Loader

ტრამპი და კითხვა – ვის შობს პუტინი? გორბაჩოვს თუ… პუტინს?

ირაკლი ტაბლიაშვილი

“მე ამირჩიეს არა იმიტომ, რომ მივიტაცო ხელისუფლება, არამემედ იმიტომ, რომ  გადავცე ამერიკელ ხალხს, რომელსაც ისედაც ეკუთვნის. საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ვანახლებთ სუვერენიტეტის ამ ფუძემდებლურ პრინციპებს… ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი ვიქნები, ყოველთვის დავაყენებ ჩემს ქვეყანას პირველ ადგილზე, თქვენც, თქვენს ქვეყნებთან მიმართებაში, ამას უნდა აკეთებდეთ.

სამყაროს სჭირდება ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოების კოალიცია, რომლებიც ამ სუვერენიტეტს გამოიყენებენ სამყაროს წინსვლისათვის. ეს არის თანამშრომლობისა და წარმატების საფუძველი. ძლიერი, დამოუკიდებელი ნაცია უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას. განსხვავებული კულტურები, განსხვავებული ოცნებები… ქვეყნები არა მხოლოდ თანაცხოვრობენ, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ არიან, მუშაობენ და ერთმანეთის პატივისცემა აქვთ”.

ამერიკის თავკაცი ფრანგი ემანუელ მაკრონი ან გერმანელი ანგელა მერკელი რომ ყოფილიყო, ან, ვთქვათ, ამერიკელ ბარაქ ობამას რომ წარმოეთქვა ეს სიტყვები გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, ამერიკული და მსოფლიო მედია ძვირს არაფერს იტყოდა მათ შესახებ.

… მაგრამ, ეს სიტყვები დონალდ ტრამპს ეკუთვნის – პოლიტიკოსს, რომელიც ევროპელთათვის ლიბერალიზმის  და გლობალიზაციის “შეუჩერებელი” პროცესის მოწინააღმდეგეა… ხოლო ამერიკელთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის პრეზიდენტი, რომელსაც ღირებულებების არქონაში მიედავები.

***

საკუთარ დემონიზაციას თავად ტრამპმაც შეუწყო ხელი. საარჩევნო პერიოდში, როდესაც ამერიკული მედია მას დასცინოდა, მილიარდერი იქით უტევდა “მეინ სტრიმ მედიას”  და, მასთან ჭიდილში თან იმარჯვებდა; თან – მარცხდებოდა. საწყის პერიოდში, როდესაც ამერიკელ რესპუბლიკელებს ეგონათ, რომ ან ჯებ ბუში ან მარკო რუბიო “გაძვრებოდნენ” ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგედ, აზრის შემქმნელი გაზეთები ბოლო, იუმორისტულ გვერდებზე უთმობდნენ ადგილს არაორდინალურ პოლიტიკოსს. ასე მიიღო ტრამპმა 2-3 მილიარდი დოლარის რეკლამა, უფრო ზუსტად, გამოჩენა მედიაში, უფასოდ. ხოლო მედიამ ნელ-ნელა ამოსწია პირველ გვერდებზე და როცა ჯერ რუბიო, ხოლო შემდეგ ბუში აღარავის ახსოვდა, CNN-მა თუ NYT-მა პირველი გვერდებიც დაუთმეს ტრამპს.


 

 

 

 

 

“ამერიკას აქვს დიდი მოთმინების ფიალა. ამერიკა ძლიერია, მაგრამ, თუ ჩვენ ან ჩვენს პარტნიორებს თავდაცვას გვაიძულებენ, სხვა არაფერი დაგვრჩება გარდა ჩრდ.კორეის განადგურებისა… “ადამიანი რაკეტა” ასრულებს საკუთარი და საკუთარი რეჟიმის თვითმკვლელის როლს”.

