Loader

ევროინტეგრაცია ჩვენთვის! რეპორტაჟი “ზეციური ასეულის” ქალაქიდან…

რეპორტაჟი კიევიდან
ცოტა რამ სააკაშვილზე და ბევრი – ჩვენს ევროინტეგრაციაზე

ირაკლი ტაბლიაშვილი

ფოტოების ავტორი – გალინა პეტრიაშვილი

გაგიგიათ, რომ საქართველოს და უკრაინის ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ეს, ცხადია, სიმართლეა… ბოროტი იმპერიის ორი თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა პოსტსაბჭოთა რუსეთის მარწუხებიდან გათავისუფლების მოლოდინშია. უკრაინა ამ წუთებშიც ხელჩართულ, ანუ, კონვენციურ ომში ებრძვის რუსეთს. საქართველოში, მართალია, ომი ა(ღა)რაა, მაგრამ, მაინც ომია – ოღონდ, არაკონვენციური… ჰიბრიდული.

***

იმისათვის, რომ უფრო კარგად გაიგო, როგორია დღევანდელი უკრაინა, მას, თუნდაც მცირე ხნით, უნდა ეწვიო. ამგვარი შესაძლებლობა “მოულოდნელად” გაგვიჩნდა ჩვენ – 16 ჟურნალისტს და არასამთავრობოელს საქართველოდან – 6-8 დეკემბერს, ანუ, ორიოდე დღით, მოვინახულეთ ცივი კიევი და მისი თბილი მასპინძლები, რომლებთან ერთადაც ვმსჯელობდით თემაზე – ევროინტეგრაციის პერსპექტივები ჩვენთვის – უკრაინისთვის და საქართველოსთვის.

***

შეხვედრებს ოდნავ მოგვიანებით მიმოვიხილავ, მანამდე კი პირველი შთაბეჭდილებები.

ჩვენი “წარმომადგენლობითი” “დელეგაცია” უკრაინელმა მესაზღვრეებმა შესვლისთანავე აითვალწუნეს… პასპორტები ჩამოგვართვეს და, ასეც შეიძლება ითქვას – გაიტაცეს.

დაღლილებს, ცხადია, სწრაფად გვინდოდა თავდახსნა, მაგრამ, მესაზღვრეები არ ჩქარობდნენ… ამასობაში გავიცანით ბელორუსი ჟურნალისტი, რომელიც კიევის გავლით, ანუ, ტრანზიტით აშშ-ში მიემგზავრებოდა და ჩვენგან განსხვავებით, გაოცებული იყო მესაზღვრეთა შეუვალობით. НУ ПОЧЕМУ?.. კითხულობდა ბელორუსი ვლადისლავი და ჩვენც, მასთან ერთად, მხრებს ვიჩეჩდით.

ქართველ “დაკავებულთა” შორის აღმოვაჩინეთ კოლეგები პირველი არხიდან. ოპერატორი, რეჟისორი და ჟურნალისტი მესაზღვრეებმა საზღვარზე ჯერ გაატარეს და მერე, როცა “აზრზე მოვიდნენ”, უკან გამოაბრუნეს. ჩვენგან განსხვავებით, პირველარხელები კიევში არც შეუშვიათ – უფრთხიან უკრაინელები ვიდეოკამერიანებს საქართველოდან… მგონი, კანკალამდე უფრთხიან.

***

ჩვენი გათავისუფლება “სწრაფად” მოხდა, “სწრაფად”, ანუ, დაახლოებით საათნახევარში. ბელორუს ვლადისლავსაც ჩვენთან ერთად მისცეს პასპორტი და მანაც ნიუ-იორკის რეისის გასასვლელისკენ სწრაფად “მოკურცხლა”… ალბათ მიასწრო კიდეც… ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ აღარ გაგვიგია დიქტორის “ისტერიკული” ხმა – LAST CALL – VLADISLAV ..from BELARUSSIA…

“თავისუფლებაზე” გამოსვლისთანავე შეგვხვდა ჩვენი ერთ-ერთი მასპინძელი – შემციებული მძღოლი სერგეი ჩვენზე მეტად ბრაზობდა მესაზღვრეების კი არა, უკრაინის ჩინოვნიკთა იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, თუნდაც დროებით, მაგრამ, უნდა დაეკავებინათ ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფები… სხვათა შორის, ჩანს, ეს რეგულაცია არ ვრცელდება არაჟურნალისტ, თუნდაც ცნობილ პირებზე – ჩვენთან ერთად, თბილისი-კიევის მიმართულებით, მგზავრობდა სანდრა რულოვსი – პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლე, რომელმაც, რამდენადაც ვიცი, უპრობლემოდ გადალახა-გაიარა საზღვრის მონაკვეთი.

