Loader

არაპოლიტიკური დიალოგები ბათუმში

ლევან არობელიძე

ბათუმი, სექტემბრის მიწურული… უთენია. ვზივარ და ვსაუზმობ მთელს თურქეთში რომაა, იმგვარ თურქულ, 24 საათიან რესტორან-კაფე-სასადილოში. ვზივარ, ვსაუზმობ და თან ვაკვირდები გამოწკეპილ თურქებს, რომლებიც მფლობელი მეგობრის კაფეში დილიდანვე ჯგუფებად იკრიბებიან; აუცილებლად უკვეთავენ  ჩაის და  თურქულად არც თუ ხმამაღლა ბჭობენ… ზოგ მათგანს ერთიანად “თამამ, თამამ”   გაუდის, ზოგს – “შაითან, შაითან”. ასე მგონია,  აღებ-მიცემობისა და ბიზნესის საკითხებს მიმოიხილავენ…

ეს კაფე სწორედ თურქმა იშმაილმა მომასწავლა… ქართულად მითხრა: “წაი, კაი ჭამა არის იქ…”  იშმაილს ქართულს დავუწუნებდი, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, სულ რაღაც 8 თვეა, რაც საქართველოშია.  ამბობს, რომ ბათუმი მოსწონს, ხოლო თბილისი – უყვარს.

“ლამაზი არის ტიფლისი… გურჯები კარგი ხალხია”.

ამ კაფეში მუშაობენ ბაჩო და ხათუნა. ბაჩო აჭარელია – youtube – ერი, როგორც თავად ამბობს, დამწყები, თუმცა, იმედიანი. თავისუფალ დროს თავისივე ვიდეოკამერით მუშაობს, თავადვე ამონტაჟებს, მასალას youtube – ზე ტვირთავს და, უკვე გამომუშავებული აქვს 62 ევრო.

– ჩემს ყველა ვიდეოს, ერთიანად, მილიონამდე მნახველი ჰყავს და, რასაკვირველია, ეს თანხა დიდი არაა, მაგრამ, თავს არ დავანებებ… ჯიბის ფულს მაინც გამოვიმუშავებ ამით”.

კაფე-რესტორნებში მუშაობის “დიდი სტაჟი” აქვს ხათუნას, რომ ამბობენ – ცეცხლივით ტრიალებს და ქართველებს – ქართულად, თურქებს – თურქულად, რუსებს – რუსულად… სხვა ეროვნების სტუმრებს კი ინგლისურად ესაუბრება.

“ახლა არაბულს ვსწავლობ… და მერე სომხური უნდა ვისწავლო”,  – ამბობს ხათუნა, რომელსაც დღეში ოციოდე ლარი აქვს.

ხათუნამ არ იცის კოლეგა ბაჩოს გატაცებების შესახებ. არც ბაჩომ იცის, რომ ხათუნა კახეთიდან, ქიზიყიდანაა…

– მართლა? აქ რამ ჩამოგიყვანა, გოგო, – მიმართავს ბაჩო ხათუნას.

– ჩემი და იყო ჩამოსული… “რედისონში” მუშაობდა ამ 8 წლის წინ. მარტო ვერ ძლებდა და დახმარება მთხოვა. ჩამოვედი და შევრჩი. ის კი – ჩემი და – ქიზიყში დაბრუნდა.

იშმაილი – ჩემი თურქი მასპინძელი ამბობს:

“მაგარი გოგონიკაა ხათუნი…მეგობარი არის. ჩემი მეგობარი არის… “

***

აგვისტოსთან შედარებით, ბათუმში ნაკლები ტურისტია.

“კაი სიზონი იყო, ჭო… რუსები იყვნენ, უკრაინელები იყვნენ… სომხები იყვნენ და იყვნენ… ჩადიან ეს რუსები, იქ უყვებიან, რომ არ ვჭამთ და მერე მათი მეგობრები ჩამოდიან” , – ტაქსისტი გოჩა, ვისთან ერთადაც ლამის მთელი ბათუმი მოვიარე ჩემი არც თუ ცნობილი სასტუმროს ძიებაში, იმედოვნებს, რომ მომავალ წელს მეტი ტურისტი იქნება.