 

 


მედიის და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ბრძოლა პრეზიდენტის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის გამარჯვების შემდეგაც არ შეწყვეტილა – ტრამპმა მოახერხა და შეიქმნა არაპროგნოზირებადი ლიდერის იმიჯი, რომელსაც ერთნაირად უფრთხიან გლობალისტები ქვეყნის შიგნით და ანტიგლობალისტები ქვეყნის გარეთ. აგრეთვე, ევროპელი ლიდერები, რომლებიც უსაფუძვლოდ ფიქრობენ, რომ აშშ უარს ამბობს მსოფლიო წამყვანი ქვეყნის როლზე, იკეტება საკუთარ ნაჭუჭში და ამით დისონანსი შეაქვს ისედაც არეულ, აბლაბუდებით სავსე მსოფლიო პოლიტიკაში.

ამასობაში, უშუალოდ აშშ-ში ლიდერის როლი ითავა ძველმა გვარდიამ, უფრო კი სისტემამ, რომელსაც ადმინისტრაციაშიც ჰყავს მეკავშირეები (მაგალითად, გენერალი მატისი). კონგრესის უპირველესად რესპუბლიკელებმა იმდენი მოახერხეს, რომ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკის ერთპიროვნულად წარმოება შეუზღუდეს. “რატომ? მე ხომ ანტირუსი ვარ?” შეიძლება დღესაც ეკითხება ტრამპი საყვარელ მეუღლეს და შვილსაც… თუმცა, უთუოდ ახსენდება მისივე საარჩევნო კამპანია, რომელშიც რუსები მართლაც აქტიურად მონაწილეობდნენ და ეს კი, შესაძლოა, იქცეს მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის მიზეზად.

ამავე დროს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ფრთების შეკვეცას სწორედ რუსეთთან მიმართებაში, ტრამპი საკუთარი საგარეო პოლიტიკის გატარებას სხვაგან მაინც ცდილობს. ის ახლა ჩინეთის თემაზეა “ჩაციკლული” და ასე ცდილობს “ფხენიანის პრობლემის” მოგვარებას. სხვათა შორის, არაა უსაფუძვლო ის აზრი, რომჩრდ.კორეის წინაარმდეგ შესაძლო ლაშქრობა და მისი აღგვის კამპანია, სწორედ რუსეთის ინტერესებშია – შედეგად, რუსეთი დაბრუნდება დიდ მაგიდასთან და მარტო დარჩენილი ტრამპის ჯინაზე, ამის ინიციატორი იქნება გერმანიაც, რომელიც იმდენად უხეში არაა რუსეთის მიმართ, როგორიც, ვთქვათ არის პარტნიორ ამერიკელებთან.


 

 

 

 

“ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ინტერესები და დავიცვათ ჩვენი ქვეყნები მაშინ, როცა ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება. უნდა დავიცვათ ყველგან – უკრაინიდან დაწყებული, სამხრეთ ჩინეთის ზღვით დამთავრებული”.


***

“ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი ვიქნები, ყოველთვის დავაყენებ ჩემს ქვეყანას პირველ ადგილზე, თქვენც, თქვენს ქვეყნებთან მიმართებაში, ამას უნდა აკეთებდეთ…” –  გულახდილები რომ ვიყოთ, ამ აზრში უჩვეულო არაფერია, თუმცა, შესაძლოა, თავად აზრი არის ყავლგასული. საქმე ისაა, რომ არათუ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, არამედ, “ცივი ომის” დასასრულსაც რომ ეთქვა ეს აზრი ვინმეს, “ბებერი ევროპის” ლიდერებს ამერიკის თავკაცის ეს ინიციატივა და როლი, ალბათ მოეწონებოდათ. თუმცა, ბოლო 20 წელიწადია, ტექნოლოგიური რევოლუციების კვალდაკვალ, ქვეყანათა სუვერენიტეტის და ძლიერი ნაციის იდეა პოპულარული აღარ არის. პირიქით – გლობალიზაციამ ჩაანაცვლა დამოუკიდებლობა, საზღვრები გაიხსნა… ვაჭრობაც გაიხსნა… და ტრამპის კონსერვატიზმი თუ ჩაკეტილობა დღეს აღარავის ხიბლავს.

