Loader

ქართველებს უფრო მეტად სჯერათ შეთქმულების თეორიების, ვიდრე ყაზახებს – ამერიკელი ექსპერტის კვლევა

დემნა დევდარიანი

ვაშინგტონი

 

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერის, მაიკლ ბერქინის აზრით, შეთქმულების თეორიებიძირითადად ემყარება ადამიანთა რწმენას იმის შესახებ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, არაფერია ისე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და რომ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ცივილიზაციის განვითარების ყველა ეტაპზე, ადამიანები ცდილობდნენ მათ გარშემო მიმდინარე პროცესები მათი ცნობიერების მასშტაბისა და რწმენის მიხედვით აეხსნათ, რაც თავის მხრივ, განსხვავდებოდა, ეწინააღმდეგებოდა ან ავსებდა ერთმანეთს. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქამ უპრეცედენტოდ გაამარტივა ინფორმაციაზე წვდომა და დახვეწა ნარატივის გავრცელების ინსტრუმენტები, რამაც რევოლუციური ეფექტი იქონია ადამიანთა მიერ, გლობალური პროცესების აღქმის უნარზე.სოციოლოგების, ფსიქო-სოციოლოგებისა და აკადემიის წარმომადგენლების მხრიდან, შეთქმულების თეორიების, როგორც ერის კულტურულ-პოლიტიკური ფენომენის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა სამოციანი წლებიდან, რაც დაკავშირებული იყო ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის, იდუმალებით მოცულ მკვლელობასთან, რამაც დასაბამი დაუდო არაერთ შეთქმულების თეორიასამერიკაში მოქმედი აგენტურული ქსელისა და საგარეო მტრის შესახებ.

ქართულ საზოგადოეობაში პოპულარულია არაერთი შეთქმულების თეორია, რამაც განსაკუთრებული მრავალფეროვნება პოსტ-საბჭოთა პერიოდში შეიძინა და დღემდე, აქტიურად იკვებება რუსეთის მთავრობის დაფინანსებული, პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი პროპაგანდისტული მედია საშუალებების მიერ შექმნილი პროდუქტით. თუმცა აღნიშნული არ არის ერთადერთი ზეგავლენის ფაქტორიქართულ საზოგადეობაში კონსპირაციული ნარატივების წარმატებული დანერგვისათვის. გავლენის სხვა ფაქტორების შესწავლით პირველად ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში არსებული რუსეთის, დასავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კვლევების ცენტრის დირექტორი, სკოტ რადნისი დაინტერესდა. რადნისის მიერ ჩატარებული კვლევის ცენტრალურ მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ყაზახეთის მოქალაქეთა შეთქმულების თეორიებისადმი განწყობების შესწავლა, ანალიზი და შედარება. 2016-2017 წლებში, რადნისი იმყოფებოდა საქართველოსა და ყაზახეთში, სადაც გამოკითხა კვლევის 2000-მდე რესპოდენტი, ხოლო კვლევის შედეგები საზოგადოებას წარუდგინა ვაშინგტონში, 2017 წლის სექტემბერში.

კვლევის ჩასატარებლად, საქართველოსა და ყაზახეთის შედარება განპირობებული იყო მათი თანაზიარი ისტორიული წარსულით, 1922-1992 წლებში საერთო პოლიტიკური და სოციალური ველის არსებობით და იმ საგარეო პოლიტიკური კურსის სხვაობით, რომელიც საქართველომ და ყაზახეთმა აირჩიეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. კვლევის ავტორის აზრით, განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსა და ყაზახეთის შედარება საკვლევი საგნის ჭრილში, რადგან აღნიშნული 2 ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტირები რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. საქართველო დგას დემოკრატიული განვითარების გზაზე, მეტად უახლოვდება დასავლურ სამყაროს და აქვს მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, განსხვავებით ყაზახეთისგან, რომლის საგარეო პოლიტიკური ვექტორი ჩრდილოეთითაა მიმართული, ხოლო მოქმედი პოლიტიკური რეჟიმი ავტორიტარულია. კვლევის ავტორის თქმით, ერთის მხრივ, სხვაობა შიდაპოლიტიკურ რეჟიმებსა და მეორეს მხრივ, დამოკიდებულება დომინანტ საგარეო აქტორთა მიმართ,განაპირობებენ საზოგადობის რწმენას შეთქმულების სხვადასხვა თეორიებისადმი.

