Loader

ცუკერბერგის სტრატეგია! იყენებს თუ არა რუსეთი facebook-ს საკუთარი მიზნების მისაღწევად?

ნატალია ფაცურია

ერევა თუ არა რუსეთი დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე ქვეყნების საზოგადოებათა არჩევანში? თუ ამის მტკიცებას დაიწყებს რომელიმე ქართველი ექსპერტი, სხვა ქართველები მას წინააღმდეგობას გაუწევენ. 

  • რა სისულელეა, ვის რაში სჭირდები, – ამბობენ რუსეთის მიმართ პოზიტიურად განწყობილები.

ჩვენ წარმოგიდგენთ სტატიას თემაზე, რას ამბობს მარკ ცუკერბერგი – facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი და როგორ იმოქმედებს ამიერიდან უძლიერესი სოციალური ქსელი.

***

ცუკერბერგმა განცხადება 21 სექტემბერს გაავრცელა და მას შემდეგ მისი შინაარსი მითქმა-მოთქმისა და  მსჯელობის საგანია პოლიტიკურ წრეებსა თუ სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

კომპანიის ლიდერის თქმით, fb-მ გამოავლინა 3000-მდე პოლიტიკური რეკლამა, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთთან არის კავშირში ვინაიდან მათი გავრცელება უცნაურად ემთხვევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს. ცუკერბერგი ამბობს, რომ დამატებითი მოკლევის მიზნით, უკლებლივ ყველა მასალას მიაწოდებს აშშ-ის საარჩევნო კომიტეტს.

ინტერნეტში უკვე გავრცელებულია ცნობა იმის თაობაზე, რომ სწორედ აშშ-ის საპრეზიდენტო საარჩევნო პერიოდში  შეიქმნა  500-მდე რუსი მომხმარებლის გვერდი და სწორედ ამ ახალმა მომხმარებელმა შეიძინეს 100 000 დოლარის ღირებულების პოლიტიკური რეკლამა. კომპანიის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ ინტერვენციასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკურ ლიდერებს ინფორმაცია უკვე აქვთ.

ამ ამბის კვალდაკვალ, ცუკერბერგმა გამოაქვეყნა ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც,  facebook-ი სამომავლოდ მაინც დაუპირისპირდება გარე ძალის მიერ რომელიმე ქვეყნის არჩევნების პროცესში ინტერვენციის ნებისმიერ მცდელობას.

ცუკერბერგი ამბობს, რომ განსაკუთრებით გულშემატკივრობს დემოკრატიულ პროცესებს. მისი თქმით,  facebook-ის არსიც სწორედ დემოკრატიულ იდეებზეა დაფუძნებული და მოწოდებულია, დაახლოვოს ადამიანები. სოც.ქსელის მიზანი, მისი ლიდერის თქმით,  აზრთა თავისუფალი გავრცელებაა.  ცუკერბერგი ამბობს, რომ ერთიანობა არჩევნების პერიოდში  ფუნდამენტური ღირებულებაა დემოკრატიისთვის. “სწორედ ამიტომ შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ არჩევნების სრულფასოვნად ჩატარებას და წინ აღუდგნენ სხვა ქვეყნების არაკეთილსინდისიერ ზრახვებს. აღნიშნულმა ჯგუფებმა გამოავლინეს ათასობით ყალბი გვერდი, რომლებსაც მსგავსი ზრახვები ამოძრავებდათ, მათ შორის, საფრანგეთის ბოლოდროინდელი არჩევნების დროს”, – ამბობს ცუკერბერგი.  

ცხრა პუნქტიანი გეგმის მიხედვით:

