Loader

მილიარდერის მილიონერი შვილი და მაუწყებელი

ამბავი ამგვარია – ბერამ (დავითი რომ ერქვას, ან, ვთქვათ, გიორგი, გვარს მივაწერდით) გადაწყვიტა, რომ საზ.მაუწყებელს აჩუქოს სატელევიზიო სტუდიის განათება, რომელშიც მის კომპანიას, უფრო კი მას და უფრო უფრო მის მამას – ყველაზე ცნობილ ბიძინას, ფული აქვთ გადახდილი. მაუწყებლი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება განათება, არკვევს, აქვს თუ არა საჩუქრის მიღების უფლება… თუ იჩუქებს – დაზოგავს 320 ათას ლარს, თუ ვერა – ბერას, რომლის გვარსაც მეორედ არ ვასახელებთ, ამ განათებაში თანხას გადაუხდის, ანუ, საჩუქრად კი არ მიიღებს, იქირავებს – როგორც ეს იმთავითვე იყო განსაზღვრული.

 

***

მაღალი ღმერთის გარდა, მხოლოდ ბერამ და მისმა მამამ უწყიან, რატომ, როგორ და როდის გადაწყდა მაუწყებლისათვის საჩუქრის გაკეთების შეთავაზება.  ფაქტია, ბერას ეს სულაც არ უნდოდა მაშინ, როცა მაუწყებელმა  ტენდერი გამოაცხადა და ცნობილი რეპერის კომპანიამაც შესაბამისი საბუთები წარადგინა კომისიაში. გაიმარჯვა კიდეც. თუმცა, რამდენად სამართლიანად – ეს ცალკე კვლევის საგანია – უზარმაზარი ფინანსების მფლობელ ივანიშვილებს, თავისუფლად შეეძლოთ, შეგნებულად დაეგდოთ ფასი და დემპინგურ ღირებულებად შეეძინათ ის, რაც, რეალურად, მართლაც ღირს ბევრი და ბევრი ათასი.

დავუკვირდეთ – 320 ათასი ლარი თუ მართლაც დაბალი ფასია, გამოდის, რომ ბერას კომპანიამ კონკურენცია შეგნებულად მოსპო. ხოლო თუ ეს ფასი მაღალია, გამოდის, რომ ხსენებულ ტენდერში ბერას კომპანიამ გაიმარჯვა მაღალი ფასით… ანუ, მილიარდერის მილიონერი შვილის კომპანიისათვის საზოგადოებას (მაუწყებლის დამფინანსებელი ხომ საზოგადოებაა) უნდა გადაეხადა თანხა… – განათებისთვის.

… მაგრამ, აკი ვთქვით კიდეც – ბერამ და მისმა მშობელმა სტრატეგია მალევე შეცვალეს – მას შემდეგ, რაც facebook-ზე ვაი-უშველებელი ატყდა ტენდერში მათი კომპანიის გამარჯვების გამო, მილიარდერის მილიონერმა შვილმა “ბრძანა”“დე, იყოს ეს საჩუქარი ჩემი” – და მაუწყებლის მენეჯმენტი შესაბამისად ჩავარდა საგონებელში – აქვს კი მას ამგვარი საჩუქრის მიღების უფლება?


 

უზარმაზარი ფინანსების მფლობელ ივანიშვილებს, თავისუფლად შეეძლოთ, შეგნებულად დაეგდოთ ფასი და დემპინგურ ღირებულებად შეეძინათ ის, რაც, რეალურად, მართლაც ღირს ბევრი და ბევრი ათასი.

 

 


სად ეჩქარება მაუწყებლის ხელმძღვანელობას?

მაუწყებლის ხელმძღვანელობის სიჩქარის ახსნა, პრინციპში, იოლია – მას სურს, დამტკიცება, რომ გატარებული “რეფორმები”, ანუ, წმენდები, ამაო, ფუჭი და არამართებული არ ყოფილა. 2017 წლის მარტიდან ივლისამდე მაღლაფერიძე-ანთაძის დუეტმა, სხვადასხვა სტრატეგიის მოშველიებით, პირდაპირი მნიშვნელობით “ჩეხა” სატელევიზიო ბადე და სატელევიზიო გადაცემები და, რეალურად, საზოგადოებისათვის ახალი, “მოკლული გადაცემების” ალტერნატივები არც შეუთავაზებია. თავდაპირველ ეტაპზე, მაუწყებლის ხელმძღვანელობამ კარგად “გაყიდა” ცენტრალური კორპუსის რემონტის თემა, შემდეგ კი გამჭვირვალედ ჩაატარა ახალი კორპუსის მშენებლობის კონკურსი – ხალხს, საზოგადოებას ანდო გადაწყვეტილება ტელევიზიის ახალი შენობის ფასადის შესახებ… და ამ და მსგავსი ნაბიჯებით, იგი ეცადა, აღედგინა საკმაოდ შელახული პიროვნული რეპუტაცია.

