Loader

რუსული “რულეტკა”

ირაკლი ტაბლიაშვილი

უპირველესად აშშ-ს, აგრეთვე, ისრაელის, თურქეთის და, ობიექტურები თუ ვიქნებით, რუსეთის ძალისხმევით, ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული ტერორისტული დაჯგუფება, პრაქტიკულად, განადგურებულია.  მიზანმიმართული პოლიტიკით, მძლავრი სამხედრო შეტევებით, კომუნიკაციებისა და ფინანსური ინექციების შეზღუდვა-მოსპობით, დასავლეთმა, რუსეთთან ერთად, მიაღწია მნიშვნელოვან მიზანს  – გააუვნებელჰყო ტერორისტული წარმონაქმნი… თუმცა, კონკრეტულად დასავლეთის (და არა რუსეთის) დიდ და საბოლოო გამარჯვებამდე ჯერაც შორია – სირიის სათავეში კვლავაც არის “დიდი და მთავარი ტერორისტი” – ბაშარ ალ ასადი, ხოლო   “დაეშის” გადარჩენილი მებრძოლები ეძებენ ახალ სივრცეებს, სადაც, თუნდაც დროებით, გამაგრდებიან.

***

ამასობაში, ამბივალენტურ დასავლეთს ოსტატურად ეთამაშება არადემოკრატიული რუსეთი –  დასავლეთი მიიჩნევს, რომ მასზე – რუსეთზე დიდი ბოროტება ჯერაც დასამარცხებელია და, ამას, შესაბამისად, პუტინის “გონიერი” ხელისუფლება ოსტატურადაც იყენებს. რუსული სპეცსამსახურები, ხშირ შემთხვევაში ხელოვნურადაც, ხელს უწყობენ ახალი საფრთხეების წარმოქმნას და ამ სტრატეგიით მუდმივად ცდილობენ, გაზარდონ საკუთარი საჭიროება დასავლეთისათვის. სხვათა შორის, ვერსია, რომ რუსეთის აგენტურა ისლამისტებთანაც მუშაობს, აზრსმოკლებული როდია.  “მე ვიქნები შენი პარტნიორი სირიაშიც  და სხვაგანაც, ოღონდ, ნაწილობრივ მაინც დახუჭე თვალი უშუალოდ ჩემს ქმედებებზე ვთქვათ უკრაინაში”, – დაახლოებით ამგვარია პუტინის სტრატეგია.

სიმართლე ითქვას, გაორებული დასავლეთი ამას, ნაწილობრივ მაინც, “ჭამს” – ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს, განსხვავებით აშშ-სგან, ძნელად წარმოუდგენია უსაფრთხოების გლობალური პრობლემების გადაწყვეტა რუსეთის ჩართულობის გარეშე –  აშშ, განსაკუთრებით ტრამპის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, რუსეთთან თანამშრომლობის კუთხით, შედარებით გაწონასწორებული და მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია – თეთრი სახლისათვის კრემლი ჯერაც არაა  ბოროტების მთავარი სათავე, თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციაში მძლავრობს მოსაზრება, რომ რუსეთის გარეშეც შეიძლება პრობლემების მოგვარება.

***

ძირძველი ევროპელები, წესით, უნდა ზეიმობდნენ კონკრეტულად აშშ-ს და უფრო ზოგადად ცივილიზებული სამყაროს  გამარჯვებას “დაეშზე”… უნდა ზეიმობდნენ იმას, რაშიც მათ ხელისუფლებებს მხოლოდ იოტისოდენა წვლილი აქვთ შეტანილი. “გამარჯვების ყიჟინა” უნდა ისმოდეს ბერლინში, პარიზში, მადრიდში… ბრიუსელში – ამერიკელთა (აგრეთვე, თურქეთის, ისრაელის და სხვათა) სტრატეგიამ შედეგი გამოიღო – ევროპას, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანებში, აღარ შეაწუხებს მიგრანტთა ახალი ტალღა… ტერაქტებიც, რომლებმაც გათანგა კონტინენტი, არ ან ნაკლები იქნება.

აშშ-სგან განსხვავებით, ევროპა არც აქამდე ამახვილებდა ყურადღებას ვთქვათ ასადზე და მომავალში კი, მის თემას, ალბათ, “აღარასოდეს” მიუბრუნდება … ჯიუტი ევროპა, უწინდელივით, არც აშშ-ს სამომავლო მიდგომას გაიზიარებს… ევროპამ, ისლამისტების პრობლემის აღმოფხვრის შედეგად, კრიზისი გადააგორა… შესაბამისად, ახალი თავისტკივილი მისთვის სრულიად ზედმეტია.

