Loader

საფრთხე – ლოიალური განწყობები რუსეთის მიმართ

“სულს მივცემ ჩემსას,

მე იმას მარტო,

ვინც უწყის, ტატომ

ღაღადყო რატომ:

სახელმწიფოთა შორის ერთობას

(ესეც ღვთის ნება არის, ეტყობა)

სარწმუნოება არ ჰყოფნის მარტო”

მუხრან მაჭავარიანი

 

***

რელევანტურია არგუმენტი, რომ საქართველომ, რახანია, იცვალა საგარეო კურსი და თუ ადრეულ წლებში, ვთქვათ, მე-20 საუკუნის მიწურულისკენ, აუცილებელი იყო “სახელმწიფოთა ერთობის” დაუშვებლობაზე საუბარი, დღეს კი ეს თემა აქტუალური აღარაა.

 

  • “გათავისუფლდა რა საქართველო, ურყევია რა მისი ხალხის ნება – იცხოვროს დამოუკიდებელ სახელმწიფოში, მსჯელობა თემაზე – დაბრუნება უკან – საბჭოეთში (თუ რუსეთის იმპერიაში) უკვე აღარაა აქტუალური”;
  • “მოდის ახალი თაობა, რომელმაც იცის ინგლისური და არ აქვს  ნოსტალგია საბჭოეთის (რუსეთის იმპერიის) მიმართ. საქართველო დამოუკიდებელია და ამ დამოუკიდებლობას ვერავინ მოშლის, ვერავინ მოარღვევს”.

 

ბრჭყალებში ჩასმულ ამ ორ წინადადებას კონკრეტული ავტორი არ ჰყავს, მაგრამ ეს “ციტატები” ზედმიწევნით  ზუსტად ასახავს “დამოუკიდებლობის მცველთა” დამოკიდებულებას საკითხისადმი. მათ – შედარებით “არხეინად მყოფებებს”, თუ რამ აფიქრებთ, მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს ყოფა – ეკონომიკური/სოციალური მდგომარეობაა. ისინი – “დამოუკიდებლობის სადარაჯოზე” მდგომნი, ვერ ხედავენ ქვეყნის დროშის, გერბისა თუ ჰიმნის შეცვლის საშიშროებას და, ამ სამ სიმბოლოსთან ერთად, ქვეყნის სუვერენიტეტის სრული!!! დასტური ჰგონიათ მაგალითად, არჩეული პარლამენტი; არჩეული პარლამენტის დამტკიცებული მთავრობა; თუნდაც სუსტი, მაგრამ, დამოუკიდებლადწოდებული სასამართლო… ვერშემდგარი თვითმმართველობა… დემოკრატია, რომლის ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია… დამოუკიდებელი საგარეო კურსი, დემოკრატიის ხელისუფლების გავლენისაგან თავისუფალი ინსტიტუტები – მედია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ.

ბრჭყალების გარეშე – ისინი მართლები არიან!!! საქართველო პრობლემებით სავსე, სუსტი, მაგრამ, სახელმწიფოა და თუ პოეტი “სახელმწიფოთა ერთობაში” ორი სახელმწიფოს ერთ სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობდა, მაღალი ალბათობით, ეს ერთი სახელმწიფო მართლაც ვეღარასოდეს შედგება, სულ რომ ყირაზე გადავიდეს დიდი “ერთმორწმუნე ძმის” გავეშებული ყველა მმართველი.

***

… მაგრამ, მუხრან მაჭავარიანის  ის და, ვთქვათ, აკაკი შანიძის ეს სიტყვები: “… ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა”, აქტუალობადაკარგული სულაც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არაადეკვატური რუსეთი, ალბათ, მართლაც ვერ გაბედავს დამოუკიდებელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს სრულ ოკუპაციას, თქმა იმისა, რომ “სახელმწიფოთა შორის ერთობა” წარმოუდგენელია, ერთგვარი გულუბრყვილობაა, რამდენადაც “სახელმწიფოთა ერთობა”, 21-ე საუკუნეში, ფორმალურ სუვერენტიტეტს სულაც არ უარყოფს, პირიქით – “მიესალმება”, თუმცა, სწორედ ფორმალური სუვერენიტეტი და მისი განცდა მნიშვნელოვნად ადუნებს სახელმწიფოს და სახელმწიფოს ფუძემდებელი საყრდენის – საზოგადოების ერთიან ორგანიზმს.