… თუმცა, ტელევიზია არაა არც შენობის ექსტერიერი, არც ინტერიერი, არც შრომითი პირობები და  არც სხვა  არაფერი, ის – ტელევიზია, უპირველესად, სატელევიზიო პროდუქტების ერთობლიობაა და, შესაბამისად, ხელმძღვანელობის უპირველესი საზრუნავიც სწორედ გადაცემებია და არა რემონტი… გადაცემებია და არა ფასადი.

ცხადია, ეს კარგად იცის მაუწყებლის ხელმძღვანელობამაც და, შესაბამისად, ისიც ზრუნავს საეთერო ბადეზე. შესაბამისად, მან – ხელმძღვანელობამ, დაანონსა, რომ ახალი გადაცემები ეთერში იანვრიდან ჩაეშვებოდა, თუმცა, ვინაიდან “გასაყიდი” თემები, მაუწყებელს, რეალურად, შემოელია, მანვე გადაწყვიტა, ფორსირებულ რეჟიმში გააკეთოს ყველა ახალი გადაცემა, მათ შორის, პოლიტიკური თოქ-შოუც.

პოლიტიკური თოქ-შოუ

საარჩევნო პერიოდში მაუწყებელმა საზოგადოებას საარჩევნო თოქ-შოუ შესთავაზა. ახლა მნიშვნელობა არ აქვს – რამდენად კარგი თუ ხარვეზიანი.

მაგრამ, არჩევნები რახანია დასრულებულია და, შესაბამისად, “ახალი სანახაობის” გაკეთების ვალდებულებაც გაჩნდა მაუწყებლის წინაშე. ამ ახალი თოქ-შოუს წამყვანი იქნება ჟურნალისტი მაკა ცინცაძე, რომელიც მკითხველს შესაძლოა ახსოვდეს GDS – ის იმ გადაცემიდან, რომელსაც მართლაც კარგი და, გადანათებული სტუდია ჰქონდა.

პოლიტიკური თოქ-შოუს მიმართულება და საინფორმაციო პოლიტიკა

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაკა ცინცაძის სტუდია იქნება საუკეთესო, ვიდრე იყო ვთქვათ სალომე ასათიანის “ჰარდ თოქის” სტუდია, კითხვა – რამდენად კრიტიკული იქნება მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა, ამთავითვეა პასუხგაცემული. ცხადია, ჩვენ არ ვძრახავთ კონკრეტულ ავტორს – მაკა ცინცაძეს და, არც, ვთქვათ, მის საპროდიუსერო ჯგუფს – რეალურად, კრიტიკის ადრესატი არის არა იმდენად ავტორი, რამდენადაც მაუწყებლის ხელმძღვანელობა.

ფაქტია, იმისათვის, რომ მაუწყებელმა კრიტიკულად გაიაზროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და თანმდევი მოვლენები, უპირველესად, საჭიროა ნება და პოლიტიკური აქტორებისაგან სრული დისტანცირება, ან, ვთქვათ ასე – ვალდებულებითი დამოკიდებულებისაგან სრული თავისუფლება. მაღლაფერიძეს და ანთაძეს აქამდეც ედავებოდნენ ხელისუფლების, უფრო კი ხელისუფლების დამფუძნებელი მამის  – ივანიშვილის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში და ახლა, როცა მილიარდერის მილიონერი შვილი ბერა ან დაბალ ფასად გააქირავებს მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს განათებას ან, სულაც აჩუქებს მას მაუწყებელს, ეს დავა გაცილებით არგუმენტირებული იქნება.

ვალდებულებითი დამოკიდებულების საილუსტრაციოდ წარმოვიდგინოთ… არც მეტი, არც ნაკლები… თემა “ბიტკოინები” – ფაქტია, რომ ბ-ნი ივანიშვილი მსხვილ ინვესტიციას ახორციელებს კრიპტოვალუტაში. მას, ამის უფლება, ცხადია, აქვს. მაგრამ, მისი ბიზნესის ზონა – “მაინერების” ფერმა-ქარხანა, მდებარეობს იქ, სადაც სხვა არც არაფერი ხდება, ამასთან, ეს ზონა თავისუფალია გადასახადებისაგან. ვიკითხოთ – “ძე შეცდომილი” ბერა, ან სულაც მისი მამა – ბიძინა, მოხვდება თუ არა მაუწყებლის ობიექტივში? მოამზადებს კი მაუწყებელი კრიტიკულ სიუჟეტს მათზე? დაუთმობს კი  “მოამბე” – ქვეყნის მთავარი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება, დროს ამ თემას საერთოდ? გააკეთებს კი მათ შესახებ კრიტიკულ სიუჯეტს?..


