Loader

გაუსაძლისობა!!! ანუ, განვედინ ჩემგან რუსეთო!

ირაკლი ტაბლიაშვილი

ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ ახალი აგრესიის შემთხევაში, რუსეთმა ძვირი ფასი უნდა გადაიხადოს.  ეს მიდგომა, რეალურად, მართებულია იმდენად, რამდენადაც, ერთადერთი და უალტერნატივოა. 

რა არის ძვირი ფასი?

გარდა იმისა, რომ ძვირ ფასად უნდა მივიჩნიოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთისათვის სანქციების დაწესება, აგრეთვე, ძვირი ფასია ის ვითარება (თუ მდგომარეობა), რომელშიც რუსეთის ჯარისკაცი უნდა აღმოჩნდეს (და აქამდეც უნდა აღმოჩენილიყო) საქართველოს სრული ოკუპაციის შემთხვევაში. გაუსაძლისობა – აი, ის მდგომარეობა, რომელშიც ის უნდა აღმოჩნდეს ჩვენზე თავდასხმის შემთხვევაში.

***

ვაღიაროთ – საქართველოსთვის მთავარი საფრთხე-სახელმწიფო კვლავაც რუსეთია, რომელსაც ჯერაც არ უთქვამს უარი არც სრულმასშტაბიან და არც შეზღუდულ სამხედრო ოპერაციაზე საქართველოს წინააღმდეგ. მაღალი ალბათობით, უახლესი წლების განმავლობაში, ანუ, მანამ, ვიდრე თავად რუსეთშიც ძირეულად არ შეიცვლება ვითარება, რუსეთი აგრესიაზე უარს არც იტყვის. შესაბამისად, აგრესიის ან აგრესიის საფრთხის ქვეშ ცხოვრება და ქმედება მოგვიწევს არა მხოლოდ ჩვენ – დღევანდელ მოქალაქეებს, არამედ მათაც, ვინც ჯერაც არაფერი იცის რუსეთის და მისი ბოროტი ზრახვების შესახებ.


 

ცხადია,  წინააღმდეგობის გაწევაზე მოწოდება უაღრესად რთული გადაწყვეტილებაა იმის გამო, რომ წინასწარვე ვიცით, ნებისმიერი წინააღმდეგობა გააორმაგებს აგრესიის მასშტაბებს, მაგრამ, სწორედ ყველა დონეზე წინააღმდეგობა არის ერთადერთი და ვიწრო გზა ძვირფასი სახელმწიფოს და სახელმწიფოს თავისუფლების ან, მინიმუმ, მისი ხსოვნის შესანარჩუნებლად.

 


შექმნილი ვითარებიდან ერთადართი გამოსავალი სულაც არ არის სრული და მაქსიმალურად სწრაფი კაპიტულაცია. დანებებამ ან სახელმწიფოს განვითარებაზე უარის თქმამ, შესაძლოა, დაამკვიდროს მოჩვენებითი, ან, ვთქვათ ასე – “ცარიელა მშვიდობა”, თუმცა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ გადავადდება ახალი, დღევანდელზე სასტიკი და უფრო მძლავრი აგრესია ვიდრე იმ დრომდე, როცა ქვეყნის რომელიმე მომავალი ხელისუფალი კვლავაც გადაწყვეტს სახელმწიფოს აშენებას,  ან გაამჟღავნებს სუვერენული გადაწყვეტილების მიღების სურვილს. კაპიტულაციის თუ სახელმწიფოს განვითარებაზე უარის თქმით, ალბათ სამუდამოდ, მოკვდება სახელმწიფო და მისი იდეაც… მაგრამ, თუ ვცდებით და მომავალ თაობებს აღმოაჩნდებათ თვითრეფლექსიის უნარი, დაძაბუნებულ ორგანიზმს სახელმწიფოებრიობისათვის გაცილებით დიდი სისხლის გაღება კი ნამდვილად მოუწევს.