მძღოლმა სერგეიმ ბევრი გვიბოდიშა სხვათა ნაცვლად და “ბორისპოლიდან” სასტუმრო “უკრაინის” მიმართულებით მონდომებით გაგვაქანა… შუა გზაზე მისი დიდი მანქანა “რეფორმირებული” პატრულის თანამშრომლებმა გააჩერეს… სერგეი მალევე დაბრუნდა. კითხვას – როგორ დაუსხლტა ასე სწრაფად სამართალდამცავებს, ოდნავ დარცხვენით უპასუხა – “ქრთამი მივეცი, სხვა როგორ?”

***

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კიევის ცენტრის გულში, მეიდანზე, ოდნავ შემაღლებულზე მდებარე სასტუმრო “უკრაინა” ტიპური სტალინური და დიდრონი შენობაა. 2013 წელს აქ ლაზარეთი იყო მოწყობილი… “ღირსების რევოლუციის” მონაწილეებს, რომლებსაც პრორუსი დიქტატორი იანუკოვიჩის “ბერკუტი” დაუპირისპირდა, აქ აფარებდნენ თავს თავისუფლებისმოყვარე უკრაინელები.  დღეს ამ გაოთხვარსკვლავებულ სასტუმროს იმ, ძველი ამბებისა არაფერი სცხია, თუმცა, მეორე დღეს, როცა მეიდანამდე ფეხით მოგვიწია ჩასვლა, სულისშემძვრელი იყო ქვაფენილის ტროტუარზე გამოფენილი ფოტოები… “აქ, დაიღუპა არტიომი… აქ დაიღუპა ლეონიდი… აქ დაიღუპა მაქსიმი… აქ დაიღუპა ვსევოლოდი… აქ დაიღუპა…” სულ ცინცხალი ყვავილებით თურმე ყოველ დღე  ამშვენებენ ტროტუარის ორივე მხარეს. სანთლებს ყოველ დღე ანთებენ… “ზეციურ ასეულს” ყოველ დღე იხსენიებენ კიევის ეკლესია-მონასტრებში.

ჩვენთან შეხვედრისას იმ დღეების ქრონიკა დეტალურად გაიხსენა რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტმა ბოგდანამ,  რომელიც ცრემლსაც ვერ იკავებდა ამბების თხრობისას.

***

ბოგდანა იშვიათი გამონაკლისია… 2014 წლის მოვლენებზე დღევანდელ კიევში ბევრს არ ლაპარაკობენ. სამაგიეროდ, ძალიან აინტერესებთ ვინ არის, უფრო ზუსტად, როგორია მიშა სააკაშვილი? პრაქტიკულად ყველა შეხვედრაზე, არაოფიციალური საუბრებისას, აგრეთვე, რიგით უკრაინელებთან კონტაქტისას, ისმის კითხვა – “სამართლიანია მიშა? კარგი? რეფორმატორი?”

რასაკვირველია, ამ კითხვებზე პასუხი სხვადასხვაგვარია… სააკაშვილზე უარყოფითი საუბარი არ მოსწონთ პოროშენკოთი უკმაყოფილო და, პრეზიდენტის “როშენის” მაღაზიებით დაღლილ უკრაინელებს, ხოლო, როცა სააკაშვილის დადებით თვისებებზე ამახვილებ ყურადღებას, გპასუხობენ – “იცით, უკრაინა ომშია და ახლა პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლა ღალატის ტოლფასია”.

სააკაშვილი… სააკაშვილი... ბევრგან ისმის ამ უკრაინელი თუ ქართველი პოლიტიკოსის გვარი. თუმცა, განსაკუთრებით ხშირად, ეპიცენტრში – სახელმწიფო რადას შენობასთან, ანუ იქ, სადაც მის 500-მდე მომხრეს 40-მდე კარავი ჰქონდათ დაცემული  8 დეკემბრამდე, ანუ, სპეც.ნაზის მიერ მიტინგის დაშლამდე და სააკაშვილის დაკავებამდე.

“2-3 % ჰქონდა სააკაშვილს და ახლა 6-7 % აქვს”, – მეუბნება ტაქსის მძღოლი იგორი  -ეროვნებით რუსი, რომელსაც მიშა ძალიან მოსწონს.

“2-3 % ჰქონდა სააკაშვილს და ახლაც ამდენი აქვს”, – ეს კი კიევის ცენტრის მიწისქვეშა ქალაქის გამყიდველის, ოლესიას სიტყვებია… ოლესიას სააკაშვილი არ მოსწონს. ამბობს, რომ ქართველს უკრაინაში არაფერი ესაქმება.