კველვა აერთიანებს კითხვარის 2 ბლოკს, რომელთაგან ერთ ბლოკში ერთიანდება 8 ზოგადი ხასიათის მოცემულობა მთავრობათა და გლობალურ აქტორთა შესახებ, ხოლო მეორე ბლოკში წარმოდგენილია იმავე რაოდენობის სპეციფიური მოცემულობები (კონკრეტულ აქტორთა დასახელებებით). ორივე ბლოკში წარმოდგენილ მოცემულობებს რესპონდენტები პასუხობენ 4 შკალიანი ქულათა სისტემით, სადაც ყველაზე დაბალი ქულა მიუთითებს, რომ რესპოდენტი სრულად ეთანხმება მოცემულობას, ხოლო ყველაზე მაღალი ქულის შემთხვევაში-სრულად უარყოფს. ინდივიდუალური დონის ცვლადები მოიცავს ნდობას, სოციალურ კაპიტალსა და პოლიტიკურ მონაწილეობას.

ზოგადი ხასიათის ბლოკში შემავალი მოცემულობები:

  • მიუხედავად იმისა, თუ ვინაა მთავრობების თუ სხვადასხვა ორგანიზაციების სათავეში, არსებობს პირთა მცირე ჯგუფი, რომელიც ფარულად მართავს და აკონტროლებს მსოფლიოს;
  • უდანაშაულო მოქალაქეებისა ან/და საზოგადოებისათვის ცნობილი პირების მკვლელობაში დამნაშავეა მთავრობა, რომელიც მალავს აღნიშულ ფაქტებს;
  • ძალაუფლება, რომელიც სახელმწიფოს მეთაურებს აქვთ არის მეორეხარისხოვანი (ნომინალური), რეალურად მსოფლიოს მართავს ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც ყველასათვის უცნობია;
  • ზოგიერთ დაავადებათა/ვირუსთა გავრცელება ხორციელდება მიზანმიმართულად და ფარულად, გლობალური მასშტაბის ორგანიზაციების მიერ;
  • მთავრობა ნებას რთავს ან თავად ახორციელებს ტერორისტულ აქტებს საკუთარ ტერიტორიაზე და მალავს საკუთარ მონაწილეობას;
  • მთავრობა იყენებს მოქალაქეებს, რათა დამალოს მისი მონაწილეობა კრიმინალურ მოქმედებებში;
  • ახალი მედიკამენტებისა თუ ტექნოლოგიების გამოცდის მიზნით, მუდმივად და ფარულად ხორციელდება ექსპერიმენტები ადამიანებზე, მათი თანხმობის გარეშე;
  • პირადი ინტერესით, მიზანმიმართულად ხორციელდება მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა.

 

კვლევაში დასმულია ორი შეკითხვა: რამდენად სჯერათ საქართველოსა და ყაზახეთში შეთქმულების თეორიების და რომელი ქვეყნის მოსახლეობას სწამს უფრო მათი.

პირველ შეკითხვაზე მსჯელობისას, კვლევის ავტორი შენიშნავს, რომ არადემოკრატიულ საზოგადოებაში გაცილებით მეტად სჯერათ შეთქმულების თეორიების, განსხვავებით დემოკრატიული წყობილებისა, სადაც არსებობს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მტკიცე ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც მოქალაქეებს აღჭურვავს მთავრობისადმი ნდობით. ინსტიტუციური ნდობა მტკიცეა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, სადაც სამართლიანად ტარდება არჩევნები და რომელსაც გააჩნია ძლიერი სამოქალაქო სექტორი, ხოლო ნდობა იკლებს იმ ქვეყნებში, სადაც ხსენებული ფაქტორები არ არსებობს ან ძალიან სუსტია. მეორე შეკითხვაზე საპასუხოდ, კვლევის ავტორის აზრით, შეთქმულების თეორიებისადმი რწმენა უფრო მძლავრია ავტორიტარულ სახელმწიფოებში, სადაც მთავრობები შეთქმულების თეორიებს იყენებენ საკუთარი შეცდომების გადასაფარად და საზოგადოების მართვისათვის. ამ ლოგიკით ყაზახეთში უფრო მეტად უნდა სჯეროდეთ შეთქმულების თეორიების, თუმცა შედარებითი კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ დემოკრატიზაციის გზაზე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობაში გაცილებით უფრო ძლიერია რწმენა შეთქმულების თეორიებისადმი.

გრაფიკი 1: ზოგადი ხასიათის ბლოკის კითხვარის შედეგები

აღნიშნული გრაფიკის მიხედვით, ქართველების რწმენის მაჩვენებლი შეთქმულების სხვადასხვა თეორიების მიმართ, თითქმის ყველა მოცემულობაზე აჭარბებს ყაზახების მაჩვენებელს. აღნიშნული მიუთითებს, რომ მიუხედავად ყაზახეთში არსებული ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმისა, საქართველოში უფრო მეტად სჯერათ, რომ გავლენიანი აქტორები, მათ შორის საქართველოს მთავრობა, დგას მთელი რიგი კონსპირაციული მოქმედებების უკან.