ამდენად, კაპიტულაცია, კაპიტულანტი პოლიტიკური აქტორების და გამორჩენის მიზნით რუსეთთან მიბმული კონკრეტული პირების გარდა, არც არავის აწყობს. კაპიტულანტობა (საქართველოს სახელმწიფოზე, განვითარებაზე უარის თქმა) არის თვითმკვლელობა! შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი და სწორი გამოსავალია გაგება (გასიგრძეგანება, გააზრება და ა.შ.), რომ ბრძოლა  თუ ომი, სამწუხაროდ, გრძელდება… რომ ომი სახელმწიფოსათვის არ არის მხოლოდ ხელისუფლების ვალი თუ ვალდებულება; რომ ომში უნდა ჩაერთოს ყველა და აგრესორის ინტერესები არ უნდა გატარდეს არც ე.წ. მშვიდობიანობის, ანუ დღევანდელ ვითარებაში და არც ომიანობის პირობებში.

 

რა არის ომი?

არაერთი მიმომხილველი საუბრობს, რომ ომი, მისი თანამედროვე გაგებით, არაა მხოლოდ კონვენციური დაპირისპირება. შესაბამისად, გამუდმებული საუბარი თანამედროვე ომის ბუნებაზე – ჰიბრიდულობაზე, აუცილებელია. თუმცა, ვინაიდან მკითხველთა მნიშვნელოვან ნაწილს არ ან რთულად ესმის ომის თანამედროვე განსაზღვრება, ჩვენც მხოლოდ კონვენციურ ომზე შევაჩერებთ ყურადღებას.

სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია

რა შემთხვევაში მოხდება, ან, ვთქვათ ასე – რა შემთხვევაში გამეორდება სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან?

უხეშად რომ ვთქვათ – სიბეცე, ხოლო რბილად რომ ვთქვათ – გულუბრყვილობაა ოცნება, რომ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას რუსეთი არავითარ შემთხვევაში ა(ღა)რ მიმართავს. რეალურად, რუსეთისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება საქართველოს სათავეში –  მის მიმართ შედარებით ლოიალურად თუ მის მიმართ მკაცრად განწყობილი ხელისუფალი – მანამ, ვიდრე ღიად კაპიტულანტი პირები არ დაიკავებენ უმნიშვნელოვანეს თანამდებობებს (პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო და თავდაცვის მინისტრები და ა.შ.), რუსეთი ყოველთვის განიხილავს სამხედრო აგრესიის შესაძლებლობასაც.

სხვაგვარად და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ – ვიდრე თარხან-მოურავი არ იქნება საგარეო მინისტრი, ბურჯანაძე – პრეზიდენტი და, ვთქვათ სანდრო ბრეგაძე – პრემიერი, რუსეთი ვერ შეეგუება ვერავის, ვინც ჯერაც და თუნდაც ფორმალურად აცხადებს, რომ საქართველოს უნდა ალიანსის წევრობა, ანუ, განვითარება და უსაფრთხოება; ევროკავშირის წევრობა – ანუ, განვითარება და დემოკრატია…

პირველ რიგში კი, რუსეთი ვერ შეეგუება, უფრო ზუსტად, იოლად ვერ გადახარშავს დასავლეთის შემოსვლას საქართველოში, რაც, საბედნიეროდ, მიმდინარე და, იმედია, შეუქცევადი პროცესია.

რა შემთხვევაში მიმართავს რუსეთი სამხედრო აგრესიას?

სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას რუსეთი მიმართავს რამდენიმე შემთხვევაში.

  1. თუ მის ხელთ არსებულ სხვა ბერკეტებს ამოწურავს და საკუთარი მიზნების სასწრაფოდ მიღწევის აუცილებლობა დაუდგება;
  2. თუ საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება სუსტი და რუსეთი იგრძნობს, რომ მას გაუვა პირდაპირი სამხედრო აგრესია;

 

ყველა სხვა მტკიცება, მაგალითად, აზრი იმის თაობაზე, რომ რუსეთი საქართველოში შემოვა თუ ჩვენ გავხდებით ალიანსის წევრი ან განისაზღვრება ალიანსის წევრობის თარიღი, აბსურდულია. ჯერ ერთი, როდესაც საქართველო გახდება ალიანსის წევრი, NATO-ს წევრ ქვეყნებს, “ვაშინგტონის დეკლარაციის” თანახმად, ექნებათ მისი აუცილებელი დაცვის ვალდებულება და მეორეც, ბრიუსელში მანამ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ალიანსში გაწევრიანების თაობაზე, ვიდრე არ გაჩნდება ე.წ. შესაძლებლობების ფანჯარა, რაც, თავისთავად არ გაჩნდება მანამ, ვიდრე არსებობს რუსეთის აგრესიის თუნდაც თეორიული შესაძლებლობა.

