Loader

მიღებულია დასახევი კონსტიტუცია!..

საქართველოს პარლამენტმა “ისტორიული” გადაწყვეტილება მიიღო – დაამტკიცა კონსტიტუცია, რომელიც, ასზე მეტი დეპუტატის, ათიოდე მინისტრის და ერთი დაკარგული კაცის გარდა, არც არავის მოსწონს.

ყურადღების გამახვილება თემაზე, რომ კონსტიტუცია არაა “ჯასთ”, ანუ, მხოლოდ იურიდიულად გამართული დოკუმენტი, აღარ ღირს – ვინც ამ პროექტს აკრიტიკებდა, ეს თემა “გადაღეჭა”, მაგრამ, ამაოდ – უმრავლესობისათვის კონსტიტუციას ეს დატვირთვა აქვს. “მთავარია, გამართულადაა დაწერილი და უზრუნველყოფს ბალანსს”, – ასე გიპასუხებენ დეპუტატები და, შესაბამისად, თავისას მაინც გაიტანენ.

ფუჭია მსჯელობა კონსენსუსის აუცილებლობაზეც – “ისინი არიან ვაჭრები და ვაჭრუკანები, მილიონ “ს ჩემტა” რომ მისცე მათ უმრავლესობას, მხარსაც დაგვიჭერენ, უბრალოდ, ჩვენ არ ვვაჭრობთ, ჩვენ არავის ვყიდულობთ და არ ვიყიდებით”, – სარაუდოდ, ეს იქნება რიგითი “ოცნებელის” პასუხი მაშინ, როცა მას სხვა პოლიტიკურ ძალებთან საუბარს და შეთანხმებას მოსთხოვ.

უაზროა მსჯელობა ცალკეულ პრინციპებზეც – მაგალითად, თუ იკითხავთ, რატომ უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა? პასუხი იქნება: “რა, საპარლამენტო მოდელი არადემოკრატიულია?”. ამ, ვთქვათ, თუ დაინტერესდებით საკითხით – რატომ არ მოხდება სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან, პასუხად მიიღებთ: “მაჟორიტარული სისტემა ცუდია? შერეული? 2024 წლიდან ხომ გადავდივართ, რაღა გინდათ”?

მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციას სხვა უამრავი ნაკლიც აქვს – მაგალითად,  როგორ იქნება გათვალისწინებული აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების არჩევანი 2024 წლიდან? პრეზიდენტის ამრჩევ საარჩევნო კოლეგიაში, ანუ, ხმოსნებს შორის არიან (იქნებიან) ის პირებიც, რომლებსაც დევნილმა აფხაზეთის მკვიდრმა მოსახლეობამ ნდობა 26 წლის წინ გამოუცხადა – გამოდის, რომ პრეზიდენტს აირჩევს პირთა ის ჯგუფიც, რომელიც თავად არავის აურჩევია  უკანასკნელი 26 კი არა 2024 წლისათვის 33 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგე – რუსეთს, უკვე 2024 წლიდან, “ექნება” სრული საფუძველი, იკითხოს – ვინ არის თქვენი პრეზიდენტი? გამოხატავს კი ის ყველას აზრს? როგორ გამოხატავს, როცა პირდაპირ არჩეული არ არის და მით უფრო როგორ საუბრობს დევნილთა სახელით, როცა დევნილებს მისთვის უშუალოდ არ მიუციათ ხმა? 

… ეს ნიუანსებიც, სხვათა მსგავსად, განსახილველი აღარაა – “ოცნების” ქარავანი მიდის… მისი მესაჭე თავისას მიერეკება.

***

ამ პროცესს, სამწუხაროდ, ვერ შეაჩერებს, მხოლოდ გადაავადებს  პრეზიდენტის ვეტო –  ისიც რამდენიმე დღით. ხელისუფლებას ჯიქურ აქვს გადაწყვეტილი, მიიღოს ამგვარი მთავარი კანონი და არათუ პრეზიდენტი, საერთაშორისო თანამეგობრობაც კი, მასთან ვერაფერს ხდება.

ვიკითხოთ და თავადვე გავცეთ პასუხი ამ კითხვებს – სავარაუდოდ რა არის (რა შეიძლება იყოს) ხელისუფლების ამგვარი სტრატეგიის მიზეზი, მიზანი და შედეგი?


