Loader

ზოგჯერ თქმითაც დაშავდების, ანუ, ამერიკული დაზვერვის სახიფათო საშინაო თამაშები …

ზურაბ გურული
რამდენიმე დღის წინ ამერიკაში მოხდა ერთი უაღრესად საინტერესო ფაქტი, რომლის მნიშვნელობაც ეფექტურად გადაფარა პოლ მანაფორტისათვის ოფიციალური ბრალდების წაყენებამ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან კონტაქტების გამო.
როგორც მოგეხსენებათ, მანაფორტი, ცნობილი ამერიკელი ლობისტი, პოლიტიკური კონსულტანტი, იურისტი, დახელოვნებული პოლიტიკური ინტრიგანი, 2016 წლის მარტში შეუერთდა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის გუნდს, როგორც მენეჯერი და სერიოზული წვლილი შეიტანა მის გამარჯვებაში.
მანაფორტი ანალოგიური წარმატებით მონაწილეობდა პრეზიდენტების – ჯერალდ ფორდის, რონალდ რეიგანის, ჯორჯ ბუშის ( უმცროსის ) და სენატორ ბობ დოულის საპრეზიდენტო კამპანიებში. ასე რომ, მისი პროფესიული მომსახურება არაერთხელ გამოუყენებიათ რესპუბლიკური პარტიის უმაღლეს პირებს.
ამასთან, ვინაიდან “ბიზნესი ბიზნესია”, პროფესიონალი მრჩეველი შესაბამისი ანაზღაურების ფასად ლობირებდა ისეთი საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსებსაც, როგორებიც იყვნენ უკრაინელი ვიქტორ იანუკოვიჩი, ფილიპინელი ფერდინანდ მარკოსი, კონგოელი მობუტუ სესე სეკო, ანგოლელი ჯონას სავიმბი.
გაქნილი ინტრიგანი და იურისტი ყოველთვის დახვეწილი მოხერხებით თამაშობდა კანონების დანის პირზე და არაერთხელ ყოფილა ამერიკის სადაზვერვო სამსახურების გამოძიებათა მთავარი ობიექტი. კანონის თანახმად, როდესაც ამერიკის მოქალაქე ლობირებს უცხოური სახელმწიფოს პოლიტიკოსთა ინტერესებს, უნდა დარეგისტრირდეს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში ე.წ. უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის მიხედვით. პოლ მანაფორტი კი მხოლოდ 2017 წლის 27 ივნისს დარეგისტრირდა რეტროაქტიურად.
გამოძიების ფედერალური ბიურო ( FBI ) 2014 წლიდან იძიებდა მანაფორტის საქმეს უკრაინელი დიქტატორის, იანუკოვიჩის ლობირებასთან დაკავშირებით. ამრიგად, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო გუნდი შეგნებულად წავიდა გარკვეულ რისკზე, როდესაც მანაფორტი მენეჯერად და მრჩეველად მიიწვია. ძნელია ამაში გაამტყუნო პრეზიდენტი ტრამპი, რადგან თანაპარტიელებისაგან განაპირებულსა და მედიის უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოქცეულ კანდიდატს ჰაერივით სჭირდებოდა დახელოვნებული ინტრიგანის პროფესიული ექსპერტიზა და მომსახურება. გათვლაც უზუსტესი აღმოჩნდა.
დავუბრუნდეთ ისევ დასაწყისში ნახსენებ საინტერესო ფაქტს, რომელსაც, ჩემი აზრით, არასაკმარისი ყურადღება მიექცა ამ დღეებში.
1992 წლის 26 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ( მამამ ) მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 25 წლის შემდეგ, სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურებს სრულად უნდა გაესაჯაროებინათ პრეზიდენტ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები. ეს თარიღი კი ზუსტად რამდენიმე დღის წინ დადგა.

ლი ჰარლი ოსვალდის მკვლელობა

კენედის მკვლელობა ამერიკის ისტორიის ერთერთი ყველაზე ბნელი და იდუმალებით მოცული ისტორიაა. შესაბამისად, კონსპირაციის თეორიის მიმდევართა უსაყვარლესი თემა. თუმცა, ობიექტურობისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ აქვს სერიოზული საფუძველი დაეჭვებისათვის. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეზიდენტი მოკლა ამერიკელმა გადამდგარმა საზღვაო ქვეითმა ლი ჰარვი ოსვალდმა, რომელსაც ჰყავდა რუსი ცოლი, გარკვეული დროით გაქცეული იყო და ცხოვრობდა სსრკ-ში და შემჩნეული იყო კგბ-ს რეზიდენტებთან ურთიერთობაში. ხოლო მკვლელობის ჩადენის შემდეგ ლიკვიდირებული იქნა განგსტერებთან დაახლოებული ბარის მფლობელის იაკობ რუბინშტეინის, ანუ ჯეკ რუბის მიერ. ამ ინფორმაციის გააზრებისას უფრო დიდი ფანტაზია იმათ სჭირდებათ, ვინც თვლის, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობა იყო და როგორც ოსვალდი, ასევე რუბი მოქმედებდნენ მარტოდ, თანამზრახველების გარეშე.