შესაბამისად, აგრესიის საფრთხე არსებობს არა მაშინ, როცა ჩვენთვის კარი რეალურად გაიღება, არამედ, მანამდე, ვიდრე ეს კარი დახშული, ან, ვთქვათ ასე – მხოლოდ დეკლარაციის დონეზეა გაღებული (ამავე კონტექსტში უნდა ვთქვათ შემდეგიც – MAP – გაწევრიანების სამოქმედო ის გეგმა, რომელიც აუცილებელი პირობაა ალიანსში გაწევრიანებისათვის, ამ კუთხით მხოლოდ ტექნიკური ელემენტია  – ძალიან რომ გავამარტივოთ – სამოქმედო გეგმას მოგვცემენ რომელიმე ორშაბათს, ხოლო მეორე დღეს – რომელიმე სამშაბათს მოხდება საქართველოს ალიანსში მიღება).

რას გამოიყენებს რუსეთი აგრესიის ფორმალურ მიზეზად?

თუ ვსაუბრობთ დედაქალაქ თბილისზე შეტევაზე, ანუ, სუვერენული ქვეყნის ხელისუფლების დამხობაზე და კაპიტულანტი ხელისუფლების მოყვანაზე, რუსეთმა (ვიმეორებთ, NATO-ში საქართველოს გაწევრიანებამდე) შეიძლება დაგეგმოს იმგვარი პროვოკაციები (მათ შორის, მის მიერ პირდაპირ თუ ირიბად მართული პოლიტიკური ძალების მხრიდან), რომელთა შედეგადაც, ხელისუფლება დაუშვებს შეცდომებს და მისი  – ხელისუფლების დამხობა მოხდება ან ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური  რევოლუციადწოდებულის ან თბილისისკენ დაძრული იმ ტანკების გამოყენებით, რომლებიც ახლა ცხინვალშია დაქოქილი.

ფორმალური მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ანტიდასავლური გამოსვლები დედაქალაქის ცენტრში, არამედ, ვთქვათ, ვითარების ესკალაცია ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან და შემდგომი პროვოკაციები. რუსეთმა, შესაძლოა, დაგეგმოს მის მიერვე მართული სეპარატისტული ძალების, ანუ, ბანდების შემოჭრა საქართველოს სიღრმეში, რასაც, წესით, უნდა მოჰყვეს ამ ძალების ალაგმვა  –  ხელისუფლების სრულიად ადეკვატური, ანუ აგრესიული პასუხი. შედეგად რუსეთი ღიად იტყვის, რომ იცავს “პარტნიორებს” თუ რუსეთის მოქალაქეებს და ვერ დაუშვებს მათ მიმართ აგრესიას.

ხსენებულ სცენარზე რეალურია მეორე – რეგიონული დაძაბულობის ესკალაცია – თუ ყარაბაღში ვითარება გამწვავდება და მხარეები – სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან პირდაპირ და გრძელვადიან კონვენციურ ომში ჩაერთვებიან, რუსეთი, მაღალი ალბათობით, ღიად და მეტად დაუჭერს მხარს სომხეთს (განსაკუთრებით ოფიციალური ანკარის მიერ აზერბაიჯანის თუნდაც ირიბად მხარდაჭერის შემთხვევაში), შესაბამისად, რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს სამხედრო ტვირთების სახმელეთო გზით (ლარსიდან და როკის გვირაბიდან, აგრეთვე, ავარო-კახეთის გზის ჯერ არდასრულებული გზის მონაკვეთიდან) გატარებას. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, რუსეთი მაინც შემოიყვანს საკუთარ ძალებს, გადმოლახავს საზღვარს  და გაარღვევს მონაკვეთს სომხეთის გიუმრის ბაზამდე… ხოლო საჯარისო ფორმირებების მნიშვნელოვან ნაწილს დატოვებს საქართველოში, ამასთან – დაამხობს მის არ-დამჯერ, მისთვის წინააღმდეგობის გამწევ თუ უარის მთქმელ ხელისუფლებას.

