Loader

მოდი, წავიდეთ ევროპაში!

 

ჩვენ გვეჩქარება ევროპაში და ამის მიზეზი ისიცაა, რომ რუსეთი თავს პლანეტის ამ ნაწილის მაკონტროლებელ ჟანდარმად მიიჩნევს. შესაბამისად, ეს ჟანდარმი სახელმწიფო, ანუ, “ბოროტების იმპერიის” მემკვიდრე თავად “ბოროტების ახალი იმპერია”, მაქსიმალურად ცდილობს, აღარ დაუშვას კონკრეტულად ალიანსის და უფრო ზოგადად დასავლეთის, როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური სივრცის გაფართოება. მისი მიზანია, აკონტროლოს ვითარება საკუთარ საზღვრებთან და ყოფილი საბჭოეთის  სახელმწიფოებს საერთოდ არ მისცეს განვითარების საშუალება.

***

შუა აზიის ქვეყნების დემოკრატიული განვითარების “საფრთხე” ჯერჯერობით არც არსებობს.  რუსეთი თითქმის ბოლომდე აკონტროლებს ტაჯიკეტს, უზბეკეთს და ყირგიზეთს, ნაწილობრივ  – ყაზახეთს და ნაკლებად – თვითკმარ თურქმენეთს, რომლის ლიდერის –  ბერდიმუხამედოვის საგარეო პოლიტიკა თურქმენეთს გლობალურ მოთამაშედ აყალიბებს.

რუსეთს გაცილებით დიდი ინტერესი აქვს ყოფილი საბჭოეთის ევროპული ნაწილის მიმართ – აღმოსავლეთით ევროკავშირის პარტნიორთა  უმრავლესობა მას, უბრალოდ, არ ემორჩილება.

მოლდოვა – დაუმორჩილებელია მიუხედავად მისი ნეიტრალიტეტისა – ის უკვე სარგებლობს უვიზო რეჟიმით ევროპასთან, აქვს შიდა პრობლემები, თუმცა, მაინც არ ღალატობს ევროპულ არჩევანს;

უკრაინა – დამოუმორჩილებელია მიუხედავად ომისა – ის სარგებლობს უვიზო რეჟიმით და ცდილობს დაბრუნდეს ალიანსთან სრულყოფილი პარტნიორობის ფორმატებში;

აზერბაიჯანი – დაუმორჩიოლებელია მიუხედავად ტერიტორიული პრობლემისა და პრაქტიკულად ღია ომისა რუსეთის პარტნიორ სომხეთთან. აზერბაიჯანი დაუმორილებელია მისი ეკონომიკური სიძლიერისა და სატრანსპორო ჰაბი სახელმწიფოს ფუნქციის გამო;

სომხეთი და ბელარუსი – ერთი შეხედვით, ისინი სრულად იზიარებენ რუსეთის ინტერესებს, თუმცა, ოფიციალური ერევანიც და ოფიციალური მინსკიც, განსაკუთრებით ბოლო ხანებში, არც თუ იშვიათად ატარებენ მოსკოვისგან დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას.

… და საქართველო – საბედნიეროდ, დასავლეთთან ინტეგრაციის მხრივ, ის ერთ-ერთი ლიდერია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის.  მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან ამ სახელმწიფოს  სათავეში მყოფმა პოლიტიკურმა ჯგუფმა რუსეთთან ახალი, არაკონფრონტაციული პოლიტიკა არჩია, ეს “ახალი” არსებითად არ განსხვავდება ძველისაგან, ანუ, განსხვავებულიც არაა – ქვეყანა კვლავაც ერთგულია დასავლეთში ინტეგრაციისა და, ჩანს, ერთგული იქნება მინიმუმ იმ პერიოდამდე, ვიდრე მის საზოგადოებას აქვს სიმპათიები სწორედ დასავლეთის მიმართ.

***

უნდა ვთქვათ ისიც, რომ 2012-17 წლებში საქართველოს მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი პროგრესი აქვს დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით  –  უვიზო რეჟიმი შენგენის ზონის სახელმწიფოებთან, ასოცირების ხელშეკრულება და მისი ნაწილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ალიანსთან მიღწეული პროგრესი გვაფიქრებინებს, რომ საქართველო ნამდვილად მიემართება ევროპისაკენ.

… თუმცა, ეს კითხვა – რამდენად მწყობრია სვლა-გეზი, ჯერაც აქტუალურია.

***

ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე შესამჩნევია რამდენიმე პრობლემა და ჩვენც ჯერ ჩამოვასახელებთ მათ უმრავლესობას, ხოლო შემდეგ ზოგიერთ მათგანზე  შევაჩერებთ ყურადღებას.

