Loader

ევროკავშირისკენ! კომფორტი vs დისკომფორტი ევროპელებისათვის!

უახლოეს დღეებში, უფრო ზუსტად, 24 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტი. მნიშვნელოვან ფორუმზე განიხილავენ აღმოსავლეთ პარტნიორებისა და ევროკავშირის თანამშრომლობის ოთხ მიმართულებას – ეკონომიკურ ურთიერთობებს; მმართველობის ეფექტურობის აუცილებლობას და ინსტიტუციურ რეფორმებს; ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობას და თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებებს შორის.

სამწუხაროდ, არც 2017 წლის სამიტი იქნება “გადამწყვეტად მნიშვნელოვანი” საქართველოსთვის, ანუ, ევროპელი პარტნიორები ღიად არ იტყვიან, რომ ექვსი  სახელმწიფოდან სამი – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იმსახურებენ მეტ ყურადღებას თუ დამატებით სხვა ფორმატსაც. ისინი – ევროპელები – წარმატებულ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კვლავაც ჩატოვებენ ერთ კალათაში შედარებით წარუმატებელ და ამ თვალსაზრისით ჩამორჩენილ   – აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ბელარუსთან. მეტიც, ევროპელი პარტნიორები არ განაცხადებენ, რომ საქართველოს ეკუთვნის ყბადაღებული “ევროპული პერსპექტივა”, რაც არის ევროკავშირის “MAP-ი”

*** 

პოსტსაბჭოთა ლიდერი ქვეყნების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, პრინციპში გასაგებიცაა – ევროპამ უკვე გამოიმეტა მისი აზრით მაქსიმუმი ამ ეტაპისათვის  – ასოცირების ხელშეკრულება და მისი ნაწილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, აგრეთვე, გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რომელსაც მცდარად ვუწოდებთ უვიზოს.

ევროპის პასიურობის ახსნა სხვა არგუმენტითაც შეიძლება –  მისი ლიდერები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის კიდევ ერთ და დამატებით გაფართოებას ბალკანეთის მიმართულებით,  რუსეთი ვერ შეეწინააღმდეგება, აი, პოსტსაბჭოთა ნებისმიერი ქვეყნის ამგვარი წარმატება კი, რუსეთს, მაღალი ალბათობით, კიდევ უფრო არაადეკვატურს გახდის.  გარდა ამისა, ასოცირების ხელშეკრულებამიღებულ სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს, შესასრულებელი აქვთ ხსენებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები – 2027 წლამდე, როცა უნდა დასრულდეს ყველა რეფორმა, კიდევ 10 წელია, შესაბამისად,  ევროპელებს მიაჩნიათ, რომ საჩქარო არც არაფერია – “ევროპა არ გაჩერდება 2027 წელს” – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბ-ნი ჰერმანი და, პრინციპში, მართალიცაა – თუ ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ, პროცესს ბუნებრივად მოჰყვება ახალი საფეხური, ხოლო გზის ბოლოს უთუოდ იქნება უშუალოდ ევროკავშირი.

***

მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია არ (აღარ) არის მხოლოდ საგარეო პრიორიტეტი. მინისტრი არ ცდება – ჩვენს მიერ ხსენებული შიდა, მათ შორის, სექტორალური და ინსტიტუციური რეფორმები, ქვეყანას გარდაქმნის ევროპულ სახელმწიფოდ და, მერე, ცხადია, ევროკავშირში გაწევრიანებაც შედარებით იოლი იქნება.

საქართველოს ხელისუფლება, სამართლიანად შენიშნავს: “სულ რომ არ იყოს ევროკავშირი, ეს რეფორები აუცილებალია”.

… თუმცა, მეორე მხრივ, ევროპელ პარტნიორებს კარგად არ ესმით, რომ ქვეყნის გარდაქმნა გაცილებით იოლი იქნება მაშინ, თუ ამთავითვე იქნება განსაზღვრული საბოლოო მიზანი – თუ ბრიუსელში დღესვე იტყვიან, რომ რეფორმების გატარების შემდეგ საქართველო გახდება კავშირის წევრი! ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას ცალკე და ცალკე საზოგადოებას, ევროპისაკენ მოძრაობის და  მოქმედების მეტი სტიმული გაუჩნდება.

ბრიუსელელმა ევროკავშირელებმა ერთგვარად უნდა მიჰბაძონ ბრიუსელელ NATO – ელებს – 2008 წელს ალიანსის სამიტზე ბუქარესტში, ითქვა, რომ საქართველო გახდება სამხედრო-პოლიტიკური ერთობის წევრი. ანუ, სამხედრო ალიანსმა გაბედა და თქვა, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს მიიღებს საკუთარ რიგებში.