  • ადმინისტრაცია აქტიურად იმუშავებს აშშ-ს მთავრობასთან, რომელიც იძიებს რუსეთის ინტერვენციას აშშ-ს არჩევნებში – ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე რამდენიმეთვიანი მუშაობის მიუხედავად, მათ ვერ შეძელეს დესტრუქციულ რეკლამებსა და რუსეთს შორის პირდაპირი კავშირის დადგენა, თუმცა მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარედგენილია სპეციალურ საბჭოში. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ საქმის ვითარება გააცნო კონგრესსაც. ცუკერბერგის თქმით, ის შეზღუდულია და  სამართალდამცავთა ქმედებებს საჯაროდ არ განიხილავს, თუმცა, მხარს უჭერს კონგრესს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ოპტიმალურად გამოყენებაში და იმედოვნებს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, სახელმწიფო მის  შედეგებს გაასასჯაროვებს.
  • facebook-ი აგრძელებს გამოძიებას საკითხზე – რა მოხდა ქსელში არჩევნების პერიოდში და იმედოვნებს, რომ გააუმჯობესებს საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობას. კომპანია იკვლევს იმ საგარეო აქტორებს (კერძოდ ჯგუფებს რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოებიდან) რათა მეტი ინფორმაცია მოიპოვოს იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებენ ქსელს  ეს ჯგუფები საკუთარი მიზნების მისაღწევად.
  • ცუკერბერგის თქმით, პოლიტიკური რეკლამები გახდება მეტად გამჭვირვალე. როდესაც ვინმე ყიდულობს პოლიტიკურ რეკლამას ტელევიზიით ან რაიმე სხვა მედია საშუალებით, კანონი მედიას ავალდებულებს, გამოაშკარაოს დამკვეთის ვინაობა. “მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ ვართ დაზღვეულნი, რომ სხვებიც იმავე გზავნილებს ხედავენ რასაც მედიასაშუალებების მფლობელებს აწვდიან, ასე რომ, ადმინისტრაცია გეგმავს, გამჭვირვალობის ხარისხის გაცილებით მაღალ დონეზე აწევას, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ეცოდინებათ არა მხოლოდ რეკლამის დამკვეთის ვინაობა, არამედ, ექნებათ მუდმივი წვდომა და დაკვირვების შესაძლებლობა აღნიშნულ პოლიტიკურ რეკლამაზე. დამკვიდრდება ონლაინ გამჭვირვალობის ახალი სტანდარტი”, – ამბობს ცუკერბერგი.
  • გაგრძელდება პოლიტიკური რეკლამების განხილვის პროცესი. ადმინისტრაცია წინააღმდეგნია ქსელი გამოიყენონ კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის. რეკლამების ყიდვა და გავრცელება ავტომატურად ხდება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, დამკვეთს არ უწევს  კომპანიის წარმომადგენელთან გასაუბრება, სწორედ ამან წარმოშვა პრობლემა, რის შეცვლასაც გვპირდება facebook-ი. რასაკვირველია, ვერც მომავალში გაკონტროლდება ყველა მომხმარებელი, თუმცა, ცუკერბერგი აცხადებს, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს, წინ აღუდგეს დესტრუქციულ ქმედებებს.
  • ცუკერბერგი აცხადებს, რომ ინვესტიციას ჩადებს უსაფრთხოებასა და განსაკუთრებით არჩევების კეთილსინდისიერად ჩატარების პროცესში. მომავალ წელს გაორმაგდება facebook-ის შესაბამისი ჯგუფის მუშაობის ინტენსივობა ამ კუთხით.
  • გაღრმავდება მუშაობა საარჩევნო კომისიასთან.  კომპანია უკვე თანამშრომლობს სხვა ქვეყნების საარჩევნო კომისიაებთან და მოსახლეობას საარჩევნო რეგისტრაციის პროცესში ეხმარება. გარდა ამისა, იგეგმება არხის შექმნა, რომლის საშუალებითაც, საარჩევნო კომისიებს მიეწოდება ინფორმაცია facebook-ის მიერ აღმოჩენილი ონლაინ რისკების შესახებ კონკრეტულ არჩევნებთან დაკავშირებით.
  • გაიზრდება საფრთხისშემცველი ინფორმაციის გაცვლა უსაფრთხოების კომპანიებთან. მნიშვნელოვანია ტექნიკური კომპანიებთან თანამშრომლობაც, რადგან ცხადია, რომ ნებისმიერი აქტორი, რომელიც ქსელს არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყენებს, უკანონოდ იყენებს სხვა ინტერნეტპლატფორმებსაც.
  • პოლიტიკურ დებატებში ჩართული საზოგადოების დასაცავად შეიქმნება დამატებითი სერვისები.  პოლიტიკური ჩაგვრის მსხვერპლთა დასაცავად შეიქმნება “ბულინგი”-ს საწინააღმდეგო სისტემა.

ცუკერბერგი ამბობს, რომ კომპანიამ წარმატებით იმუშავა გერმანიის არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარების უზრუნველსაყოფად. ფედერალურ ოფისთან პარტნიორობით, კომპანიამ აღმოაჩინა ათასობით ყალბი გვერდი. მრავალი ყალბი მომხმარებელის გვერდის გაუქმებამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო გერმანიაში. ცუკერბერგის თქმით, 2016 წელს facebook-ით გაიმართა მილიარდობით ინტერაქცია და ღია დისკუსია, რაც უშუალო კომუნიკაციის პირობებში არ მოხდებოდა. კანდიდატები ონლაინ კომუნიკაციას ამყარებდნენ მილიონობით ამომრჩეველთან. კამპანიებმა დახარჯეს ათობით მილიონი დოლარი თავიანთი გზავნილების გასავრცელებლად.

“facebook-ი დაეხმარა 2 მილიონამდე ამომრჩეველს არჩევნებში დარეგისტრირებაში. მრავალი ეს ფუნქცია სიახლეს წარმოადგენდა აღნიშნულ არჩევნებში ან იყო გაცილებით დიდი მასშტაბის იმასთან შედარებით, რაც აქამდე ყოფილა. თუმცა, ჩვენ ახალ სამყაროში ვცხოვრობთ და ვალდებულნი ვართ, გავუმკლავდეთ ახლებურ გამოწვევებს, ჩვენი მეთოდებიც ხსენებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად იხვეწება და უმჯობესდება. ვაგრძელებთ სახელმწიფოსთან თანამშრომლობას რუსული ინტერვენციის სრულად გამოსაძიებლად და ვიბრძოლებთ არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არამედ ყველას მივცემთ შესაძლებლობას ფბ-ს მეშვეობით ხელი შეუწყონ დემოკრატიულ პროცესებს”, – ამბობს ცუკერბერგი.