***

საკუთარი მმართველობის ეშხში შესული ვ.ვ.პუტინი 2007 წელს ამბობს, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო საბჭოეთის – ერთიანი მონოლითის დანგრევა. რასაკვირველია, როდესაც მიუნჰენის კონფერენციისათვის ამ სიტყვას ამზადებდა, მას და მის მრჩევლებს უნდა განეხილათ სხვა ვარიანტებსაც – მაგალითად, თუ მაინც და მაინც ყველაზე დიდ კატასტროფაზე ყურადღების გამახვილება იყო საჭირო, ვარიანტებს შორის პუტინს უთუოდ ჰქონდა არჩევანი. მას შეეძლო, ეთქვა:

  • მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა არის… პირველი მსოფლიო ომი (9-10 მილიონი მსხვერპლი);
  • მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა არის …მეორე მსოფლიო ომი (60 მილიონი მსხვერპლი);
  • მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა არის… ფაშიზმი თანმდევი უბედურებებით;
  • მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა არის  … ატომური იერიში ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე.

 

… მაგრამ პუტინს,  ეს ვარიანტები არც განუხილავს. მან სრულიად შეგნებულად არაფერი თქვა ამ, რეალურ ტრაგედიებზე და ასევე სრულიად შეგნებულად უდიდეს კატასტროფად შეაფასა საბჭოეთის დანგრევა. გარდა იმისა, რომ ეს მცდარი ისტორიული (ან, ისტორიის მცდარად) შეფასებაა, უპირველესად, პუტინის ხსენებული აზრი არის გზავნილი, რომლის თანახმადაც, მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის შედეგების აღმოფხვრა, ან, გნებავთ, გამოსწორება, უნდა მოხდეს მიმდინარე 21-ე საუკუნეში და ამავე გზავნილის თანახმად, ეს უნდა გააკეთოს ამ “კატასტროფის” მთავარმა მსხვერპლმა – რუსეთმა, აგრეთვე, ამ მთავარი მსხვერპლი სახელმწიფოს მთავარმმართველმა, ამ შეფასების ავტორმა – ვ.ვ. პუტინმა.

***


  • მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა არის… პირველი მსოფლიო ომი (9-10 მილიონი მსხვერპლი);

  • მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა არის …მეორე მსოფლიო ომი (60 მილიონი მსხვერპლი);

  • მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა არის… ფაშიზმი თანმდევი უბედურებებით;

  • მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა არის  … ატომური იერიში ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე.