და ბოლოს – თუ რუსეთი გადაწყვეტს აგრესიას, მას ამისთვის ფორმალური მიზეზიც არ სჭირდება.

 


 

 

 

 

 


 

რას ვაკეთებთ აგრესიის შემთხვევაში?

უპირველეს ყოვლისა, საკითხავია – რას აკეთებს ხელისუფლება – მმართველი ჯგუფი, რომელსაც დელეგირებული აქვს უფლებები მშვიდობის, მოჩვენებითი მშვიდობის და ომის პირობებში. რას და როგორ აკეთებს არმია – ომობს მანამ ვიდრე შეუძლია? რას აკეთებენ დიპლომატები? უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები? პოლიტიკური პარტიები…  და, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რას აკეთებენ საზოგადოებრივი ჯგუფები… აგრეთვე, აქტიური თუ დღეს პასიური ინდივიდები?

რეალურად რომ შევაფასოთ – ომის შემთხვევაშიც კი, წარმოუდგენელია  სრული კონსოლიდაცია – საზოგადოებაში აუცილებლად გამოჩნდებიან ჯგუფები და პირები, ვინც სიმშვიდისკენ, ვითარების დაწყნარებისკენ, ანუ, რეალურად, დანებებისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას. ცხადია, მათი “არგუმენტები” იქნება მჭექარე და ემოციური – მაგალითად, იტყვიან, რომ ჯარისკაცების “საზარბაზნე ხორცად” გამოყენება დაუშვებელია; რომ ომში მაინც ვერაფერს გავხდებით; რომ…

ამ პირობებში, გარდაუვლად აუცილებელია, რომ მათი – კაპიტულანტ-კოლაბორაციონისტთა ხმა პრაქტიკულად არ ისმოდეს და მედიამ –  საომარი მდგომარეობის არგუმენტის გამოყენებით (ჩემი აზრით, ამას მედია ახლაც უნდა აკეთებდეს და ჭყოიძე-გულბაათ რცხილაძეებს არც ახლა უნდა აძლევდეს კოლაბორაციონისტული აზრების ტირაჟირების შესაძლებლობას) უარი უნდა თქვას არააბსოლუტურ!!! სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, ანუ მან – მედიამ, არ უნდა მოახდინოს სახელმწიფოსთვის ამ მავნე აზრების ტირაჟირება.

მეტიც, გარდა მედიისა,  მნიშვნელოვანია, მართებული პოზიციის დაფიქსირება ვთქვათ ფინანსური ჯგუფების თუ, მაგალითად, აკადემიური სექტორის მხრიდან… ზოგადადაც –  უნდა იმძლავრონ იმ პირებმა და ჯგუფებმა, რომლებიც ხელისუფლებას და არმიას სწორედ წინააღმდეგობის გაწევას მოსთხოვენ… მოსთხოვენ მანამ, ვიდრე კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოება არ ჩაერთვება და აგრესორს არ შეაჩერებს.

შესაძლებელია თუ არა აგრესიის შეჩერება?

ეს შესაძლებელია მხოლოდ ორ, ერთმანეთზე დამოკიდებულ შემთხვევაში.

  1. თუ მტერს დახვდება საერთო ეროვნული წინააღმდეგობა;
  2. როცა კონფლიქტში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერთვება;

სხვაგვარად ვთქვათ – ჩვენ უნდა ვიცოდეთ (თუ გნებავთ, გვჯეროდეს), რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აუცილებლად ჩაერთვება კონფლიქტში და რუსეთი აუცილებლად გაჩერდება ჩვენი სახელმწიფოს მოსპობამდე!!! მაგრამ, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ თანამეგობრობის ჩარევა იქნება გაცილებით ხარისხიანი და სწრაფი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამეგობრობა დაინახავს, რომ ამ ქვეყანაზე და მის მომავალზე უპირველესი პასუხისმგებელი – მისი საზოგადოება თავად არის მზად თავისუფლების დაცვისათვის.

