Loader

სვეტიცხოველი გვესაუბრება

გიორგი ტაბლიაშვილი

მხატვარი

რადენ რამეს იტევს თავის თავში და რა ინფორმაციას ატარებს…

როგორც მოქმედებს ადამიანებზე, რა განწყობას იწვევს, როგორ დაგაფიქრებს, როგორ აღგამაღლებს, საკუთარ თავშიც ჩაგძირავს და თან ასკეტობისკენ კი არ გიბიძგებს – პირიქით, ამ ქვეყნად გტოვებს, ოღონდ უფრო გაძლიერებულს, უფრო მტკიცეს, საკუთარ თავში დარწმუნებულს… უანგაროდ გაძლევს იმას, რაც თავად არის – ძლიერი, ლაღი, სიცოცხლით სავსე, ესთეტურად სრულყოფილი, უკიდურესად ღრმა და ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებების მატარებელი…

სალოცავად არის აშენებული, მაგრამ თავად უკვე ყველაზე ძლიერი ლოცვის არა მხოლოდ მიზეზია, არამედ შედეგიც… ლოცვის შედეგად მიღწეული მდგომარეობაა, ყველა ყოფით ამბავზე ამაღლებული, ვნებებისა და უაზრო შფოთისგან თავისუფალი… თერაპევტია, ოღონდ ფსიქოლოგივით კი არ მოითხოვს შენგან რამე გარჯას, უკვე მოცემული აქვს ღვაწლი, ღირსეულზეც და უღირსზეც… სხვაობა ის არის, რომ ვინც არ იმსახურებს, ის უბრალოდ ვერ ხედავს – თავადაც არ იცის, რომ ცვლილებები უკვე გამოუწვევია… „მოწყალე იგი არს, ვინც არა ღირსი წყალობისა შეიწყალოს“ ეს სიტყვები, უპირველეს ყოვლისა, სვეტიცხოველს ეკუთვნის…

მაინც რა არის ამ ტაძრის ენერგია, საიდან მოდის ეს მაგია… კვართის ამბავი საკმარისი მიზეზი იქნებოდა თითქოს, რომ ყველაფერი იგივენაირად დაგვეწერა, თუმცა ამ კვართს  ზემოდან შესაფერისი ღირსების ტაძარი რომ არ ჰქონდეს დაშენებული, ჩვენი ქვეცნობიერიც, ჩვენს ცნობიერ ცხოვრებაზე რომ გადამწყვეტ გავლენას ახდენს, სხვანაირად მოეწყობოდა და ჩვენი ცხოვრებაც სულ სხვა მიმართულებით წავიდოდა… ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა დიამეტრალურად განსხვავებული იქნებოდა და, სხვათა შორის, შეიძლება ჩვენი “ქართული მენტალიტეტის” ის მინუსებიც არ გვქონოდა, რომლებზეც ხშირად დაგვიჩივლია საჯაროდ თუ საკუთარ თავთან… იმიტომ, რომ მხოლოდ ყველაზე მაღალი იდეაელების ჭიდილმა თუ შეიძლება გამოიწვიოს შენში ფსიქოლოგიური არამდგრადობა, თორემ სვეტიცხოველი რომ არსაკიძეს უბრალო, თუნდაც ლამაზ შენობად ექცია, იგი არანაირად არ გახდებოდა არც ინსპირაცია და არც დიდი გამოწვევა ყველა მომდევნო თაობისთვის… ეს დაახლოებით „ვეფხისტყაოსნის“ სიტუაციაა: დაწერდა შოთა რუსთაველი შეკვეთის შესაბამისად ერთ კარგ ქებას თამარ მეფისა და მისი ეპოქის მიმართ, და იქვე დამთავრდებოდა არა მარტო ნამდვილი შემოქმედება, არამედ ქართული ხასიათის ყველაზე დიდ ღირსებასაც გადაესმებოდა ხაზი… ალბათ სამუდამოდ… „ღმერთთან მებრძოლი იაკობი“ – ძალიან ზუსტი მიგნება აქვს მწერალს…

ორივემ ზუსტად იცოდა ეს ამბები. ამ საიდუმლოს ყველაზე დიდი მცოდნენი სწორედ რუსთაველი და არსაკიძე არიან სწორედაც.

ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ შუა საუკუნეების ადამიანის დამოკიდებულება ღმერთის მიმართ – იგი შეიძლება იყოს ძალიან გულწრფელი, თუმცა, ამავე დროს, იმ დროის ადამიანის გონებას ჯერაც არ ძალუძს მრავალი იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ფსიქიკური ლაბირინთის რაციონალურ ჩარჩოებში მოქცევა – რაც ჩვენი, უფრო „ნათელი“ საუკუნისთვის ძალიან დიდი უპირატესობაა… და როგორი იქნებოდა იმ დროის ადამიანის შიში იესო ქრისტეს კვართის მიმართ… არათუ მაშინ, ეჭვი არ არის, ჩვენი დროის ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა კვართთან რაიმე ფორმით მიახლოება, ამ დროს ადამიანის ფსიქიკაში წარმოქმნილი შინაგანი ბრძოლების გამო… (ამიტომ ძალიან იოლი გასაგებია, თუ რატომ გარდაიცვალა სიდონია, როდესაც კვართი ჩაიხუტა). და როგორი იქნებოდა არსაკიძის შინაგანი მდგომარეობა, როდესაც მან ითავა სვეტიცხოვლის აშენება. წარმოსადგენადაც ძნელია, თუ როგორი საკუთარ თავში დაჯერებული ხელოვანია არსაკიძე, რომ ზემოაღნიშნულ ფობიურ მდგომარეობას იგი მტკიცე არქიტექტურული გადაწყვეტებით ართმევს თავს. იგი მხოლოდ ტაძარს კი არ აშენებს, რამდენიმე ფსიქოლოგიურ გამარჯვებასაც მოიპოვებს:

  1. გამარჯვებას საკუთარ თავთან და რელიგიურ შიშებთან.
  2. გამარჯვება როგორც ხელოვანი ადამიანისა, რადგან შემოქმედებით პროცესში აბსოლუტურად ყველა მხატვარს აქვს უამრავი ფსიქოლოგიური თუ ტექნიკური წინააღმდეგობა… ნამუშევარი არ გამოვა ისეთი როგორც ჩაფიქრებული გაქვს.
  3. გამარჯვება საზოგადოებრივ აზრზე, მათ შორის, შესაძლოა, თვით დამკვეთებზე – ანუ ეკლესიაზე, რომელიც, ბუნებრივია,  ვერ გაითვალისწინებს შენი – ხელოვანი ადამიანის, მათი თვალსაზრისით – „აკვიატებას“.
  4. გამარჯვება ყველა სხვა ხელოვანზე, ყველა დროში, რადგან ხელოვანის მახვილი თვალის ამბავი ისაა ზუსტად, რომ ღირსებაზე თვალი უნდა დაიხუჭოს, როცა რაიმე სერიოზული ნაკლი ახლავს ხელოვნების ქმნილებას – ასეთ ნაკლი სვეტიცხოველს, როგორც არქიტექტურულ ქმნილებას, საერთოდ არ გააჩნია.
  5. გამარჯვება დროზე: მართალია, პროპორციისა და ზოგადად ხელოვნების ფუნდამენტური კანონები ყველა დროში ერთნაირია, ნამდვილი ხელოვნება ზუსტად ისაა, ამ კანონებს საკუთარ თავისუფალ აზოვნებას რომ მოარგებს, რაც ყველა მხატვრისათვის დიდი გამოწვევაა და დროს მხოლოდ გენიალური ქმნილებები უძლებენ. ამ მხრივ სვეტიცხოველმა კიდეც გაუსწრო დროს და როგორც ზე-გენიალური ტაძარი, ზე-დროულ ქმნილებად იქცა.

მუშაობის პროცესში ყველა ხელოვანისთვის არსებობს უამრავი გამოწვევა, რისთვისაც თავის გართმევა მართლაც ერთეულების ხვედრია. მთელი რიგი თვისებების ქონაა საჭირო, რომ ღირსეულად დაუდგე კონკრეტულ გამოწვევას და თავი გაართვა რომელიმე ამოცანას. მაგრამ ამოცანასაც ხომ გააჩნია – ააშენო შედევრი არქიტექტურული ტაძარი ქრისტეს კვართზე, ეს ღრმადმორწმუნე ადამიანისთვის ისეთ რაგნის გამოწვევაა, რისი გადალახვაც მხოლოდ ერთი და ერთადერთი სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანს თუ შეუძლია: უნდა გაგვახსენდეს მიქალენჯელოს სიტყვებიც: „რა ძლიერი ხარ ჩემში, ღმერთო!“

***
მცხეთაში შესვლისას, როგორც კი “სალობიეს” გავცდებით, გზა რომ უხვევს მცხეთისკენ, აი, ამ ადგილიდან როგორც კი გამოჩნდება, იმწამსვე იწყებს ლაპარაკს სვეტიცხოველი. მხოლოდ, როცა ვამბობ  – ლაპარაკს, არ ვგულისხმობ გადატანითი მნიშვნელობით – რომ მაინცდამაინც საკუთარი აზრები მეგონოს ის, რაც მართლა – ხმოვნად მესმის.