***

2008 წლის აგვისტო საქართველოში, ისევე, როგორც პუტინის რუსეთის სამხედრო ინტერვენცია დამოუკიდებელი უკრაინის ორ ტერიტორიაზე, ერთის მხრივ უბადრუკი, მაგრამ, მეორე მხრივ, წარმატებული მცდელობაა “ისტორიული უსამართლობის” აღმოფხვრისა. დიდი გულუბრყვილობაა ოცნება იმაზე, რომ პუტინის რუსეთს არ სურდა (და არც ახლა სურს) დამოუკიდებელი და ერთმორწმუნე საქართველოს დედაქალაქ თბილისის და დამოუკიდებელი, ერთმორწმუნე და დამატებით სლავური უკრაინის დედაქალაქის – კიევის აღება. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყოველთვის იყო ერთგული მის მიერვე დეკლარირებული ამოცანისა – Мы за немедленное взятие Киева (ცხადია, იგულისხმება თბილისიც)… და თუ კიევის, ისევე როგორც თბილისის დაუყოვნებლივ აღება არ მომხდარა, მხოლოდ იმიტომ, რომ  სამხედრო ელიტა, ალბათ დიდი ხნით, შეაჩერა მეორე, არანაკლებ ძლიერმა – სპეც.სამსახურების ელიტამ, რომელიც მთავარმმართველ პუტინს დღემდე წარმატებით უმტკიცებს, რომ კიევის და თბილისის ძალით (ინტერვენციით) აღება და ოკუპაციის გაფორმება ერთია, ხოლო ოკუპაციის დაკანონება და მით უფრო შენარჩუნება – მეორე. სამხედრო ელიტაზე გაცილებით გონიერი სპეცსამსახურების ლიდერების სტრატეგია მრავალ წელზეა გათვლილი – Soft Power – უხეშ ძალასთან ერთად, რბილი ძალაც უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს, უკრაინის და მათსავით “აბუნტებული” ვთქვათ მოლდოვას წინააღმდეგ – ამ ქვეყნების საზოგადოებებს უნდა შეეცვალოთ განწყობები; უნდა შეეცვალოთ დამოუკიდებულებები საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყნების და მხარდამჭერი დასავლეთის მიმართ და მხოლოდ ამ მრავალწლიანი, თანმიმდევრული გეგმის განხორციელების შედეგად, ვთქვათ ასე – საჭირო აღარც იქნება ტანკი და ტანკში რომელიმე ივანოვ-პეტროვ-სიდოროვი, თავად ეს ქვეყნები დაუბრუნდებიან “მამის (რუსეთის) კალთას” და თუ ზოგადად “მშობლის წიაღს”.

***

საბედნიეროდ, სპეცსამსახურების ეს სტრატეგია ბოლომდე (სრულად) წარმატებული არ არის არც უკრაინაში და არც საქართველოში. უკრაინის მაგალითზე ამის ახსნა იმითაც შეიძლება, რომ, გარდა რბილი ძალის დემონსტრირებისა,  რუსეთმა კონვენციური ომიც გააგრძელა ამ სახელმწიფოში. სწორედ სისხლისღვრამ შეკრა-შეადუღაბა უკრაინელების დიდი ნაწილი და პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში გაჩნდა გაერთიანების, ერთ მონოლითად შეკვრის აუცილებლობა.   “უკრაინა მით უფრო ძლიერი ხდება, რაც მეტი სისხლი იღვრება ქვეყანაში”, – უკრაინელი ჟურნალისტის, ვალერი ციბკოს ეს აზრი უსაფუძვლო როდია.


უხეშ ძალასთან ერთად, რბილი ძალაც უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს, უკრაინის და მათსავით “აბუნტებული” ვთქვათ მოლდოვას წინააღმდეგ – ამ ქვეყნების საზოგადოებებს უნდა შეეცვალოთ განწყობები; უნდა შეეცვალოთ დამოუკიდებულებები საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყნების და მხარდამჭერი დასავლეთის მიმართ და მხოლოდ ამ მრავალწლიანი, თანმიმდევრული გეგმის განხორციელების შედეგად, ვთქვათ ასე – საჭირო აღარც იქნება ტანკი და ტანკში რომელიმე ივანოვ-პეტროვ-სიდოროვი, თავად ეს ქვეყნები დაუბრუნდებიან “მამის (რუსეთის) კალთას” და თუ ზოგადად “მშობლის წიაღს”.