შესაბამისად, მისი “ეს სიტყვა” ძალაში იქნება მანამ, ვიდრე თავად ხელისუფლება არ იტყვის უარს ინტეგრაციაზე, ამას კი, არც ერთი ჭკუათმყოფელი ხელისუფალი არ გააკეთებს, ყოველ შემთხვევაში, მანამ, ვიდრე ალიანსში ინტეგრაციას საზოგადოება უჭერს მხარს.

მეტიც, ხელისუფლება არათუ არ შეაჩერებს ალიანსში ინტეგრაციის პროცესს, არამედ,  მისი საგარეო ფრთა, ანუ, ვთქვათ, პრემიერის აპარატი და საგარეო უწყება, უნარის, კვალიფიკაციის და შესაძლებლობების მიხედვით, ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის უფრო სწრაფი ინტეგრაციისათვის.

გვაქვს თუ არა 10 წელი?

2027 წელს უნდა დასრულდეს საქართველოს რეფორმირება იმ სქელტანიანი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 2014 წელს გაფორმდა. სიმართლე ითქვას, წლიდან წლამდე, რეფორმების ტემპი, პრინციპში, დამაკმაყოფილებელია. თუმცა, მეორე მხრივ, შთაბეჭდილება, რომ ერთ არამშვენიერ დღეს ყველაფერი უცებ ჩაიყრება წყალში, კვლავაც ფონად გასდევს ამ პროცესს.

კერძოდ, იგულისხმება უკვე ხსენებული სახელისუფლო “რუსული ფრთის” პოზიციების მომაგრება.

სექტორალური შიდა რეფორმებისათვის მხოლოდ დასავლეთზე ორიენტირებული ზოგიერთი მინისტრის ან დეპუტატის ძალისხმევა არ კმარა – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიის, ჯანდაცვის, განათლების მიმართულებები უმნიშვნელოვანესია – მიუხედავად დამაკმაყოფილებელი ტემპისა, ამ უწყებათა მკვეთრად დასავლური პოლიტიკა, ჯერჯერობით, არ ჩანს.

ამასობაში, საკმაოდ ძლიერდება არა მხოლოდ სახელისუფლო, არამედ, ხელისუფლების მიღმა არსებული “რუსული ფრთაც”  – საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული მათი ზუსტი 5 პროცენტი და ზრდის პერსპექტივა, აგრეთვე,  ალიანსისა და ევროკავშირის მიმართ სოციოლოგიურ კვლევებში ასახული საკმაოდ შემაშფოთებელი ვარდნა, აჩენს კითხვას – რას იზამს ხელისუფლება მაშინ, თუ ნიშნულები 50 პროცენტს ჩამოსცდება?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ცხადია, რთულია… თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კითხვა, თავისთავად, არ უნდა დაისვას და არა მხოლოდ თბილისში.

ბრიუსელში, სამწუხაროდ, ამ კითხვას არც სვამენ  და ასევე სამწუხაროდ, არც საქართველოს ხელისუფლების “დასავლური ფრთა” იწუხებს თავს ამ თემაზე მათთან ხშირი საუბრით. რეალურად კი, რუსეთი სწორედ ამ 10 წელიწადზე მუშაობს – 2027 წლამდე რუსეთმა უნდა მოასწროს და შეცვალოს საზოგადოების განწყობები… შეცვალოს ისე, რომ საზოგადოება მიუტრიალდეს ნებისმიერ დასავლურ ძალას და ჰკითხოს:

 

  1. რა მოგვცა თქვენმა დასავლეთმა მტკივნეული რეფორმების გარდა?..
  2. რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ კიდევ?
  3. რატომ უნდა აგირჩიოთ მით უფრო მაშინ, როცა, სხვები რუსეთთან მეგობრობას გვპირდებიან?

 

ამ შესაძლო კითხვების გათვალისწინებით, საქართველოს მართლაც არ აქვს ეს, ხსენებული 10 წელი…  ეს კი ნიშნავს, რომ  სწორედ ამ 10 წელიწადში უნდა მოხდეს რეფორმების გატარება (უფრო სწრაფი რეფორმები მხოლოდ სასურველია), მაგრამ, რეფორმების ტემპი რო დიდწილადაა დამოკიდებული თავად ევროკავშირზეც, რომელმაც ამთავითვე უნდა განმარტოს, რომ საქართველოს რეალურად ხედავს საკუთარ რიგებში.