ასე იყო თუ ისე, პრეზიდენტ ბუშის მიერ გაცემული ბრძანება მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა და დოკუმენტების საკმაოდ არსებითი ნაწილი ისევ საიდუმლოდ დარჩა. პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, ის დოკუმენტები, რომელთა გასაჯაროება გამოიწვევდა როგორც საიდუმლო სამსახურების ინტერესების შელახვას, ასევე სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ამერიკის საგარეო ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან, ისევ საიდუმლოდ დარჩა.
რომელ ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობაზე უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში საუბარი? ცხადია, რომ აქ საქმე ეხება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობას. ვინც კარგად იცნობს კენედის მკვლელობასთან დაკავშირებულ დეტალურ პერიპეტიებს, აუცილებლად ეხსომება რომ კგბ შეეცადა ლინდონ ჯონსონზე მიეტანა ეჭვი. ამას მოწმობს 1966 წლის 1 დეკემბერს, ედგარ ჰუვერის მიერ დაწერილი მემორანდუმიც, რომლის ორიგინალის ნახვა, სხვა გასაჯაროებულ დოკუმენტებთან ერთად თავისუფლად შეიძლება “ნიუ-იორკ ტაიმსის” ვებსაიტზე. ამ საკმაოდ გრძელ, თაბახის 6 გვერდზე დაბეჭდილ მემორანდუმში აღწერილი ინფორმაციის თანახმად, საბჭოთა დაზვერვა პირდაპირ ადებდა ხელს ლინდონ ჯონსონსა და მასთან ასოცირებულ ულტრამემარჯვენეთა გუნდს დე-ფაქტო გადატრიალების მოწყობაში. მათი დასკვნების თანახმად, ეს ემსახურებოდა ამერიკაში ანტისაბჭოთა განწყობების გაძლიერებას და შეშფოთებას გამოთქვამდა შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტის გამო. ძნელია ეჭვი შეიტანო ამ მემორანდუმში მოყვანილი ფაქტების ლოგიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ რაც ძალიან ლოგიკურად ჩანს, სადაზვერვო პრაქტიკაში სწორედ ის იწვევს გარკვეულ ეჭვს.
ასეა თუ ისე, ედგარ ჰუვერმა და ამერიკის პოლიტიკურმა ელიტამ ამ ფაქტების გასაიდუმლოება არჩიეს. ეს უაღრესად ლოგიკური და გამართლებული სვლა იყო. ჭკვიანმა ადამიანებმა გაითვალისწინეს გასაჯაროებით გამოწვეული რისკებისა და სარგებლიანობის შეფარდება და მართებულად დაასკვნეს, რომ ამერიკული პოლიტიკის ლიდერების რეპუტაციის სერიოზულ შელახვას ბევრად უფრო გამანადგურებელი მოქმედება ექნებოდა ქვეყნისათვის, ვიდრე გამოძიების შეჩერებას და გარკვეული ფაქტების მიჩქმალვას. მით უმეტეს, რომ ამ გამოძიების შედეგები უნდა დაყრდნობოდა მტრულად განწყობილი, იდეოლოგიურად დაპირისპირებული ქვეყნის დაზვერვის მონაცემებს.
კენედის მკვლელობის დეტალების შეგნებული გასაიდუმლოება მსოფლიოს სადაზვერვო სამსახურებისა და პოლიტიკური პრაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ქრესტომათიული მაგალითია და სწორედ ამ მაგალითზე დამყარებული პარტია გაათამაშა პუტინის ფსბ-მ 2016 წლის არჩევნებზე. თუმცა ამჯერად ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი გუნდი უიმედო ჩერჩეტების როლში გამოვიდნენ და საჯაროდ განაცხადეს რუსული დაზვერვის მიერ ამერიკული არჩევნების შედეგების მანიპულირების შესახებ.
ისევე როგორც 1966 წელს, ფსბ-ს გათვლა ფრიად მარტივი იყო. მათ უნდა შეეგდოთ საფუძვლიანი ეჭვი ჯერ ამერიკულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, ხოლო შემდეგ, მათი უნებლიე ხელშეწყობით, ამერიკულ საზოგადოებაში, რაც წარმოშობდა სერიოზულ, დესტრუქციულ ნიჰილიზმს მთელ ქვეყანაში. განსხვავება ის გახლდათ, რომ მაშინ FBI-ს სათავეში ედგა ლეგენდარული ედგარ ჰუვერი, ამჟამად კი არც ისე გამჭრიახი ჯეიმს კომი. შედეგებიც ადექვატური გამოდგა. ფსბ-ს ამერიკული რეზიდენტურისა და ულტრამემარცხენე მედიის “სასარგებლო იდიოტების” მეშვეობით არჩევნების რუსულ მანიპულაციაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ეს გახლდათ პრეზიდენტ ობამასა და მისი გუნდის მიერ ჩადენილი ყველაზე მასშტაბური მავნებლობა, რომელიც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ამერიკას.
