Loader

მერკელის ბევრი თავსატეხი!

ნატალია ფაცურია

 

24 სექტემბერს გერმანიაში ბუნდესტაგის დეპუტატები აირჩიეს. იმის გათვალისწინებით, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა კვლავაც დააგროვეს ყველაზე მეტი ხმა, მათი ლიდერი – ანგელა მერკელი კანცლერის თანამდებობას შეინარჩუნებს, თუმცა, მმართველ პარტიას მოუწევს კოალიციის შექმნა ბარიერგადალახულ სხვა პარტიებთან.

სოციალ-დემოკრატები არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადავიდნენ, ხოლო ბუნდესტაგში პირველად მოხვედრილი რადიკალური მემარჯვენე პარტია –  „ალტერნატივა გერმანიისთვის“, გერმანიის მესამე პოლიტიკურ ძალად ოფიციალურად დაფიქსირდა.

ევროპაში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელის, ეკონომიკური სტაგნაციისა და არაპროგნოზირებადი პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, გერმანიის რეპუტაცია კვლავაც მაღალია. ქვეყნის მყარი ეკონომიკისა და უმუშევრობის დაბალი დონის გათვალისწინებით, არჩევნების შედეგები მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მერკელის პოპულარობას მისი მმართველობის ადრეულ წლებშიც განაპირობებდა და ახლაც განაპირობებს მისი პიროვნული თვისებები, მათ შორის, სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც გერმანელი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია.

თუმცა, არჩევნების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია, რომლებიც, წესით, მმართველი პარტიისათვის და პირადად მერკელისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს:


  • სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც ერთ-ერთ მოწინავე პარტიად ითვლებოდა და მმართველი კოალიციის პარტნიორი იყო, ხმების მხოლოდ 20% მიიღო, რაც მეტყველებს მემარცხენე-ცენტრისტული პარტიების პოპულარობის კლებაზე და მნიშვნელოვნად ცვლის პოლიტიკურ სურათს.

 

  • წარმატებას მიაღწია უკიდურესად მემარჯვენე ფრთამ – „ნეოფაშისტთა“ 13% არაა შემაშფოთებლად მაღალი მაჩვენებელი, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანელ ამომრჩეველს არასოდეს გამოუხატავს ღია მხარდაჭერა მემარჯვენე-პოპულისტებისათვის. მერკელისა და ზოგადად გერმანიის ამომრჩეველთა უმრავლესობისათვის შოკისმომგვრელი უნდა იყოს პარტია “ალტერნატივა გერმანიისათვის“ „მოკრძალებული“ წარმატება.

შემაშფოთებელია სხვა ტენდენციაც – წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა და, სავარაუდოდ, გაღრმავდება შიდაპოლიტიკური კრიზისი – ფაქტია, მერკელის პრაგმატული ცენტრისტული პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება და, მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით, ოპონენტებს არ აქვთ დამკვიდრებული პოლიტიკური კურსის შეცვლის უნარი, მემარჯვენე კოალიციის მოძლიერებისა და მერკელის დასუსტების შემთხვევაში, გამორიცხული სულაც არაა, პარტიათაშორისი დაპირისპირების გაღრმავება. თუ მერკელი, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავადაც გადაწყვეტს მართვის სადავეების ერთგვარ მოსუსტებას, კონსერვატორებსა და ცენტრისტებს შორის განხეთქილება, სავარაუდოდ, გაღრმავდება.

თავად გერმანული საზოგადოებაც ამბივალენტურია – კვლევები ადასტურებს, რომ მაგალითად საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით მემარჯვენეების პოზიციას იზიარებს  საზოგადოების 40%. მომავალ 4 წელიწადში ისედაცაა მოსალოდნელი მმართველი პარტიის პოპულარობის შემცირება და, ამდენად, გამორიცხული არაა საზოგადოების დაყოფა უკიდურესად მემარცხენე და მემარჯვენე ჯგუფებად. შესაბამისად,  ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არასტაბილურობა დაისადგურებს.

მერკელმა მოახერხა და მეოთხედ შეინარჩუნა კანცლერის თანამდებობა, თუმცა,  ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, რამდენადაც ანტი-იმიგრაციული პოლიტიკის მომხრე რადიკალურმა მემარჯვენე ფრთამ პარლამერნტში 88 ადგილი მოიპოვა, მნიშვნელოვნად გაიუარესა პოზიციები.