კომფორტი თუ დისკომფორტი?

ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ევროპელ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ კომფორტი ჩვენთან ურთიერთობისას.

ეს თეზა, რეალურად, საკამათოა – თავის ატკიება რომ არ სურს, ის ევროპა, კომფორტის შემთხვევაში, დიდად არ შეიწუხებს თავს საქართველოს მეტი და უფრო სწრაფი ინტეგრაციით – ევროპული ბიუროკრატია და, აგრეთვე, რეალურად მოქმედი რუსული ფაქტორი, ევროპელებს ზანტ, მოუქნელ, მხოლოდ “გაიდლაინებით” მოქმედ პოლიტიკოსებად აქცევს. ამ თეზის საპირისპიროა სხვა, უფრო პრაგმატული თეზა – ჩვენ სწორედაც დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ევროპელებს… ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ცალკეულ (სკეპტიკურ) ქვეყნებთან, რათა მათ, თავის მხრივ,  ზეგავლენა მოახდინონ ბრიუსელზე და ევროკავშირმა კი, როგორც ორგანიზაციამ, უფრო მოქნილად იმოქმედოს.

დისკომფორტის განმარტება ამგვარია:

  1. ევროპული მედია უზარმაზარ ყურადღებას უნდა უთმობდეს საქართველოს არა მხოლოდ როგორც პოზიტიურ ქვეყანას, რომელშიც, ვთქვათ არის კარგი ღვინო თუ ბევრი კულტურულ-ისტორიული ძეგლი, არამედ, ქვეყანას, რომელიც მდებარეობს ფრონტის წინა ხაზზე და თუ საქართველოს სწრაფი მიღება არ მოხდება ალიანსის და ევროკავშირის სივრცეებში, ხსენებული ფრონტის ხაზი გადაიწევს შედარებით დასავლეთით (ბალტიის სახელმწიფოებში, უნგრეთში, პოლონეთში…)
  2. ევროპელმა ლიდერებმა უნდა გაიგონ, რომ მათი დღის წესრიგი და, აგრეთვე, ინტეგრაციის ტემპი, დამაკმაყოფილებელი არაა ჩვენთვის – ქვეყნისათვის, რომელიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვის დამოუკიდებლობის აღდგენიდან.

 

აქვე, ევროკავშირშიც და ალიანსშიც უნდა ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს ტერიტორიული პრობლემის ექსპორტს ევრო და ევროატლანტიკურ სივრცეებში და არც დავაპირებთ არასოდეს, მაშინაც კი, როცა გავხდებით ამ სივრცეების ნაწილი.

თურქეთი! უკრაინა და… მოლდოვა!

ყველაფერი გაცილებით იოლი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო “ევროპელთა სიმართლე” თურქეთთან და პირიქით – თურქეთის სიმართლე ევროპასთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ – ერდოღანის თურქეთს რომ არ ეღალატა ევროპული ღირებულებებისათვის და ევროპასაც, შესაბამისად, რომ მიეღო თურქეთი საკუთარ რიგებში.

ამ შემთხვევაში, საქართველოს უშუალოდ ევროკავშირთან ექნებოდა სახმელეთო საზღვარი და ეს კი მნიშვნელოვნად გაამარტივებდა ჩვენი დაახლოების პროცესს.

სამწუხარო რეალობაა – თურქეთი პრაქტიკულად ყოველდღიურად სწყდება ევროპულ პერსპექტივას და, შესაბამისად, ეს საქართველოს ავალდებულებს, ეძიოს სხვა პარტნიორები.

სხვათა შორის მთავარი, რასაკვირველია, არის ორი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა – უკრაინა და მოლდოვა.  შესაბამისად, იდეა, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატის პარალელურად შეიქმნას ახალი ჯგუფი, აბსოლუტურად მისაღებია.

თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი ხსენებულ ორ სახელმწიფოსთან (ამასთან, ორივე მათგანს აქვს ამგვარი საზღვარი ევროპასთან), მათთან “სრული ინტეგრაცია” რთული წარმოსადგენია.

ამის გათვალისწინებით, საქართველომ უნდა იფიქროს არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის შენარჩუნებაზე ან, ვთქვათ, ახალი (უკრაინა-მოლდოვასთან ერთად) ფორმატის შექმნაზე, არამედ, სრულიად ინდივიდუალურ გზაზეც, რაც, რასაკვირველია, ურთულესია იმის გამოც, რომ ევროკავშირის გაფართოება ყოველთვოს ხდებოდა ჯგუფურად.