Loader

ტრამპი, მატისი და ომი ჩრდ.კორეასთან…

ჯერ კიდევ თვეების წინ, როდესაც გენერალმა მატისმა ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისათვის შეაქო პრეზიდენტი ტრამპი, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ პრეზიდენტის ფავორიტი სწორედ თავდაცვის მდივანი იქნებოდა.

***

სახელმწიფო მდივან ტილერსონსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის ურთიერთობები არც მას შემდეგ გაფუჭებულა, რაც პირველმა მეორე არაკორექტულად მოიხსენია. რთული სათქმელია, სჯერა თუ არა პრეზიდენტს რექს ტილერსონისა ისევე, როგორც სჯეროდა ადრე, მაგრამ, უსიამოვნება, ფორმალურად მაინც, დაძლეულია.

სიმართლე ითქვას, ამგვარი უსიამოვნება პრეზიდენტს სხვებთანაც ჰქონია – ჩინოვნიკები, რომლებიც ექსცენტრიული პრეზიდენტის ერთგული მხარდამჭერები იყვნენ, ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ თანამდებობებს. ტრამპი ზოგ მათგანს ღალატში სდებდა ბრალს, ზოგს კი არაკვალიფიციურობას ედავებოდა. აი, ტილერსონი კი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, გადარჩა – პრეზიდენტი სავარაუდოდ აცნობიერებს, რომ მყისიერი იერიშის მიტანა სახელმწიფო მდივანზე კიდევ უფრო გააღრმავებდა ეჭვებს მისი უპრინციპობის თაობაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრეზიდენტი დიდად არც ენდობა მასზე გადაკიდებულ მედიას და ამ უკანასკნელის ინკოგნიტო წყაროებსაც, ამდენად, თავადაც არ გამორიცხავს, რომ ტილერსონს, ყველაფერი, რეალურად მოუგონეს… მოუგონეს იმიტომ, რომ მათ შორის კონფლიქტი გაღვივებულიყო.

***

 

ფიქრობთ შეტევაზე? – ეს კითხვა დაუსვეს პრეზიდენტს სამიოდე დღის წინ და მანაც გულახდილად უპასუხა – “ეს არაა საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ, ვნახოთ რა მოხდება”.

მატისი ომზე

თუ ომი მოხდა, ტრამპის მთავარი დასაყრდენი, ცხადია, გენერალი მატისია. მდივანი არ არის ომის პარტიის ლიდერთა შორი, თუმცა, მისი როლი ომში, ცხადია, უმნიშვნელოვანესია. მატისი მნიშვნელოვანწილადაა ტრამპის მხარდამჭერი მათ შორის ჩრდ.კორეის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაშიც.

მეტიც, მატისი სიამაყით იმეორებს სამხედრო ისტორიკოსის, კორეის ომის შესახებ წიგნის ავტორის,  ფერენბახის ამ სიტყვებს:

“თქვენ შეგიძლიათ იფრინოთ სახელმწიფოთა თავზე, თქვენ შეგიძლიათ დაბომბოთ ეს სახელმწიფოები, გაანადგუროთ, გაანადგუროთ და გაწმინდოთ ისინი ადამიანებისაგან, მაგრამ, თუ თქვენ გსურთ გამაგრება, აგრეთვე, ამ სახელმწიფოთ შენარჩუნება ცივილიზაციისათვის, ეს თქვენ მიწაზე და სწორედ მიწაზე უნდა გააკეთოთ, გააკეთოთ ისე, როგორც ამას აკეთებდნენ რომაული ლეგიონები, თქვენივე ახალგაზრდა მამაკაცები უნდა ამყოფოთ ჭუჭყსა და ტალახში” …

… თუ ომი მართლაც მოხდა, მატისი იქნება არა მხოლოდ დაბომბვის, არამედ, ტერიტორიაზე გამაგრების  მომხრეც.