ამ შედეგის გათვალისწინებით, მერკელი იძულებული იქნება, ანგარიში გაუწიოს მემარჯვენე ფრთის პოპულისტურ გზავნილებს –  დაარეგულიროს დაძაბულობა, დააბალანსოს საემიგრაციო პოლიტიკა.


მერკელს, წინა სამი მმართველობის ვადასთან შედარებით, რთული პერიოდი უდგას იმიტომაც, რომ ბუნდესტაგში წარმოდგენილია უკიდურესდ მემარჯვენე პოპულისტური პარტია (AfD). ეს პარტია ღიად აცხადებს, რომ იწყებს „ნადირობას მერკელზე“ და ირწმუნება, რომ შეცვლის დებატების ტრადიციულ, მოსაწყენ და კონსენსუსზე დაფუძნებულ კულტურას პარლამენტში.

მმართველობის დროს მერკელს მოუწევს ფიქრი თემაზე  – ვინ იქნება მისი მემკვიდრე? ეს საკითხი სრულიად ბუნდოვანია იმიტომაც, რომ ბოლო 12-13 წელია პოლიტიკურ სპექტრში არ გამოჩენილა მერკელის ღირსეული ოპონენტი.


სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ისინი აღარ უერთდებიან მერკელის კოალიციას, მორიგი თავსატეხი გაუჩინა კანცლერს. ახლა მას მოუწევს   უმცირესობის წარმომადგენელ სხვადასხვა პარტიებთან მოლაპარაკებები იმისათვის, რომ შექმნას, უფრო სწორად, შეაკოწიწოს უმრავლესობა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ეკონომიკაში ახლა „ოქროს ხანაა“, კითხვა –  როგორ გაუძღვება ქვეყანას მისი კანცლერი მნიშვნელოვანი გამოწვევების გათვალისწინებით, კვლავაც აქტუალურია.

მერკელისთვის მთავარ გამოწვევებად კვლავ რჩება დასუსტებული მეტალურგიული მრეწველობა, სადაც ათასობით მუშაა დასაქმებული; გამოწვევაა „ფოლკსვაგენთან“ დაავშირებული “დიზელის კრიზისი”, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საავტომობილო ინდუსტრიას და უმუშევარი დარტოვოს 800 000 მუშახელი!

აგრეთვე, გერმანიის დემოგრაფიული რეგრესი და შობადობის  დაბალი მაჩვენებელი; მერკელის თავსატეხია ქვეყანაში მოხვედრილი ასობით ათასი დევნილის ინტეგრირება გერმანულ საზოგადოებაში და სწრაფი რეფორმები საიმიგრაციო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც,  მიგრანტების ახალ ნაკადში უნდა სჭარბობდეს შრომისუნარიანი მუშახელი.

მერკელმა მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს  განათლებაში; დღის წესრიგშია საპენსიო სისტემის რეფორმა – მერკელის იდეა, რომ 63 წლამდე გაიზარდოს საპენსიო ასაკი,  ოპონენტთათვის მიუღებელია.

თავდაცვის კუთხით, მერკელი ვალდებული იქნება, დააკმაყოფილოს ნატოს და აშშ-ს მოთხოვნები ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით.

მისი თავსატეხია კრიზისი უკრაინასა და თურქეთში, თუმცა, მთავარ გამოწვევად შეიძლება იქცეს ტრამპის „იზოლაციონიზმი“.

ვინაიდან ევროკავშირი მეტწილად ბერლინიდან იმართება და არა ბრიუსელიდან, მერკელს მოუწევს საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის რეფორმებთან დაკავშირებით, რაც, უპირველესად, ევროპის მონეტარული ფონდის შექმნას  გულისხმობს.

მერკელს, წინა სამი მმართველობის ვადასთან შედარებით, რთული პერიოდი უდგას იმიტომაც, რომ ბუნდესტაგში წარმოდგენილია უკიდურესდ მემარჯვენე პოპულისტური პარტია (AfD). ეს პარტია ღიად აცხადებს, რომ იწყებს „ნადირობას მერკელზე“ და ირწმუნება, რომ შეცვლის დებატების ტრადიციულ, მოსაწყენ და კონსენსუსზე დაფუძნებულ კულტურას პარლამენტში.

მმართველობის დროს მერკელს მოუწევს ფიქრი თემაზე  – ვინ იქნება მისი მემკვიდრე? ეს საკითხი სრულიად ბუნდოვანია იმიტომაც, რომ ბოლო 12-13 წელია პოლიტიკურ სპექტრში არ გამოჩენილა მერკელის ღირსეული ოპონენტი.