Loader

აუცილებელია დისკომფორტის შექმნა ევროპელებისათვის!

politcs.ge – ს შეკითხვებს პასუხობს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი – თამარ კეკენაძე.

  • საქართველო მიზანმიმართულად მიდის ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისაკენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ინტეგრაციის შემაფერხებელია .. რუსული ფაქტორი. ცხადია, რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ, მის აზრს, ჩანს, მაინც ითვალისწინებენ. ხომ არ აგვიანებს დასავლეთი?

მრავალწახნაგიანი კითხვა დამისვით. დასავლეთი ნამდვილად აგვიანებს, თუმცა ჩვენგანაც არ იგრძნობა ბიძგი, რომელიც ამ პროცესს დააჩქარებდა. სანამ აღნიშნულ საკითხს განვავრცობთ, რუსეთის ფაქტორს დავუბრუნდეთ. მოკლედ, სწორად აღნიშნეთ, იდეალურ სამყაროში, არც რუსეთს და არც სხვა, მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს NATO-ს გადაწყვეტილებებში. თუმცა,  როდესაც ვსაუბრობთ ე.წ. რეალურ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პუტინის რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ NATO-ს შემდგომი გაფართოვება არ დაუშვას. რატომ? პრეზიდენტ პუტინს არასდროს არ დაუმალავს, რომ, მისი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა ყველაზე დიდი ისტორიული შეცდომა იყო და მისი მთავარი ამოცანა რუსეთის ძველი დიდების და გავლენის სფეროს დაბრუნებაა. შესაბამისად, დღეს როგორც ჩვენ, ასევე დასავლეთს,  გვიდგას არჩევანი: ან დავყვებით “ცივი ომის” დროინდელ პოლიტიკას და ვითამაშებთ პუტინის თამაშს, ან ვიქნებით პრინციპულები, დავიცავთ ჩვენს არჩევანს და საერთო ღირებულებებს სწორედ ისე, როგორც ეს ბალტიისპირეთმა გააკეთა.

  • ჩვენი ინსტიტუციური რეფორმების ტემპი პრინციპში  დამაკმაყოფილებელია, თუმცა, სულ უფრო ხშირდება საუბრები ელიტურ კორუფციაზე. აგრეთვე, ზოგიერთ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში. მე არ გეკითხებით კონკრეტულად, ვთქვათ, აფგან მუხთარლის საქმეზე, მე გეკითხებითვაძლევთ თუ არა ჩვენ ისედაც სკეპტიკურ ევროპას იმის საფუძველს, რომ მან მოგვდოს შარი?

მოდი, ცოტა სხვანაირად შევხედოთ ამ საკითხს. თუ არის, რატომ არის ევროპის რამდენიმე ქვეყანა სკეპტიკური ჩვენს მიმართ? ჩვენ, ერთი მხრივ, გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, ხოლო მეორე მხრივ ჯიუტად უგულებელვყობთ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაზეც ეს ოჯახი დგას. ამიტომ, ბუნებრივია, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები: გვაქვს კი ჩვენ გააზრებული, რას ნიშნავს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხომ არ გახდება საქართველო დამატებითი თავისტკივილი ევროპისათვის მაშინ, როდესაც ისედაც ბევრ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ვაგდებთ ჩვენს მეგობრებს და გულშემატკივრებს, რომლებიც ცდილობენ, დააჩქარონ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.

  • NATO-თან მიმართებაში ყველაფერი მეტ-ნაკლებად ცხადია, შეიძლება ვისაუბროთ შესაძლებლობების ფანჯარაზე, რომელიც, იმედია, გაჩნდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას და ვიდრე რუსეთიგაგიჟდება“, მანამდე მოხდება ინტეგრაციაცვიმეორებ, ხელსაყრელი ვითარებაა შესაქმნელი, ხელსაყრელი დროა შესარჩევიიგივე ხდება ევროკავშირთან მიმართებაშიც?

არაფორმალური მმართველობა, განხორციელებული ერთპარტიული კონტროლით, კორუფცია, რომელიც უკვე აღარ არის მხოლოდ ელიტური და ნელ-ნელა ქვედა რგოლებშიც შეაღწია, პოლიტიზირებული ტენდერები, სრული კონტროლი ყველა ინსტიტუციაზე, გახმაურებული საქმეები ადამინის უფლებების დარღვევის კუთხით და აშ. ეს არ არის გზა ევროპისკენ, ეს არის გზა უკან, პუტინის რუსეთისკენ.