***

შეხვედრებზე გვაცილებს ჟანა – უკრაინელი ყურადღებიანი მასპინძელი, რომელიც ყველა იმ პრობლემასაც გვიგვარებს, როგორც წესი, მოულოდნელად რომ ამოიყვინთავს ხოლმე.

თუმცა, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელ გალინა პეტრიაშვილის დამსახურებით, უპრობლემობას უფრო “ვუჩივით”… წუთების სიზუსტით იწყება ყველა შეხვედრა… ზუსტ დროს მთავრდება და თავისუფალი დროც, მათ შორის, თავისუფალ თემებზე მუშაობისათვის, ბევრი გვაქვს.

ჩვენ და ესტონელები, ანუ, ევროინტეგრაცია არის…

ქართველთა და კიევში ჩვენთან ერთად ჩასულ უკრაინის ქალაქ ხერსონის ჟურნალისტთა შეხვედრების ძირითადი თემატიკა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მისი შედეგებია.

“ევროინტეგრაცია ესაა…” ასე ჰქვია პირველი დღის ძირითად დისკუსიას, რომელზეც მომხსენებლები არიან ესტონეთის ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში იან რეინჰოლდი, აგრეთვე, ესტონელი დიპლომატი ჰანეს რუმი და უკრაინელი მასპინძელი – ანდრეი კლიმჩუკი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ვიცე-პრემიერის მედია ოფიცერია. დარბაზში გაჩაღებული ცხარე დისკუსიის თემაა: საჭიროა თუ არა საუბარი ევროკავშირთან პოლიტიკურ ინტეგრაციაზე და უნდა მიენიჭოთ თუ არა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ე.წ. “ევროპული პერსპექტივა”… მონაწილეები ვთნხმდებით, რომ, დამოუკიდებლად იმისა, რას იზამს ევროკავშირი ჩვენთან მიმართებაში, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ “კარგი და ნორმალური” სახელმწიფოს შენება… “კარგსა და ნორმალურში” რეფორმების გატარება და კორუფციის აღმოფხვრა (უკრაინელებისათვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია) იგულისხმება.

STOP FAKE

უკრაინის “STOP FAKE” ძლიერი ქსელია, რომელიც ააშკარავებს დეზინფორმაციებს არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით. სიმართლე ითქვას,  მოწოდებული ინფორმაციები ჩვენთვის “ახალი ხილი” როდია, ჩვენთანაც, უკრაინის არ იყოს, მძლავრია პრორუსული და უფრო ანტიდემოკრატიულ-ანტიდასავლური პროპაგანდა. “რა გავაკეთოთ?” – ესაა მთავარი კითხვა და პასუხიც შესაბამისია – “სულ, დაუღალავად უნდა გამოვააშკარაოთ ეს დეზინფორმაციები, აგრეთვე, უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების მედიაწიგნიერებაზე და მას – საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ უტყუარი, გადამოწმებული ინფორმაციები”, –  ამბობს ვიქტორია რომანიუკი – უკრაინის STOP FAKE – ის რედაქტორის მოადგილე.

შეხვედრა ბაჩო ქორჩილავასთან

პირადად მე ბაჩოს რახანია ვიცნობ… 2000-2002 წლებში ერთადაც ვმუშაობდით. უკრაინაში “გადაბარგებული” ქართველი ჟურნალისტის ლექცია მრავალკომპონენტიანია. ის მიმოიხილავს “ვარდების რევოლუციას”, “ნარინჯისფერ რევოლუციას”, “ღირსების რევოლუციას” და საკმაოდ კრიტიკულია უკრაინის ხელისუფლების მიმართ (მიუხედავად იმისა, რომ მუშაობს ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში).

შეხვედრის მთავარი გზავნილია – “არ შეიძლება რეფორმებზე უარის თქმა იმიტომ, რომ ისინი, შესაძლოა, არაპოპულარულიც კია…”

შეხვედრა ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან

ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცეპრემიერი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე ქართველ ჟურნალისტებთან საკმაოდ გულახდილია. საუბარი იწყება ქართულად მისალმებით, თუმცა, ქ-ნ ვიცეპრემიერს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მეუღლე ჰყავს, სალამი საუკეთესოდ არ გამოსდის.

იგი საუბრობს უკრაინის მიღწევებსა და გამოწვევებზე ევროპასთან ინტეგრაციის ჭრილში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ურთიერთობებში არსებულ პერსპექტივებზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.