 

 

აქვე ვთქვათ – უკრაინელებს, ქართველებისაგან განსხვავებით, არ ჰყავთ საზოგადობის გამაერთიანებელი გმირი, ყოველთვის ასე იყო: “დონეცკელთა აღმა ხნულს, ლვოველები დაღმა ფარცხავდნენ”, მათ არ ჰყავთ “მათი ილია” – მაგალითად ბენდერა სწორედ დასავლეთ უკრაინელებისთვისაა თავისუფლების სიმბოლო, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინელთათვის ის ჩვეულებრივი ბანდიტია. “გასაგებია, რომ თქვენ შეგკრათ რუსეთმა, მაგრამ, როგორ იქნება ბენდერას საკითხი”? ციბკო ამ კითხვას ასე პასუხობს: “ამ თემამ გადაიწია… ვიდრე ომია, მისი (ბენდერას) თემა აქტუალური აღარაა”.

***

“კახელების აღმა ხნული, ქართლელებმა დაღმა ფარცხეს”, – გურამიშვილის მიერ აღწერილი ის რეალობა აქტუალური მე-19 საუკუნის მიწურულამდე იყო. ილია ჭავჭავაძე დღეს აერთიანებს უკლებლივ ყველას – რუსეთში დაბრუნების მსურველ პოლიტიკოსებსაც და იმ გზის მიმდევრებსაც, რა გზასაც, რეალურად, მიუყვებოდა ილია.

მეტიც, ვინაიდან ყველას “თავისი ილია” ჰყავს, ის, რეალურად, ეჯიბრება ან ანაცვლებს მასზე დიდ – თავისუფლების იდეასაც.

ამავე დროს, 21-ე საუკუნის კონსენსუსის, უფრო ზუსტად, ფორმალური კონსენსუსის საფუძველია… გაგიკვირდებათ და, ერთიანობა საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის თაობაზე. 2008 წლის იანვარში ჩატარებული პლებისციტის შედეგები ჯერ არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. მაშინ მოსახლეობის (აქტიურ ამომრჩეველთა) 77-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას და მას შემდეგ ჩატარებული უკლებლივ ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ მოქალაქეთა 50%-ზე მეტი  ამ ინტეგრაციის მომხრეა.

რუსეთის რბილი სტრატეგიის მიზანიც სწორედ ესაა – საქართველოს მოქალაქეებმა თავად შეცვალონ გადაწყვეტილება, მიღებული “დიქტატორი” სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. და აქვე ვთქვათ – სოციოლოგიური კვლევების შედეგთა დინამიკა გვიბიძგებს ფიქრისკენ, რომ საზოგადოებას, შესაძლოა, მართლაც შეეცვალოს განწყობები დასავლეთში ქვეყნის ინტეგრაციის მიმართ.

***

მას შემდეგ, რაც საქართველოსთან კონვენციურ ომში რუსეთმა არსებითად მიაღწია მინიმალურ შედეგს (მინიმალურს იმიტომ, რომ ვერ აიღო დედაქალაქი თბილისი, მაგრამ, მიწასთან გაასწორა სოფლები, კიდევ ერთხელ მოახდინა ოკუპაცია და ა.შ.), რუსეთმა  თაფლაკვერის პოლიტიკა არჩია. თბილისიდან კარგად არ ჩანს, მაგრამ, ამ თაფლაკვერის პოლიტიკის შედეგები განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში (მათ შორის, ოკუპაციის ხაზთან), სადაც საზოგადოება სულ უფრო ღიად საუბრობს შემდეგზე:

  • დასავლეთმა მიგვატოვა;
  • დასავლეთი თავს გვახვევს ცხოვრების თავის, ამასთან, გარყვნილ წესს;
  • რუსეთი მაინც მეზობელია და მის გარეშე არაფერი გამოვა;

და ა.შ.

სოციოლოგიური კვლევებს რომ მივუბრუნდეთ, ჩანს პარადოქსული შედეგეგი – მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ დასავლეთში ინტეგრაცია აუცილებელია, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასაც “მოითხოვენ”. გამოდის, რომ მათ არავინ უხსნის: შეუთავსებელია, წარმოუდგენელია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და, იმავდროულად, დასავლეთთან ინტეგრაცია – რუსეთი იყო და არის სწორედ დასავლეთთან ჩვენი ინტეგრაციის მოწინააღმდეგე და, ეს ინტეგრაცია, მისი – რუსეთის განსაკუთრებული აგრესიის რეალური საფუძველი და ქმედებების (მაგალითად, ცხინვალის რეგიონის სამხედრო ბაზად გარდაქმნის) მიზეზია.