“ერთადერთი რაიც მაწუხებს იცი რაა? აი, რო ჩამოდიან და სუ თურქული, სომხური და რუსული სიმღერები როა იცი?! რესტორნებში, იქით უფრო – ქობულეთში სულ”.

არ დავმალავ, მეც მიფიქრია ამაზე… თუმცა, ოპონენტთა პასუხი ალბათ ასეთი იქნება – ამასაც ბაზარი არეგულირებს… თავი დაანებეთ (მიუშვით, გაეშვით და მისთ).

***

 – სოხუმში ნამყოფი ხარ? – მეკითხება ბ-ნი ალექსანდრე – 75 წლის პენსიონერი, რომელიც ბულვარში გავიცანი; თავადვე აგრძელებს:

– იცი, რატომ არიან რუსები ცუდები? იმიტომ კი არა, რომ აფხაზეთი წაგვართვეს, ეგ თავისთავად… უფრო იმიტომ, რომ იმ აფხაზებს უთხრეს – თქვენ ასე უნდა იცხოვროთ სულ, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ ყველგან გარდა ლენინგრადისა და მოსკოვისა…

– და რატომ უთხრეს ასე? – ვეკითხები მე.

– იმიტომ, რომ განვითარებული ხო… განვითარებული ბევრს ფიქრობს უფრო, – მპასუხობს ალექსანდრე ჭყოიძე.

***

– ვიცი, როგორ არ ვიცი მიშას შეცდომები, მარა, ჩემი აზრით ხო… ჩემი აზრით, ბათუმი მისი აშენებულია, ამათ აფერი გაუკეთებიათ საირთოდ – ტაქსისტი გოჩას არ მალავს საკუთარ შეხედულებებს.

– თქვენ ვისკენ ხართ? – ვეკითხები youtube -ერ ბაჩოს.

– ამათკენ არ ვარ და მიშასკენაც არ ვარ… არვისკენ არ ვარ – ჩემი მიზანია ჯერ 2 მილიონ მნახველამდე ავიდე და მეტი დოლარი მქონდეს, – ასე მპასუხობს ბაჩო და კითხვას მიბრუნებს:

– forex-ზე ხართ? თამაშობთ?

შესამჩნევად მეღიმება და ვპასუხობ:

– არა, რატომ? საიდან დაასკვენი?

– არ ვიცი… კომპიუტერით დილის 8 საათზე ვინც დადის, მათი უმრავლესობა თამაშობს, აი, მაგალითად ის – და დარბაზის ბოლოსკენ მითითებს… ირლანდიელი ტერი თურქულ კაფეს თურმე ყოველდღიურად სტუმრობს.

შენ თუ თამაშობ? – ვეკითხები ბაჩოს.

ჯერ არა, მაგრამ, მინდა ვისწავლო – კრიპტოვალუტები მაინტერესებს, იცით რამე ბიტკოინებზე?

იმედს ვუცრუებ… სამწუხაროდ, ბევრი არაფერი ვიცი მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარშემო სულ უფრო მეტი მეგობარ-ნაცნობი ერთვება ამ პროცესში.

 

***

– იცი რატომაა ბათუმი კაი ქალაქი? – მეკითხება იშმაილი.

მხრების აჩეჩვა უდასტურებს, რომ ნათელი პასუხი არ მაქვს. თავადვე აგრძელებს.

– მიტომ, რომ თბილი არის… კლიმატი კი არა… ის… და ხელებს აქნევს, წრეებს ხაზავს…

– გარემო? – ვეკითხები მე.

– ჰო, ჰო – გარემო.

მეღიმება და (ჩა)ვეკითხები:

– გურჯი ხარ შენ?.. გურჯი ხარ ხო?

– არა, თურქი ვარ… მაგრამ, გურჯიც ვარ. ახლანდელი გურჯი ვარ მე.

p.s – დიალოგის სტილი ყველგან დაცულია.