი კანონი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თანაცხოვრება და ყველა პოლიტიკური პარტია, გარკვეული თვალსაზრისით მაინც, თანახმა უნდა იყოს მასზე. ამ მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევში, როცა გარკვეულ თემებზე მაინც მოხდება შეთანხმება. მე ვფიქრობ, რომ  საარჩევნო სისტემის საკითხი არის, ან, უფრო ზუსტად, იყო ის თემა, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო.

რამდენად არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი დათმოს უმრავლესობამ, ანუ 2020 წელსვე სრულიად გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე? გავიხსენოთ, რომ პროცესის დასაწყისში უმრავლესობა იყო თანახმა 2020 წელს პროპორციულ არჩევნებზე, თუმცა შემდგომ ითქვა, რომ ჩვენ გვყავს 10-12 მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. შესაბამისად, უმრავლესობის უმრავლესობამ მათ დაუთმო და…

  • რასაკვირველია, ილუზიაა, რომ მმართველი ძალა რამეს დათმობს. თუმცა, ეს იქნება მათივე ლუსტრირება. ანუ, რა გამოდის – რეალურად ოპოზიცია და მთელი სამოქალაქო სექტორი წავიდა დათმობებზე და ხელისუფლებას დაუტოვა შესაძლებლობა, რომ ის ერთი საკითხი, რომელზეც თავად ხელისუფლებაც იყო თანახმა, სწორედ ის საკითხი თუ პირობა შესრულებულიყო. თუ კი ხელისუფლება ამ ერთ დათმობაზეც არ წავა, მაშინ რეალურად ეს იქნება ლუსტრირება და ძალმომრეობის დემონსტრირება და თავს ჩაიყენებს საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში.

უბიძგებს თუ არა ეს შესაძლო ლუსტრირება სამოქალაქო სექტორს  და უფრო პოლიტიკურ ძალებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაშინ, როცა აღარ ექნებათ განცდა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაა შესაძლებელი, პროცესი გადაინაცვლებს ქუჩაში? 

  • აქ მთავარი ლეგიტიმაციის საკითხია! თუ შეუძლებელი ხდება კანონიერი გზით სიტუაციის შეცვლა, რა თქმა უნდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაგატიური მუხტის ქუჩაში გადატანა, ამიტომაცაა გონიერი ხელისუფლების მთავარი ამოცანა, რომ შექმნას ვითარება, რომელიცთავის მხრივ მოერგება ქვეყნის განვითარების რელსებს და ამიტომაა ერთადერთი გამოსავალი  სწორედ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.