სხვათა შორის:

  1. საქართველოს წინააღმდეგობის და  სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის დამსახურებაა ის, რომ 2008 წელს რუსეთმა დედაქალაქი თბილისი ვერ აიღო;
  2. უკრაინის წინააღმდეგობის და სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა, რომ რუსეთმა უკრაინაში ბოლომდე ვერ მიაღწია მიზანს – ვერ აიღო კიევი ან, მინიმუმ, ვერ მიიერთა ამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი;

***

ცხადია,  წინააღმდეგობის გაწევაზე მოწოდება უაღრესად რთული გადაწყვეტილებაა იმის გამო, რომ წინასწარვე ვიცით, ნებისმიერი წინააღმდეგობა გააორმაგებს აგრესიის მასშტაბებს, მაგრამ, სწორედ ყველა დონეზე წინააღმდეგობა არის ერთადერთი და ვიწრო გზა ძვირფასი სახელმწიფოს და სახელმწიფოს თავისუფლების ან, მინიმუმ, მისი ხსოვნის შენარჩუნებისათვის.

რას ნიშნავს წინააღმდეგობა?

არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევის დავალდებულება უშედეგო იქნება თუ სამოქალაქო პირები მხარს არ აუბამენ შეიარაღებულ ძალებს. ომის შემთხვევაში, უაღრესად პრინციპული იქნება თითოეული ინდივიდის ეგზისტენციური არჩევანი და ინდივიდთა ინდივიდუალური (ამავდოულად, გადამდები) ქმედებები. ამ ეტაპზე რთულია იმ ყველა ჯგუფის გამოკვეთა, რომლებიც თავის დონეზე თუ კომპეტენციის ფარგლებში უნდა იბრძოდნენ თავისუფლებისათვის, თუმცა, ზოგიერთ მათგანზე შევაჩერებთ ყურადღებას.

ესენი არიან:

  1. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები;
  2. ფერმერები და სოფლების მაცხოვრებლები;
  3. ფინანსური ინსტიტუტები – ბანკები;
  4. პოლიტიკური ჯგუფები;
  5. თანამედროვე ტექნოლოგიების და კავშირგაბმულობის სპეციალისტები;
  6. აკადემიური სექტორი და სტუდენტობა;
  7. მსხვილი ინფრასტრუქტურული კერძო ორგანიზაციები და ა.შ.
  8. ემიგრაცია;

ცხადია, რომ ლიდერი უნდა იყოს ხელისუფლება, ხოლო ფრონტის წინა ხაზზე უნდა იდგნენ შეიარაღებული ძალები;

***

და ბოლოს – ეჭვგარეშეა, ამ სტატიის ჩაკითხვისთანავე ბევრს გაუჩნდება ჩემი კრიტიკის და, შესაძლოა, გალანძღვის სურვილიც. თუმცა, მე არ ვაპირებ პოეტიკის პოლიტიკით ანუ, ციტატებით მათთან კამათს.

დასასრულ კიდევ ერთხელ ვიტყვი  – დანებება პირდაპირი აგრესიის შემთხვევაში, ან, დანებაბე და სახელმწიფოს აშენებაზე დღეს უარის თქმა,  ნიშნავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო გაუქმდება… და თუ მომავალში ვინმე მოინდომებს მის აღდგენას, დაიღვრება გაცილებით მეტი სისხლი, ვიდრე ის დაიღვრება ცხადია არასასურველი ომის შემთხვევაში.

ვიტყვი იმასაც, რომ, პირადად მე არ მაქვს ღია სამხედრო აგრესიის დიდი მოლოდინი (მიზეზებზე სხვა დროს) და მეტიც – მიმაჩნია, რომ ომი, ანუ, ჰიბრიდული ომი ახლაც გრძელდება და არც არასოდეს შეჩერებულა. შესაბამისად,  გაუსაძლისობა – აი, ერთადერთი მართებული სიტყვა, რომელშიც უნდა აღმოჩნდეს აგრესორი ჩვენზე თავდასხმის შემთხვევაში… და რომელშიც ის უნდა იყოს ამ ე.წ. მშვიდობიანობის დროსაც.


სტატიის შინაარსი – აუდიო ვერსია