Loader

ქაოსი კატალუნიაში!

ნატალია ფაცურია

კატალუნიაში ქაოსია!

საარჩევნო უბნებზე ხელჩართული დაპირისპირებაა. მდგომარეობა მუდმივად იძაბება და გავრცელებული საზარელი კადრებიც ადასტურებს, რომ ესპანეთში ღრმა კრიზისია.  რეგიონების  ხუთსაუკუნოვან თანაარსებობა შეიძლება დასრულდეს კიდეც!

მიზანი, დაუყოვნებლივ შეხორცდეს ჭრილობები, ჩანს, მიუღწეველია – არ ჩანს ძალა, რომელიც გაუმკლავდება არსებულ კრიზისს.

მდგომარეობა ყოველწუთიერად უარესდება,  კატალუნიის პარლამენტის სეპარატისტები  ირწმუნებიან, რომ ავტონომია 48 საათის განმავლობაში (4 ოქტომბრისათვის) გამოაცხადებს დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულ რეფერენდუმს და მის შედეგებს არ სცნობს არც სამეფო კარი და არც ოფიციალური მადრიდი,  ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია, თავის მხრივ, სერიოზულ  საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ფედერალურ მთავრობას, არამედ, გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას სეპარაციის მსურველ სხვა რეგიონებში.

რამდენიმე დღის წინ, არც ერთ მხარეს არ წარმოედგინა, რომ ვითარება ამდენად დაიძაბებოდა,  შესაბამისად,  არავის აქვს  კრიზისის დაძლევის სტრატეგია. ვარაუდობენ, რომ განხეთქილება გაგრძელდება და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფები  სიტუაციას საერთოდ ვეღარ გააკონტროლებენ.

კატალუნიის მთავრობა აცხადებს, რომ რეფერენდუმის წინასწარი შედეგით, ამომრჩეველთა 90% დამოუკიდებლობის მომხრეა – ამას, რასაკვირველია, არ ეთანხმება ესპანეთის მთავრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ არათუ დამოუკიდებლობის გამოცხადება, რეფერენდუმიც კი უკანონო იყო.

კატალუნიის რეგიონული ლიდერი კარლოს პუჩემონტი  ესპანეთის სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებს. “ტანჯვით და იმედით აღსავსე დღეს კატალუნია მოიპოვებს კუთვნილ დამოუკიდებლობას”, – ამბობს პუჩემონტი.

პუჩემონტმა რეფერენდუმის დღესვე “იწინასწარმეტყველა”, რომ სამართალდამცავი ძალები ესპანეთს მსოფლიოს წინაშე შეარცხვენდნენ და მართლაც, რეფერენდუმის ბოლო წუთამდე პოლიცია ძალისმიერი მეთოდებით არბევდა საარჩევნო უბნებს და ათასობით ამომრჩეველზე ძალადობდა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რადგან კონსტიტუციის მიხედვით, რეგიონულ მთავრობას არ აქვს უფლება, ცალმხრივად გამოაცხადოს დამოუკიდებლობა, ის იძულებული იყო, მხარი დაეჭირა სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის რეფერენდუმის შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, მისი თქმით, საკითხავია – რამდენად აუცილებელი იყო სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობრივი ფორმების გამოყენება რეფერენდუმის პროცესში.

კატალუნიის რეგიონის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ის ვალდებული იყო, გამოეცხადებინა რეფერენდუმი, ვინაიდან სეპარატისტული პარტიები ირწმუნებოდნენ, რომ 2015 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამას საკუთარ თავზე იტვირთავდნენ. ამავე დროს, პრეზიდენტს ოპონენტები ადანაშაულებენ ქვეყნის კონსტიტუციის შელახვასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში.

