Loader

საქართველო – აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი!

საქართველო-ამერიკის პარტნიორული ურთიერთობების წლიური შეფასება – ინტერვიუ საქართველოს ელჩთან აშშ-ში – დავით ბაქრაძესთან.

2017 წელი მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცებისა და პარტნიორული ურთეირთობების გაღრმავების გზაზე. პრეზიდენტ ტრამპის მიერ, ოვალური ოფისის დაკავების შემდეგ, არსებობდა მოლოდინი, რომ ამერიკის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიისა და საკუთრივ, საქართველოსთან მიმართებაში, შესუსტდებოდა. წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, საქართველოსა და ამერიკას შორის პოლიტიკური დიალოგისა და სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებამ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, საპირისპირო ცხადყო. მიმდინარე წლის მანძილზე, ქართული დიპლომატიის წარმატებებზე კონგრესსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დასმულ შეკითხვებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დავით ბაქრაძეს ვესაუბრეთ.

 

ბატონო დავით, რამდენად აგრშელებს  პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ბუშისა და ობამას ადმინისტრაციების მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსს საქართველოსთან მიმართებაში ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობებს ეპოქაში?

თავიდანვე აღსანიშნავია, რომ თეთრის სახლის ახალი ადმინისტრაცია, ჩვენთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, არის ძალიან გახსნილი, რაც აშკარად გამოჩნდა  პრეზიდენტ ტრამპის მიერ ოვალური ოფისის დაკავების პირველივე დღეებში. ამერიკის სახელმწიფო მდივნის დანიშვნის კვირაში, ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც მან გამართა ოფიციალური შეხვედრა,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მაისის თვეში გაიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები შედგა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და, მოგვიანებით, ოვალურ ოფისში – პრეზედინეტ ტრამპთან. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი  იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. კომუნიკაციის თითოეულ ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, თავისი საკმაოდ ფართო არეალი და მნიშვნელობა ჰქონდა დისკუსიების მასშტაბისა და მაღალი პოლიტიკური რანგით. ახალი ადმინისტრაციის დანიშვის პირველ 8 თვეში გაიმართა პრემიერ მინისტრის სამი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტთან და ასევე, ამერიკის შეერთეული შტატების ექვს სხვადასხვა მდივანთან.

საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული აქვს სტრატეგიული პარტიონორობის ქარტია, რომელიც რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს და ყველა მიმართულებით ჩვენ ვხედავთ არა მარტო პოლიტიკის განგრძობითობას, არამედ ძალიან მნიშვნელოვან გააქტიურებას ორმხრივ ურთიერთობებში. ჩემი ელჩად დანიშვნის შემდეგ, სამუშაო ვითარებაში, ძირითადად ახალ ადმინისტრაციასთან მიწევდა ურთიერთობა, თუმცა მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ გრძელდება და მყარდება ის პარტნიორული ურთიერთობები, რომელებიც 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის. ამ თვალსაზრისით,  აუცილებლად უნდა აღინიშნოს კონგრესის როლი და ის ახალი მიღწევები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური თვალსაზრისით აქვს ამერიკასთან ურთიერთობებში.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს თავის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კონტექსტში. გასულ წელს ხელი მოეწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, უკვე  დაწყებუბულია სამწლიანი სამოქმედო გეგმის პირველი წელი, რაც ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამის ამოქმედებას, რომელიც აგვისტოს თვეში დაიწყო. აღნიშნულ მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის წარმომადგენელთა ვიზიტს, რომლის შემდგომაც, სწორედ მათი ჩართულობით, საწვრთნელ ბაზაზე დაიწყება წვრთნა. აღნიშნული წვრთნები განსხვავებული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ მთავარი აქცენტი და ყურადღება მიმართული იქნება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და არა მხოლოდ სამხედრო თავსებადობაზე, რომელსაც ითვალისწინებდა წინა წვრთნები. რა თქმა უნდა, სამხედრო თავსებადობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, იწყება ახალი ფაზა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება იქნება წვრთნისა და მზაობის ცენტრალური მიმართულება. ნიშანდობლივია, რომ პროცესი პარალელურად ემთხვევა იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებსაც აშშ-ს აქტიური მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს ბოლო ერთი წელია. ასევე, უსაფრთხოების კუთხით, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის. აღნიშნული იყო პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ტილერსონმა მოაწერა ხელი. ამ თვალსაზრისით, ძალიან მტკიცედ ვაგრძელებთ იმ აღებულ გეზს, რომელიც ჩვენს ორმხრივ პარტნიორობას კიდევ უფრო განამტკიცებს.

ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული მიმართულებით, ვფიქრობთ, ყველაზე დიდი პოტენციალი გვაქვს ორმხრივ ურთიერთობათა კიდევ უფრო მეტად განმტკიცებისათვის.  ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც ადმინისტრაციის ახალ სავაჭრო წარმომადგენელთან, ასევე ვცდილობთ, რომ ერთის მხრივ დედაქალაქთან და ასევე სხვადასხვა შტატებში  უზრუნველვყოთ ამერიკის დაინტერესება საქართველოთი და საქართველოში ინვესტირებით. ჩვენ  რეგიონში და რეგიონს მიღმაც გამოგვარჩევს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რომლებიც გვაქვს ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან, რაც მიმზიდველს ხდის საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონში დასაფუძნებლად. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო ზრდის თავის პოტენციალს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირების თავლსაზრისთ. თუ არ ვცდები, მიმდინარე წელს, საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტები არის 30-დან 40%-მდე გაზრდილი, რაც მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რეგიონის მიმართ არსებული ინტერესიდან გამომდინარე. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოში ვიზიტის დროს, ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას, რომელსაც ქართულ-ამერიკული კონსორციუმი ახორციელებს, ხოლო ოპერირებას – ამერიკული კომპანია ახდენს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამიმდევრულად მყარდება.

ამერიკის ბიზნეს წრეების მხრიდან საქართველოსადმი დაინტერესება ახსენეთ . 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა კონგრესის ორპარტიული რეზოლუციის ტექსტის პროექტი, რომლის მიხედვითაც ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებულ ბოლოდროინდელ ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, საქართველოში, ამერიკული ბიზნესისათვის შექმნილი ბიოროკრატიული ბარიერები და კორუფციული შემთხვევები. რა კომენტარს გააკეთებდით აღნიშნულ საკითხზე?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო და კომენტარი გავაკეთო საკუთრივ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც წარდგენილი იქნა და რომელშიც  ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ აშშ-თვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სანიმუშო სახელმწიფოს როლი პროგრესისა და რეფორმების განხორციელების კუთხით. აგრეთვე აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით და ის, რომ ამას შედეგად მოაქვს ეკონომიკური განვითარება და მზარდი ამერიკული ინვესტიციები. რეზოლუციის პროექტის ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველო თანამიმდევრულად მიისწრაფვის ევროატლანტიკური სივრისაკენ და ინსტიტუციური გაძლიერებისაკენ, ხოლო  ამ მისწრაფებაში მას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები. საკუთრივ რეზოლუციის პროექტში, მაქსიმალურად ხაზგასმულია ის პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც საქართველოს გააჩნია. მისი წარდგენის დროს კონგრესმენის კომენტარი შეეხებოდა ერთ კონკრეტულ ფაქტს, რომლთან დაკავშირებითაც საქართველოს ნავთობისა და გაზისა კორპორაციამ უკვე გააკეთა შესაბამისი განცხადება. მე ჩემი მხრიდან, შემიძლია მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერი, აქამდე არსებული თუ მომავალი შეთანხმების პირობები, ისევე როგორც საერთაშორისო ვალდებულებები, განუხრელად ასრულებდა და მათ შეასრულებს ქართული მხარე. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა ჯერ კიდევ 1997 წელს და მისი შინაარსი კონფიდენციალურია. აქედან გამომდინარე, ამ საკითხთან დაკავშირებით, მეტად სიღრმეებში ვერ შევალ. დამატებითი განცხადებები აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება ხელშეკრულების მეორე მხარის – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ.

უახლოეს მომავალში, აშშ-ში ჩვენ ველოდებით ამერიკის სავაჭრო პალატის დელეგაციას საქართველოდან, რომელთაც შეხვედრები ექნებათ მათ შორის კონგრესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია როგორც წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ასევე სენატში და მათ კარგად უწყიან, რომ საქართველო მტკიცედ პროგრესირებს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, ამერიკული, დამოუკიდებელი ინსტიტუციების შეფასებით, უსწრებს არათუ რეგიონის, არამედ ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას. ამდენად, ამ თვალსაწრისით, სხვა დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის კონტრაქტი, რომელიც, თავისი შინაარსით, არის კონფიდენციალური.

