Loader

პასუხგაუცემელი კითხვები!

 

 

ირაკლი ტაბლიაშვილი

 

21-22 ნოემბრის ამბავზე ჯერაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა და, მოდი, ზოგიერთი მათგანი ჩვენც დავსვათ.

პირველი  და იქნებ მთავარი კითხვაა – რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ის პირები, რომლებიც გაანადგურეს?  რუსეთის?.. და თუ კი – შესაბამისად,  ჰქონდათ თუ არა მათ პირდაპირი ან ირიბი კავშირები  ამ ქვეყნის სპეცსამსახურებთან?

საერთოდ, როგორ, რა გზით შემოაღწიეს ამ პირებმა საქართველოში? რას გეგმავდნენ? სად შეიძინეს იარაღი? თუ ხელისუფლებას მათზე დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ინფორმაცია, რატომ ვერ მოხდა მათი გაუვნებელყოფა შედარებით ადრე… სხვაგვარად…

ცხადია, მე არ შემაქვს ეჭვი ჩვენი სამართალდამცავების კვალიფიკაციასა და სურვილში, ყველაფერი დასრულებულიყო უმტკივნეულოდ, თუმცა, მაინც ვიკითხავ – რასთან იყო ეს 22 საათიანი ოპერაცია კავშირში? ტაქტიკურ ნაწილთან? თუ ზოგიერთი გადაწყვეტილების მიმღების, ბოდიში და, უნიათობასთან?

იქნებ მესამე – იქნებ ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ, თუ მოხდებოდა მათი განადგურება, მას – ხელისუფლებას აუფეთქდებოდა სხვა რომელიმე წერტილი თბილისში თუ რომელიმე სხვა რეგიონში? იქნებ ხელისუფლებასთან კავშირი დაამყარა ვინმემ, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, იმუქრებოდა და ვიდრე  ხელისუფლება არ დარწმუნდა, რომ საფრთხე არ იყო, მანამ არ დაიწყო გადამწყვეტი შტურმი.

არ ვიცით და არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, რომ გამოძიების თუ სხვა მიზნების გათვალისწინებით, მოვითხოვო პასუხი ყველა კითხვაზე.

მაგრამ, ზოგიერთ დასმულს და კიდევ უამრავ დასასმელ კითხვას კი პასუხი უნდა გაეცეს.

ჩემი პასუხი კი, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ბევრ თემაზე დუმს, ასეთია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ განადგურებული პირები იყვნენ ისლამური სახელმწიფოს ან რომელიმე ტერორისტული ჯგუფის წარმომადგენლები, ირიბად და ოსტატურად მათზე მუშაობდა რუსეთი…

საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელების ნიადაგი, ცხადია, არ არის, მაგრამ, ასე რომ მივყვეთ, ტერაქტები არ უნდა განხორციელებულიყო არც ევროპის არაერთ ქალაქში და არც არსად… ამდენად, ულოგიკობის ლოგიკა გვკარნახობს, რომ ტერორისტებს აინტერესებთ საქართველოც… ხოლო რუსეთი, რომელიც კი არ მელანდება, არამედ, რეალურად არსებობს როგორც მტერი სახელმწიფო, აგენტურის საშუალებით, მუშაობს ყველაზე, ვინც ცივილიზებულ სამყაროს საფრთხეს უქმნის.

ცხადია, სიდოროვი, პეტროვი და ივანოვი არ იქნებოდნენ ტერორისტები, ოსტატურად უნდა მოხდეს, რომ ჩვენ – მე და ბევრ თქვენგანს, განსხვავებული აზრი გვქონდეს ამ თემაზე… თქვენ მომედავოთ იმაში, რომ ყველგან რუსეთი მეზმანება, მე გიმტკოცოთ, რომ რუსეთი მართლაც ყველგანაა.

ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თანამშრომლობის უპრეცენდენტო ნიშნულზე ვართ გასულები… ამ კუთხით, სამხედრო თანამშრომლობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  – ის, რომ ჩვენ შეგვეძლება ჯაველინების ყიდვა… და ამით დამატებით გაიხსნება კიდევ ერთი ოთახი ჩვენი თავდაცვითი შესაზლებლობების გაძლიერებისათვის, რუსეთს, ბუნებრივია, აღიზიანებს.

თუ ტერორისტები რამეს მართლაც გეგმავდნენ და ეს ტერორისტები მართლაც იყვნენ რუსეთზე ირიბად მიბმულები თუნდაც ისე, რომ თავადაც არ იცოდნენ არაფერი, რუსეთი ამით დასავლეთს უგზავნიდა სიგნალს – საქართველო ჩემია!!!

…მაგრამ… მაგრამ… ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველო არაა რუსეთის გავლენის სივრცე… არცაა… და არც იქნება.

ამიტომ, მადლობა გადავუხადოთ ყველა სპეცრაზმელს და ყველას, ვინც კარგად იმოქმედა ამ პროცესში…

ვუსაყვედუროთ – სუსტებს, რბილებს, გადაწყვეტილების ვერ მიმღებებს…

პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოვთხოვოთ პასუხები უამრავ კითხვაზე… და

და უპირველესად გამოვთქვათ ჩვენი დიდი გულისტკივილი დაღუპული  სპეცნაზელის, საქართველოს ჯარისკაცის გამო.