ცხადია, ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ რეპრესიული ქმედებების განხორციელება ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა. მას, საქართველოს რიგით მოქალაქეს, აქვს ყველა ის უფლება, რაც აქვთ სხვა რიგითებსაც. მას შეუძლია ტენდერში მონაწილეობა… დამარცხება და… გამარჯვება. პოლიტიკური აქტიურობა – დამარცხება და… გამარჯვება.

უბრალოდ, ფაქტები ადასტურებს, რომ ივანიშვილი და მასთან აფელირებული ყველა პირი, ბოლო პერიოდია, არსად და არაფერში მარცხდებიან – მათთვის, განსხვავებით რეალურად რიგითი მოქალაქეებისაგან, ყველა კარი ღიაა – საკრებულოსიც, პარლამენტისაც, ტელევიზიისაც…  ქვეყნისაც…

 


კეთილი – ავცდეთ “მოამბეს” და დავუბრუნდეთ მაკა ცინცაძის გადანათებულ სტუდიას – როგორ განიხილავს მაკა ცინცაძის გადაცემა ვთქვათ “პანორამა თბილისის” საკითხს?  როგორ ისაუბრებენ სტუდიაში თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებაზე?

“ვალდებულებითი დამოკიდებულება” მეცენატი ოჯახის მიმართ, რეალურ კონიუნქტურაში მოაქცევს ისედაც ყოველთვის შებორკილ მაუწყებელს… და ეს ეხება არა მხოლოდ ვალდებულებას ოჯახის მიმართ. მაგალითად, ვიკითხოთ, იმ დაშვებით, თუ ვთქვათ გოგა ხაინდრავა იქნება საყოველთაო ინტერესის სუბიექტი, მას – ძე-შეცდომილს, კრიტიკულ სიუჟეტს მოუმზადებს მაუწყებელი? სხვათა შორის, უნდა გავიხსენოთ, რომ  გოგა ხაინდრავა ის “მოღვაწეა” (ნუგზარ რუხაძემ შეაფასა ასე), რომელიც მაუწყებლის ბევრ მოქმედ თანამშრომელს “სირცხვილის დერეფნებს” უწყობდა არც თუ დიდი ხნის წინ… და აქვე აღვნიშნოთ – ბიძინა ივანიშვილის  ფინანსებით დაფუძნებული “ლე ჰაინდრაო სტუდიო” ერთ-ერთია, ვინც ასევე სამართლიანად გაიმარჯვა კონკურსში…

 

ხომ ვერ გადავაშენებთ? ხომ ვერ ავუკრძალავთ საქმიანობას?

ცხადია, ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ რეპრესიული ქმედებების განხორციელება ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა. მას, საქართველოს რიგით მოქალაქეს, აქვს ყველა ის უფლება, რაც აქვთ სხვა რიგითებსაც. მას შეუძლია ტენდერში მონაწილეობა… დამარცხება და… გამარჯვება. პოლიტიკური აქტიურობა – დამარცხება და… გამარჯვება.

უბრალოდ, ფაქტები ადასტურებს, რომ ივანიშვილი და მასთან აფელირებული ყველა პირი, ბოლო პერიოდია, არსად და არაფერში მარცხდებიან – მათთვის, განსხვავებით რეალურად რიგითი მოქალაქეებისაგან, ყველა კარი ღიაა – საკრებულოსიც, პარლამენტისაც, ტელევიზიისაც…  ქვეყნისაც… მათ და მხოლოდ მათ აქვთ უფლება, თავისუფლების მოედანზე ჩადგან დიდი სასტუმრო, რომელსაც ექნება პრივატული ეზო… ამ სასტუმროდან გადაჭიმონ საბაგირო… ეს საბაგირო აიყვანონ მთაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ არ იყო მათი, მოკლედ – ჭრან და კერონ ისე, როგორც თავად სურდათ, სურთ და მოესურვებათ.

იმსახურებენ? თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ივანიშვილებს” ყველაფრის უფლება აქვთ იმიტომ, რომ “მოგვაცილეს” სააკაშვილი, ვცდებით. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ, მიუხედავად სააკაშვილის “მოცილებისა” მათ მაინც არ აქვთ ყველა კარში “წიხლით შესვლის უფლება”, არ ვცდებით. მთავარია, გავარკვიოთ, როგორ ვფიქრობთ – აგრეთვე, რატომ და როდის?