ეს პრობლემებია:

  1. რუსეთის ჰიბრიდული ომისათვის ყურადღების არ-მიქცევა;
  2. არცდონა, როგორ დავუპირისპირდეთ ჰიბრიდულ ომს;
  3. საერთაშორისო ასპარეზზე პასიურობა;
  4. სტრატეგიული ხედვის არ-ქონა;
  5. ინსტიტუციური რეფორმების არ-გატარება ან ნელი ტემპი;
  6. არაფორმალური მართველობა ან, მინიმუმ განცდა, რომ არაფორმალური მმართველობა არსებობს;
  7. ერთპარტიული მმართველობა.

 

არაფორმალური მმართველობა ან განცდა რომ არაფორმალური მმართველობა არსებობს –  არავინ უარყოფს, რომ უზარმაზარია ბ-ნი ივანიშვილის როლი დემოკრატიულ (არჩევნების გზით) ცვლილებებში 2012 წელს; მაგრამ, 2014 წლის მიწურულიდან ივანიშვილი პრემიერი აღარაა და მიუხედავად იმისა, რომ თავად ის თავს ახალი ქართული სახელმწიფოს ერთადერთ “დამფუძნებელ მამად” მიიჩნევს, ესეც  კი არ იძლევა მისთვის ანგარიშის უაპელაციოდ, უკრიტიკოდ გაწევის საფუძველს. სამწუხაროდ, სახელისუფლო ვერტიკალშიც შეიმჩნევა “მონური მორჩილება” მის მიმართ – უკლებლივ ყველა ხელისუფალი – მინისტრები და დეპუტატები, ვერ წყვეტენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს მის გარეშე. მისი ეჭვიანი ბუნება, ბევრ კალათაში კვერცხის დადების დაუოკებელი სურვილი და ვნება, მუდმივად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ერთ დღესაც, ის უფრო აქტიურად ჩაერევა პროცესებში და, ვთქვათ, ზუსტად ისე გადაწყვეტს პრემიერის მოხსნა-დანიშვნის საკითხს, როგორც ეს “მემკვიდრე” ღარიბაშვილთან მიმართებაში გააკეთა.

მისი ეს არაჩქარი და ეჭვიანი სტრატეგია აფერხებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტსაც. მაგალითისთვის – სამეგრელოს რეგიონში მილიარდიან ინვესტიციას ტურიზმის სფეროში; ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას; რამდენიმე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს. “ქვეყანა გაჩერებულია” საყვედურობს ხელისუფლებას ოპოზიცია და არსებითად მართალია – ის, რომ ჩვენ ბიზნესის წარმოების სიიოლის ინდექსში რამდენიმე საფეხურით წავიწიეთ წინ, არ იძლევა დამშვიდების საფუძველს, ქვეყანას გარდაუვლად სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც მიუღწეველია მანამ, ვიდრე იქნება განცდა, რომ ივანიშვილი კულისებიდან გამოვა და რომელიმე მსხვილ პროექტს დაიწუნებს, მერე კულისებს ისევ დაუბრუნდება და ისევ დატოვებს უუნარო მთავრობას.

ხედვა – ხელისუფლებაში სჭარბობენ არა მხოლოდ იდენტობით არაპოლიტიკოსი პირები, რომლებიც გასულ წლებში თვითგადარჩენით იყვნენ დაკავებულნი და, შესაბამისად, ამიტომაც არ აქტიურობდნენ, არამედ პოლიტიკოსებიც, რომლებსაც გრძელვადიანი ხედვები არ გააჩნიათ. მმართველთა უმრავლესობა რეაქციულ რეჟიმშია და სულაც ვერ განჭვრეტს ვერც გლობალურ და ვერც შედარებით ლოკალურ პროცესებს. ლოგიკა – “ეს უნდა ხალხს”, ცხადია, რელევანტურია, მაგრამ, დაუბალანსებელი – ნებისმიერი გონიერი ხელისუფალის ვალია, ხალხი თუ საზოგადოება არ შემოფაგლოს დროის მონაკვეთით. იცოდეს არა მარტო ის, რა უნდა ხალხს (ამასთან სოციალურად შეჭირვებულ ხალხს) აქ და ახლა, არამედ, რა შეიძლება უნდოდეს აქ და ხვალ. “ეს “ხვალ” კი შორეული პერსპექტივა როდია – “ხვალ” აუცილებლად დადგება ზუსტად მეორე დღეს – როცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სპექტრში აუცილებლად იაქტიურებენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული, არა-საბჭოთა პირები.