როგორ შეაფასებდით რეგიონში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას?  რა გავლენას მოახდენს ჩვენზე  ამერიკა-თურქეთისა და ამერიკა-ირანის ბოლოდროინდელი დაძაბული ურთეირთობები?

საქართველო არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი და, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ სანდონი რეგიონში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან, თურქეთთან და იმ სატრანსპორტო თუ ინფრასტრუქტურული პროექტებში ჩართულობა, რომელთა ნაწილიცაა ჩვენი ქვეყანა.  ცვლილებებს პოლიტიკაში ან რაიმე განსაკუთრებულ უხერხულობებს, ვერ ვხედავ.

რა გამოხმაურებები ჰქონდა საკონსტიტუციო ცვლილებებს ამერიკის პოლიტიკურ წრეებში? როგორ შეფასდა ერთის მხრივ პროცესი და, მეორეს მხრივ, დამდგარი შედეგი?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ თავისთავად მნიშვნელოვანი იყო ის გამჭვირვალე პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოში და რომელიც გამოირჩეოდა ძალიან აქტიური ჩართულობით, დებატებით, თანამონაწილეობით. მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ოფიციალური ვიზიტით ამერიკას ესტუმრა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, როგორც მმართველი პარტიის, აგრეთვე, ოპოციზიური პარტიების წარმომადგენელთა მონაწილეობით. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი არგუმენტები წარმოედგინათ. ამ თავლსაზრისით, აშშ-ს პოზიცია მკაფიო იყო ვენეციის კომისიის დასკვნასთან, მის მნიშვნელობასთან და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ საარჩევნო გარემოს, აშშ აღიარებს, რომ ჩვენ წინ მივიწევთ, ვვითარდებით და დემოკრატიული პროცესები დგას სწორ გზაზე.

როგორც დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, რა მიმართულებებით ხედავთ აშშ-ს მხარესთან პარტნიორული თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივას?

წელს, უფრო მეტად გავააქტიურეთ ჩვენი სამუშაოები სხვადასხვა შტატებში ვიზიტების თვალსაზრისით. ამ წლის მანძილზე უკვე განვახორციელეთ ვიზიტი ათ შტატში, აქედან 7 შტატში საკმაოდ დატვირთული პროგრამა გვქონდა იქიდან გამომდინარე, რომ ვიზიტები იყო 2-3 დღიანი ხანგრძლივობის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ინტეგრაცია მოგვეხდინა როგორც პოლიტიკური კომპონენტის კუთხით, ასევე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთებულიყო ბიზნეს ინტერესებზე. ყოველთვის ვცდილობთ, რომ დრო დავუთმოთ მედიასთან კომუნიკაციას, რათა უფრო ფართო წრეს გავაცნოთ საქართველო. ამისთვის ყოველთვის ვიყენებთ იქ არსებულ ჩვენს რესურსს, როგორიცაა მაგალითად დიასპორული ორგანიზაციები, საპატიო კონსულები და ა.შ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, მიმდინარე წლის მანძილზე კონგრესთან მიღწეული წარმატებები. საერთო ჯამში,  3 საკანონმდებლო აქტსა და 3 რეზოლუციაში აისახა საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკაა ერთი წლისათვის. წელს პირველად მოხვდა საქართველოს მხარდამჭერი შესაბამისი ტექსტი საბიუჯეტო დოკუმენტში, რაც, თავისი მნიშვნელობით, უპრეცენდენტო მოვლენა იყო, რადგან პირველად მოხდა ოკუპაციის აღიარება კანონის დონეზე და განხორციელდა შესაბამისი მხარდაჭერა კონკრეტული ღონისძიებებით. აღნიშნულ დოკუმენტს, თავის მხრივ, მოგვიანებით პრეზიდენტმა ტრამპმა მოაწერა ხელი. ამის გარდა, სენატის ძალიან მნიშვნელოვანი რეზულუცია იქნა მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. წარმომადგენელთა პალატაში, ასევე გაჩნდა საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა კომუნიკაცია კოლეგებთან. ვფიქრობთ, რომ კონგერსი ძალიან დიდ როლს ასრულებს ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამიტომ კონგრესის პოლიტიკური და ორპარტიული მხარდაჭერა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

 

დემნა დევდარიანი

ვაშინგტონი.

ნოემბერი, 2017.