სირიელი დიქტატორის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი აქვს ტრამპსაც. პრეზიდენტი და ადმინისტრაცია გადართულნი არიან ჩრდ.კორეის – კიდევ ერთი ბოროტების პრობლემაზე… რომ იტყვიან, ერთი გამიშვი-გამატარეა მილიტარისტებს და “პაციფისტებს”  შორის… არავინ იცის, ჯერ ვაშინგტონი დაარტყამს ფხენიანს თუ ფხენიანი… სეულს.

დამოუკიდებლად იმისა, მოაგვარებს თუ არა  ფხენიანის პრობლემას ვაშინგტონი, ის ასადის ხელისუფლებიდან მოცილების თემას, ადრე თუ გვიან, მიუბრუნდება და,  კვლავ ვთქვათ, მას არც მერკელის და არც მაკრონის იმედი მას არ აქვს –  ისრაელის გარდა, აშშ-ს მთავარი მოკავშირე იქნება თურქეთი, რომლის “თაფლობის თვეც” რუსეთთან, ცხადია, გაივლის და, თუ ის, ანუ, თურქეთი ფემინია, ადრე თუ გვიან აუცილებლად გაანჩხლდება. გარდა ამისა,  არადემოკრატ ლიდერად გარდაქმნილ-ჩამოყალიბებულ ერდოღანს თავისი ანგარიშები აქვს მასთან მართალ ევროპასთანაც და ვინ, თუ არა აშშ, უნდა იყოს მისი მთავარი ლობი საერთაშორისო ასპარეზზე.  “ცუდი და თავხედი ანკარა” აშშ-ს რეგიონში ბალანსისათვისაც სჭირდება –  რუსეთი დამატებით “შეეკრა” ირანს, კარგად “დაალაგა” საუდის არაბეთთან… თურქეთი, ისრაელთან ერთად,  რუსეთის მოწინააღმდეგედ  კიდევ ერთხელაა მოსააზრებელი.

ამავე დროს, ვაშინგტონში ხვდებიან, რომ ჯერ ადრეა საერთო სტრატეგიის შემუშავება ანკარასთან. ტრამპი არ ჩქარობს ხშირ და ინტენსიურ დიალოგს ერდოღანთან ხსენებული ფხენიანის პრობლემის გამო. თურქეთთან ნაადრევი თუ ნაჩქარევი დამეგობრება წარმოქმნის გაუგებრობას ევროპასთანაც, რაც ტრამპს დღეს არ სჭირდება, ანუ, არ აწყობს.

***

ამ “საჭადრაკო დაფაზე” უმნიშვნელო როდია საქართველოს – პატარა ევროპა/აზიური სახელმწიფოს პოზიციონირება. თითქოს რელევანტურია მოსაზრება, რომ სჯობს, საქართველომ იყუჩოს “ვეშაპთა დაპირისპირებაში”, მაგრამ, მეორე მხრივ, თბილისმა უფრო ნათლად უნდა განაცხადოს, რომ არის ცივილიზებული სამყაროს პარტნიორი და აქვს სტრატეგიული ხედვა საგარეო პოლიტიკაში.

თბილისისათვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია მეგობრობა აშშ-სთან, თუმცა, ისეც არ უნდა მოხდეს, რომ ევროპამ ეს მეგობრობა გადამლაშებულად მიიჩნიოს.

გარდა ამისა, სწორედ ევროპის (და ნაკლებად აშშ-ს) დასანახად, თბილისმა “ასზე მეტი პროცენტით” უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც ევროპის  (და ნაკლებად აშშ-ს) წინაშე აქვს აღებული. ეს კი მოითხოვს დამატებით ძალისხმევას არა იმდენად საგარეო, რამდენადაც საშინაო პოლიტიკის ასპექტში.

ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლება სამოსანია –  მონოპოლიებს ბიზნესში (ქვეყნის “ქართუიზაცია”), კორუფციის მოხშირებულ შემთხვევებს; ინსტიტუციური რეფორმების შეჩერებას ან, საკრიტიკო ტემპს; დიალოგის მოსპობას არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპოზიციასთან, არამედ, არასამთავრობო სექტორთანაც; ყველა მნიშვნელოვანი საკითხის (კონსტიტუცია თვალსაჩინოებაა) ერთპიროვნულად გადაწყვეტას და სხვა საკითხებს, ევროპა კრიტიკულად აუკვე აფასებს. ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ დაუშვებელია, ევროპაში გაჩნდეს ამგვარი განცდა: “საქართველო მხოლოდ დეკლარირებულადაა დასავლეთისკენ მიმავალი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, რეალურად კი ის დაწინაურებული, მაგრამ მაინც პოსტსაბჭოთა ქვეყანაა”.

***

აშშ-სთან ურთიერთობის ჭრილში, ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხედრო თანამშრომლობა. ვაშინგტონში ხვდებიან, რომ მოსკოვი საქართველოში ახალ ინტერვენციაზეც კი არ იტყვის უარს მაშინ, როდესაც სამუდამოდ დაკარგავს ანკარას.

მეტიც, მოსკოვი ეცდება, ახალი ინტერვენცია მოახდინოს მანამ, ვიდრე სამთა კავშირი (ვაშინგტონი-ანკარა-თბილისი) შედგება… ვიდრე საქართველო გაძლიერდება… ამისათვის მოსკოვი უკვე ამთავითვე ეძებს მიზეზებს… იქმნის პლაცდარმებს (თუმცა, ამაზე ქვემოთ).

***

მანამდე კი ვთქვათ ესეც  – ტანკსაწინააღმდეგო “ჯაველინების” და შემდგომ წლებში სხვა მნიშვნელოვანი იარაღის მიწოდება საქართველოსთვის, უპირველესად, პოლიტიკური გზავნილია მოსკოვისათვის. ვაშინგტონი ამბობს: “ქვეყანა საქართველო შენი (მოსკოვის) არაა… “

გარდა ამისა, დასავლეთს შავ ზღვაში სჭირდება სტაბილური და მედეგი არაევროკავშირელი პარტნიორებიც – ამგვარი კი ორია – თურქეთი, რომელიც ძლიერია და საქართველო, რომელსაც შეკავების ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

საქართველოს როლი უმნიშვნელოვანესია არა იმდენად მოკლე, არამედ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში – როცა აღდგება დიალოგი ვაშინგტონს და ანკარას შორის, ვაშინგტონი ეცდება ანკარა მომართოს მთავარი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს – რუსეთის წინააღმდეგ, ანკარა ამას უკეთ მოახერხებს თუ საქართველოს სახით  ეყოლება თვითკმარი, ანუ, რუსეთისათვის წინააღმდეგობის გამწევი, რეფორმირებული სახელმწიფო.

აშშ-ს ეს სტრატეგიაა  თბილისსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის რეალური მიზეზი და არა  საქართველოს ხელისუფლების საუკეთესო მუშაობა.

ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ (ფხენიანის და ასადის, აგრეთვე, “დაეშის” გაფანტული მებრძოლების პრობლემათა მოგვარების),  მაინც მოუწევს დაპირისირება რუსეთთან და ამ კუთხით, ფართო რეგიონალური ალიანსი (მინიმუმ – ანკარა – თბილისი, აგრეთვე თელ ავივი და  ბაქო) გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება.

რა კავშირშია ამ ყველაფერთან… კოლექტიური კორკოტა?!

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ: “რუსეთი ეცდება, ახალი ინტერვენცია მოახდინოს მანამ, ვიდრე სამთა კავშირი (ვაშინგტონი-ანკარა-თბილისი) შედგება… ვიდრე საქართველო გაძლიერდება… ამისათვის მოსკოვი უკვე ამთავითვე ეძებს მიზეზებს… იქმნის პლაცდარმებს”.

და ინტერვენციის საუკეთესო მიზეზი შეიძლება იყოს… გაგიკვირდებათ და, მართლაც აუცილებელი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ.

***

მოვყვეთ თავიდან. გეხსომებათ – თვეების წინ, აღმაშენებლის გამზირზე, აწ უკვე დაშლილი “ქართული მარში” პირველად გამოჩნდა ქსენოფობიური ლოზუნგებით. მაშინ, მათმა ბავრმა კრიტიკოსმა განაცხადა, რომ ეს ქსენოფობიური მარში რუსეთის მხრიდან იყო ინსპირირებული. უშუალოდ აქციის მონაწილეებს, აგრეთვე,  კულისებში მყოფ მათ მხარდამჭერებს, როგორც მოსალოდნელი იყო, სასაცილოდაც არ ეყოთ ეს მოსაზრება. მართლაც, მათ – “გულანთებულ პატრიოტებს”,  ბუნებრივია, არც აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებთან. მეტიც, ისინი არც და ვერც აანალიზებენ, რომ საკუთარი “ალალი და გულრწფელი” ქმედებებით, მექანიკურად ქმდედებენ რუსეთის სასარგებლოდ.