ამავე კონტექსტის პრობლემაა პროცესების თავისი დინებით მიშვება – პრინციპი – “ბაზარი დაარეგულირებს”, ცხადია, მართებულია, მაგრამ, არ ან ნაკლებად მუშაობს დამოუკიდებელ იმ საქართველოში, რომელშიც კვლავაც დიდია ნოსტალგია საბჭოეთის და უფრო საბჭოური ცხოვრების წესის მიმართ. განსაკუთრებით საშიშია ამ პრინციპის ამოქმედება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია (ხელისუფლება არ აღიარებს ამ მდგომარეობას და ჰიბრიდულ ომს, როგორც ასეთს, საერთოდ არ სცნობს). ამ პრინციპის გადაჭარბებული აპრობაცია  აუცილებლად შეუშლის ხელს ეროვნულ უსაფრთხოებას. სხვათა შორის, ეს მიდგომა სადავო იყო ყოფილ ხელისუფლებასთანაც – რამდენიმე სტრატეგიული ობიექტის გასხვისება იმ პირობებში, როდესაც ჩრდილოელ მეზობელს და მის წარმომადგენლებს არ ჰყავდათ კონკურენტები დასავლური, ანუ, დემოკრატიული სივრციდან, იყო და არის ყოფილთა გამოუსწორებელი შეცდომა. ცხადია, ენგურჰესს თუ თბილისის ელ.ენერგიით მომარაგებას ვერავინ მოიკიდებს ზურგზე (როგორც ამას ხშირად ამბობდნენ ადრეც და ამბობენ ახლაც), მაგრამ, სტრატეგიული ობიექტების მისაკუთრება და მართვა ისე, რომ ხელშეკრულებებში არ იყოს გათვალისწინებული მათი ნაციონალიზაციის კი არა, სტრატეგიული მიზნების არგუმენტით დაბრუნების მექანიზმები განსაკუთრებულ პირობებში, ახლაც ქმნის და მომავალშიც შექმნის პრობლემებს უსაფრთხოებაში.

ერთპარტიული მმართველობა – იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მან 2016 წლის მიწურულიდან გადაწვიტა, რომ მართოს ერთპიროვნულად – არათუ სხვათა ჩართულობის, არამედ, სხვებთან დიალოგის გარეშეც კი. ამის საუკეთესო ილუსტრირებაა საკონსტიტუციო პროცესი (მათ შორის, ანტურაჟისათვის ჩატარებული საყოველთაო-სახალხო განხილვებიც) – ხელისუფლებამ ერთპიროვნულად მიიღო კონსტიტუცია, როგორც თავად ამბობს, გამართული იურიდიული დოკუმენტი, რომლის მთავარი ნაკლიც სწორედ განსხვავებული გამართული იურიდიული წინადადებების სრული უგულებელყოფაა.  ყველაფრის ერთპიროვნულად მიღება, სხვათა აზრის გაუთვალისინებლობა და ა.შ. საზოგადოებაში აჩენს დამატებით უფსკრულებს, რაც, ყველაფერთან ერთად, საზიანოა ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. მოთხოვნა დასავლეთიდან დაახლოებით ასეთია – შექმენით ევროპული სახელმწიფო, რაც თავისთავად გულისხმობს დიალოგს, დაუსრულებელ და დაუღალავ დიალოგს, მათ შორის, გადაწყვეტილებათა მიღების დაგვიანების ხარჯზეც.

***

ჩვენ მოლედ გავამახვილეთ ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე და არაფერი გვითქვამს, ვთქვათ, ჰიბრიდულ ომზე და პროპაგანდაზე და, მაგალითად, ინსტიტუციურ რეფორმებზე.

ჩვენი ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ დეკლარირება ან გარკვეული პროგრესი, რომელიც გვაქვს დაახლოების პროცესში. ევროატლანტიკური სივრცეში შესაძლო და სასურველი გაწევრიანება არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არც გარანტია და არც ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია, ქვეყანა კონცეპტუალურად მოსწყდეს საბჭოეთს და საბჭოთა მემკვიდრეობას დამოუკიდებლად იმისა, რამდენად სწრაფი იქნება ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი მიღების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ თავად და ერთპიროვნულად თქვას უარი კორუფციაზე და ნეპოტიზმზე, რეფორმების გაუტარებლობაზე, არაეფექტურ მმართველობაზე, ერთპიროვნულ მართვაზე, არაფორმალურ მართვაზე და ა.შ. და ამავდროულად, გაიაზროს, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში გაჩნდება ის პატარა ფანჯარა, რომლშიც უნდა შევიდეთ და რომლის მიღმაც დემოკრატიული ევროპული თანამეგობრობის ყველა სახელმწიფოა.