“მივესალმები ქართველ ჟურნალისტებს. ასევე, მოხარული ვარ, რომ ბოლო წელიწადმა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების საფუძვლიანი აქტივიზაცია მოგვიტანა და ეს ურთიერთობები რეალურად ახალ სტრატეგიულ დონეზეა. ამის დასტურია ის მემორანდუმი, სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ, რომელსაც უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს. ამაზე მეტყველებს იმ სახელისუფლებო თუ საპარლამენტო ვიზიტების რაოდენობაც, რომლებიც ამ წლის განმავლობაში შედგა”,ივანა კლიმპუშ-ცინცაძე ამბობს, რომ უკრაინა ნელ-ნელა იწყებს ახალ ურთიერთობას ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაცია NATO-სთანაც: “ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოგრჩით თქვენ, ქართველებს… 2008 წელს, ბუქარესტში, ორივე ქვეყანას ეხებოდა ჩანაწერი, რომ გავხდებოდით ალიანსის წევრები, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, იანუკოვიჩის მთავრობამ ჩვენი პროგრესი შეაჩერა”

სხვა შეხვედრები

ჩემი კოლეგები სხვა ორგანიზაციებსაც სტუმრობდნენ. მაგალითად, სამხედრო რადიოსადგურ “არმია FM-ს”, მე, პირველ რიგში იმის გამო, რომ უშუალოდ მინდოდა მენახა (და შემეფასებინა) ვითარება სახელმწიფო რადასთან (სადაც მიმდინარეობდა სააკაშვილის მომხრეთა მიტინგი) ამ და კიდევ რამდენიმე შეხვედრას არ დავსწრებივარ.

ფოტორეპორტაჟი

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებშიც ასახულია ჩვენი – საქართველოს მოქალაქეთა ინტერნაციონალური ჯგუფის შეხვედრები.

შეხვერდა ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან

 

 

 

 

ევროინტეგრაცია არის …

 

 

 

 

შეხვედრა ბაჩო ქორჩილავასთან…

 

 

 

 

STOP FAKE

 

 

 

 

შეხვედრა არმია FM-ში

 

 

 

 

დათო მჭედლიძე მუშაობისას

 

 

 

 

ჩემი აზერბაიჯანელი მეგობარი კამილა მამედოვა და ჩემი სომეხი მეგობარი კრისტინა მერაბიანი

 

 

 

 

 

 

 

 

მაია მამულაშვილი და  ლაურა გოგოლაძე

 

 

 

 

ინგა გვასალია, გიორგი სულაძე და ეკა გულუა

 

 

 

 

იგორ ევტუშენკო და ნინო სუხიაშვილი

 

 

 

 

გალინა პეტრიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

ერთიანი ქართული ჯგუფი

 

 

 

 

***

და კვლავ მივუბრუნდები მთავარსათქმელს – თემას, უკრაინა დღეს…

 

ბოლო პათეტიკური აკორდი

უკრაინის გაგება-შეცნობისათვის ორი დღე, ცხადია, საკმარისი არ არის. ამ ბრძოლისუნარიანი ქვეყნის სული საერთოდ არ ჩანს კაბინეტებში, შეხვედრებისას… მსჯელობების დროს.

ცხადია, ჩვენთვის საინტერესო იყო ყველა შეხვედრა და ყველა მასპინძლის ყველა შეფასება ყველა თემაზე, მაგრამ, უკრაინა, საქართველოსი არ იყოს, პირველ რიგში ველი და სივრცეა და მასში მტავარი აღსაწერი არის არა კიევი… კიევიც ცენტრი… კიევის ცენტრის თბილი ოთახი … არამედ, მიტაცებული და რუსეთის მიერ მივერანებული ყირიმი, ადამიანები ქალაქ სევასტოპოლში… სისხლმდინარე დონბასი და ლუგანსკი და ყველა ის ადგილი, სადაც უკრაინელი პატრიოტები თავს დებენ ქვეყნის თავისუფლებისათვის.

სხვათა შორის, წლეულს, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შარშანდელზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. ჯამში, რუსეთთან ომს 30 ათასზე მეტი მოქალაქე შეეწირა.

და, ომის შედეგი რუსეთის გამარჯვებაც რომ იყოს, მათი – ორი სლავი ერის თანაცხოვრება სწორედ ამის გამო პრაქტიკულად გამორიცხულია.

და კიდევ – წლების შემდეგ ეს ომი აუცილებლად დასრულდება… ოღონდ, წლების შემდეგაც, კიევიც ცენტრში დარჩება “ზეციური” ასეულის გმირთა ფოტოები, წარწერებით:

“აქ დაიღუპა ვლადისლავი… აქ დაიღუპა მაქსიმი… აქ დაიღუპა….”

კიევიც ცენტრში კი არა, რუსეთის ბოროტების გამო, ამგვარ მემორიალებს, ახალ-ახალ “ზეციურ ასეულებს” უკლებლივ ყველა ის ქალაქი შექმნის, რომელიც იმხანად ევროპაში შესულ-დამკვიდრებული უკრაინის დროშას ამაყად ააფრიალებს “ბოროტების იმპერიის” ჯინაზე.