ცხადია, ბრალმდებელთათვის მაშინაც რთული იყო და ახლაც ურთულესია იმის მტკიცება, რომ კონკრეტული და კოლექტიული “კორკოტა” რუსეთთანაა კავშირში თუნდაც ირიბად. ცხადია ისიც,  რომ “სანდრო ბრეგაძეებს” ლუბიანკიდან არ მოსდით შემდეგი შინაარსის წერილები:  “ბიჭებო, გადით და დედა უტირეთ არაბებს და თურქებს, რომლებმაც შეჭამეს თქვენი მართლმადიდებელი ქვეყანა” (რუსეთის სპეცსამსახურები  ასეთ პირდაპირ და ღია ინსტრუქციებს არ იძლევიან, თუმცა, ცხადია, მოქმედებენ  ოსტატურად –  მუშაობენ გულუბრყვილო ადამიანებზე… სწავლობენ ფსიქოტიპებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ – დახვეწილად აკეთებინებენ იმას, რაც თავად აწყობთ, რაც თავად სურთ).

ასე გამოიყენეს და თავისი საქმე გააკეთებინეს “კორკოტებსაც”  – იმ აქციების დროს, ქსენოფობმა ქართველებმა განაცხადეს, რომ არა მხოლოდ არ  მოსწონთ მუსლიმ პირთა აქტიურობა (მათ შორის, ბიზნეს აქტიურობა) საქართველოში, არამედ, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ამ პირებმა დატოვონ საქართველო.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ქსენოფობთა სამიზნე სუბიექტების აბსოლუტური უმრავლესობა კანონიერად იმყოფება საქართველოში და, შესაბამისად,  ბიზნეს საქმიანობასაც კანონიერად ეწევა, აქციამ თავისი შედეგი გამოიღო  – წარმოჩინდა, რომ ქართული საზოგადოების თუნდაც მცირე, მაგრამ, აქტიური ნაწილი სულაც არაა განსხვავებულთა  განდევნის, მოკვეთის, “მოსპობის” და ა.შ. წინააღმდეგი.

ამ “ნარატივის” განვრცობას ხელი ხელისუფლების უნიათობამაც შეუწყო – ჩვენ არ გვახსენდება არც ერთი, ვიმეორებ, არც ერთი!!! ოფიციალური განცხადება თუ კომენტარი, რომელშიც ხელისუფლება დაგმობდა ან გაემიჯნებოდა “პრო-ფაშისტურ” ამ გამოხდომებს.

… თუმცა… თუმცა, ყველაფერის მიუხედავად, ქართველმა ქსენოფობემა მაშინ მარცხი განიცადეს – “ქართულმა მარშმა” თვითლიკვიდაციის თაობაზე ამცნო საზოგადოებას და ასე, თითქოს დასრულდა დროებითი აყალ-მაყალიც.

***

… მაგრამ, მოხდა  21-22 ნოემბრის მოვლენები და “ქართულმა მარშმაც”, შესაბამისად, გაიღვიძა. მისმა ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ დაწერა:

“ქართული მარში” ცვლის საკუთარ სტრატეგიას და პრიორიტეტად აყენებს უცხოელი ლტოლვილების საქართველოდან გაძევებას, ანუ, დეპორტაციის საკითხს და ახალი, მაქსიმალურად მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის გატარებას…”

“ტერორისტების სეირნობამ რა შედეგიც მოგვიტანა, ყველამ ვნახეთ….”

“ქართული მარში” თავად აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თავად დაიწყებს!!! იმ საეჭვო პირების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან განდევნას, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ”.