FBI-ს მეორე ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი სათავეში ჩაუდგა სპეციალურ საგამომძიებლო ჯგუფს. გამოცდილ მზვერავს არ გასჭირვებია ტრამპის გუნდში ახალგაზრდა, გამოუცდელი მოთამაშის გამოძებნა, რომელსაც სულ ადვილად დააფქვევინეს რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან საუბრების შინაარსი. ეს ახალგაზრდა ჯორჯ პაპანდოპულოსია, 30 წლის იურისტი. მიულერმა შესანიშნავად იცის, რომ ერთადერთი მიზანი, რის გამოც რუსულ სამსახურებთან შეხვედრა მოხდა, იყო ტრამპის შვილისა და სიძის სურვილი, მოეპოვებინათ ჰილარი კლინტონის მაკომპრომეტირებელი მასალები. რამდენად ეთიკური იყო ეს სვლა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რამდენად პრაგმატული, ამაზე კამათი შესაძლებელია. დონალდ ტრამპი ხომ სრულიად მიტოვებული აღმოჩნდა საკუთარი, გამოცდილი თანაპარტიელებისგანაც.
CIA-ს ყოფილი დირექტორის, მაიკლ ჰეიდენის აზრით, ფსბ-მ და პირადად პუტინმა მაინც ვერ გათვალეს ეფექტურად ყველა სვლა. მათი სურვილი იყო, რომ პოლიტიკურ-სადაზვერვო ინტრიგებით ნიჰილიზმი და უნდობლობა გამოეწვიათ ამერიკულ საზოგადოებაში საკუთარი მთავრობის მიმართ, მაგრამ შედეგად მიიღეს “პაპზე უფრო კათოლიკე”, ანტი-რუსული კაბინეტი, რომლის მიერ მიღებული სანქციების სიმწვავე უკვე სერიოზულად იგრძნო პუტინის მთავრობამ.
სამწუხაროდ, ეს სერიოზული მარცხი შესაძლოა ისევ ამერიკელების ხელით გაბათილდეს. თუ მიულერმა მსგავსი ენთუზიაზმით გააგრძელა გამოძიება და საქმე ტრამპის იმპიჩმენტამდე მივიდა, რუსული დაზვერვის ჩანაფიქრი ორმაგი ეფექტურობით შესრულდება. აღმავალ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი, მკვეთრად გამოხატული წარმატებული საგარეო კურსის მქონე ქვეყანა ჩაეფლობა საოცარ ქაოსსა და ნიჰილიზმში, რასაც გაუთვალისწინებელი დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს როგორც პოლიტიკური ისტაბლიშმენტისათვის, ასევე მთელი ქვეყნისათვის.
მიულერს ჯერჯერობით არ ემჩნევა რომ რისკები შესაბამისად აქვს აწონილ-დაწონილი. მისთვის ყველაზე მთავარია საკუთარი, პირუთვნელი მზვერავის რეპუტაცია. რესპუბლიკური პარტიის ლიდერები სერიოზული დილემის წინაშე დგანან. მიულერის შეჩერება საკმაოდ დელიკატური და ამავე დროს პროცესუალურად რთული საკითხია, რადგან მისი დათხოვნა მხოლოდ გენერალური პროკურორის მოადგილეს შეუძლია. ასეთი იყო შეთანხმება. არავინ იცის, შეასრულებს თუ არა პრეზიდენტის ბრძანებას პროკურორის მოადგილე, თუ ტრამპი მიულერის გადაყენებას მოსთხოვს. შესაძლოა უოტერგეიტის ანალოგია გათამაშდეს, როდესაც ნიქსონმა ვერ აიძულა საკითარი გენპროკურორი და მისი მოადგილე მსგავსი ბრძანება შეესრულებინათ, რათა მისთვის არასასურველი გამოძიება შეწყვეტილიყო. შედეგი ყველას გახსოვთ.
ამრიგად, ამერიკა ძალიან სერიოზული კრიზისის სტადიაში შევიდა. თუ საღმა აზრმა გაიმარჯვა, გამოძიების მიერ შეგროვებული ინფორმაცია ზუსტად ისე დაკოსერვდება, როგორც კენედის მკვლელობის მასალები. წინააღმდეგ შემთხვევაში …