შეკითხვათა მეორე ბლოკი მთლიანად ეთმობა რესპოდენტთა ყოველდღიურ პოლიტიკურ რეალობას და კონკრეტულად ასახელებს შეთქმულების თეორიის მთავარი მოქმედ აქტორებს. იდენტიფიცირებად აქტორთა კითხვარში შემოტანით, კვლევის ავტორი ცდილობს დაადგინოს კონსპირაციული რწმენები გაგებულ უნდა იქნას, როგორც მენტალიტეტის სახე თუ რესპოდენტთა დამოკიდებულება განპირობებულია წისაწარ არსებული განწყობებით, მაგალითად ანტიპათია რომელიმე აქტორის ან ჯგუფის მიმართ.

კითხვარის მეორე ბლოკში შემავალი სპეციფიური მოცემულობები:

 

  • ადამიანის მიზეზით განპირობებული გლობალური დათბობის იდეა მოგონილია ხალხის შეცდომაში შეყვანის მიზნით;
  • იმის მიუხედავად თუ ვინ დგას სახელმწიფოების სათავეში, მედია, სხვადასხვა კომპანიები და მასონები აკონტროლებენ მსოფლიო წესრიგს, მათ შორის, იწყებენ ომებს და ქმნიან ეკონომიკურ კრიზისებს;
  • საბჭოთა კავშირის დაშლისას, მიხეილ გორბაჩოვი ნამდვილად მუშაობდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურებისთვის;
  • ამერიკა ეხმარება ფაშისტურ ჯგუფებს უკრაინაში, რათა მიაღწიოს საკუთარ გეოპოლიტიკურ მიზნებს;
  • რუსეთი, ამერიკა და სხვა ძლიერი სახელმწიფოები მუშაობენ კოლექტიურად, რათა მართონ მსოფლიო პროცესები;
  • 9/11 –ი დაგეგმილი და განხორციელებულია ამერიკის მთავრობის მიერ;
  • არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ დგას მთავრობათა, მედია და სხვადასხვა ორგანიზაციათა სათავეებში, ებრაელები აკონტროლებენ ისეთ მსოფლიო პროცესებს, როგორებიცაა ომები და ეკონომიკური კრიზისები;
  • ამერიკა ქირაობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა შემდგომ მოახდინოს მთავრობათა დამხობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

 

გრაფიკი 2: სპეციფიური ხასიათის ბლოკის კითხვარის შედეგები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე გრაფიკით ნათლად ჩანს, რომ ქულათა ჯამური მაჩვენებელი ნაკლებია პირველი გრაფიკის მოცემულ ქულათა ჯამურ მაჩვენებელზე. აგრეთვე, ქართველების ქულათა მაჩვენებელი ყველა მოცემულობაზე არ აღემატება ყაზახების მაჩვენებელს. კვლევის ავტორის აზრით, განსხვავება ქულათა მაჩვენებლებს შორის მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ყაზახეთი გეოპოლიტიკურად, ლინგვისტურად და კულტურულად მჭიდროდაა დაკავშირებულია რუსეთთან, ამიტომ ყაზახების დამოკიდებულება ფაშისტებისა და 9/11-ის კონსპირაციულ თეორიებთან ნაკარნახევია რუსეთის მთავრობის მიერ. რაც შეეხება გამოკითხული ქართველების ქულათა მაღალ მაჩვენებელს არასამთავრობოების მიმართ არსებული კონსპირაციული თეორიებისადმი, აღნიშნული განპირობებულია რევიზიონისტული ნარატივით, იმის შესახებ, რომ 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ უკან იდგა ამერიკა და მისი ადგილობრივი სატელიტები.

კველვის ავტორი, შეთქმულების თეორიების პოპულარობას რეგიონში პირდაპირ უკავშირების რუსეთის მიერ „რბილი ძალის“ გამოყენებით, პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას პროპაგანდისტული მედია საშუალებებით, ადგილობრივი ჯგუფების დაფინანსებითა და პოლიტიკოსთა მოსყიდვა-გადმობირებით, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნილი ვერ ჩაითვლება ზეგავლენის ერთადერთ ფაქტორად. კვლევის რესპოდენტთა პირად გამოცდილებებზე დამყარებული მსჯელობათა ერთიანობა, რითიც ისინი ხსნიან კონკრეტულ მოცემულობას, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა რაციონალურადაც ჟღერდეს და არ უნდა იქნას შერაცხული პროპაგანდისტული მედია პროდუქტის მოხმარებით მიღებულ ილოზორულ არგუმენტაციად. აღნიშნული კვლევის ფარგლებში დამუშავებული მონაცემების მიხედვით, ნათელია, რომ საქართველოსა და ყაზახეთში ფართოდაა გავრცელებული შეთქმულების თეორიები და ადამიანები ცდილობენ ლოგიკის, წინასწარი განწყობების, მიდრეკილებებისა და მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მეშვეობით ახსნან კონკრეტული მოცემულობები და პროცესები.