Loader

ერთიანი ეროვნული მიდგომის აუცილებლობა – რუსეთი არის მტერი!

ირაკლი ტაბლიაშვილი

იმისათვის, რომ ვისაუბროთ თემაზე – უნდა შეიზღუდოს თუ არა რუსული და პრორუსული მედიის საშუალებები საქართველოში, უპირველესად, უნდა განვსაზღვროთ, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით რუსეთთან?.. ამასთან, ეს უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ, ერთიანად საზოგადოებამ… საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული მიდგომა ამ საკითხის მიმართ.

რა ეწოდება, რა ჰქვია იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით?

უნდა ვაღიარო, რომ არც ხელისუფლება და არც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მდგომარეობას ფართო გაგებით ომს არ უწოდებს.

ანუ, საზოგადოებამ კარგად არ იცის, რას ნიშნავს ჰიბრიდული ომი… ხოლო ხელისუფლება ვერც და არც ამტკიცებს, რომ რუსეთთან ომი არ შეწყვეტილა და ახლა, უბრალოდ, მისი პასიური ფაზაა… არ ისმის სროლის ხმა, მაგრამ, გრძელდება:

  • ეკონომიკური შემოტევები
  • ფსიქოლოგიური ზეწოლა
  • საინფორმაციო ომი
  • კიბერ-თავდასხმები
  • ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტები

ხელისუფლებას ამის აღიარებისა ეშინია უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური ურთიერთობის გაფუჭების გამო. საქართველო არ არის ძლიერი ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით და ძალიან აშინებს პირდაპირი თუ ირიბი ინვესტიციების დაკარგვა ოკუპანტი სახელმწიფოს… ვიმეორებ – ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდანაც.

ამდენად, ხელისუფლება უფრთხის შეფასებებს – ომი, ბრძოლა, ოკუპაცია… მტერი… მაგრამ, ამასობაში, ანუ, ნახევრადსიმართლის თქმისა და სრული სიმართლისათვის თვალის არგასწორების პირობებში,  ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით, გვერღვევა სახელმწიფოებრივი ორგანიზმი.

ეს არის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით და, გამოსავალი, თითქოს არც ჩანს.

თუმცა…

თუმცა მანამ, სანამ გავბედავთ და ვიტყვით, რომ ომი გრძელდება სრულ დეოკუპაციამდე და გაგრძელდება მანამ, ვიდრე რუსეთი უარს არ იტყვის საქართველოს  მოხელთებაზე, მონადირებაზე, ამ ქვეყანაში საკუთარი დერჟავისტული პოლიტიკის გატარებაზე, ჩვენი განვითარებისათვის ხელის შეშლაზე, ოკუპაციაზე და შესაძლოა სრულ დაპყრობაზეც… მოკლედ, ამ სიტყვების  თქმამდე არსებობს ქმედებათა ჩამონათვალი, რომელიც განვითარების ამ ეტაპზეც კი ხელისუფლებასაც შედარებით გაუიოლებს საქმეს და საზოგადოებასაც.

უპირველეს ყოვლისა, სწორედ ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს გარკვეული კანონმდებლობა, რომელიც რუსულ პროპაგანდაში ეჭვმიტანილ კომპანიებს დაავალდებულებს გამჭვირვალე გახადონ საკუთარი შემოსავლები და გაასაჯაროონ შემოსავლების წყაროები. ანუ, უნდა მივიღოთ “უცხო ქვეყნის აგენტის” რეგისტრაციის აქტი… ამის შედეგად, საქართველოში მოქმედი მინიმუმ ერთი მედია საშუალება იქნება იქნება იძულებული, რომ თქვას – დიახ, მე მაფინანსებს კრემლი.

ეს არ ნიშნავს ამ მედია საშუალების შეზღუდვას – მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას ეცოდინება, ყველაფერი, რასაც ეს მედია საშუალება გადმოსცემს, მოსკოვთანაა შეთანხმებული.

ხაზგასმით ვამბობ – ყველაფერი – რადგან რუსეთის სპეცსამსახურების სტრატეგიაა – გადმოსცენ მათ შორის სიმართლეც… ბევრი სიმართლე… სიმართლე ხშირად… მაგრამ, როდესაც ამ სიმართლეებს ყური მიეჩვევა, ანუ, ჩაითვლება, რომ მედია საშუალება ყოველთვის ამბობს სიმართლეს, სწორედ მაშინ გადმოსცენ ტყუილი და დეზინფორმაცია.

რათა მერე ვთქვათ – ეს ის კომპანია არაა ყოველთვის სიმართლეს რომ გადმოსცემდა? შესაბამისად, ახლაც ასეა… ეს ტყუილიც სიმართლე უნდა იყოს, ამდენად!

და მეორე – საზოგადოებამაც უნდა გაიგოს:

ქსენოფობიის და ჰომოფობიის, სიძულვილის და სხვათა მიუღებლობის, დასავლეთის დემონიზაციის, რუსეთის სიყვარულის დანერგვის და სხვა მსგავსი ინფორმაციები თუ ანალიზი იყო, არის და იქნება რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი.

საზოგადოებამაც უნდა გაიგოს, რომ არათუ აგვისტოც დღეებში, არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც ტეხავს… ძალიან ტეხავს… უსაშველოდ ტეხავს… შვილებთან, შვილიშვილებთან… შვილთაშვილებთან…. და კიდევ მათ ჯერ არდაბადებულ შვილებთან ტეხავს…ასევე წინაპრებთან ტეხავს… თანამედროვეებთან ტეხავს…. რუსული მდარე და მით უფრო ბლატნოი და მით, მით მით უფრო “ს ჩევო ნაჩინაიეტსია როდინას” დაჭექება…

ხოლო მედიამ უნდა შეიგნოს – რომ მეათეხარისხოვანია იაფფასიანი რეიტინგი… და რომ ის საზოგადოების პარტნიორი უნდა იყოს და არა… პუტინის აზრების გამტარი.