 

 

 

 

მიზეზი

პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან მიმართებაში მეორეხარისხოვანი როდია ზოგადი უკმაყოფილება პრეზიდენტის ინსტიტუტის კი არა, საჭეთმპყრობელთა მიმართ. “მიშა იყო დამნაშავე, ხოლო მარგველაშვილი არის მავნებელი”, – ხელისუფლება აფასებს პერსონებს და ანგრევს ინსტიტუტს. ხოლო კითხვას – “თქვენ არ შეარჩიეთ მარგველაშვილი? თქვენ კი არა, თქვენმა ლიდერმა” – პასუხობს ასე: “არ გაამართლა”.

ოღონდ, ამ “არ გაამართლა-ში” სულაც არ იკვეთება მთავარი შემრჩევის პასუხისმგებლობა. მარგველაშვილი, “ოცნების” თვალთახედვით, აღმოჩნდა “აფერისტი”, რომელმაც უღალატა ლიდერს, პარტიას, გუნდს… “უღალატა” მაგალითად მაშინ, როცა ავლაბრის რეზიდენციასთან არ მიაყენა 2 25 60 60 – ის მანქანები და არ დაცალა შენობა.

გარდა ამ “საშინელი და უპატიებელი” შეცდომისა, მარგველაშვილმა ვანო მაჭავარიანი, თვით მიხეილ მაჭავარიანის ძმა! დანიშნა მრჩევლად! აგრეთვე, რამდენიმეჯერ არ დაეთანხმა პარტიას, ანუ გუნდს, ანუ, “დამფუძნებელ მამას”, გამოიყენა ვეტო… ამბიონიდან რომ ვქადაგებდე, გეტყოდით ასე: “ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქუენ – სხვას ვერაფერს ედავება “ოცნება” პრეზიდენტს”.

მიშა – ანუ, ყოფილი პრეზიდენტი, ცალკე თემაა – ვიდრე სააკაშვილი ცოცხალია, “ოცნება” მისგან შექმნის მტრის ხატს კი არა, ბუას, რომელიც … სულ ბრუნდება და ვერ დაბრუნდა. “გაგახსენოთ “სისხლიანი 9 წელი?” – ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილზე ჯერაც მოქმედებს ეს შეძახილი… “ნუ გაგვახსენებთ, ოღონდ ის არა და, ეგდეთ… თუდაც იყავით უუნაროები” – პასუხობს ამომრჩეველი მასზე მოქირქილე, მისით მანიპულატორ  ხელისუფლებას.

მიზანი

ცხადია, დეპუტატ ენძელა მაჭავარიანს მხოლოდ გულუბრყვილო კეთილშობილება (ან კეთილშობილური გულუბრყვილობა) ამოძრავებს მაშინ, როცა პულტზე სათუთად აჭერს თითს და ასე იწონებს კონსტიტუციას, მაგრამ, სამწუხაროდ და, ამავდროულად, საბედნიეროდაც, ენძელა მაჭავარიანი არაა გადაწყვეტილების მიმღები პირი, ის, უბრალოდ, ფორმალურადაა ხელისუფალი, რეალურად კი, სხვათა გადაწყვეტილებების გამტარია.

“ხელისუფლების ტვინებს” (თუ ასეთი “ტვინი” ხელისუფლებას საერთოდ ჰყავს) კი, შესაძლოა, ჰქონდეთ ის მიზანი, რომელსაც ვერც კონკრეტული ენძელა ჩახვდება და ვერც კოლექტიური… აგრეთვე, ვერ ჩახვდებიან ენძელა მაჭავარიანზე ძლიერი, გამოცდილი დეპუტატებიც, რომლებმაც საკუთარი თავი დაარწმუნეს, რომ მათ გარეშე არც არაფერი ხდება.

ამ მიზნის თანახმად, საქართველო არ უნდა იყოს რეზისტენტული ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით. სხვაგვარად ვთქვათ – კრიზისებისას (და ნებისმიერი კანონის (მათ შორის, კონსტიტუციის) და გადაწყვეტილების გამოცდა, რეალურად, ხდება მხოლოდ კრიზისის დროს) სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს ხსენებული კრიზისების დაძლევის უნარი. კრიზისების დროს დამატებით უნდა ამოქმედდეს გადაწყვეტილებათა მიღების რთული მექანიზმი, ამასობაში უნდა დაიკარგოს დრო და თუ კრიზისი ხელოვნურია (მაგალითად, არის ომი), სტრატეგიულმა მოწინააღმდეგემ, ანუ, ხელოვნური კრიზისის გამომწვევმა, შედარებით იოლად და მოკლე ვადაში უნდა მიაღწიოს მიზანს.

