Loader

მცდარი წარმოდგენები! არც ბიძინა იქნება … სულ!

ჩვენ გვაქვს უამრავი მცდარი წარმოდგენა მოვლენებზე და, შესაბამისად, ვართ ჩვენივე მცდარი წარმოდგენების ტყვეობაში.

ოცნების ხელისუფლება

“ქართულ ოცნებას” დღემდე მცდარად ვუწოდებთ “ახალ ხელისუფლებას” – მეხუთე წელი ამოიწურა, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური გუნდი ქვეყანას მართავს და, მართალია, მას შემოდგომის ფოთლებივით ჩამოსცილდნენ, უფრო კი შემოეფრცქვნენ ძველები –  რესპუბლიკელები და თავ.დემები, ივანიშვილის გუნდი მაინც ერთია – პოლიტიკოსებით, პოლიტიკოსობის მსურველებით, პოლიტიკოსობა დროებით რომ დაავალეს იმ ბიზნესმენებით, სპორტსმენებით, მსახიობებით გაჯერებული –  ძველი და უცვლელი.

დამფუძნებელი ხელისუფალი

ჩვენ მცდარად გვგონია, რომ ან მიხეილ სააკაშვილი იყო ან ბიძინა ივანიშვილი არის ახალი ქართული სახელმწიფოს “დამფუძნებელი მამა” – დამფუძნებელი არის ზვიად გამსახურდია, ხოლო სხვა ყველა ხელისუფალი – შევარდნაძეც, სააკაშვილიც, ჟვანიაც, ივანიშვილიც, მარგველაშვილიც და კვირიკაშვილიც არიან გამსახურდიას დაფუძნებული სახელმწიფოს პრეზიდენტები თუ პრემიერები.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ, გამსახურდიამ – გამოუცდელმა მმართველმადაუშვა იმაზე მეტი შეცდომა, ვიდრე facebook – ის პოსტებში ან კონიუნქტურას დაქვემდებარებულ ისტორიის სახელმძღვანელოებშია ასახული, მაგრამ ისტორიისათვის იმ “წვრილმან” თუ რეალურად წვრილმან შეცდომებს დიდი მნიშვნელობა არც აქვს – პირველი პრეზიდენტის მთავარი მიღწევა (გნებავთ, ღირსება) არის ის, რომ “ბოროტების იმპერიის” პირობებში, ანუ მაშინ, როდესაც საბჭოეთი ჯერაც არსებობდა, მან ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ეს პირდაპირი მნიშვნელობით – გაბედა მაშინ, როცა არ იცოდა (და ვერც ეცოდინებოდა), რომ იმ – 1991  წლის მიწურულს, სსრკ “თავისით” დაიშლებოდა, ანუ – ყირგიზეთიც და ტაჯიკეთიც დამოუკიდებელი სახელმწიფოები გახდებოდნენ.

სხვა მმართველი – შევარდნაძე

გამსახურდია საბჭოთა სუკმა, საბჭოთა ინტელიგენციამ, საბჭოთა წითელმა დირექტორებმა და საბჭოთა კრიმინალებმა გენდევნეს. სამაგიეროდ, ამავე აქტორებმა დააბრუნეს შევარდნაძე, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიტყვით, სულაც არაა “დამფუძნებელი მამა” , თუმცა კი  წინამორბედზე დიდი გამოცდილებაც აქვს და ლავირების არაჩვეულებრივი უნარიც. ამ, რეალურად რომ ვთქვათ, საბჭოეთის საგარეო მინისტრად სწორ დროს ნამუშევარმა მსოფლიო მნიშვნელობის პერსონამ – თავდაპირველი ფუნქცია შესძინა თუ განუსაზღვრა საქართველოს; გამოკვეთა ქვეყნის საგარეო კონტურები… ამავე დროს, შევარდნაძემაც კი,  გამსახურდიას არ იყოს, უამრავი “უპატიებელი” შეცდომა დაუშვა და მისი 11 წლიანი კარიერა დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო – რევოლუციით, რომელსაც მოჰყვა სიახლე.

სხვა მმართველი – სააკაშვილი

 

განდევნილი შევარდნაძე ჩაანაცვლა “მოვარდნილმა” სააკაშვილმა, რომელიც, წინამორბედის მსგავსად, ასევე არაა “დამფუძნებველი მამა”, თუმცა, განსაკუთრებით მმართველობის პირველ წლებში (2007 წლის საბედისწერო შეცდომამდე), ქვეყნის გამაძლიერებელი და მისი ინსტიტუტების ჩამომყალიბებელია. 2007 წელს იწყება მისი “გვიანი აბსოლუტიზმის ეპოქა” – სავსე მარცხებით და უფრო იმედგაცრუებებით… და 2007 წლიდან ისახება “იმედი”, რომ სააკაშვილი “დამთავრდება”.

იმედი ოცნებად სწრაფად არ ქცეულა – სააკაშვილს ვერავინ მოუხერხა ვერაფერი ვიდრე 2011-2012 წლებამდე. 07, 08, 09, 10 წლებშიც კი ის ტოვებდა “მარად მაგარი”, “მარად უძლეველი”, უცვლელი და  მარადი ხელისუფალის შთაბეჭდილებას – დაახლოებით ისეთივეს, როგორი შთაბეჭდილებაც გვქონდა შევარდნაძეზე 1997-2003 წლებში.