ვერ დაგეთანხმებით, რომ NATO-სთან გვაქვს სიცხადე. ვთვლი, რომ შესაძლებლობების ფანჯარას კი არ უნდა დაელოდო, არამედ პროაქტიულად, თვითონ უნდა გახდე ასეთი ფანჯრის გაჩენის ხელშემწყობი. მსოფლიო პოლიტიკურ ველზე მდგომარეობა ძალიან სწრაფად იცვლება, ჩვენ ან ვიქნებით ამ ცვლილებების თანაშემქმნელები, ან უსასრულოდ მოგვიწევს იმის ლოდინი, რომ ცის კაბადონზე ვარსკვლავები ჩვენდა სასიკეთოდ განლაგდება. ვერც MAP-ის მიღების გარდაუვლობაზე მსჯელობას დავეთანხმები. მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის MAP-ი არ სჭირდება. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, 2014 წლის სამიტზე NATO-მ თქვა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. MAP-ი კი სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია და თუ შევხედავთ ორგანიზაციის გაფართოვების ისტორიას, ეს ინსტრუმენტი ზოგ შემთხვევაში გამოიყენებოდა, მაგრამ  – არა ყოველთვის. მთავარია,  გავიაზროთ: როგორ ვხედავთ ინტეგრაციის პოლიტიკურ პროცესს და რა სტრატეგიული ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა არსებული გამოწვევის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნებასთან ერთად, სწორედ ეს ხედვა არ  აქვს  ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას და ინერციით მიჰყვება პარტნიორობის შემოთავაზებულ  გზას.


გვაქვს კი ჩვენ გააზრებული, რას ნიშნავს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხომ არ გახდება საქართველო დამატებითი თავისტკივილი ევროპისათვის მაშინ, როდესაც ისედაც ბევრ პრობლემასთან უწევთ გამკლავება.


  • ვიზების გამარტივება, სავაჭრო ხელშეკრულება, ასოცირების შეთანხმებააღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ დავწინაურდით მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, ამ უკანასკნელში კი კვლავაც ომია. გკითხავთ ასეხვდებიან თუ არა ევროპელები, რომ ამ სამეულს აღარაფერი ესაქმება ჩამორჩენილ სხვა სამეულთანსომხეთთან, რომელიც პრორუსული სენტიმენტებითაა სავსე ხელისუფლების დონეზე, ბელარუსთან, რომელიც დემოკრატიასთან შორსაა და აზერბაიჯანთან, რომელიც კარგი სავაჭრო პარტნიორია და არა უმეტეს.

გეთანხმებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო ითვლება ლიდერად და უკრაინა-მოლდოვასთან ერთად, უკვე განიხილება “აღმოსავლეთ პარტნიორობის პლუს” კონტექსტში. ეს იმას ნიშნავს, რომ  ფორმალურად არ მოხდება გაყოფა, თუმცა შინაარსობრივად უკვე მკაფიო ხაზი იქნა გავლებული ამ ორ ჯგუფს შორის. ჩემთვის აქ მთავარი სხვა კითხვაა: უნდა გვაკმაყოფილებდეს თუ არა ის ფაქტი, რომ რეგიონის გადმოსახედიდან აფასებენ ჩვენთან არსებული დემოკრატიის სტანდარტს და არის თუ არა ეს შეფასება და ეს ფორმატი საკმარისი ჩვენი მთავარი ამბიციისათვის – გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ორივე კითხვაზე ჩემი პასუხი უარყოფითია. ნოემბრის ბოლოს იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინით, ვერ მივიღებთ ევროპულ პერსპექტივას და სამიტის მთავარი შედეგი ტექნიკურ-ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

  • თქვენც თქვით და დამატებით გკითხავთ, ევროპული არჩევანი, ევროპული პერსპექტივა.. არაა მზად ევროპა? რატომ?რატომ არ ხდება ჩვენი ევროპული არჩევანი აღიარება და შესაბამისად, სწრაფად კოპენჰაგენის კრიტერიუმებამდე მისვლა?
     

ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.  როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარი კითხვა ჩვენს მიმართ არის, თუ როგორ გვესმის ევროპული არჩევანი. რას ვგულისხმობ? მოდი, გავიხსენოთ რა არის კოპენჰაგენის ძირითადი კრიტერიუმები: კანონის უზენაესობა, ძლიერი სტაბილიური ინსტიტუტები, როგორც დემოკრატიის გარანტი, ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი ბაზარი, უმცირესობების უფლებების დაცვა და აშ. ამ გადმოსახედიდან მოკლედ შევხედოთ დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეალობას: არაფორმალური მმართველობა, განხორციელებული ერთპარტიული კონტროლით, კორუფცია, რომელიც უკვე აღარ არის მხოლოდ ელიტური და ნელ-ნელა ქვედა რგოლებშიც შეაღწია, პოლიტიზირებული ტენდერები, სრული კონტროლი ყველა ინსტიტუციაზე, გახმაურებული საქმეები ადამინის უფლებების დარღვევის კუთხით და აშ. ეს არ არის გზა ევროპისკენ, ეს არის გზა უკან, პუტინის რუსეთისკენ. ევროპული არჩევანი არის ქართული არჩევანი, დაბრუნება იმ ცხოვრების წესთან, რომელიც რუსეთის ჩექმის ქვეშ ყოფნამ დაგვავიწყა. კოპენჰაგენის კრიტერიუმები შეიქმნა 1993, ხოლო ქართველი ხალხი ამ პრინციპებზე დაყრდნობით სააკუნეებია ცხოვრობს. დღეს მთავარია თვითოეულმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ გავიაზროთ: სად და როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს და ძალიან მკაცრად მოვთხოვოთ არსებულ ხელისუფლებას ამ სტანდარტების დაცვა.

  • რთულია საუბარი თემაზე, რომ ყველა, ვინც ანტიდემოკრატი ან ანტილიბერალია, ფინანსდება რუსეთიდან, მაგრამ, ვინ სარგებლობს ამ, მოძლიერებუილი ანტიდასავლური ნარატივითრუსეთი!.. შესაბამისად  გკითხავთ, გაშინებთ რუსეთის მოძლიერება? შეგვაცვლევინებს არჩევანს? გრძნობთ თუ არა ამ საფრთხეს? ზოგი ამბობს, რომ  საფრთხე არარეალურია, რადგან მოდის ახალი თაობა, რომელსაც რუსეთი არც აშინებს და არც უნდა.

მოკლედ გიპასუხებთ, საფრთხე არსებობს და ეს უნდა ვაღიაროთ. პუტინის რუსეთის ამოცანაა არ დაუშვას დასავლური, დემოკრატიული სივრცის გავრცელება მის საზღვრებთან. ბოლო წლებში პრეზიდენტმა პუტინმა კარგად დაინახა, რომ ტანკებზე უფრო ეფექტური იარაღი, პროპაგანდაა. ამიტომ ხარჯავს ძალიან დიდ თანხებს მედიაში, პარტიებში, ულტრანაციონალური სენტიმენტების გაღვივებაში, როგორც საქართველოში, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში. ევროპულ არჩევანს ვერ შეგვაცვლევინებს, თუმცა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაზიანება და შენელება ძალიან რეალურია, რის ნიშნებსაც მე მკაფიოდ ვხედავ.

  • კომფორტი vs დისკომფორტი ევროპისათვის, რა სტრატეგიაა ასარჩევი ჩვენი მხრიდან?

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად – დისკომპორტი.  თუ ჩვენ გვინდა გავანეიტრალოთ რუსეთის ფაქტორი და მზარდი რუსული პროპაგანდა, აუცილებელია, პროაქტიური მუშაობა ევროპასთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გამბედავი და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, როგორც ევროკავშირში, ასევე NATO-ში ინტეგრაციის პროცესში. დღეს ევროპას  უწევს გაუმკლავდეს ბევრ ისეთ პრობლემას, როგორიცაა ბრექსიტი, ტერორიზმი, მიგრაციის პრობლემა და ბევრი სხვა. თუ ჩვენ არ ვიაქტიურებთ და კარგი გაგებით არ შევანჯანჯღარებთ მათ, ამდენი პრობლემის ფონზე შესაძლებელია მოხდეს ჩვენი საკითხების უკანა პლანზე გადაწევა.

ჩვენ ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, კიდევ ერთხელ ვიტყვი –  ეს ფორმატი არ არის საკმარისი ჩვენი ამბიციების და ინტერესების დასაკმაყოფილებლად. აუცილებელია ძალიან მკაფიო მუშაობა ევროპულ პერსპექტივაზე და არ მოვერიდები და ვიტყვი – ასევე ევროკავშირში წევრობის აპლიკაციის წარდგენაზე, რაც, სამწუხაროდ, დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას ძალიან აფრთხობს. რა თქმა უნდა, ეს სტრატეგია   წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებული გამოწვევები აღარ იქნება.