დამოუკიდებლობის დეკლარაციას სამართლებრივი ძალა მართლაც არ გააჩნია, კატალუნიელთა იმ ნაწილისათვის, ვინც სეპარატიზმს ეწინააღმდეგება, სრულიად მიუღებელია ეროვნული  იდენტობის მსგავსი ფორმით ცვლილება.  მიღებული დეკლარაცია არასამართლებრივად ჩაითვლება საერთაშორისო დონეზეც, რაც დააკნინებს კატალუნიის რეპუტაციას.

დღევანდელ კრიზისულ ვითარებასა და სეპარატისტების აღზევებაზე პასუხისმგებელი დიდწილად ეპანეთის პრემიერ-მინისტრია, რომელმაც უარი განაცხადა სამართლებრივი რეფერენდუმის ჩატარებასა და კატალუნიის რეგიონული მთავრობისთვის ძალაუფლების დელეგირებაზე.

რაც არ უნდა მოხდეს  ესპანეთში, ნაკლებ სავარაუდოა, რომ პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ თავად დანიშნოს რეფერენდუმი – კატალუნიელთა უმრავლესობა, მათ შორის ისინიც, ვინც დამოუკიდებლობას მხარს არ უჭერს, ითხოვს სამართლებრივი და არა ცალმხრივი რეფერენდუმის ჩატარებას. რახოის სახალხო პარტია მუდმივად ეწინააღმდეგებოდა იმგვარ კონსტიტუციურ რეფორმას, რომელსაც, შესაძლოა, ორივე  მხრიდან გარკვეული სახის კომპრომისი გამოეწვია.

პარლამენტის ერთ-მესამედს შეუძლია ნებისმიერი რეფორმის ინიციატივის დაბლოკვა, რახოის სახალხო პარტია კი, უმცირესობაში ყოფნის შემთხევაშიც, შეძლებს, უკუაგდოს ოპონენტების ყოველგვარი რეფორმა თუ ინიციატივა.

ამავე დრიოს, შექმნილი ვითარებიდანაც კი არსებობს გამოსავალი და ის არ გულისხმობს არც კარლოს პუჩემონტის სეპარატიზმს და არც მარიანო რახოის “რეჟიმთან” შემრიგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ კატალუნიელთა უმრავლესობა დღემდე ეწინააღმდეგებოდა დამოუკიდებლობას, ის მაინც მოისურვებს ავტონომიის უფლებების გაფართოებას.  სოციალისტებს სჯერათ, რომ ეს იქნება მიღწევა და თუ ეს მოხდა, გერმანიის მსგავსად, ესპანეთიც გარდაიქმნება ფედერაციულ სახელმწიფოდ.

ცხადია, არსებული კრიზისი წლების განმავლობაში ღრმავდებოდა, კატალუნიის მთავრობა სრულიად დამოკიდებული იყო ესპანეთის მთავრობაზე და არც ერთ სფეროში არ ხდებოდა ძალაუფლების დელეგირება, ესპანეთის მთავრობას, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლით, ნამდვილად შეეძლო თავიდან აეცილებინა დღევანდელი მძიმე ვითარება.

2012 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოსგან პრემიერ-მინისტრს რომ არ მოეთხოვა  კატალუნიაში არსებული თვითმმართველობის ქარტიის გაუქმება, შესაძლოა, ეს დაპირისპირება საერთოდ არ მომხდარიყო.

კატალუნიას ადგილობრივ საგადასახადო სისტემაზე კონტროლი რომ ჰქონოდა,  საზოგადოებასა და მთავრობაშიც ნაკლებად  გაღვივდებოდა უკმაყოფილება.

არსებობს იმის ალბათობა, რომ დამოუკიდებელი კატალუნია, შესაძლოა, გასცდეს ევროკავშირის ჩარჩოებს და სეპარატისტები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, შექმნიან არსებულისგან სრულიად განსხვავებულ მმართველობის სისტემას. მსგავსი რისკების არსებობის პირობებში, აუცილებელია, გარკევეული კომპრომისი ესპანეთის მთავრობის მხრიდან, ვიანიდან ყოველი არასწორად გადადგულ ნაბიჯი კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ კრიზისს.