აშშ-ს გამოცდილება

ომამდე ჩრდ.კორეაში ჯერ კიდევ “შორია”. შესაბამისად, აშშ-ში საუბრობენ თემაზე – აქვთ კი მათ კონვენციურ ომში ჩართვის, უფრო ზუსტად, გამაგრების გამოცდილება? რეალურად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ “ქარიშხალს უდაბნოში”, “მატისის არმიას” ხმელეთზე ომის წარმოების დიდი გამოცდილება მართლაც არ გააჩნია.  ომი ვიეტნამში? ის მაინც უფრო ჰიბრიდული იყო და არა სრულად კონვენციური. მეორე ომი ერაყში? აშშ საჰაერო შესანიშნავ დარტყმებს ახორციელებდა და ჰიბრიდული ელემენტიც არ იყო მწირი. ავღანეთი? აღმოსავლეტში აშშ არ იბრძვის – მშვიდობას ინარჩუნებს…

რამდენად ძლიერია ჩვენი არმია ხმელეთზე? – ეკითხებიან გენერალ მატისს და ისიც პასუხობს: საუკეთესოა… იყო, არის და იქნება.

როგორ დაიწყება ომი ჩრდ.კორეაში?

ამისათვის, რომ ომი დაიწყოს,  საჭირო არაა მისი გამოცხადება და მსგავსი ქმედებები. ფხენიანის გადარეული ლიდერის ერთმა გაუაზრებელმა ქმედებამ, შეიძლება სათავე დაუდოს ერთის მხრივ ომს და მეორე მხრივ, მის განადგურებას. მაგალითად, საკმარისია, ჩრდ.კორეის რაკეტები მართლაც აიწიოს ჰაერში, რომ აშშ-ში მყისვე მიიღებენ მათი ჩამოგდების გადაწყვეტილებას. აშშ-ს შეუძლია “ჰაერში აწევამდე” არც მიიყვანოს საქმე, თუ, რასაკვირველია, ფხენიანზე განხორციელდება მძლავრი კიბერშეტევა.

საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს ჩრდ.კორეამ უკვე 18-ჯერ გამოსცადა საკუთარი კონტინენტთაშორისი რაკეტები, თუმცა, დასავლეთს ამის გამო ქმედებებისათვის არ მიუმართავს. სეულში, ანუ, სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოელი მეზობელი კვლავაც აპირებს რაკეტების გამოცდას და, ეს ძალიან სახიფათოა.

თუ აშშ ეცდება ჩაშალოს ეს გამოცდები, ჩრდ.კორეიდან მას, ცხადია, უპასუხებენ. კიმ ჩენ ინს აშინებს ავიაშეტევები და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, ამიტომ, მან შეიძლება დაასწროს მოვლენებს და თავად დაიწყოს ეს, მისი რეჟიმის დამამთავრებელი ომი.

რა შემთხვევაში შეჩერდება კიმ ჩენ ინი?

რეალურად, კიმ ჩენ ინის შეჩერება რთული სულაც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ნამდვილად არაა “დალაგებული ლიდერი”, ალბათ მაინც აცნობიერებს, რომ ომი აშშ-სთან მისი მარცხით დასრულდება. შესაბამისად, მაგალითად ევროპაში მიიჩნევენ, რომ მისი შეჩერება მისი მოსყიდვით შეიძლება. “გადავუხადოთ მას მეტი ფული და ჩავრთოთ ზოგიერთ პროცესში და, ის შეაჩერებს საკუთარ ბირთვულ პროგრამას”, – დაახლოებით ასე მსჯელობენ ევროპელები. თუმცა, ამერიკელებს ეს ვაჭრობა დიდად არ ხიბლავთ – პრობლემის გადავადება და კვანძის ამავე ეტაზე არ-გახსნა, არ არის ზოგადად ამერიკელთა და კონკრეტულად ტრამპის კონცეფცია.

თუ ომი მართლაც დაიწყო

თუ ომი მართლაც დაიწყო, მისი პირველი ფაზა თვეზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდება. “არაბირთვული იარაღი ჩრდ.კორეას დეგრედირებული აქვს. მისი მოდერნიზება არ მომხდარა,ჰარი ლაკი, აშშ-ს შეიარაღებული ძალების ყოფილი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ფხენიანის დამარცხება, რეალურად, პრობლემა არ არის. ამავე დროს, ის, რომ კიმ ჩენ ინს უკვე აქვს ბირთვული იარაღი, ამერიკელებს ფრთხილად ყოფნისაკენ უბიძგებს. თუ ყველაფერი საუკეთესოდ არ იქნება გათვლილი, ჩრდ.კორეამ შეიძლება “გააპაროს” ეს მომბი და, ეს კი სამყაროს კატასტროფის დასაწყისი იქნება.

