Loader

კოლექტიური “ასავალ დასავალის” მიუღებლობა

სიყვითლე მედიაში ჩვეულებრივი მოვლენაა ყველგან – კონსერვატორულ და ლიბერალურ საზოგადოებებში, ეკონომიკურად ძლიერ და სუსტ ქვეყნებშიც… სიყვითლე თანმდევია, გარდაუვალია, შეიძლება ითქვას – აუცილებელიც კია.

მაგრამ, სიყვითლემ ქართულ მედიაში განსაკუთრებული ფორმა და უფრო შინაარსი შეიძინა… ქართული მედია მარტო ყვითელი კი არა, ხშირად ყვითელი, გადაყვითლებულია. მათ შორის, “მეინ სტრიმ”, ანუ, ძირითადი მედიაც.

ნახეთ რა ხდება – პრაქტიკულად ყველა ტელეარხი სერიოზულ თემასაც კი განიხილავს სრულიად არაკომპეტენტურ, არაკვალიფიციურ ადამიანებთან. ზოგადად ადამიანის უფლებებზე აზრს ეკითხება უფლებების დამრღვევ  ქსენოფობს და ჰომოფობს;  ნატოზე და ევროკავშირზე – რუსეთის მომხრეს… აზრს ეკითხება ე.წ. საზოგადოებრივ იმ სახეებს, რომლებიც საბჭოეთის დროს უფრო იყვნენ სახეები… უფრო ზუსტად, არც მაშინ იყვნენ… უნდოდათ რომ ყოფილიყვნენ და ახლა არც პოზიციებს თმობენ და ასპარეზზე გამოსვლას ჯიუტად ცდილობენ.

ეს ხომ პრობლემაა და, დამატებით კიდევ ისაა მძიმე, რომ ამ არაკომპეტენტურობაში შეპარულია სიძულვილი, არადემოკრატიული, რუსული სპეც.სამსახურების მიერ შემუშავებული გზავნილები…

და ეს ხრავს, ჭამს საზოგადოების ორგანიზმს.

ამ აუდიო ბლოგში მე, ცხადია, ვსაუბრობ გადაჭარბებით ტირაჟირებულ სხვათა საცვლების ქექვის მიუღებლობაზე,  მჩხიბავების გაპიარების აბსურდულობაზე… და ზოგადად დისკურსზე, რომელსაც გვთავაზობს არა მხოლოდ კონკრეტული და ზოგადი “ასავალ დასავალი”, არამედ, ტელე-მედიაც, რომლის დიდი ნაწილიც, ჩემი აზრით, დიდად არ განსხვავდება “ასვალ დასავალისაგან”.

ამავე დროს, მე ვსაუბრობ სიძულვილის ტირაჟირებაზე ქართულ მედიაში…  და ქსენოფობი, ჰომოფობი პირების  ეკრანზე გამოჩენაზე თურმე მხოლოდ იმიტომ, რომ რეიტინგი, ასევე თურმე, აუცილებელია.

ტყუილია ის აზრი, რომ თუ მედია რესპექტაბელურ პროდუქტს შესთავაზებს მაყურებელს, ანუ, თუ იქნება საზოგადოების პარტნიორი, ბიზნესი ამ რესპექტაბელურ პროდუქციას არ დააფინანსებს, ანუ, გადაცემაში არ განათავსებს რეკლამას.

წარმატებულ ქართველ ბიზნესმენებზე და მათ PR სამსახურებზე მე კარგი აზრის ვარ და დარწმუნებულიც ვარ, რომ თუ დისკურსი იქნება კვალიფიციური, სიძულვილის ენა სრულიად აღმოიფხვრება, ბიზნესი იქნება მედიის პარტნიორი სპეციფიკურ გადაცემებში. მაგალითად, გადაცემაში ჯანდაცვის, ახალგაზრდობის, მუსიკის, კინოს, სპორტის შესახებ… აგრეთვე, უფრო სპეციფიკურებში – გადაცემა ბიზნესზე (რო,ლის თვალსაჩინოება არის ქართულ მედიაში) თუ გადაცემა უსაფრთხოებაზე (რომლის მინიმუმ ორი თვალსაჩინოებაა სხვადასხვა არხზე).

ცხადია, არ ვყოფილვარ, არ ვარ და არც ვიქნები მათ შორის შუღლის გამაღვივებელი მედიის აკრძალვის მომხრე, ამ მხრივ ჩვენი კანონმდებლობა მისაღები და უკიდურესად ლიბერალურია, მაგრამ, იმ აზრს კი ვიზიარებ, რომ თუ მედია, მედია მფლობელები, მედია მენეჯერები, ჟურნალისტები მოჭარბებულ სიყვითლეს კი არა, გადაჭარბებულ სიძულვილს დააბალანსებენ საზოგადოების პარტნიორი შინაარსის გადაცემებით, სიძულვილი მედიიდან მაინც, აღმოიფხვრება. და ჩვენ ნელ-ნელა ნებით ვიტყვით უარს კონკრეტულ და კოლექტიურ “ასავალ-დასავალზე”, რომელიც, კვლავ გავიმეორებ, არის სიძულვილის გამავრცელებელი.