***

რუსული ინტერვენციის პირველი ნიშნები  2015 წლის სექტემბერში გამოვლინდა.  FBI-იმ დაადგინა, რომ რუსმა ჰაკერებმა შეაღწიეს ეროვნული დემოკრატიული კომიტეტის (Democratic National Committee) კომპიუტერულ სისტემაში და მოახდინეს კონფიდენციალური მონაცემების მოპარვა და არევა. კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა და აშშ-ს მთავრობამ დაადგინეს, რომ ეს იყო რუსული სპეცსამსახურების კიბერშეტევა ტრამპის ოპონენტების წინააღმდეგ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის სპეცსამსახურების ექსპერტებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომ რუსეთის ქმედება იყო კარგად დაგეგმილი და კოორდინირებული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-ს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და თავისუფალი არჩევნების საბოტაჟს.

2017 წლის იანვარში, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა განაცხადა, რომ კრემლის მიერ დაფინანსებულმა დაჯგუფებებმა მოიცვეს სოციალური მედია და აგიტაციას უწევდნენ ტრამპს.

დეზინფორმაციის გავრცელება რუსული პოლიტიკის ერთგვარი ხერხია და მას რუსი პოლიტიკოსები აქტიურად მიმართავენ ცივი ომის დასრულების შემდეგ. რუსეთის ინფორმაციული ომი შეფასებულია როგორც ყველაზე დიდი “დატროლვის” ოპერაცია ისტორიაში, რომლის სამიზნე სრულიად დემოკრატიული სივრცეა.

პოლიტიკური რეკლამების მიზანი იყო რელიგიური კონფლიქტების გაღრმავებაც. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი შეიცავდა ინფორმაციას, თითქოს მუსლიმი ქალები მხარს უჭერდნენ დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჰილარი კლინტონს და უპირისპირდებოდნენ დონალდ ტრამპს. აშშ-ს სენატორ მარკ ვორნერის თქმით, მათი მიზანი ქაოსის წარმოქმნა იყო.

აშშ-ს დაზვერვის სამსახურმა დაასკვნა, რომ რუსეთმა გულმოდგინედ იმუშავა არჩევნებში ინტერვენციის მექანიზმების შექმნაში. სახელდახელოდ შექმნილი ფბ გვერდების საშუალებით ისინი ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას და ტრამპის აგიტაციიტაც იყვნენ დაკავებულნი.

facebook-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა გამოავლინეს რუსული ჰაკერული დაჯგუფება”Fancy Bear”, რომელიც ქსელში ავრცელდება ე.წ. DNC-მეილებს. აღნიშნული წერილები შეიცავდა სანდერსის საპრეზიდენტო კამპანიის საბოტაჟური შინაარსის გზავნილებს. როგორც დადგინდა, აღნიშნულ დაჯგუფებას კავშირი ჰქონდა რუსულ სამხედრო ერთეულებთან. ამასთან ერთად, გამოაშკარავდა, რომ რუსეთთან დაკავშირებული დჯგუფებები არა მხოლოდ პოლიტიკურ რეკლამებს ყიდულობდნენ, არამედ ცდილობდნენ ანტი-იმიგრაციული და კლინტონის საწინააღმნდეგო გაერთიანებების შექმნას.

როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის მკველარებმა დაადგინეს, მრავალ შტატში, ამომრჩეველთა მიერ გავრცელებული ამბების დაახლოებით 50% შეიცავდა ცრუ მტკიცებებს და დეზინფორმაციას.

პუტინმა, რასაკვირველია, უარყო კავშირი გამოვლენილ ინტერვენციასთან, თუმცა აღიარა, რომ პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ მოქალააქეებს, რომლელთაც აწუხებთ რუსეთისკენ მიმართული ნეგატიური განცხადებები, შესაძლოა, საკუთარ თავზე ეტვირთათ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები.

რუსული ინტერვენციის საფუძველად შესაძლოა მივიჩნიოთ ჰილარი კლინტონის ის პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, კანდიდატი ღიად უჭერდა მხარს უკრაინას ყირიმის ანექსიის დროს. კლინტონი ღიად უჭერდა მხარს ნატო-ს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. იგი აკრიტიკებდა პუტინის პოლიტიკას განსხვავებით  ტრამპისაგან, რომელიც საწინააღმდეგო პოლიტიკას მიმართავდა – კრიტიკულად არ აფასებდა რუსეთის ქმედებსბს და მეტიც, პუტინის მიმართ პოზიტიურ გზავნილებსაც ავრცელებდა.

***

კითხვა ასეთია – თუ რუსეთი ერეოდა აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში, გვაქვს თუ არა საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ის საქართველოს საშინაო საქმეებშიც ერევა მათ შორის სოციალურ ქსელში მომრავებული ყალბი “იუზერების” და პრო-რუსულად განწყობლი პირების გამოყენებით?