***

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა კვლავაც მაღალია, ვითარება მაინც საგანგაშოა, თუ კრიტიკულად გავიაზრებთ შედეგთა დინამიკას – კვლევიდან კვლევამდე მცირდება ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა. შესაბამისად, ამთავითვე უნდა დავსვათ კითხვა: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა 50%-იან ნიშნულს ჩამოსცდება?

პასუხის განჭვრეტა, ცხადია, რთულია. თუმცა, არ უნდა გამოვრიცხოთ შემდეგი რიტორიკაც:

  • ხალხის შეკვეთაა ნეიტრალიტეტი
  • ნეიტრალიტეტი თუ გაგვიერთიანებს სახელმწიფოს
  • 2008 წლის პლებისციტიდან გასულია … წელი, ხომ არ სჯობს, გადავითვალოთ ხელახლა.

სავარაუდოდ, მათ შორის ამბივალენტური ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ღიადაც დააფიქსირებენ ამგვარ მოსაზრებებს.


საზოგადოება სულ უფრო ღიად საუბრობს შემდეგზე:

  • დასავლეთმა მიგვატოვა;

  • დასავლეთი თავს გვახვევს ცხოვრების თავის, ამასთან, გარყვნილ წესს;

  • რუსეთი მაინც მეზობელია და მის გარეშე არაფერი გამოვა;

 

 


***

ყველაზე მძიმე ვითარება, როგორც აღვნიშნეთ, რეგიონებშია. გარდა პროპაგანდისა, რომელიც ნიაღვარად მომდინარეობს არა იმდენად რუსულენოვანი, რამდენადაც რუსულ თარგზე მოჭრილი ქართულენოვანი ქსენოფობიურ-ჰომოფობიური, აგრეთვე, ანტიდასავლური და სიძულვილის გამავრცელებელი მედიასაშუალებებიდან, კარგად მუშაობს “უხილავი ხელიც” – პროპაგანდა პირადი საუბრებით… ბევრ, ე.წ. მოწყვლად რეგიონში საკმაოდ ძლიერი ოფისები აქვთ გახსნილი რუსეთთან მიბმულ ქართველ შეძლებულ პირებს – მაგალითად, სამეგრელოში ფუნქციონირებს ალექსანდრე ჭაჭიას ოფისი… კახეთსა და ქართლში მძლავრია გულბაათ რცხილაძის ორგანიზაციის პოზიციები. ფორმალურად ისინი არაფერს აშავებენ, მაგრამ, ხელისუფლებას, თუ ის გონიერია, უნდა აეჭვებდეს მათი საქმიანობა და საქმიანობისათვის აუცილებელი ფინანსების წარმომავლობა. რაც, ცხადია, არ ნიშნავს მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას (რამდენადაც ეს იქნებოდა დემოკრატიის ღალატი), მაგრამ, უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევებიც არ არის უგულებელსაყოფი.

უნდა ვთქვათ შემდეგიც: რბილი ძალის არსენალში კულტურასა და ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავებაცაა – უნდა ვაღიაროთ, ამ შეფუთვით ხდება საზოგადოების განწყობებით მანიპულირება და მათი შეცვლაც.

ფინანსები, ანუ, დაფინანსების წყაროები… როდესაც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს დასავლური და დემოკრატიული ორგანიზაცია, ეს კარგი და მისასალმებელია, მაგრამ, როდესაც თუნდაც კულტურის დაფინანსების ეგიდით ბაზარზე შემოდის სწორედ არადემოკრატიული რუსეთის ფინანსები, მაშინ ეს უსაფრთხოების კატეგორიაში გადის.

