Loader

ილიას კითხვები კალაძეს და საზოგადოებას

დავით სიდამონიძე

მე არ ვაკრიტიებ კახა კალაძეს იმის გამო, რომ ის, ჩემი აზრით, ცუდი მინისტრია; არც იმის გამო ვაკრიტიკებ, რომ ჩამოჰყავს იტალიელი და არა მხოლოდ იტალიელი ფეხბურთელები – კი, ეს საარჩევნო pr სვლაა, მაგრამ, მისი ნებაა; არ ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ მას აქვს ახლო და მჭიდრო ურთიერთობები კრიმინალებთან – ამას ამბობენ და ამ ეტაპზე ამის მტკიცება მე მიჭირს (თუმცა, თავად ის ამბავი, რომ ასეთი ხმაა გავრცელებული დედაქალაქის მერობის კანდიდატზე, თავისთავად ცუდი ამბავი მგონია); არ ვაკრიტიკებ კალაძეს იმის გამო, რომ, ჩემი აზრით, მან საერთოდ არ იცის თბილისი, ეს, პრინციპში, ყველა კანდიდატის პრობლემაა… თითქმის ყველასი;  არ ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ საქართველოში ვერ აშენდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ; არც იმის გამო, რომ მან დაიჯინა, ხოლო შემდეგ აღარაფერი უქნია ხუდონჰესის მშენებლობისათვის. პრობლემა დაჯინებაშია და არა პროექტის შეჩერებაში; არ ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ მას ვერ ვამჩნევ ღირებულებებს… ეს ჩემი სუბიექტური მიდგომაა; არ ვაკრიტიკებ საარჩევნო უგემოვნო კამპანიის გამო; არ ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ ემიჯნება დავით ნარმანიას, თითქოს ის იყოს თავკაცი პარტიისა „სამეგრელოს გზა დედაქალაქში“ ან ლეიბორისტი ან კუკავას მომხრე;  არ ვაკრიტიკებ…

მაგრამ… თუმცა…

ბოლო დღეებია facebook-ზე ვრცელდება ილია ჭავჭავაძის წინასაარჩევნო მიმართვა. აი, ზოგიერთი პასაჟი ამ მიმართვიდან.

„იცოდეთ, თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც თქვენი სიკეთე, თქვენი სიყვარული, თქვენთვის გულშემატკივრობა სულელობად არ მიაჩნია, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვენი ცოლ-შვილი და თქვენი ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენს მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრებას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს, რამოდენადაც ყოველივე ეს შესაძლოა…“

მე ვკითხულობ – იქნება კი კახა კალაძე ამგვარი მმართველი? დედაქალაქის ამგვარი თავკაცი?

მე ამ კითხვაზე პასუხი მაქვს. თქვენ?

გავაგრძელოთ. ილია წერს:

„თქვენ გინდათ კაცი, რომ ხორაგი, საჭმელ-სასმელი, ქალაქის ბაზარში კარგი და საღი იყოს და თქვენ არ გახდენდნენ, არ გაფუჭებდნენ და ამ მხრით უშიშარ იყვნეთ. თქვენ გინდათ კაცი, რომ პურს, ღვინოს, საჭმელ-სასმელს ჩარჩები თუ სხვა ვინმე განგებ მამასისხლად არ ჰხდიდნენ და ამით თქვენ და თქვენს ცოლ-შვილს არ უძვირებდნენ საჭირო საზრდოს და საკვებსა. თქვენ გინდათ კაცი, რომ ქალაქის მოხელეებს ხელსა და კალთას არ აფარებდნენ, როცა იგინი არ ვარგანან და ტყუილუბრალოდ სჭამენ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა ჯამაგირების სახითა“.

მე ვკითხულობ – ქალაქის მოხელეებს კალაძე არ დააფარებს ხელს და კალთას მაშინ, როცა ისინი არაფრისმაქნისენბი იქნებიან და ტყუილუბრალოდ შესჭამენ ჩვენივე ოფლით მონაგარს?

მე ამ კითხვაზე პასუხი მაქვს. თქვენ?

გავაგრძელოთ. ილია წერს:

„თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენს წვრილშვილებს სწავლა-განათლების გზა და სახსარი მისცეს, გული კეთილს შეუჩვიოს, ჭკუა სჯასა და მოსაზრებასა, რამდენადაც შესაძლოა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ თითქმის ორ მილიონამდე ყოველწვლივ შემოსავალი ქალაქისა, თქვენგანვე ხარჯად აღებული, თქვენვე და თქვენს ქალაქს საერთოდ ჰხმარდებოდეს გამოზოგვითა და ცოდნითა და არა აქეთ-იქით იფანტებოდეს გულდაუდებლობით და უთადარიგობითა“.

მე ვკითხულობ – ქალაქს მოხმარდება შემოსავალი? მოახმარს კალაძე ამ შემოსავალს დედაქალაქს? თან, გამოზომვითა და ცოდნით მოახმარს? არ მიმოფანტავს?

მე ამ კითხვაზე პასუხი მაქვს. თქვენ?

ისევ ილია, ამჯერად არჩევნებზე წასვლის აუცილებლობაზე:

“ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცადკაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელ ქალაქსა.
იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც. გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი, და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინდისი არ გეუბნებათ“.