ჩრდ.კორეა საკმაოდ ძლიერი იქნება ხსენებულ კონვენციურ ომშიც – 1.200.000 შეიარაღებული ჯარისკაცის დამარცხება ხმელეთზე და დამატებით 600.000 რეზერვისტის გაუვნებელყოფა, იოლი ამოცანა არ იქნება ამერიკელებისთვისაც კი. გარდა ამისა, რაც მეტად გაიწელება ომი, მით მეტი საერთაშორისო აქტორი მოითხოვს მის “დროულ” შეჩერებას.

მნიშვნელოვანია დანაკარგებიც – ომის შემთხვევაში მხოლოდ სეულში დაიღუპება რამდენიმე ათეული ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო მთლიანად ს.კორეაში მინიმუმ – მილიონი.

დიდი დანაკარგები იქნება ს.კორეის ძალიან დიდ რეზერვშიც (4.000.000 რეზერვისტი) და საკმაო დანაკარგი ექნება აშშ-ს ჯარშიც, რომელიც ახლა ს.კორეაში 28 000 ჯარისკაცითაა წარმოდგენილი.

“თუ ასე მოხდა, ადამიანებისაგან დაცარიელდება ნახევარკუნძული და ის საშინელი სანახავი იქნება”, – ამ სიტყვების ავტორია გენერალ-მაიორი ჯეიმს მარქსი, რომელიც ერაყსა და კორეაში მსახურობდა.  მას ეთანხმება მარკ ფიცპატრიკი – აშშ-ის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ვაშინგტონის განყოფილების დირექტორი, რომელიც ამბობს:

“რამდენადაც მომხიბვლელი არ უნდა იყოს ომის პირველი ფაზის შედეგები, მეორე ფაზა საშინელი იქნება. მას შემდეგ, რაც ჩრდ.კორეის ძალები დამარცხდებიან, ომი არ დამთავრდება, რადგან შეუძლებელი იქნება ქვეყნის მყისიერი დამორჩილება… მეტიც, კიმ ჩენ ინის მომხრეები შექმნიან წინააღმდეგობის მოძრაობებს და სიცოცხლეს გაგვიმწარებენ… ჩრდ.კორეა ისე სწრაფად არ დაეცემა, როგორც დაეცა ვთქვათ სადამი და როცა დაეცემა, შედეგი იქნება ძალიან მასშტაბური, რადგან ჩრდ.კორეელებს მართლაც აქვთ მენტალური პრობლემები, მათი ტვინები გამორეცხილია კიმების დინასტიის მიერ”.

რა მოხდება ომის შემთხვევაში? – განადგურდება სეული და მსოფლიო არსებული წესრიგი. ჩინეთი იქცევა მტრად… ” – ეს კი ხსენებული მარქსის დასკვნაა.

და კვლავ მატისი

ტრამპმა, რომელსაც ძალიან უყვარს “ტვიტერით” ურთიერთობა, დაწერა:

“ჩვენ 25 წელია ვემუდარებით ჩრდ.კორეას და ამ გამომძალველებს თანხასაც ვუხდით, სამწუხაროდ, სიტყვებმა ვითარება არ შეცვალა”.

ამ “ტვიტიდან” რამდენიმე წუთში დაწერა მატისმაც.

“ჩვენ არასოდეს არ შეგვიქცევია ზურგი დიპლომატიური გადაწყვეტისათვის”… –  ეს იყო “პასუხი პრეზიდენტს”, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მატისი უკან იხევს – ის კვლავაც რჩება კორეის პრობლემის სწრაფი და ეფექტური მოგვარების მსურველთა რიგებში და ეს “მოგვარება” ომს, რეალურად, არ გამორიცხავს.