სხვა მმართველი – ივანიშვილი

სააკაშვილი და ივანიშვილი – 2013 წელი

მაგრამ დადგა 2011 წლის შემოდგომა და სააკაშვილის დამარცხებაც დაიწყო. მოვიდა “სეტყვა” – სახელად ივანიშვილი და მას – ვერ დახვდა “ქვა”სააკაშვილი… ვერ დახვდა მიუხედავად შეცვლილი კონსტიტუციისა, ძალაუფლებისა… გავლენებისა.

ის, რომ 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად და არა რევოლუციით, მით უფრო, გადატრიალებით შეიცვალა, უდავოდაა ქართული სახელმწიფოს მიღწევა (და, ორივე ლიდერის დამსახურება). თუმცა, ამ მიღწევის “დიდ მიღწევად” გარდაქმნაც იქნებოდა შესაძლებელი, “ოცნების” ხელისუფლებას რეალურად რომ დაესაჯა კონკრეტულ დანაშაულებში მხილებული ადამიანები, ხოლო პოლიტიკოსებისათვის, მით უფრო მათთვის, ვისაც ვერაფერს უმტკიცებდა – თავი ენებებინა.

ნაცვლად ამისა, მეექვსე წელია, ხელისუფლება ვერ გასცდა დაუსრულებელ საუბარს “სისხლიან 9 წელზე”, რევანშზე, ხოლო ქმედებით შეუტია  არა იმდენად კონკრეტულ იმ პირებს, რომელთათვისაც დანაშაულის დამტკიცება, კვალიფიცურად გამოძიების შემთხვევაში, წესით, არ უნდა გასჭირვებოდა, არამედ –  მედიას, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორს… ამ ხნის განმავლობაში, ხელისუფლებამ მოახერხა პირდაპირი  და ირიბი კოლაბორაცია სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე უპრინციპო ადამიანებთან, აგრეთვე, ანტიდემოკრატიულ ჯგუფებთან, ანგარიში არაერთხელ გაუწია ანტიდასავლურ და პრო-რუსულ ძალებს… და დემოკრატიის, უფრო ზუტად კი, უმრავლესობის სახელით, სივრციდან განდევნა ოპონენტები – პოლიტიკური პარტიები (მათ შორის, მის მიმართ ოდესღაც ლოიალურად განწყობილი ხსენებული რესპუბლიკელები და თავ.დემები), ყოველთვის კრიტიკული მესამე სექტორი და, რაც ყველაზე მძიმეა – დღევანდელმა ხელისუფლებამ, შევარდნაძის და სააკაშვილის არ იყოს, უკვე შექმნა შთაბეჭდილება, რომ “მარადი”, არჩევნების გზით რომ ვერ დაამარცხებ, ისეთია… ანუ, არის ძალაუფლებით დამტკბარი და ხელისუფლებიდან არ-წამსვლელი და, მისი აზრით – ერთადერთი და უალტერნატივო.

სხვა უამრავ შეცდომასთან ერთად, სწორედ ესაა ივანიშვილის და მისი “ოცნების” გამოუსწორებელი შეცდომა. ივანიშვილი, რეალურადაც რომ იყოს პროცესებიდან გასული, პასუხისმგებელია არა მხოლოდ უუნარო თუ უნარიან გუნდზე (ინდივიდუალურად შესაფასებელია), არამედ, საზოგადოების ამ განწყობაზე და მიმართებაზე სახელმწიფოს მიმართ.

“ვალდებულება”

მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მცდარი წარმოდგენა ივანიშვილის შესაძლებლობებზე (ასეთივე მცდარი წარმოდგენა გვქონდა შევარდნაძეზე ან სააკაშვილზე), მაინც ასეა –  არც ივანიშვილია “მარადი” თუ დიდხნიანი მმართველი.

რეალურად, “ოცნების” არჩევნებით შეცვლაც კი შესაძლებელია, თუ საზოგადოება ისტორიის სუბიექტად, უფრო კი შემქმნელ-დამწერად მოიაზრებს თავს. ამ შემთხვევაში, არჩევნების ბედს ვერ გადაწყვეტს ვერც უზარმაზარი ფინანსები (ისევე, როგორც, რეალურად, 2012 წელს მთავარი გადამწყვეტი იყო ხალხი და არა ივანიშვილის ფინანსები) და ვერც ის სტერეოტიპები და ვერც პირდაპირი თუ ირიბი ინტერვენცია თანამედროვე ფსიქოლოგიური ზეწოლებით.

სხვაგვარად ვთქვათ – არათუ 2030-მდე, 2050-მდეც კი, ხელისუფლებას ერქმევა “ოცნება”, თუ  მოქალაქეებს არ  ექნებათ  სახელმწიფოსთვის საკუთარი წვლილის შეტანის ან სურვილი, ან – “ვალდებულება” (მეორე მხრივ – ქმედების დავალდებულება, რასაკვირველია,  ძალიან რთულია ლიბერალური დემოკრატიის პირობებში. ლოგიკა – “არ ავირჩიოთ არავინ არის ჩვენი ისეთივე უფლება, როგორიც არის თქვენი უფლება – აირჩიოთ ვინც გინდათ”, უარგუმენტო როდია).

და ბოლოს

თუ მოქალაქეებს არ ექნებათ  ვითარების შეცვლის რწმენა, ის, ოდესმე და მაღალი ალბათობით, შეიცვლება კრიტიკული უმცირესობის მიერ მოწყობილი ან რევოლუციით ან სახელმწიფო გადატრიალებით. ორივე სცენარი, რეალურად, ძალიან საფრთხილოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი დემოკრატიასთან კორელაცია ნაკლებია, არამედ, იმიტომაც, რომ ვნებს უსაფრთხოებას და ზრდის  საგარეო ინტერვენციის შესაძლებლობას.