 

***

პირდაპირი ინტერვენციის უნარი, რუსეთს სხვა მიზეზითაც არ აქვს – თუ ის დაიპყრობს თბილისს და კიევს, მან უნდა დაიპყროს ერევანიც და ასტანაც, ბაქოც და დუშამბეც… და ასე აღადგინოს სსრკ. რეალურად რომ შევაფასოთ, პუტინს ხსენებული სსრკ-ს აღდგენა კი არა, გავლენის სფეროების გაფართოება სურს – ბალტიის სახელმწიფოთა გარდა, სამი მეტ-ნაკლები დემოკრატია (საქართველო, უკრაინა და მოლდოვა) და ორი მდიდარი არადემოკრატიაა (აზერბაიჯანი და თურქმენეთი), ვინც ამ გეგმას ამავე ეტაპაზე მეტ-ნაკლებად ეწინააღმდეგება, მაგრამ, ინტერვენციის შემთხვევაში, დანარჩენი 7 სახელმწიფოც არ იქნება გულზე ხელფაკრეფილი – ტაჯიკეთი რომ ტაჯიკეთია, ისიც კი არ არის ყაბულს, გაუქმდეს მისი, თუნდაც ამგვარი, შეზღუდული სუვერენიტეტი.

***

რამდენადაც, მიზანი არა ერთ ფერად გადაღებილი სახელმწიფოს აღდგენა, არამედ, გავლენის სფეროების შენარჩუნება და გაზრდაა, რუსეთი ჰიბრიდული ომით იბრძვის თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ და მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს ამას პრაქტიკულად ყველგან, მათ შორის, საქართველოშიც.  რუსეთს ძალიან სურს, რომ მაგალითად საქართველოში იყოს არაფეფექტური მმართველობა, რაც, თავი მხრივ, დააზარალებს დემოკრატიას და, შესაბამისად, ქვეყანას დააშორებს დასავლეთისგან.

ახერხებს თუ არა ამას რუსეთი? მეტ-ნაკლები წარმატებით, ახერხებს – იმის დასტური, რომ მმართველობა არაეფექტურია, თუნდაც  ჩვენს მიერ ხსენებული სავალალო დინამიკაა სოციოლოგიურ კვლევებში. ანუ, ხელისუფლება ვერ უსაბუთებს მოქალაქეებს დასავლეთთან ინტეგრაციის აუცილებლობას.

***

სახელმწიფოთა შორის ერთობას, მუხრან მაჭავარიანის არ იყოს, სარწმუნოება არ შველის მარტო… ერთობა, როგორც ასეთი, არის ისიც, რის მიღწევასაც რუსეთი საქართველოში ცდილობს. ეს, უპირველესად, მის მიმართ ლოიალური განწყობებია. ეს ლოალური განწყობებია, რაც მიანგრევს საქართველოს სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური დამოუკიდებლობა მას შენარჩუნებული ექნება.


რამდენადაც, მიზანი არა ერთ ფერად გადაღებილი სახელმწიფოს აღდგენა, არამედ, გავლენის სფეროების შენარჩუნება და გაზრდაა, რუსეთი ჰიბრიდული ომით იბრძვის თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ და მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს ამას პრაქტიკულად ყველგან, მათ შორის, საქართველოშიც.  რუსეთს ძალიან სურს, რომ მაგალითად საქართველოში იყოს არაფეფექტური მმართველობა, რაც, თავი მხრივ, დააზარალებს დემოკრატიას და, შესაბამისად, ქვეყანას დააშორებს დასავლეთისგან.

ახერხებს თუ არა ამას რუსეთი? მეტ-ნაკლები წარმატებით, ახერხებს – იმის დასტური, რომ მმართველობა არაეფექტურია, თუნდაც  ჩვენს მიერ ხსენებული სავალალო დინამიკაა სოციოლოგიურ კვლევებში. ანუ, ხელისუფლება ვერ უსაბუთებს მოქალაქეებს დასავლეთთან ინტეგრაციის აუცილებლობას.