მეორე მხრივ – განა ევროპამ იცის, როგორ უნდა მოუაროს დაგროვილ პრობლემებს მის ფარგლებს გარეთ? განა იცის გერმანიამ, როგორ დაუცხროს მადა რუსეთს? ჩართულობით?.. ტრამპის კი არა, რესპუბლიკელთა მომხრე რომ იყო, რუსეთის ჩართულობაზე საუბარი სიცილადაც არ გეყოფოდა.

მსოფლიო არ აღიარებს, მაგრამ, ასეა – ჩრდ.კორეის საკითხის გადადება შეიძლება, მაგრამ ამით პრობლემას ვერ მოაგვარებ, უბრალოდ, შთამომავლობას დაუტოვებ მეტ საზრუნავს.

შეიძლება სირიის პრობლემის გადადებაც, მაგრამ, თუ გლობალური და ყველას მონაწილეობით ინტერვენცია არ მოხდა, ასადს სხვა ასადი ჩაანაცვლებს.

შეიძლება თანამშრომლობა პუტინთანაც კი და ის, ოდესმე აუცლებლად წავა. მაგრამ, “პუტინი არ შობს ახალ გორბაჩოვს ან, თუნდაც ხრუშჩოვს… პუტინი შობს პუტინს” – ეს მიდგომაც რელევანტურია.

***

ტრამპის კრიტიკა, ცხადია, რელევანტურია ლიბერალური გადასახედიდან. ამავე დროს, ყველაზე მძიმე მაინც ისაა, რომ პრეზიდენტს ძალიან აღიზიანებს მისი იდეების კრიტიკოსები და, დროის დიდ ნაწილს მათაც უთმობს. მათზე – კრიტიკოსებზე, ტრამპი უფრო მეტს და უფრო ხშირად საუბრობს ვიდრე თავად ფაქტებზე თუ ღირებულებებზე. თუმცა, გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა, პრინციპში, ღია გზავნილი გაუგზავნა ფხენიანს:

“ამერიკას აქვს დიდი მოთმინების ფიალა. ამერიკა ძლიერია, მაგრამ, თუ ჩვენ ან ჩვენს პარტნიორებს თავდაცვას გვაიძულებენ, სხვა არაფერი დაგვრჩება გარდა ჩრდ.კორეის განადგურებისა… “ადამიანი რაკეტა” ასრულებს საკუთარი და საკუთარი რეჟიმის თვითმკვლელის როლს”.

მისივე თქმით, – მსოფლიოს არც ერთი ერი და არც ერთი სახელმწიფო არ არის დაინტერესებული, რომ ეს კრიმინალური რეჟიმი ფლობდეს ბირთვულ იარაღს და რაკეტებს.

სხვათა შორის, ჩრდ.კორეაზე არანაკლები ბოროტება რუსეთი ტრამპმა ორჯერ ახსენა, პირველად მაშინ, როცა მადლობა გადაუხადა ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში (და ეს, წესით, პუტინს უნდა მოსწონებოდა) და მეორედ უკრაინის ხსენებისას, როცა თქვა: “ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ინტერესები და დავიცვათ ჩვენი ქვეყნები მაშინ, როცა ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება. უნდა დავიცვათ ყველგან – უკრაინიდან დაწყებული, სამხრეთ ჩინეთის ზღვით დამთავრებული”.

***

ტრამპს აშშ-ს ლიდერობის შენარჩუნება სურს სრულიად ახალ პრინციპებზე დაყრდნობით. მისი მიზანია, მსოფლიოს აჩვენოს, რომ აშშ გლობალიზაციის პირობებში კი არაა აშშ პირველი, არამედ, სწორედ იმიტომ, რომ ერთადერთი უძლიერესი ქვეყანაა სხვა ძლიერ ქვეყანათა შორის და  ყველგან იცავს (დაიცავს) მეკავშირეების ინტერესებს ირანის, ჩრდ.კორეის თუ რუსეთთან დაპირისპირების დროსაც.