მკითხველთა უმრავლესობა ბუნებრივად იფიქრებს, რომ ვინმეს ვადანაშაულებთ ამგვარ, შეგნებულ ბოროტ განზრახვებსა და ამგვარი სახელმწიფოს შეგნებულად შექმნის მცდელობაში, ანუ, ღიად რომ ვთქვათ, კოლაბორაციაში. არაა  ასე – ვინაიდან “დამფუძნებელ მამას” – ივანიშვილსაც კი ვერ დავუმტკიცებთ მავნებლობას, ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით ზოგადი შეფასებით  – საქართველოში ზოგადად და კონკრეტულად მის პოლიტიკურ სპექტრში (აგრეთვე, საზოგადოებრივ სექტორში) რუსეთიდან ინპლანტირებულია უამრავი აგენტი, მეტწილად ჩრდილში მყოფები, რომლებიც ოსტატურად (ისე, რომ დეპუტატთა თუ ხელისუფალთა უმრავლესობას) “უსრულებენ” ფორმალურ მმართველებს, ისინი მიჰყავთ სუვერენულ იმ გადაწყვეტილებამდე, რომლებიც, რეალურად საზიანოა ქვეყნისათვის.

შედეგი

რა ხელშესახები შედეგი დადგება ამ კონსტიტუციის მიღებით?

ყურადღება გავამახვილოთ ერთ პუნქტზე – სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის აკრძალვაზე.

შედეგად, საქართველოში ინვესტიციებისაგან თავს შეიკავებენ არა მხოლოდ არაბი-თურქი-ჩინელი ინვესტორები (რომელთა მიმართაც არსებობს სრულიად უსამართლო ბრალდებები), არამედ, ევროპელებიც, რომლებსაც ბუნებრივად აინტერესებთ უძრავი ქონება და მისი საკუთრება  მათივე ბიზნესის მეტი და მეტი უსაფრთხოების გარანტიის მიზეზით.

საქართველოს არ აქვს (და არც შეიძლება, ჰქონდეს) ძლიერი სოფლის მეურნეობა, თუმცა, მისი ცალკეული დარგები (მაგალითად, თხილის წარმოება ან მეღვინეობა) შედარებით პროგნოზირებადი და სტაბილურად განვითარებადია – სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის კონსტიტუციური  აკრძალვით, ხელისუფლება არა მხოლოდ სწირავს ამ დარგებს დამატებითი გაჩანაგებისათვის, არამედ, პოლიტიკურ გზავნილსაც უგზავნის უკლებლივ ყველა სახელმწიფოს (ჩინეთსაც და, ვთქვათ იტალიასაც) – ჩვენ, არ ვენდობით რა თქვენს მოქალქეებს, შესაბამისად, არ გენდობით თქვენც!.. უფრო მკაცრად რომ არ შევაფასო, ეს გზავნილი მძიმე მოსასმენია პეკინშიც, რომშიც და … თბილისშიც.

გამოსავალი

ამ პირობებში ვითარებას ვერ შეცვლის ვერაფერი – ვერც პრეზიდენტის ვეტო და ვერც საპროტესტო ტალღა, რომლის აგორებაც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

შესაბამისად, გამოსავალი არ ჩანს.

სამაგიეროდ და საბედნიეროდ, უკვე ამთავითვე ჩანს განწყობა, რომლის თანახმადაც, მომავალი პოლიტიკოსები პირდაპირი მნიშვნელობით დახევენ ამ კონსტიტუციას მაშინ, როცა “ოცნების” ხელისუფლება ისტორიის ლაბირინთებში ჩაიკარგება. და კიდევ – იმ ასზე მეტი დეპუტატიდან და ათზე მეტი მინისტრიდან, რეალურად, ბევრი არცაა იდენტობით პოლიტიკოსი – შესაბამისად, გამოდის, აი, რა – კონსტიტუცია მიიღეს პირებმა, რომლებიც წლების შემდეგ საკუთარ პირვანდელ პროფესიას მიუბრუნდებიან – ზოგი ბიზნესში ცდის ბედს, ზოგი არასამთავრობო სექტორში… ზოგიც, ვთქვათც – სცენაზე.

ეს კონსტიტუცია კი აუცილებლად იქცევა ისტორიულ დოკუმენტად. აგრეთვე, მისი მოქმედების ვადაში მთავარ იმგვარ კანონად, რომელიც არც მუშაობს.