სვეტიცხოველი გვესაუბრება: 
ჩემზე და შენზე, ჩვენს აუცილებელ გამარჯვებებზე, რომელიც უნდა მოვიპოვოთ. ამ გამარჯვებას გამარჯვებულის მენტალიტეტი სჭირდება, რაც ჩვენ ყველას გაგვაჩნია – ზუსტად იმიტომ, რომ სვეტიცხოველი გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებელი ტაძარია… და ეს მდგომარეობა გადამდებია!

სვეტიცხოველი გვესაუბრება:
ჩვენს ქვეყანაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართობა დროებითია! რადგან იქამდე, ვიდრე ეს ტაძარი არის ჩვენი ენერგიის წყარო, ამ ენერგიით აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია!

სვეტიცხოველი გვესაუბრება:

რომ „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, მხოლოდ ხვამლის მთამ არ გადაარჩინოს“ (პერიფრაზი “ქართლის ცხოვრებიდან”), არამედ იმ ამაღლებულმა განწყობამ, რაც მთელ მცხეთაში იგრძნობა ბებრის ციხიდან ვიდრე მცხეთაში შესასვლელ ხიდამდე.

სვეტიცხოველი გვესაუბრება:

სახლიდან რომ გამოდიხარ, კარგ ხასიათზე უნდა იყო, რადგან თუ ამისთვის ბევრი მიზეზი არ გაქვს, სიცოცხლე მაინც უნდა გიყვარდეს, რადგან 15 კილომეტრში მდგარი ეს ტაძარი სიცოცხლის სიყვარულის საუკეთესო ილუსტრაციაა!

სვეტიცხოველი გვესაუბრება:

ყველა ადამიანმა საკუთარ გამოწვევას ღირსეულად უნდა გაართვას თავი – საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს და ღირსეულად აკეთოს საკეთებელი! როცა დიდი ამოცანის გადაჭრა ასე ღირსეულად შეიძლება, მცირე ამოცანის გაკეთებას – მაგალითად, საკუთარი ეზოს დაგვას რომ არაფერი უნდა! და თუ ქართველი ადამიანი ამას მოინდომებს, ჩვენ ეს შეგვიძლია!

სვეტიცხოველი გვესაუბრება:

ჩვენ შეგვიძლია ყველანაირი გავლენის სფეროს მოვწყდეთ და ვიყოთ ის, ვინც გვსურს რომ ვიყოთ! ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ევროკაშვირშიც, რადგან ევროპა ჩვენი სახლია, რადგან ევროპა თავისუფალი ადამიანების გაერთიანებაც არის და თავისუფალი ადამიანის შემოქმედებითი რესურსების სრული რეალიზაცია მხოლოდ ევროპაში ხდება!

სვეტიცხოველი გვესაუბრება:

ქალის სიყვარულზეც კი გვესაუბრება და სრულიად არ არის შემთხვევითი კონსტანტინე გამსახურდიას რომანის სიუჟეტი – მასაც ესმოდა ეს ამბები, უეჭველია.

სვეტიცხოველი გვესაუბრება…

უამრავი რამაა, რაზეც გვესაუბრება და იქნებ თქვენც გქონდეთ გაგონილი მისი ხმა, და სხვა უამრავი ამბავი. საკუთარ დროზეც ბევრი აქვს ნათქვამი, იმ დროის საქართველოს გამოწვევებზე, დიოფიზიტებზე, მონოფიზიტებზე, ჩვენი ქვეყნის რეალურ ამბიციებზე… შინაგან წესიერებაზე და პატიოსნებაზე, ბორენაზე, მერე რომანში შორენად რომ იქცა, და ასე დამკვიდრდა (მცხეთაში ათიდან 7 გოგოს შორენა ჰქვია და ამ ამბავმა ძალიან გამახარა როცა აღმოვაჩინე ) …

ამიტომ მიყვარს ეს დღე გამორჩეულად!

ამ ტაძრის გამო, და იმ დაუწერელი რომანების გამოც, არასდროს რომ არ დაიწერება…