სანდრო ბრეგაძის ამ “ბოდვას” თუ  იმასაც დავუმატებთ, რომ უშუალოდ ხელისუფლებაშიც მძლავრობს “საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების” სენსიტივი, უნდა ვივარაუდოთ, რომ “ეროვნული უსაფრთხოების” საფარქვეშ შეიძლება მართლაც დაიწყოს არა ტერორისტთა (რომლებიც 21-22 ნოემბრის მაგალითიდან გამომდინარე, შესაძლოა, მართლაც არიან საქართველოში), არამედ, უკლებლივ ყველა ჩამოსულ მუსლიმთა დევნა-შევიწროება.

ეს ქმედებები კი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ინტერესშია – მას, რუსეთს, სურს იმის დამტკიცება, რომ:

  1. საქართველო ტერორისტთა თავშესაფარია
  2. საქართველოში სდევნიან მუსლიმებს და, ამდენად, ეს ქვეყანა არ იმსახურებს ევროპის სივრცეში ინტეგრაციას.

 

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ, რასაკვირველია, აუცილებელია საქართველოში შემოღწეულ (თუ ისინი კიდევ არიან) რეალურ და პოტენციურ ტერორისტთა წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, მაგრამ, ყოვლად დაუშვებელია აზიის და აფრიკის კონტინენტებიდან შემოსული უკლებლივ ყველა მუსლიმის (მათ შორის, სირიელების) ტერორისტად გამოცხადება. აგრეთვე, პრინციპულად მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ძალის გამოყენების თუ ტერორიზმთან ბრძოლის ექსკლუზივი აქვს არა რომელიმე ჯგუფს, არამედ, სახელმწიფოს და მის ხელისუფლებას, რაც არ უნდა უნიათოდ მიგვაჩნდეს ის.

ბრეგაძის და მის მსგავსთა განცხადებები, ცხადია, საშიში და საფრთხილო არ იქნებოდა, თუ გვეცოდინებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთის მხრივ ეფექტურად ებრძვის სწორედ ტერორისტებს და, მეორე მხრივ, ეფექტურად აჩერებს ამგვარ, რუსეთთან მიბმულ “სანდრო ბრეგაძეებსაც”.

21-22 ნოემბრის მოვლენების გათვალისწინებით, ხელისუფლება საკრიტიკოა იმიტომ, რომ მან დაუშვა ტერორისტთა ბუდე თბილისის ცენტრში, ანუ, მას გაეპარა ესოდენ სერიოზული შეიარაღებული ჯგუფი საზღვარზე და შემდეგ იარაღის შეძენაც გამორჩა.

ხელისუფლებას მართებს იმის კარგად გააზრება, რომ რუსეთს მრავალსვლიანი კომბინაცია აქვს დაგეგმილი (პირველი სვლა იყო მის მიერ მართული ტერორისტების შემოშვება-შეიარაღება, ხოლო მეორე სვლა იქნება მუსლიმ მოქალაქეთა წინააღმდეგ საყოველთაო სიძულვილის დანერგვა და მათი უფლებების შეზღუდვა), რომლის მიზანიც შეიძლება იყოს არა მხოლოდ ის, რაც ვახსენეთ  (საქართველოს არასტაბილურ, არადემოკრატიულ და ევროპას რომ არ იმსახურებს, იმგვარ სახელმწიფოდ წარმოჩენა) არამედ, რომელიმე რეგიონში (ვთქვათ, პანკისში) ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის თბილისათვის შეთავაზებაც… სხვათა შორის, ამგვარი ინიციატივა ერთხელ უკვე ჰქონდა რუსეთს  – 2001 წელს, სწორედ ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით, შევარდნაძეს ხსენებული ერთობლივი ოპერაცია შესთავაზეს. მაშინ საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით ინტერვენციას “შემთხვევით” გადაურჩა… ამერიკელებმა შევარდნაძეს უარი ათქმევინეს ხოლო სნაცვლოდ დაიწყეს წვრთნისა და აღჭურვის 64 მილიონიანი პროგრამა.

***

… და ბოლოს – ვიდრე ვაშინგტონს გადამწყვეტი იერიში მიუტანია მოსკოვზე, სწორედ მანამდე უნდა მიიტანოს იერიში მოსკოვმა – თბილისზე – ესაა მოსკოვის სტრატეგია. ჩვენი მიზანია, ეფექტურად ვებრძოლოთ ტერორისტებს (რომლებმაც, ერთ მაგალითზე, უკვე შემოაღწიეს) და, ამავე დროს, კარგად გავიაზროთ, რა უნდა რუსეთს… როგორ ცდილობს ის საქართველოს პროვოცირებას… შესაბამისად – მოხელთებას.